რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
ელექტრონული ნაგავი
2002 წელს კანადელებმა გადაყარეს დაახლოებით 155 000 ტონა ელექტრონული ნაგავი, — ნათქვამია კანადაში გამომავალ გაზეთ „ნეშნლ პოსტში“. კანადის გარემოს დაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ცნობის თანახმად, კანადელებმა გადაყარეს „დაახლოებით 2 მილიონი ტელევიზორი, 1, 1 მილიონი ვიდეო-მაგნიტოფონი და 348 000 მაგნიტოფონი, რომელთა უმრავლესობაც, სულ რაღაც, რამდენიმე წლის გამოყენების შემდეგ, მოძველებულად ჩათვალეს“. ელექტრონულ მოწყობილობებს „ხშირად მწყობრიდან გამოსვლის გამო კი არ ყრიან, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის აღარ აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნილებებს“, — ნათქვამია ანგარიშში. ასეთი ნაგვის უმრავლესობა შეიძლება საშიშიც იყოს. მაგალითად, მარტო ერთი ტელევიზორი „შეიძლება შეიცავდეს 2 კილოგრამამდე ტყვიას“, — ნათქვამია „ნეშნლ პოსტში“. გარდა ამისა, ვერცხლისწყალი, რომელიც განსაზღვრული ტიპის ეკრანებშია, აბინძურებს ნაგავსაყრელ ტერიტორიებს. კანადის გარემოს დაცვის ორგანიზაცია ამბობს, რომ ასეთი ტემპით 2010 წლისთვის ელექტრონული ნაგავი ორჯერ მეტი იქნება.
მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობა საფრთხეშია
ბრიტანელი პროფესორი და დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ჯორჯ ალბერტი ამბობს, რომ დიაბეტით დაავადებულთა საგანგაშო ზრდის გამო მსოფლიო ოდესმე არსებულ, „ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფის“ წინაშე დგას. დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემების თანახმად, რომელიც დაიბეჭდა ინგლისში გამომავალ გაზეთ „გარდიანში“, 300 მილიონზე მეტ ადამიანს დარღვეული აქვს გლუკოზის ათვისების უნარი, რაც ხშირად დიაბეტს იწვევს. თუ ადრე II ტიპის დიაბეტი, ძირითადად, მოხუცებს ჰქონდათ, ახლა ის ბრიტანეთის ახალგაზრდებსაც ემუქრება, რომლებმაც არასრულფასოვანი კვებისა და უმოძრაობის გამო წონაში მოიმატეს. „სამწუხაროა, რომ უმეტეს შემთხვევაში შეიძლებოდა [დიაბეტისა და მისი შედეგების] თავიდან აცილება უბრალოდ ცხოვრების წესის შეცვლით“, — ამბობს ალბერტი. დიაბეტით დაავადებულთა რიცხვმა შეიძლება განვითარებად ქვეყნებშიც მოიმატოს, რამდენადაც მათი მოსახლეობა ეჩვევა „არასრულფასოვან კვებას და ბაძავს მდიდარი ქვეყნების ხალხთა ცხოვრების წესს“, — ნათქვამია „გარდიანში“.
ცვლილება იტალიურ ოჯახებში
1995—2001 წლებში იტალიაში თითქმის გაორმაგდა იმ წყვილთა რიცხვი, რომლებიც დაქორწინებულები არ არიან. ახალი ოჯახების რიცხვი შემცირდა, მარტოხელა ხალხის რიცხვი კი გაიზარდა. ეს შედეგები, რომლებიც დაიბეჭდა ერთ იტალიურ გაზეთში (La Repubblica), დაფუძნებულია იტალიის ეროვნული ინსტიტუტის სტატისტიკის მონაცემებზე. ამავე პერიოდში ოჯახის წევრთა საშუალო რაოდენობა 2, 6 წევრამდე შემცირდა. ზემოაღნიშნული ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, მრავალი წყვილი დაქორწინებამდე ამჯობინებს, რომ „საცდელი პერიოდის“ განმავლობაში იცხოვრონ ერთად.
ჰეპატიტის თავიდან აცილება შესაძლებელია
როგორც პოლონურ ყოველკვირეულ ჟურნალ „პოლიტიკაშია“ ნათქვამი, „ჰეპატიტი ვრცელდება სამედიცინო პერსონალის მიერ, რომლებიც არ იცავენ ჰიგიენას“. ჰიგიენის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, პოლონეთში 1997 წელს დაფიქსირდა C ჰეპატიტით დაავადების 992 შემთხვევა, ხუთი წლის შემდეგ კი — 1 892. სტატიის ავტორები უკმაყოფილებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ დღესდღეობით არ არსებობს ლიცენზირებული ვაქცინა C ჰეპატიტის წინააღმდეგ. სახელმწიფო კონსულტანტი ინფექციური დაავადებების დარგში, პროფესორი ანჯეი გვადიში ამბობს: „გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ პოლონეთში 500—600 ათასი ადამიანი დაინფიცირდა C ჰეპატიტის ვირუსით“. გარდა ამისა, პოზნანის სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული ინფექციური დაავადებების კლინიკის ექიმის იაცეკ იუშიკას სიტყვების თანახმად, ინფექციის გადადება უმეტეს შემთხვევებში „ექიმთა თუ სტომატოლოგთა კაბინეტებში ხდება“. ზემოხსენებულ გაზეთ „პოლიტიკაში“ ასეთი დასკვნა კეთდება: „როდესაც ექიმის ხელში ვხვდებით, ყველას გვსურს, რომ ეს ხელი სანდო და სუფთა იყოს“.