არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ მოვიქცე, რომ შეყვარებულმა შეწყვიტოს ჩემი შეურაცხყოფა?

როგორ მოვიქცე, რომ შეყვარებულმა შეწყვიტოს ჩემი შეურაცხყოფა?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მოვიქცე, რომ შეყვარებულმა შეწყვიტოს ჩემი შეურაცხყოფა?

„დღეს ჩემმა შეყვარებულმა პირველად მცემა. მართალია ბოდიში მომიხადა, მაგრამ არ ვიცი, ახლა როგორ მოვიქცე“ (სტელა) *.

„დაახლოებით ყოველი მეხუთე სტუდენტი გოგონა ამბობს, რომ შეყვარებული ფიზიკურ და (ან) სექსუალურ შეურაცხყოფას აყენებს“, — ნათქვამია „ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში“ გამოქვეყნებულ ერთ სტატიაში. გერმანიაში ჩატარებულმა გამოკვლევამ, რომლის დროსაც 17—20 წლის ახალგაზრდები გამოკითხეს, აჩვენა, რომ გოგონების 25%-ზე მეტს შეყვარებულები სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ, თანაც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მიმართავდნენ. გარდა ამისა, გოგონებს დასამორჩილებლად ნარკოტიკებითა და ალკოჰოლით აბრუებდნენ. აშშ-ში ჩატარებულმა მოზარდთა გამოკითხვამ კი გამოავლინა, რომ თინეიჯერების 40% იმის მოწმე გახდა, თუ როგორ „აყენებდნენ [მათი თანაკლასელები] სიტყვიერ შეურაცხყოფას თავიანთ შეყვარებულებს“ *.

აპირებ დაქორწინებას ისეთ ადამიანზე, რომელიც შეურაცხყოფას გაყენებს, გიყვირის, გამცირებს, ხელს გკრავს ან გირტყამს? ამ სერიის წინა სტატიაში ნაჩვენები იყო, რომ ასეთი სასტიკი მოპყრობა საკმაოდ გავრცელებულია, რაც დიდ შეშფოთებას იწვევს *. მასში ასევე საუბარი იყო, რომ იეჰოვა ღმერთი არ იწონებს სიტყვიერ შეურაცხყოფასა და სასტიკ მოპყრობას; და მათ, ვისაც ასე ექცევიან, ცუდი მოპყრობა ნორმალურად არ უნდა მიიჩნიონ და საკუთარი თავიც არ უნდა დაიდანაშაულონ ამაში (ეფესელთა 4:31). შესაძლოა, კიდეც იცი, როგორ უნდა მოიქცე ასეთ სიტუაციაში, მაგრამ ამის გაკეთება ადვილი არაა. შეიძლება ძლიერი გრძნობა გაქვს შეყვარებულის მიმართ იმისდა მიუხედავად, როგორ გექცევა. ან რაც უფრო უარესია, შეიძლება გაშინებდეს მისი რეაქცია შენიშვნაზე. როგორ უნდა მოიქცე?

რეალურად შეაფასე შენი მდგომარეობა

პირველ რიგში, უნდა დამშვიდდე და ობიექტურად შეაფასო შენი მდგომარეობა (ეკლესიასტე 2:14). ხშირად გიწევს სიტყვიერი შეურაცხყოფის ატანა? განზრახ გტკენს გულს შენი შეყვარებული თუ, უბრალოდ, ‘დაუფიქრებლად ლაპარაკობს’? (იგავები 12:18, აქ). რამდენად ხშირად მეორდება ეს? იშვიათად ხომ არ ხდება ასეთი რამ, რაც შეგიძლია, უბრალოდ, დაივიწყო? თუ ჩვევად ექცა შენი დამცირება და გულსატკენი სიტყვებით მომართვა?

კარგად თუ ვერ გარკვეულხარ შენს მდგომარეობაში, გაესაუბრე ვინმეს — ოღონდ არა თანატოლს, არამედ შენზე უფროს და გამოცდილ ადამიანს. შეგიძლია გული გადაუშალო მშობლებს ან მოწიფულ ქრისტიანს. მათთან საუბარი დაგეხმარება იმის დანახვაში, აზვიადებ მომხდარს თუ ნამდვილად არსებობს სერიოზული პრობლემა.

საფრთხე თუ არ გემუქრება, ესაუბრე შენს გულისტკივილზე შეყვარებულს (იგავები 25:9). მშვიდად უთხარი, რა მდგომარეობაში ვარდები მისი საქციელის გამო. კონკრეტულად აუხსენი, რატომ გრძნობ თავს შეურაცხყოფილად. გასაგებად უთხარი, რის მოთმენას არ აპირებ. დააკვირდი, რა რეაქცია აქვს შენს საუბარზე. არაფრად აგდებს შენს გრძნობებს? უფრო მეტ აგრესიულობას ხომ არ ავლენს? თუ ასეა, ეს იმის აშკარა ნიშანია, რომ შეცვლას არ აპირებს.

როგორ უნდა მოიქცე, თუ ის ღვთისმოსაწონ თავმდაბლობას ავლენს და გულწრფელად წუხს თავისი საქციელის გამო? შეიძლება ამ შემთხვევაში შესაძლებელი იყოს თქვენი ურთიერთობების შენარჩუნება, მაგრამ სიფრთხილე გმართებს! ის, ვინც სხვას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, ხშირად წინასწარ მოფიქრებული ფრაზებით მის მოსაჩვენებლად ინანიებს თავის საქციელს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდგომ, გაბრაზებულ გულზე, კვლავ წამოისროლოს გულსატკენი სიტყვები. დრო აჩვენებს, რამდენად გულწრფელად სურს ადამიანს შეცვლა. ამის დანახვა იქიდანაც შეიძლება, მიმართავს თუ არა დახმარებისთვის ქრისტიან უხუცესებს (იაკობი 5:14—16).

გახსოვდეს, რომ „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელთა 3:23). სრულყოფილ ადამიანს ვერსად იპოვი. არასრულყოფილების გამო ყველა დაქორწინებულ წყვილს გარკვეულწილად მოუწევს „ხორციელი გაჭირვების“ ატანა (1 კორინთელთა 7:28). საბოლოოდ შენი გადასაწყვეტია, შეეგუები თუ არა მის ნაკლოვანებებს. და მაინც, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად დრო გჭირდება.

ძალადობის შემთხვევაში. . .

საქმე სულ სხვაგვარადაა, როცა დამამცირებელ სიტყვებს მოსდევს ლანძღვა, მუქარა ან ფიზიკური შეურაცხყოფა — შესაძლოა, ხელის კვრა ან დარტყმა. ეს ადამიანის თავშეუკავებლობაზე მიუთითებს, რაც შემაშფოთებელია; მდგომარეობა შეიძლება ადვილად გადაიზარდოს ძალადობის უფრო სერიოზულ ფორმებში.

საერთოდ, უმჯობესია, რომ დაუქორწინებელი წყვილი არ განმარტოვდეს, მაგრამ თუ მარტო აღმოჩნდი განრისხებულ ვაჟთან, ნუ „მიაგებ ბოროტის წილ ბოროტს“ (რომაელთა 12:17). გახსოვდეს: „მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს“ (იგავები 15:1, სსგ). შეინარჩუნე სიმშვიდე. სთხოვე, რომ სახლამდე მიგაცილოს. თუ აუცილებლობა მოითხოვს, გაერიდე მას ან გაიქეცი!

როგორ უნდა მოიქცეს გოგონა, თუ შეყვარებული სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებს? რასაკვირველია, გონივრულია, თუ წყვილი მეგობრობის დაწყებისთანავე სიყვარულის გამოვლენის კონკრეტულ ზღვარს დაადგენს (1 თესალონიკელთა 4:3—5). თუ ვაჟი გოგონას ბიბლიური პრინციპების დარღვევას აიძულებს, გოგონამ გასაგებად უნდა აუხსნას, რომ დათმობაზე არ წავა (დაბადება 39:7—13). „არ დანებდეთ, — მუდარით ამბობს ანი, რომელმაც ასეთი შეცდომა დაუშვა. — პატივი ეცით საკუთარ თავს. რაც უნდა ძალიან გიყვარდეთ ის, გთხოვთ, ნუ დაუშვებთ მსგავს შეცდომას!“ თუ ის არაფრად აგდებს შენს პოზიციას, უთხარი, რომ მის ნებისმიერ მომდევნო ნაბიჯს გაუპატიურებად ჩათვლი. თუ ის მაინც არ ჩერდება, იყვირე და ისე შეეწინააღმდეგე, როგორც მოძალადეს *.

როგორ მდგომარეობაშიც უნდა იყო, მართებულია იგავების 22:24-ში მოცემული ბიბლიური პრინციპი: „ნუ იმეგობრებ ბრაზიან კაცთან და ფიცხ კაცს ნუ გაეკარები“ (სსგ). შენ არა ხარ ვალდებული, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნო ურთიერთობა, თუ შეყვარებული შეურაცხმყოფლად გექცევა. თუ გადაწყვიტე მასთან დაშორება, გონივრული არ იქნება, მარტო მიხვიდე ამის სათქმელად. ალბათ, უკეთესი იქნება, რომ ყველაფერი მშობლებს მოუყვე. ბუნებრივია, ისინი გაბრაზდებიან და ინერვიულებენ კიდეც იმის გამო, რომ შეყვარებული შეურაცხყოფას გაყენებდა. მაგრამ მშობლები დაგეხმარებიან, განსაზღვრო, თუ როგორ მოიქცე *.

ნუ ეცდები მის შეცვლას

რაც უნდა იყოს, შენ არა ხარ ვალდებული, რომ შეყვარებული შეცვალო. ირენა აღიარებს: „ფიქრობ, რომ გიყვარს, მისი გულისთვის ყველაფერს აიტან და მის დახმარებასაც შეძლებ, მაგრამ ეს, უბრალოდ, შენს ძალებს აღემატება“. ნადინიც ამბობს: „მეგონა, რომ შევძლებდი მის შეცვლას“. სინამდვილეში კი, მხოლოდ მას შეუძლია საკუთარი ‘გონების განახლება’ და შეცვლა (რომაელთა 12:2). ეს კი ხანგრძლივი და რთული პროცესია.

ამიტომ, მტკიცედ გადაწყვიტე, ყურადღება არ მიაქციო მის ნებისმიერ მოქმედებას, რითაც შეიძლება შენს გრძნობებზე ითამაშოს. ეცადე, რაც შეიძლება შორს იყო მისგან, როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად. ნუ მისცემ იმის უფლებას, რომ ლაპარაკით, ხვეწნა-მუდარითა თუ მუქარით გაიძულოს, დაუბრუნდე. როდესაც ირენამ ურთიერთობა გაწყვიტა თავის შეყვარებულთან, ის თვითმკვლელობით ემუქრებოდა. ცხადია, ასეთ ადამიანს დახმარება სჭირდება, მაგრამ არა შენი. ყველაზე საუკეთესო დახმარება შენი მხრიდან ის იქნება, თუ მტკიცედ შეეწინააღმდეგები მის არაქრისტიანულ ქცევებს. მას თუ შეცვლა სურს, თავისუფლად შეუძლია დახმარებისთვის სხვებს მიმართოს.

თუმცა ზოგი ფიქრობს, რომ ქორწინება მათ პრობლემას გადაჭრის. ერთი მკვლევარი ამბობს: „ქალებიც და კაცებიც, რომლებიც ქორწინდებიან ისეთ პიროვნებებზე, ვინც შეურაცხყოფას აყენებდა შეყვარებულობის პერიოდში, ჩვეულებრივ, გაოგნებულები რჩებიან, როცა ქორწინების შემდეგ ძალადობა არ წყდება. ბევრ ადამიანს გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ქორწინების მოწმობის აღების შემდეგ ყველა მსგავსი პრობლემა გაქრება. ნუ დაიჯერებთ ამას“. ფაქტი ისაა, რომ შეყვარებულობის პერიოდში გამოვლენილი ძალადობა უმეტეს შემთხვევაში ქორწინების შემდეგაც გრძელდება.

„გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან“ (იგავები 22:3, სსგ). თუმცა ადვილი არ არის იმ ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტა, ვისზეც განუწყვეტლივ ფიქრობ, მაგრამ ბევრად რთულია, დაქორწინებული იყო მასზე, ვინც მუდამ შეურაცხგყოფს. ამასთანავე, იმისიც ნუ შეგეშინდება, რომ შესაფერის მეუღლეს ვერასდროს იპოვი. მიღებული გამოცდილება დაგეხმარება მშვიდი, კეთილი და თავშეკავებული ადამიანის პოვნაში.

ემოციური ჭრილობების მოშუშება

ძალიან მძიმეა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ატანა. მერი, რომელიც მსგავს მდგომარეობაში იყო, გვირჩევს: „დაუყოვნებლივ მიმართე ვინმეს დახმარებისთვის. ვფიქრობდი, რომ თავად შევძლებდი ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ სხვებთან საუბარი ძალიან დამეხმარა“. ყველაფერი მოუყევი მშობლებს, სანდო მოწიფულ მეგობარს ან ქრისტიან უხუცესს *.

ზოგისთვის დამხმარე აღმოჩნდა სასარგებლო მასალის კითხვა, ვარჯიში ან ჰობი. „ყველაზე მეტად, — იხსენებს ირენა, — დამეხმარა ბიბლიის შესწავლა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება“.

ცხადია, რომ იეჰოვა არ იწონებს შეურაცხმყოფელ სიტყვებსა და მოქმედებებს. მისი დახმარებით შეძლებ ცუდი მოპყრობისგან თავის დაცვას.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 4 თუმცა შეიძლება ორივე სქესის წარმომადგენლები განიცდიდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მაგრამ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრები იტყობინებიან, რომ „მამაკაცებთან შედარებით, ქალები ბევრად მეტ შეურაცხყოფას იტანენ“. თუმცა ეს პრობლემა ორივე სქესის წარმომადგენლებს ეხება, ამ სტატიაში ვისაუბრებთ ახალგაზრდა მამაკაცებზე, რომლებიც სასტიკად ეპყრობიან გოგონებს.

^ აბზ. 5 იხილე „გამოიღვიძეთ!“-ის 2004 წლის 8 ივნისის ნომერში გამოქვეყნებული სტატია „რატომ მექცევა ის ასე უხეშად?“

^ აბზ. 15 მოძალადისთვის წინააღმდეგობის გაწევასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემულია „გამოიღვიძეთ!“-ის 1993 წლის 8 აპრილის (რუს.) გამოცემაში.

^ აბზ. 16 ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, თუ შეყვარებული შენს გაუპატიურებას ცდილობდა, შენმა მშობლებმა შეიძლება ამის შესახებ პოლიციას აცნობონ. ამან შეიძლება სხვა გოგონებიც დაიცვას მსგავსი შემთხვევებისგან.

^ აბზ. 23 მათ, ვინც ფიზიკური ან ემოციური ტრავმა მიიღეს, შეიძლება ექიმს ან ფსიქოლოგს მიმართონ.

[სურათი 18 გვერდზე]

შეყვარებულის მხრიდან ცუდი მოპყრობა ქორწინების შემდეგაც გაგრძელდება.

[სურათი 19 გვერდზე]

ნუ მისცემ იმის უფლებას, რომ შეუფერებლად გამოხატოს თავისი გრძნობები.