ხომ არ გასინჯავდით ყაბაყის ყვავილს?
ხომ არ გასინჯავდით ყაბაყის ყვავილს?
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის მექსიკიდან
როდესაც ყაბაყი ყვავის, ბოსტანი ყვავილების ბაღს ჰგავს. ლამაზი და უბრალო ფორმის გრაციოზული ყვითელი ყვავილი მართალია სურნელებას არ აფრქვევს, მაგრამ მისი დანახვა ნამდვილად მადაზე მოგიყვანთ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ყვავილები იჭმევა? დიახ. სინამდვილეში, როგორც ერთ ჟურნალში იყო ნათქვამი (Cuadernos de Nutrición), მექსიკაში მრავალ კერძს უმატებენ ყვავილებს.
ყაბაყის ყვავილი უკვე საუკუნეებია, რაც მექსიკურ სამზარეულოში პოპულარობით სარგებლობს. გოგრისებრთა ოჯახიდან ყველაზე მეტად ყაბაყის ყვავილს იყენებენ საჭმელად. მაგრამ, თუ გვინდა, მცენარემ ნაყოფიც მოგვცეს, მხოლოდ მამრი ყვავილი უნდა გამოვიყენოთ. დააკვირდით ღეროს. თუ მასზე შეამჩნევთ პატარა ნაყოფს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მდედრი ყვავილია და უმჯობესია ხელი არ ახლოთ.
კარგი გემოთი გამორჩეული ყაბაყის ყვავილი ძალიან უხდება სხვადასხვა კერძს. ჩვეულებრივ ნიორს და ხახვს ერთად შუშავენ, ზოგჯერ პილპილსაც აყრიან. როდესაც ეს ყველაფერი კარგად შეზავდება და ნიორიც შერბილდება, უმატებენ გარეცხილ და დაჭრილ ყვავილს, რომელსაც ღეროს აცლიან. შემდეგ ჭურჭელს თავსახურს აფარებენ და რამდენიმე წუთი ნელ ცეცხლზე ტოვებენ. აგრეთვე შეგიძლიათ დაამატოთ კუბიკებად დაჭრილი ყაბაყი, ახალი სიმინდის მარცვლები, ცოტაოდენი კარაქი და მწვანილი. ეს მასა მოათავსეთ ცომის თხელ ფენაზე და გადაახვიეთ. შემდეგ გამოაცხვეთ ტაფაზე და ყაბაყის ყვავილისგან დამზადებული უგემრიელესი კერძი „კვასადილაც“ მზად იქნება.
„კვასადილა“ არა მარტო გემრიელია, არამედ მარგებელიც, რადგან ყაბაყის ყვავილები შეიცავს მცირე რაოდენობით ცილას, კალციუმს, რკინას, თიამინს (ვიტამინი B1), ნიაცინს, ასკორბინმჟავასა და რეტინოლს (ვიტამინი A).
მისი ყვავილისგან ასევე ამზადებენ გემრიელ სუპს. მიჰყევით ზემოთ მოცემულ რეცეპტს, დაუმატეთ ბულიონი და ცხელი სუპიც მზად იქნება. შეგიძლიათ სუფრაზე მიიტანოთ ყველთან და შემწვარ პურთან ერთად.
ამ სასარგებლო ყვავილით შეიძლება კიდევ მრავალნაირი კერძი გაკეთდეს. ასე რომ, სცადეთ ამ ყვავილებით კერძის მომზადება. აუცილებლად მოგეწონებათ!