არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ეკლიანი საძოვრები

ეკლიანი საძოვრები

ეკლიანი საძოვრები

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან

მოდი ვესტუმროთ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის იმ ტერიტორიას, რომელსაც ნორსფელდი ჰქვია. ეს სახელი ამ ნახევარუდაბნოს იმიტომ შეარქვეს, რომ აქ უხვად იზრდება განსაკუთრებული სახეობის ეკლიანი სუკულენტური მცენარე — რძიანა. როგორც სურათზე ვხედავთ, ადგილობრივი ფერმერები შინაური ცხოველების მოშენებას მისდევენ, მათ შორის ანგორული თხების, რომლებიც ძალიან ფასობენ თავიანთი თეთრი მატყლის ანუ მოჰერის გამო. ამ მატყლისგან აკეთებენ წვრილ, მაგრამ გამძლე ძაფს; მას სხვადასხვა ნაწარმის — მოდური ტანსაცმლისა თუ ნოხების — დასამზადებლად იყენებენ. მაგრამ, რით საზრდოობენ ეს ცხოველები ამ გვალვიან მხარეში?

თხების მიერ გაკვალული ბილიკების ნაპირებში იზრდება რძიანას ბუჩქები, რითაც ეს ცხოველები იკვებებიან. რძიანას ეს განსაკუთრებული სახეობა — „Euphorbia coerulescens“ — ზამთარში თხების საკვების 40 პროცენტს შეადგენს. თუმცა, როდესაც თხები ამ რძიანას მიირთმევენ, ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ეკლებმა არ დაკაწრონ. მათთვის უფრო ადვილი ხდება მცენარის ჭამა, როცა ეკლებს რქებით ამტვრევენ.

დიდი წვიმების შემდეგ თხები იმ მცენარეებით იკვებებიან, რომლებიც რძიანას ბუჩქებთან იზრდება. მაგრამ, არც ეს არის უხიფათო. ნორსფელდზე დაწერილ თავის წიგნში ფერმერი იურგენ კარი წერს: „როდესაც ანგორული თხა ცდილობს, მოძოვოს ნორჩი ბალახი რძიანას ბუჩქებქვეშ ან მათ შორის, ის შეიძლება ადვილად გაიხლართოს ეკლებში თავისი მშვენიერი ხუჭუჭა მატყლით“. ამან შეიძლება ცხოველის სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ნორსფელდელი ფერმერი განმარტავს: „თუ ზაფხულის მზე აცხუნებს, თხა ორ საათზე მეტხანს ვერ ძლებს ასეთ მდგომარეობაში“.

დროდადრო ნორსფელდში ძლიერი გვალვა იცის. ამ დროს რძიანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როდესაც ფერმერები იმ ადგილებში გაივლიან, სადაც ეს მცენარეები ხარობს, სპეციალური მანქანების საშუალებით ჭრიან მათ და პატარა ნაწილებად აქუცმაცებენ. ასე თხებისთვის უფრო ადვილია მისი ჭამა. გარეული ცხოველებიც გამალებით ჭამენ ასეთ საკვებს. კარი წერს, რომ „გვალვის დროს, კუდუ [დიდი ანტილოპა] მადლიერებით იღებს ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას. მათ ხშირად ნახავთ გზასთან, სადაც მოჭრილი მცენარეების თეთრი წვენია დაღვრილი, რადგან ადამიანების მიმართ შიშს შიმშილი სძლევს.

შედარებით მომცრო, სხვა სახეობის რძიანას — „Euphorbia ferox“ — იმდენი მავნე ეკალი აქვს, რომ ცხოველთა უმეტესობას არ შეუძლია საკვებად ვარგის ღეროს შეეხოს. ვინაიდან ეს რძიანაც კარგად იტანს გვალვას, ისიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცხოველებისთვის. გვალვის დროს ფერმერები და მათი მუშები ყველა რძიანას ეკლებს უტრუსავენ სარჩილავი ლამპით ან სხვა საშუალებით. ეს იოლი საქმე ნამდვილად არ არის. ერთ წიგნში ნათქვამია: „როცა ეკლებს ტრუსავენ, ცხოველები სიამოვნებით მიირთმევენ მცენარის ღეროს . . . ქურციკი [ანტილოპას სხვა სახეობა] მალე იწყებს გადატრუსული ბუჩქების ჭამას და ადვილად ეჩვევა ადამიანებს, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ძოვს მათ გვერდით, რომლებიც რძიანას ბუჩქებზე ეკლებს ტრუსავენ“ (Veld Plants of Southern Africa).

როდესაც ვხედავთ, როგორ იკვებებიან თხები ამ ეკლიან საძოვრებზე, არ შეიძლება არ გაგვაოცოს იეჰოვას ქმნილებათა მრავალფეროვნებამ. მიუხედავად იმისა, რომ რძიანები უკარებები და მომაკვდინებლები ჩანან, ამ გვალვიან მხარეში ისინი სიცოცხლეს უნარჩუნებენ უამრავ ცხოველს.

[სურათი 24 გვერდზე]

რძიანას ეს განსაკუთრებული სახეობა ზამთარში თხების საკვების 40 პროცენტს შეადგენს.

[სურათები 25 გვერდზე]

გაყვავებული რძიანა და მისი ეკლები ახლოდან.