ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ბავშვებზე?
ბიბლიის თვალსაზრისი
ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ბავშვებზე?
ყოველწლიურად ასობით მილიონ ბავშვს ექსპლუატაციას უწევენ, სასტიკად ეპყრობიან და აბუჩად იგდებენ. ბევრს მონებივით ამუშავებენ აუტანელ პირობებში. ზოგიერთებს იტაცებენ და აიძულებენ, რომ გახდნენ ჯარისკაცები ან მეძავები. ბევრი მათგანის ნდობას ბოროტად იყენებენ, რის შედეგადაც ისინი სისხლის აღრევისა და სხვა შემაძრწუნებელი ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.
გასაგებია, რომ გულწრფელი და მზრუნველი ადამიანები შეწუხებულები არიან ბავშვების რთული მდგომარეობით. თუმცა აღიარებენ, რომ ასეთი ცუდი მოპყრობის მიზეზი ადამიანების სიხარბე და ზნედაცემულობაა, ზოგისთვის მაინც მიუღებელია ის აზრი, რომ სიყვარულის ღმერთს შეეძლო ასეთი უსამართლობის დაშვება. შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ ღმერთმა მიატოვა ეს ბავშვები და გულგრილია მათ მიმართ. არის ეს ჭეშმარიტება? ის, რომ ბავშვებს ექსპლუატაციას უწევენ და ხშირად არაადამიანურად ეპყრობიან, ნიშნავს იმას, რომ ღმერთი არ ზრუნავს მათზე? რას ამბობს ბიბლია?
ღმერთი მსჯავრს სდებს მოძალადეებს
იეჰოვა ღმერთის მიზანი არ ყოფილა, რომ ბავშვებისთვის ექსპლუატაცია გაეწიათ უფროსებს. ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობა კიდევ ერთი დიდი ტრაგიკული შედეგია, რაც კაცობრიობის დაუმორჩილებლობას დაბადება 3:11—13, 16; ეკლესიასტე 8:9).
მოჰყვა ედემის ბაღში. ღვთის უზენაესობის უარყოფას მოჰყვებოდა ის, რომ ადამიანი ადამიანს სასტიკად მოეპყრობოდა (ღმერთს სძულს ისინი, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ სუსტებსა და დაუცველებს. ძველად ბევრ ერს, რომლებიც არ ემსახურებოდნენ იეჰოვას, ბავშვების მსხვერპლშეწირვა ჩვეულებად ჰქონდათ. მაგრამ იეჰოვამ თქვა, რომ ამის გაკეთება ‘არც უბრძანებია მათთვის და არც გაუვლია გულში’ (იერემია 7:31). იეჰოვა ძველ დროში მცხოვრებ ხალხს აფრთხილებდა: „თუ ჩაგვრით დაჩაგრავ, შემომღაღადებენ ისინი და სმენით მოვისმენ მათ ღაღადისს, და აინთება ჩემი რისხვა“ (გამოსვლა 22:22—24).
იეჰოვას უყვარს ბავშვები
ღმერთის ზრუნვა ბავშვებზე იქიდან ჩანს, რომ მან ბრძნული მითითება მისცა მშობლებს. ბავშვები, რომლებიც ოჯახურ ზრუნვას არ არიან მოკლებულნი, უფრო ადრე ყალიბდებიან მოწიფულ და გაწონასწორებულ პიროვნებებად. სწორედ ამიტომ დააფუძნა ჩვენმა შემოქმედმა ქორწინება — ურღვევი კავშირი, რომლის მიხედვითაც „მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის დედაკაცს. და იქნებიან ისინი ერთ ხორცად“ (დაბადება 2:24). ბიბლიის თანახმად, სქესობრივი ურთიერთობა ნებადართულია მხოლოდ დაქორწინებულ წყვილებს შორის, რათა ასეთი ურთიერთობის შედეგად ჩასახული ბავშვი ნორმალურ გარემოში გაიზარდოს (ებრაელთა 13:4).
ბიბლიაში აგრეთვე ხაზგასმულია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა სათანადოდ აღზარდონ შვილები. შვილები „მემკვიდრეობა უფლისაგან, — ამბობს ბიბლია, — გასამრჯელო — მუცლის ნაყოფი. როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა“ (ფსალმუნები 126:3, 4). ბავშვები ძვირფასი საჩუქარია ღვთისგან, რომელსაც მათი კეთილდღეობა სურს. ღმერთი მოუწოდებს მშობლებს, რომ სწორედ ისე, როგორც მშვილდოსანი გასროლამდე ისრებს ფრთხილად იღებს მიზანში, ზუსტად ასე განსაზღვრონ, რა მიმართულებით უნდა აღზარდონ ბავშვები. „მამებო, — ნათქვამია ღვთის სიტყვაში, — ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4).
იეჰოვა თავის სიყვარულს ბავშვებისადმი იმითაც ავლენს, რომ მშობლებს ასწავლის, დაიცვან შვილები ბოროტი ადამიანებისგან. იეჰოვამ ძველ დროში მცხოვრებ ისრაელებს — მათ შორის ‘ბავშვებსაც’ — უბრძანა, ესმინათ რჯულისათვის, რომელშიც ახსნილი იყო, რა ითვლებოდა ღვთის თვალში სწორ სქესობრივ ურთიერთობად და რა სიბილწედ (მეორე რჯული 31:12; ლევიანები 18:6—24). ღვთის სურვილია — მშობლებმა გააკეთონ ყველაფერი, რის ძალაც შესწევთ, რათა თავიანთი შვილები დაიცვან იმ ადამიანებისგან, ვინც ექსპლუატაციას გაუწევს ან ბოროტად გამოიყენებს მათ.
იმედი ბავშვებისთვის
იეჰოვას უცვლელი სიყვარული ბავშვებისადმი შესანიშნავად გამოავლინა იესო ქრისტემ, რომელიც სრულყოფილად ირეკლავს მამის პიროვნებას (იოანე 5:19). როდესაც მოციქულებმა დაუშალეს მშობლებს იესოსთან ბავშვების მიყვანა, ის გაუწყრა მათ. „გამოუშვით ბავშვები“ უთხრა იესომ და შემდეგ „მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი“ (მარკოზი 10:13—16). ბავშვები უმნიშვნელონი არ არიან იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს თვალში.
მალე ღმერთი მის მიერ დანიშნული მეფის, იესო ქრისტეს, მეშვეობით იხსნის იმ ბავშვებს, რომლებიც სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი არიან. ხარბი ექსპლუატატორები და ულმობელი მოძალადეები „ამა ქვეყნისანი“ სამუდამოდ განადგურდებიან (ფსალმუნები 36:10, 11). ხოლო იეჰოვა თავმდაბლებს, რომლებიც ეძებენ მას, „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:3, 4).
მანამდე კი, იეჰოვა სულიერი და ემოციური დახმარების გაწევით უკვე ავლენს თავის სიყვარულს მათდამი, ვისაც ექსპლუატაციას უწევენ ან ცუდად ეპყრობიან. „დაკარგულს მოვიკითხავ და გაბნეულს დავაბრუნებ, მოტეხილს შევუხვევ და ავადმყოფს გავამაგრებ“ (ეზეკიელი 34:16). თავისი სიტყვის, სულიწმიდისა და კრებების საშუალებით, იეჰოვა ანუგეშებს დაჩაგრულ და ბედკრულ ბავშვებს. რა სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ „მოწყალების მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი“ ახლაც და მომავალშიც გვანუგეშებს „ჩვენს ყოველგვარ გასაჭირში“ (2 კორინთელთა 1:3, 4).
[სურათის საავტორო უფლება 26 გვერდზე]
© Mikkel Ostergaard /Panos Pictures