არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ოლიმპიადა უბრუნდება მშობლიურ აკვანს

ოლიმპიადა უბრუნდება მშობლიურ აკვანს

ოლიმპიადა უბრუნდება მშობლიურ აკვანს

არქეოლოგების უბრალო ბარისა და წერაქვის წყალობით ოლიმპიური თამაშები მეორედ დაიბადა და, ასეთი სახით, თანამედროვეობას მოევლინა. ძველი ოლიმპიის (საბერძნეთი) არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა ფრანგ ბარონს, პიერ დე კუბერტენს, ოლიმპიადის აღორძინების იდეა ჩაუსახა. ასე რომ, 1896 წელს ათენმა პირველ თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა.

2004 წელს წინ უძღოდა წლები, რომლის განმავლობაშიც ბულდოზერები და სამტვრევი ჩაქუჩები ოლიმპიურ თამაშებს მშობლიურ ადგილზე დასაბრუნებელ გზას უკვალავდნენ. ოლიმპიადისთვის მზადებაში ჩაფლული საბერძნეთის დედაქალაქი დიდ სამშენებლო ტერიტორიას უფრო ჰგავდა.

XXVIII ოლიმპიური თამაშები — ოფიციალურად ასე ეწოდება 2004 წლის ოლიმპიადას — ათენში ჩატარდება 13—29 აგვისტოს. შეჯიბრებისთვის თავს მოიყრის 10 000 სპორტსმენი 201 ქვეყნიდან (ეს მონაწილე ქვეყნების რეკორდული მაჩვენებელია). 38 სხვადასხვა ადგილზე ისინი მონაწილეობას მიიღებენ სპორტის 28 სახეობაში და გაითამაშებენ მედლების 300-ზე მეტ კომპლექტს. ყოველივე ამას გააშუქებს მასმედიის დაახლოებით 21 500 წარმომადგენელი, გაძლიერებულ უსაფრთხოებაზე კი დაცვის დაახლოებით 55 000 თანამშრომელი იზრუნებს.

რბენა დაბრკოლებებით

ათენი დიდი ხნის განმავლობაში მიისწრაფოდა იმისკენ, რომ ოლიმპიური თამაშები თავისი დაბადების ადგილზე ჩატარებულიყო. 1996 წელი, თანამედროვე თამაშების აღორძინების ასი წლისთავი, ნამდვილად რომ საუკეთესო თარიღი უნდა ყოფილიყო ოლიმპიადის მშობლიურ ქვეყანაში დასაბრუნებლად.

მაგრამ ათენის მცდელობა, გამხდარიყო 1996 წლის თამაშების მასპინძელი, წარუმატებლად დასრულდა. უარის თქმის მიზეზი ის იყო, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობდა მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელი იყო თამაშების ჩასატარებლად საჭირო დაძაბული ორი კვირისთვის.

ამ უარმა საბერძნეთსა და მის დედაქალაქს მოქმედებისკენ უბიძგა. ათენმა მიზნად დაისახა სიტუაციის გამოსწორება. კარგი ჩანაფიქრებითა და სოლიდური პროექტებით შეიარაღებულმა ქალაქმა 1997 წელს კვლავ წამოაყენა თავისი კანდიდატურა 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად. ამჯერად მას გამარჯვება ელოდა.

ათენმა განსაახლებლად ძალები მოიკრიბა. ოლიმპიადის მასპინძლობის სურვილს შედეგად არნახული აქტიურობა და განვითარება მოჰყვა. სადაც უნდა გაგეხედათ, ყველგან ტექნიკა მუშაობდა ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, გზების გასაყვანად და თამაშების ჩასატარებელი ადგილების მოსამზადებლად. შუა ზაფხულის პაპანაქება სიცხეში და შაბათ-კვირაობითაც კი ყველგან შეიძლებოდა მომუშავე ექსკავატორების, ამწეებისა და ენერგიულად მოფუსფუსე ადამიანების ნახვა.

2001 წლის მარტში პირველი თვითმფრინავი დაეშვა ათენის ახალ საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც თავისი კლასის მიხედვით დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად ითვლება. გარდა ამისა, დაიგეგმა ახალი გზების — საერთო ჯამში, 120 კილომეტრის — გაყვანა, 90 კილომეტრზე კი გააუმჯობესეს უკვე არსებული მაგისტრალები. მოძრაობის გასაადვილებლად ახალი საგზაო ქსელი შეიცავს დაახლოებით 40 ესტაკადას (ხიდურ ნაგებობას). გამოჩნდა მეტროს ახალი ხაზები. დაიგეგმა ტრამვაის გზის დაგება დამატებით 24 კილომეტრზე. მოძრაობის განტვირთვისა და ატმოსფეროს დაბინძურების შემცირების მიზნით გარეუბნებში 32 კილომეტრზე გაიყვანეს რკინიგზა და ააგეს თანამედროვე რკინიგზის სადგურები.

მოკლედ რომ ვთქვათ, რამდენიმე წლიანი ძალისხმევის შედეგად, დღეს ათენი სულ სხვა ქალაქია; ქალაქი, რომელსაც აქვს უფრო გამწვანებული უბნები, უფრო სუფთა გარემო და ახალი სატრანსპორტო ქსელი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) პრეზიდენტმა ჟაკ როგემ აღნიშნა: „ვინც იცნობდა ათენს ოლიმპიურ თამაშებამდე და ნახავს მას ამ თამაშების შემდეგ, ქალაქს ვერ იცნობს“.

მარათონული სამზადისი

ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიის მოახლოებასთან ერთად, უფრო დაჩქარდა მოსამზადებელი სამუშაოები. სოკ-ის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ მშენებლობისა და სამზადისის დაჩქარება ბერძნულ ეროვნულ ცეკვას, „სირტაკს“, შეადარა. მან ნახევრად ხუმრობით თქვა: „ეს მე სირტაკს მაგონებს: იწყება ძალიან ნელა, თანდათან უფრო ჩქარდება, და ბოლოს ისე სწრაფ ტემპში გადადის, რომ ვეღარც კი მიჰყვები“.

ამ სიტყვების დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ ოლიმპიური სოფელი — „ოლიმპიური მზადების ხერხემალი“ — არაფრისგან წამოჭიმული რაიონი ათენის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ გარეუბანში. ეს კომპლექსი, რომელიც ოლიმპიადის განმავლობაში დაახლოებით 16 000 სპორტსმენს გაუწევს მასპინძლობას, უდიდესია ბინათმშენებლობის პროექტებიდან, რაც კი დღემდე წამოწყებულა საბერძნეთში. თამაშების შემდეგ აქ გადმოსახლდება ქალაქის დაახლოებით 10 000 მცხოვრები.

ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს მხედველობიდან არ გამორჩენიათ თანამედროვე თამაშების დაკავშირება ანტიკურ ისტორიასთან. საზეიმო ცერემონიის ნაწილი ჩატარდება ძველ ოლიმპიაში. სხვა არქეოლოგიურ ღირსშესანიშნაობებს ყურადღება დაეთმობა ოლიმპიადის პარალელურად დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებში. იმ ადგილთან ახლოს, სადაც სახელგანთქმული მარათონის ბრძოლა გაიმართა, ახალი სანიჩბოსნო ცენტრი აშენდა. მარათონული რბენის მონაწილეებს კი ამაყად შეეძლებათ იმის თქმა, რომ გაირბინეს თავდაპირველი ისტორიული დისტანცია. თამაშების ორგანიზატორებმა აირჩიეს ზუსტად ის 42-კილომეტრიანი მარშრუტი, რომელიც, გადმოცემის თანახმად, ათენელმა მებრძოლმა ძვ. წ. 490 წელს მარათონიდან ათენამდე გაირბინა, რათა თანამემამულეთათვის სპარსელებზე გამარჯვების ამბავი მიეტანა.

ოქროს მედლით ჯილდოვდება . . .

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის ფოიერვერკი ყურადღების ცენტრში მოაქცევს 75 000-ადგილიან ოლიმპიურ სტადიონს. ბევრი თვლის, რომ ეს რეკონსტრუირებული სტადიონი ათენის ოლიმპიური აღჭურვილობის „სამეფო გვირგვინში ჩასმული მარგალიტია“. სტადიონს უნიკალურს ხდის სახურავი. ამ გადახურვის ჩანაფიქრი და დიზაინი ეკუთვნის ცნობილ ესპანელ არქიტექტორს სანტიაგო კალატრავას.

ეს საინჟინრო საოცრება დამზადებულია მინის პანელებისგან, რომელთა საერთო წონაც 16 000 ტონას შეადგენს. ის გათვლილია 10 000 კვადრატული მეტრი ფართობის დასაფარავად. სახურავი ეყრდნობა ფოლადის ორ უზარმაზარ თაღს. თითოეული თაღი სიგრძეში 304 მეტრზეა გადებული, ხოლო სიმაღლეში 80 მეტრს აღწევს, რაც სიდნეიში მდებარე ჰარბორის ხიდის ზომის თითქმის 2/3-ია! ერთი სპეციალისტის სიტყვებით, ეს ფოლადის მილები, რომელთაგანაც ორივე ცალ-ცალკე 9 000—10 000 ტონას იწონის, „იმდენად დიდია, რომ შიგ ავტობუსიც კი გაივლის“. ფიქრობენ, რომ სახურავი საერთო წონით ორჯერ აღემატება პარიზში მდებარე ეიფელის კოშკს.

რისთვის არის საჭირო ასეთი გიგანტური სახურავი? ნუ დაგავიწყდებათ, რომ ათენში აგვისტოს მზე ძალიან აცხუნებს. მინის პანელები კი დაფერილია სპეციალური მასალით, რომელიც მზის სხივების 60 პროცენტს ირეკლავს. არის სხვა მიზეზებიც. ჩანაფიქრის მიხედვით, ამ გადახურვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიეპყრო. საბერძნეთის კულტურის ყოფილმა მინისტრმა ევანგელოს ვენიზელოსმა მის შესახებ თქვა, რომ „გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობა და ათენის ოლიმპიური თამაშების სიმბოლოა“.

დახურვის საზეიმო ცერემონიის შემდეგ ასეთი ღირსშესანიშნაობები ხალხს შეახსენებს, თუ რამხელა შრომა იყო გაწეული ასეთი გრანდიოზული მოვლენის სამასპინძლოდ. ათენელები იმედოვნებენ, რომ ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადებული მთელი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ქალაქში ცხოვრების დონის ამაღლებას. და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ოლიმპიადის შემდეგ ისინიც დაუბრუნდებიან ჩვეულ ცხოვრებას და გააგრძელებენ პრობლემებთან ჭიდილს „სირტაკის“ რიტმში.

[ჩარჩო 18 გვერდზე]

იდეალების მსხვრევა

ოლიმპიადის ორგანიზატორები ხშირად საუბრობენ ამ თამაშებთან დაკავშირებულ იდეალებზე — „მაღალ იდეალებზე დაფუძნებულ შეჯიბრებაზე, სპორტზე, მშვიდობაზე, კულტურასა და განათლებაზე“. მიუხედავად ამისა, მედლის მეორე მხარეს არის პოლიტიკა, ნაციონალიზმი, კომერცია და კორუფცია.

ოლიმპიურ თამაშებს, ტრადიციულად, მაღალი სატელევიზიო რეიტინგი აქვს და რეკლამების განთავსება უდიდეს თანხებთანაა დაკავშირებული. ეს კი ამ თამაშების სპონსორობას მარკეტინგის მძლავრ საშუალებად აქცევს. ავსტრალიელმა მკვლევარმა მარი ფილიპსმა აღნიშნა: „ოლიმპიური თამაშები დღეს დიდი ბიზნესია და მრავალი გადაწყვეტილება კომერციული გაანგარიშებითაა ნაკარნახევი“.

სხვები უკმაყოფილებას გამოთქვამენ თამაშების დროს გამოხატული აშკარა ნაციონალიზმის გამო. ძალისხმევა ხმარდება ხოლმე იმას, რომ ოლიმპიური თამაშების განმავლობაში შეწყდეს საომარი მოქმედებები და დროებით ზავი დაიდოს. სინამდვილეში კი, თუ არ ჩავთვლით სიმბოლურ მნიშვნელობას, ასეთი ზომები ვერ მოიტანს სასურველ შედეგებს, სანამ კონფლიქტების მიზეზები საბოლოოდ არ მოგვარდება. პროფესორი ბრაიან მარტინი, საზოგადოებათმცოდნე, საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს: „ოლიმპიური თამაშები გავლენიან პოლიტიკურ არენად იქცა . . . სპორტსმენთა შეჯიბრებები ქვეყნებს შორის შეჯიბრებებად გადაიქცა. სპორტსმენებს არ შეუძლიათ მონაწილეობა, თუ მათი ქვეყანა არ იღებს ოლიმპიადაში მონაწილეობას. ინდივიდუალური თუ გუნდური გამარჯვებები ეროვნულ გამარჯვებებად ითვლება, რისი სიმბოლოც დროშის აწევა და ჰიმნის შესრულებაა . . . [ოლიმპიური თამაშები] კიდევ ერთი ადგილია, სადაც შეიძლება აგრესიის გამოვლენა — ცალკეულ პირებს შორის სპორტის ამა თუ იმ სახეობაში, და ქვეყნებს შორის ძალაუფლებისა და მდგომარეობისთვის ბრძოლაში . . . ოლიმპიური მოძრაობა უძლურია საიმისოდ, რომ დაუბრუნდეს თავის თავდაპირველ მიზანს და ხელი შეუწყოს მშვიდობას“.

[სურათები 18 გვერდზე]

ათენის ოლიმპიური სპორტკომპლექსი

ასე გამოიყურება 2004 წლის ოლიმპიური მედალი

[საავტორო უფლებები]

Aerial photo: AP Photo/Thanassis Stavrakis; medal design: © ATHOC

[სურათები 16 გვერდზე]

ათენის მეტრო

ათენის საერთაშორისო აეროპორტი

[საავტორო უფლება]

© ATHOC

[სურათები 17 გვერდზე]

მშენებარე ოლიმპიური სოფელი

აგიოს კოსმასის სახელობის სანიჩბოსნო ცენტრი

[საავტორო უფლება]

© ATHOC/Photo: K. Vergas

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

ოლიმპიური სტადიონის მშენებარე სახურავი

[სურათი 17 გვერდზე]

დასრულებული სახურავის მაკეტი

[საავტორო უფლება]

© ATHOC

[სურათის საავტორო უფლება 15 გვერდზე]

© ATHOC