არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის ცუდი ქორწინებამდელ სექსში?

რა არის ცუდი ქორწინებამდელ სექსში?

ახალგაზრდების შეკითხვები

რა არის ცუდი ქორწინებამდელ სექსში?

„ხანდახან მეეჭვება, რომ ქორწინებამდელი სექსი მართლა ცუდია. ასეთი აზრები განსაკუთრებით მაშინ მომდის თავში, როცა უხერხულობის გრძნობა მეუფლება იმის გამო, რომ ჯერ არავისთან მქონია სქესობრივი კავშირი“ (ჯორდონი *).

„ძალიან მაინტერესებს სექსი. ჩემი აზრით, ყველას აქვს ამისკენ ბუნებრივი მიდრეკილება. საითაც უნდა გაიხედო, ყველაფერი სექსის ირგვლივ ტრიალებს!“ (კელი).

გეუფლება თუ არა შენც ჯორდონისა და კელის მსგავსი გრძნობები? ტრადიციული ჩვევები და ფასეულობები, რომლის მიხედვითაც იგმობოდა ქორწინებამდელი სექსი, წარსულს ჩაჰბარდა (ებრაელთა 13:4). აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცთა უმრავლესობა ქორწინებამდე სქესობრივ კავშირს არა მარტო ჩვეულებრივად მიიჩნევს, არამედ, როგორც თავად ამბობენ, მათგან მოელიან კიდეც ასეთ საქციელს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მთელ მსოფლიოში ახალგაზრდების უმრავლესობა 19 წლამდე იწყებს სქესობრივ ცხოვრებას.

არიან ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებიც მართალია სქესობრივ ცხოვრებას არ ეწევიან, მაგრამ არც უარს ამბობენ ეგრეთ წოდებულ ალტერნატიულ სექსზე, როგორიცაა, მაგალითად, ერთმანეთის სასქესო ორგანოებზე ალერსი (რომელსაც ზოგჯერ ორმხრივ მასტურბაციას უწოდებენ). გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზში“ გამოქვეყნდა შემაშფოთებელი სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „ორალური სექსი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა სქესობრივ ურთიერთობაში. ახალგაზრდების უმრავლესობა თვლის, რომ ასეთი სექსი ნაკლებად ინტიმური და უსაფრთხოა . . . [და] მისი საშუალებით შეიძლება ფეხმძიმობის თავიდან არიდება და უმანკოების შენარჩუნება“.

რა თვალსაზრისი უნდა ჰქონდეს ქრისტიანს ქორწინებამდელ სექსზე? რა შეიძლება ითქვას ეგრეთ წოდებულ ალტერნატიულ სექსზე? იწონებს ღმერთი მას? რამდენად უსაფრთხოა? ნამდვილად ხელს უწყობს ის უმანკოების შენარჩუნებას?

რა არის სიძვა?

ამ კითხვებზე სანდო პასუხების გაცემა შეუძლია მხოლოდ სამყაროს შემოქმედს — იეჰოვა ღმერთს. თავის სიტყვაში ის გვეუბნება: „გაექეცით სიძვას“ (1 კორინთელთა 6:18). მაგრამ რას ნიშნავს ეს? ბერძნული სიტყვა, რომელიც „სიძვად“ ითარგმნება, გულისხმობს არა მარტო ჩვეულებრივ სქესობრივ ურთიერთობას, არამედ სხვადასხვა სახის უზნეო ქმედებებსაც. ამიტომ, თუ ორი დაუქორწინებელი ადამიანი უარს არ ამბობს ორალურ სექსზე ან ერთმანეთის სასქესო ორგანოების ალერსზე, მათ მეძაობაში ედებათ ბრალი.

მაგრამ შეიძლება ისინი უმანკოებად ანუ ქალწულებად ჩაითვალონ ღვთის თვალში? ბიბლიაში სიტყვა „ქალწული“, ზნეობრივი სიწმინდის სიმბოლოდ გამოიყენება (2 კორინთელთა 11:2—6). მაგრამ ის პირდაპირი მნიშვნელობითაც გვხვდება. მაგალითად, ბიბლია მოგვითხრობს ერთი ახალგაზრდა ქალის-რებეკას, შესახებ, რომ ის იყო „ქალწული, რომელსაც არ შეეცნო მამაკაცი“ (დაბადება 24:16). აღსანიშნავია, რომ ებრაულ ორიგინალში სიტყვა „შეცნობა“ ეხება არა მარტო მამაკაცსა და ქალს შორის დამყარებულ ნორმალურ სქესობრივ ურთიერთობას, არამედ სექსის სხვადასხვა სახეობასაც (დაბადება 19:5). ამგვარად, ბიბლიის თანახმად, თუ პიროვნება სიძვის რომელიმე სახეობას ეწევა, ის უმანკოდ არ ჩაითვლება.

ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, გაექცნენ არა მარტო სიძვას, არამედ ნებისმიერ უწმინდურ საქციელს, რაც აქამდე მიიყვანდა მათ * (კოლასელთა 3:5). ასეთი შეხედულებების გამო სხვებმა შეიძლება დაგცინონ კიდეც. «სანამ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, გამუდმებით მესმოდა ეს სიტყვები: „ვერც კი წარმოიდგენ, რა სიამოვნებას კარგავ!“» — ამბობს ქრისტიანი ახალგაზრდა, კელი. თუმცა ქორწინებამდელი სექსი სხვა არაფერია, თუ არა დროებითი, „ცოდვიანი განცხრომა“ (ებრაელთა 11:25). მას შეიძლება მოჰყვეს ხანგრძლივი ზიანი, როგორც ფიზიკური და ემოციური, ასევე სულიერი.

სერიოზული საფრთხე

ბიბლიაში მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ ადევნებდა თვალყურს მეფე სოლომონი ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც სექსუალურ უზნეობაში ჩაითრიეს. სოლომონმა ეს ახალგაზრდა ‘დასაკლავ ხარს’ შეადარა. ხარი, რომელიც დასაკლავად მიდის, ვერც კი ხვდება, მალე რა ელის. ხშირად იგივე ემართება იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც უარს არ ამბობენ ქორწინებამდელ სექსზე და არ საზღვრავენ, თუ რა სერიოზულ შედეგებამდე მიიყვანთ ამგვარი მოქმედებები! სოლომონმა ზემოაღნიშნულ ახალგაზრდაზე ასეთი სიტყვები თქვა: „არ იცის, რომ თავს იღუპავს“ (იგავები 7:22, 23). დიახ, შეიძლება „თავი“, ანუ შენი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო.

ყოველწლიურად მილიონობით ახალგაზრდა ავადდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით (სგდ). „სადღაც გაქცევა და გადაკარგვა მინდოდა, როდესაც გავიგე, რომ ჰერპესი მქონდა“ — ამბობს ლიდია. — ის ნაღვლიანად განაგრძობს: „ეს მტანჯველი დაავადება მთელი ცხოვრება უნდა ვატარო“. მთელ მსოფლიოში აივ-ით ყოველდღიურად 6 000 ადამიანი ინფიცირდება. აქედან 50%-ზე მეტი 15—24 წლამდე ახალგაზრდაა.

ქორწინებამდელი სქესობრივი კავშირი ქალებს უფრო მეტ პრობლემებს უქმნის. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით (მათ შორის აივ-ით) დაინფიცირებულთა შორის ქალები უფრო მეტია, ვიდრე კაცები. თუ გოგონა დაფეხმძიმდა, ის საფრთხის წინაშე აგდებს როგორც საკუთარ თავს, ისე არშობილ პატარას. რატომ? იმიტომ რომ ახალგაზრდა ქალის სხეული შეიძლება სათანადოდ არ იყოს მომზადებული უსაფრთხო მშობიარობისთვის.

მაშინაც კი, თუ ახალგაზრდა დედას მშობიარობის შემდეგ ჯანმრთელობა არ შეერყევა, მას მაინც მოუწევს დედობის — ესოდენ სერიოზული პასუხისმგებლობის — ზიდვა. ბევრმა ახალგაზრდა დედამ აღმოაჩინა, რომ საკუთარი თავისა და ახალშობილის უზრუნველყოფა გაცილებით რთულია, ვიდრე მათ ეგონათ.

გარდა ამისა, ქორწინებამდე ჩადენილ უზნეობას სულიერი და ემოციური ტკივილიც მოაქვს. მეფე დავითი კინაღამ მოსუსტდა სულიერად და დაკარგა ღმერთთან მეგობრობა, როდესაც მრუშობა ჩაიდინა (ფსალმუნები 50 თავი). მართალია დავითი გამოჯანსაღდა სულიერად, მაგრამ მთელი დარჩენილი ცხოვრება ცოდვის მძიმე შედეგებს იმკიდა.

მსგავს პრობლემებს ხვდებიან დღეს ახალგაზრდებიც. მაგალითად, შერი მხოლოდ 17 წლის იყო, როცა ახალგაზრდა მამაკაცთან დაამყარა სქესობრივი კავშირი, რადგან ეგონა, რომ ამ მამაკაცს უყვარდა ის. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ შერი დღესაც სინანულით იხსენებს მომხდარს. ის ამბობს: „სათანადოდ არ ვაფასებდი ბიბლიურ პრინციპებს და მწარე შედეგებიც მოვიმკე. ყველაზე საშინელება კი ის იყო, რომ იეჰოვას კეთილგანწყობილება დავკარგე“. ახალგაზრდა გოგონა ტრიშიც აღიარებს: „ქორწინებამდელი სექსი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერს მივცემდი, ქალწულობის დაბრუნება რომ შემეძლოს“. დიახ, ემოციური ჭრილობა წლების განმავლობაში მოუშუშებელი რჩება, და სტრესსა და გულისტკივილს იწვევს.

ისწავლე თავშეკავება

ერთმა გოგონამ, სახელად შანდამ, წამოჭრა მნიშვნელოვანი კითხვა: „რატომ ჩადო ღმერთმა ახალგაზრდებში სექსუალური სურვილი, თუ ქორწინებამდე ვერ დაიკმაყოფილებენ მას?“ სექსუალური სურვილები განსაკუთრებით მოზღვავებულია ‘სიყმაწვილის ასაკში’ (1 კორინთელთა 7:36). შეიძლება მოზარდები უეცრად, ყოველგვარი აშკარა მიზეზის გარეშეც კი აღიგზნონ. მაგრამ ამაში ცუდი არაფერია. ეს ბუნებრივი რეაქციაა, რაც მოწმობს იმაზე, რომ ნორმალურად მიმდინარეობს სასქესო ორგანოების განვითარება *.

ისიც სიმართლეა, რომ იეჰოვამ ისე შექმნა ადამიანები, რომ სექსუალური ურთიერთობის დროს სიამოვნება მიეღოთ. ეს შეესაბამებოდა ღვთის თავდაპირველ განზრახვას, რომ ადამიანებით ავსებულიყო დედამიწა (დაბადება 1:28). თუმცა, ღმერთს არ განუზრახავს, რომ გამრავლების ორგანოები არასწორად გამოგვეყენებინა. „ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით“ — ნათქვამია ბიბლიაში (1 თესალონიკელთა 4:4). ყოველი აღგზნებისას სექსუალური სურვილის დაკმაყოფილება ისევე არაგონივრული იქნებოდა, როგორც ყოველი გაღიზიანებისას ნებისმიერი შემხვედრის ცემა.

სქესობრივი ურთიერთობა ღვთისგან ბოძებული ძღვენია, რითაც შეგიძლია სიამოვნება მიიღო მხოლოდ დაქორწინების შემდეგ. რას გრძნობს ღმერთი, როცა სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებას ქორწინებამდე ვცდილობთ? წარმოიდგინე, რომ მეგობრისთვის იყიდე საჩუქარი. მაგრამ მან, სანამ აჩუქებდი, მოგპარა ის! განა არ გაბრაზდებოდი? ახლა დაფიქრდი, რას გრძნობს ღმერთი, როცა ადამიანები ქორწინებამდე ამყარებენ სქესობრივ კავშირს, რითაც აჩვენებენ, რომ არაფრად მიიჩნევენ ღვთის მიერ ბოძებულ საჩუქარს?

როგორ უნდა მოიქცე, როცა სექსუალური გრძნობები მოზღვავებული გაქვს? მარტივად რომ ვთქვათ, ისწავლე თავშეკავება ანუ ვნებების დაოკება. გახსოვდეს, რომ იეჰოვა „სიკეთეს არ დაუჭერს უბიწოდ მოარულთ“ (ფსალმუნები 83:12). „როდესაც ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ ქორწინებამდელ სექსში ცუდი არაფერია, მაშინვე წარმოვიდგენ, თუ რა ცუდ სულიერ შედეგებამდე მიმიყვანს ასეთი აზროვნება და ვხვდები, რომ არ ღირს ცოდვილი სიამოვნების გამო იეჰოვასთან ურთიერთობის გაფუჭება“ — ამბობს გორდონი. თავშეკავება ადვილი არ არის. მაგრამ, როგორც ადრიანი შეგვახსენებს „თავშეკავების შედეგად სინდისიც სუფთა გექნება და იეჰოვასთანაც კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებ. შეგიძლია კონცენტრირება მოახდინო უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე და ჩადენილი საქციელის გამო დანაშაულის გრძნობაც არ გაგიჩნდება“ (ფსალმუნები 15:11).

არსებობს მრავალი საფუძვლიანი მიზეზი იმისა, რომ მოვერიდოთ სიძვის ნებისმიერ სახეობას (1 თესალონიკელთა 4:3). თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყოველთვის ადვილი არ არის. მომდევნო სტატიაში მოცემული იქნება პრაქტიკული რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ ‘სუფთად დაიცვათ თავი’ (1 ტიმოთე 5:22, აქ).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 11 სიძვის, უწმინდურობისა და თავაშვებულობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ 1993 წლის 8 ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში გამოქვეყნებული სტატია «რამდენად შორს არის ‘ძალიან შორს’?» (რუს.), რუბრიკით „ახალგაზრდების შეკითხვები“.

^ აბზ. 20 იხილეთ 1990 წლის 8 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“-ში (ინგლ.) გამოქვეყნებული სტატია „რა ემართება ჩემს სხეულს?“ რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“.

[ჩანართი 13 გვერდზე]

თუ ახალგაზრდა უარს არ ამბობს მეძაობის რომელიმე სახეობაზე, ჩაითვლება ის უმანკოდ ღვთის თვალში?

[სურათი 13 გვერდზე]

ქორწინებამდელმა სექსმა შეიძლება ღვთისმოშიში ახალგაზრდების სინდისი გააუხეშოს.

[სურათი 14 გვერდზე]

მათ, ვინც ქორწინებამდე ამყარებს სქესობრივ კავშირს, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შეყრის საშიშროება ემუქრებათ.