არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

როდის უნდა გაიხეხოთ კბილები?

„მჟავე გემოს მქონე საკვების ან სასმელის მიღებისთანავე კბილების დაუყოვნებლივ გახეხვამ შეიძლება ემალი დააზიანოს“, — ნათქვამია მეხიკოში გამომავალ გაზეთ „მილენიოში“. ქალაქ გეტინგენის (გერმანია) უნივერსიტეტში ჩატარებული გამოკვლევიდან გამომდინარე, გაზეთი გვაფრთხილებს, რომ მჟავე გემოს მქონე საკვები „დროებით ასუსტებს კბილის ემალს“. ამიტომ, საკვების მიღებისთანავე კბილების გახეხვა შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. ნაცვლად ამისა, „სასურველია, რამდენიმე წუთი მოვიცადოთ, რათა ემალმა საჭირო სიმტკიცე აღიდგინოს და მერე გავიხეხოთ“.

სუფთად შეინახეთ საჭრელი დაფა!

რომელია უსაფრთხო — ხის საჭრელი დაფა თუ პლასტიკისა? „ორივე კარგია, თუ კარგად გარეცხილს შეინახავთ, — ნათქვამია ერთ ცნობარში. — უმი ხორცისა და ფრინველის დასაჭრელად ხის დაფას გამოიყენებთ თუ პლასტიკისას, მნიშვნელობა არა აქვს; მთავარია, ხმარების შემდეგ სარეცხი ხსნარისა და ცხელი წყლის მეშვეობით კარგად გარეცხოთ“. თუ დაფა ღრმად არის დასერილი ან ცხიმიანია, უფრო გულმოდგინედ უნდა გარეცხოთ. „ამასთანავე, დეზინფექციის მიზნით, დაფის გაწმენდა შეგიძლიათ ქლორში გაზავებული ხსნარით (ერთი ჩაის კოვზი ქლორი ერთ ლიტრ წყალზე)“, — აღნიშნულია იმავე ცნობარში (UC Berkeley Wellness Letter). ასევე, კარგად უნდა დაიბანოთ ხელები და გამოყენების შემდეგ დანები კარგად გარეცხოთ და გაამშრალოთ.

ტელევიზორი — „ძლიერი ნარკოტიკი“

„ბავშვები, რომლებიც ტელევიზორს დღეში ორ საათზე მეტხანს უყურებენ, სკოლაში ცუდად სწავლობენ“, — ნათქვამია ესპანეთში გამომავალ გაზეთ „ლა ვანგუარდიაში“. პედიატრ ფრანცისკო მუნიოსის აზრით, ტელევიზორს შეუძლია ბავშვის განათლების დონის ამაღლება, თუმცა იმასაც დასძენს, რომ ტელეგადაცემების ყურება უარყოფით გავლენასაც ახდენს მათზე. მუნიოსის თქმით, ტელემანების დაბალი აკადემიური მოსწრების მთავარი მიზეზი ისაა, რომ „ტელეგადაცემების ყურება აფერხებს ბავშვის გონებრივ განვითარებასა და აბსტრაქტული აზროვნების უნარს“. ის პირდაპირ კავშირსაც კი ხედავს გარკვეული გადაცემების, რეკლამებისა და მუსიკალური კლიპების ყურებასა და მოზარდებში ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარებას შორის. ბავშვთა ფსიქიატრმა პაულინო კასტელსიმ აღიარა, რომ ყველა მოზარდი არ სწავლობს ტელევიზორის ეკრანებიდან ცუდ ჩვევებს; თუმცა მანვე ტელევიზორს „ძლიერი ნარკოტიკი“ უწოდა იმ დამღუპველი გავლენის გამო, რასაც ის ახდენს ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ გონებაზე.

სიახლე მოწევასთან დაკავშირებით

„მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ქალაქ ჰელინას (მონტანის შტატი, აშშ) რესტორნებში, ბარებსა და სხვა სახის საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვიდან ექვსი თვის განმავლობაში, თითქმის 60 პროცენტით შემცირდა ადგილობრივ საავადმყოფოში გულის შეტევით მოხვედრილ პაციენტთა რიცხვი“, — იუწყება გაზეთი „უოლ-სტრიტ ჯორნელი“. მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით, გულის შეტევის შემთხვევების რიცხვმა კვლავ უწინდელ დონეს მიაღწია. „ეს აშკარა მტკიცებაა იმისა, რომ მწეველთა საზოგადოებაში ყოფნა და ნიკოტინის შესუნთქვა საზიანოა ჯანმრთელობისთვის“, — თქვა კარდიოლოგმა სიდნი სმითმა.