არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შეგიძლიათ თავი დაიცვათ თაღლითებისგან?

როგორ შეგიძლიათ თავი დაიცვათ თაღლითებისგან?

როგორ შეგიძლიათ თავი დაიცვათ თაღლითებისგან?

შეიძლება გაგიგონიათ გამონათქვამი, რომ პატიოსან ადამიანს ვერ მოატყუებო. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ხდება. ყოველდღე პატიოსანი ადამიანები თაღლითების მახეში ებმებიან; მხოლოდ პატიოსნება ვერ იცავს მათ. მსოფლიოში ზოგი უნიჭიერესი ადამიანი სხვადასხვა მეთოდს იგონებს სხვების მოსატყუებლად და შემდეგ მას ცხოვრებაში ახორციელებს. ას წელზე მეტი ხნის წინათ ერთმა მწერალმა შენიშნა: „არსებობს ზოგი იმდენად კარგად მოფიქრებული ტყუილი, რომ სიბრიყვე იქნებოდა, მის მახეში არ გაბმულიყავი“.

ტყუილს დიდი ხნის ისტორია აქვს. ის სათავეს ედემის ბაღიდან იღებს (დაბადება 3:1—5). მან ბევრი ცვლილება განიცადა და დღეს სხვადასხვა სახით ვლინდება. მაგრამ, როგორ შეგიძლიათ თავი დაიცვათ ტყუილისგან? საჭირო არაა, შეისწავლო თაღლითების ყველა მეთოდი, რითაც ადამიანებს ატყუებენ. რამდენიმე ძირითადი დამცავი საშუალება დაგეხმარება, რომ მათი მსხვერპლი არ გახდე.

პირადი ინფორმაციის შენახვა

თუ თქვენი ჩეკის წიგნაკი ან საკრედიტო ბარათი მოიპარეს, ქურდს შეუძლია მასზე არსებული თანხა დახარჯოს. თუ ის თქვენი საბანკო ანგარიშის ნომერს გაიგებს და პირად ინფორმაციას შეაგროვებს, შეუძლია თქვენი სახელით იმოქმედოს. მას შეუძლია თქვენი საბანკო ანგარიშიდან თანხა მოხსნას, თქვენს საკრედიტო ბარათზე დარიცხოს თავისი დანახარჯი ან თქვენი სახელით სესხი გამოიტანოს *. თქვენ კი შეიძლება დაგაპატიმრონ იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაგიდენიათ!

ამ სახის თაღლითებისგან თავის დასაცავად გაუფრთხილდით პირად საბუთებს, როგორიცაა საბანკო ანგარიშის ნომერი, ჩეკის წიგნაკი, მართვის მოწმობა, სოცდაზღვევის ბარათი ან პირადობის მოწმობა. ნურაფერს ეტყვით თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ მათ, ვინც ეს არ უნდა იცოდეს; განსაკუთრებით ეს ეხება საკრედიტო ბარათისა და საბანკო ანგარიშის ნომერს. მხოლოდ საყიდლების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი.

ზოგი თაღლითი თქვენ შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად სანაგვე ყუთების ქექვასაც კი არ თაკილობს. ნაცვლად იმისა, რომ პირადი ინფორმაციით სავსე ფურცლები სანაგვეში გადაყაროთ, დაწვით ისინი ან დააქუცმაცეთ. ამაში შედის ჩეკები, საბანკო და ბროკერული ოპერაციების ანარიცხები, ძველი საკრედიტო ბარათები, მართვის მოწმობა და პასპორტი. აგრეთვე გონივრულია, გაანადგუროთ ფოსტით გამოგზავნილი განცხადება ისეთი საკრედიტო ბარათის მიღებაზე, რომელიც თქვენ არ შეგიკვეთავთ, რადგან ის თქვენ შესახებ ინფორმაციას შეიცავს და შეიძლება ვინმემ ბოროტად გამოიყენოს.

საღად იაზროვნე

ძირითადად, თაღლითთა უმრავლესობა ჩადებული ინვესტიციებიდან არარეალურად დიდი მოგების შესახებ დაპირებებს იძლევა. სწრაფად გამდიდრების ერთ-ერთი გავრცელებული სქემა ფინანსური პირამიდაა. თუმცა პირამიდის სხვადასხვა სქემა არსებობს, მაგრამ ძირითადი მეთოდი ასეთია: მონაწილეები ფულად ჯილდოს მიიღებენ იმისათვის, თუ ახალ წევრებს მიიზიდავენ ინვესტიციების ჩასადებად *. ამ შემთხვევაში პრინციპი ისეთივეა, როგორიც დასაგზავნი წერილების ჯაჭვის შემთხვევაში, აქ კი თქვენგან სიის თავში მოცემული ადამიანების მისამართზე ფულის გაგზავნას ითხოვენ. ამასთანავე გპირდებიან, რომ, როცა თქვენი სახელი სიის თავში მოხვდება, ათასობით დოლარს მიიღებთ.

ფინანსური პირამიდა ყოველთვის კრახით მთავრდება, რადგან შეუძლებელია მუდმივად ახალი წევრების მოზიდვა. გამოვიყენოთ უბრალო მათემატიკური ანგარიში. თუ ხუთი ადამიანი წამოიწყებს ფინანსურ პირამიდას და თითოეული მათგანი მოიყვანს კიდევ ხუთს, მათი რიცხვი ოცდახუთი გახდება. თუ ეს 25 მოიყვანს კიდევ ხუთ-ხუთს, მაშინ მათი რიცხვი 125-ს მიაღწევს. მეათე საფეხურზე ინვესტორთა რიცხვი დაახლოებით ორი მილიონი გახდება. მათ კიდევ ცხრა მილიონი ახალი წევრის მოძებნა მოუწევთ! ფინანსური პირამიდის ორგანიზატორებმა კარგად იციან, რომ კრიტიკული დროც მალე დადგება. ამიტომ, ისინი ფულთან ერთად ქრებიან. ადვილი შესაძლებელია, რომ დაკარგოთ ის თანხა, რაც ასეთ პირამიდაში ჩადეთ, თქვენ მიერ მოყვანილმა ახალმა წევრებმა კი დაკარგული ფულის ანაზღაურება თქვენ მოგთხოვონ. გახსოვდეთ: ფინანსურ პირამიდაში რომ ფული იშოვოთ, სხვამ უნდა დაკარგოს ის.

გთავაზობთ ვინმე იოლად გამდიდრების საშუალებას ან გპირდებათ ჩადებული ფულიდან დიდ მოგებას? ფრთხილად იყავით: თუ შემოთავაზებული წინადადება იმდენად კარგია, რომ შეუძლებელია ჭეშმარიტება იყოს, ჩვეულებრივ, ის სიმართლეს არ შეესაბამება. სწრაფად ნუ დაუჯერებთ სარეკლამო განცხადებებსა და რეკომენდაციებს და ნუ დაასკვნით, „რომ ეს სულ სხვა რამეა“. გახსოვდეთ: ხალხი ბიზნესს იმისთვის არ ეწევა, რომ ფული სხვას მისცეს ან გამდიდრების საიდუმლო გაანდოს. თუ ზოგი ამტკიცებს, რომ გამდიდრების საიდუმლო იცის, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რატომ თავად არ იყენებს ამ მეთოდს, რომ გამდიდრდეს? რატომ კარგავს დროს, რომ მე მასწავლოს?“

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გეუბნებიან, რომ თქვენ გაიმარჯვეთ კონკურსში ან მიიღეთ პრიზი? არ შეცდეთ, ეს შეიძლება მახე იყოს, რომელშიც ბევრი ებმება. მაგალითად, ინგლისში მცხოვრებმა ერთმა ქალბატონმა კანადიდან მიიღო წერილი, სადაც იტყობინებოდნენ, რომ მან მოიგო პრიზი და მის მისაღებად 25 ამერიკული დოლარი უნდა გაეგზავნა. ფულის გაგზავნის შემდეგ მას ტელეფონით დაუკავშირდნენ კანადიდან და უთხრეს, რომ ლატარიაში მოიგო მესამე პრიზი — 245 000 დოლარი, მაგრამ მის მისაღებად საჭირო იყო ამ თანხის ათი პროცენტის გაგზავნა. მან გაგზავნა 2 450 დოლარი და სანაცვლოდ არაფერი მიუღია. თუ „უფასო საჩუქარში“ ან პრიზში თანხის გადახდას მოგთხოვენ, მაშინ იცოდეთ, რომ ეს მახეა. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „როგორ მოვიგე ლატარიაში პრიზი, როცა არ მითამაშია?“

საქმე მხოლოდ სანდო ადამიანებთან დაიჭირეთ

დარწმუნებული ხართ, რომ შეგიძლიათ უპატიოსნო ადამიანების ამოცნობა? ფრთხილად იყავით! თაღლითები დახელოვნებულები არიან იმაში, თუ როგორ მოიპოვონ ადამიანების ნდობა. მათ კარგად იციან, როგორ დააჯერონ ისინი. ვაჭრები, პატიოსნებიც და უპატიოსნოებიც, საქონლის გაყიდვამდე ისეთ რეკლამას უკეთებენ მას, რომ იძულებულს გხდიან, იყიდოთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ეჭვის თვალით უნდა უყუროთ, მაგრამ გონივრულ ფარგლებში სიფრთხილის გამოვლენა თაღლითებისგან დაგიცავთ. იმის მაგივრად, რომ ინტუიციას ენდოთ, ყურადღება მიაქციეთ ორ მნიშვნელოვან მომენტს, რაც თაღლითებისთვისაა დამახასიათებელი: 1) შემოთავაზებული წინადადება იმდენად კარგია, რომ შეუძლებელია ჭეშმარიტება იყოს, და 2) გამყიდველი გაჩქარებთ, რომ გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღოთ.

ინტერნეტში შემოთავაზებულია მრავალი მაცდუნებელი წინადადება. გთავაზობენ ბევრ ძვირფას საქონელსა და საუკეთესო მომსახურებას; აგრეთვე დამნაშავეებს ინტერნეტით ხალხის სწრაფად მოტყუების შესაძლებლობა ეძლევათ და, ამასთანავე, ანონიმებად რჩებიან. სარგებლობთ ელექტრონული ფოსტით? თუ სარგებლობთ, თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეიძლება მრავალი კომერციული რეკლამა მოვიდეს. მასში შემოთავაზებულია უსაზღვრო რაოდენობის საქონელი და მომსახურება, მაგრამ მრავალი მათგანი ყალბია. თუ თქვენ გამოეხმაურებით ასეთ შეტყობინებებს და გაგზავნით ფულს რაიმე ნაწარმის შესაძენად ან მომსახურებისთვის, ალბათ, ვერაფერს მიიღებთ სანაცვლოდ; თუ მიიღებთ კიდეც, უდავოა, ის იმდენი არ ეღირება, რაც გადაიხადეთ. უკეთესი იქნება, არაფერი შეიძინოთ მათგან, ვინც ასეთ რეკლამებს აგზავნის.

იმავეს თქმა შეიძლება მათზე, რომლებიც ტელეფონით გიკავშირდებიან და გთავაზობენ საქონელს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ასეთი ზარი კანონიერი ბიზნესის წარმომადგენლებისგანაც არის, თაღლითები სარგებლობენ ასეთი მომსახურებით და ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს სცინცლავენ ადამიანებს. შეუძლებელია მიხვდეთ, აწარმოებს თუ არა კანონიერ ბიზნესს ის, ვინც ტელეფონით გიკავშირდებათ და თავის ნაწარმს გთავაზობთ. თაღლითმა შეიძლება ბანკის ან საკრედიტო ბარათის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლად გაგაცნოთ თავი. მრავალი მიზეზი გაქვთ იმისა, რომ არ ენდოთ მათ, რომლებიც თავს ასაღებენ იმ ბანკისა თუ ორგანიზაციის თანამშრომლად, სადაც თქვენი ანგარიშია გახსნილი და ისეთი ინფორმაციის მიღება სურთ, რაც უკვე ცნობილი უნდა იყოს მათთვის. თუ მსგავსი რამ ხდება, შეგიძლიათ იკითხოთ მისი ტელეფონის ნომერი და შემდეგ გადარეკოთ, რათა დარწმუნდეთ, ნამდვილად ბანკის ან სააგენტოს ნომერია თუ არა.

ბრძნულად მოიქცევით, თუ არ შეატყობინებთ საკრედიტო ბარათის ნომერს ან ნებისმიერ სხვა პირად ინფორმაციას უცნობებს, რომლებიც გირეკავენ. თუ ტელეფონით გთავაზობენ ისეთ საქონელს, რაც არ გაინტერესებთ, შეგიძლიათ თავაზიანად უპასუხოთ: „უკაცრავად, მაგრამ უცნობებისგან არაფერს ვყიდულობ“. ამის შემდეგ დაკიდეთ ყურმილი. საჭირო არაა, რომ საუბარი გაუბათ უცნობ ადამიანს; ის შეიძლება თქვენს მოტყუებას ცდილობს.

ენდეთ მხოლოდ კარგი რეპუტაციის მქონე ფირმებსა და ადამიანებს. არსებობს მრავალი კანონიერი კომპანია, რომლებთანაც რისკის გარეშე შეგიძლიათ აწარმოოთ მოლაპარაკება ტელეფონით ან ინტერნეტით. თუ შესაძლებელია, რომელიმე დამოუკიდებელი ორგანიზაციის მეშვეობით გამოიძიეთ ყველაფერი გამყიდველზე, კომპანიასა და შემოთავაზებულ ინვესტიციაზე. მოითხოვეთ ინფორმაცია ამ ინვესტიციის შესახებ და ყურადღებით წაიკითხეთ, რათა დარწმუნდეთ მის კანონიერებაში. არავის დართოთ ნება, რომ სწრაფი გადაწყვეტილება მიგაღებინოთ.

დადეთ წერილობითი შეთანხმება

ყველა თაღლითობას როდი აქვს თაღლითური საწყისი. პატიოსანი ბიზნესიც კი შეიძლება დამთავრდეს წარუმატებლობით. როდესაც მსგავსი რამ ხდება, ისინი, ვინც ასეთ ბიზნესს ეწევიან, შეიძლება პანიკაში ჩაცვივდნენ და თაღლითობას მიმართონ, რომ დანაკარგი აინაზღაურონ. თქვენ, ალბათ, გსმენიათ ისეთ ბიზნესმენებზე, რომლებიც მალავდნენ თავიანთ შემოსავალსა და მოგებას, შემდეგ კი, როცა მათი ბიზნესი კრახს განიცდიდა, ისინი დარჩენილ თანხასთან ერთად ქრებოდნენ.

მნიშვნელოვანი ინვესტიციის დაბანდებამდე, წერილობითი სახით მოითხოვეთ პირობების დეტალური მონაცემები თაღლითობისა და გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად. ნებისმიერ კონტრაქტში, რომელსაც ხელს აწერთ, აღწერილი უნდა იყოს ინვესტირების პირობები და მხარეთა დაპირებები. აგრეთვე გახსოვდეთ — რა საიმედოც უნდა ჩანდეს დაბანდება, ვერავინ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ყველაფერი შეთანხმების მიხედვით წარიმართება (ეკლესიასტე 9:11). სინამდვილეში, არ არსებობს ინვესტიცია რისკის გარეშე. ამიტომ, ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იყოს შეთანხმების თითოეული მონაწილის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები იმ შემთხვევისათვის, თუ ბიზნესი მარცხით დამთავრდება.

ჩვენ მიერ ზემოთ მოკლედ განხილული ძირითადი პრინციპების ცოდნა და გამოყენება დაგეხმარებათ, შეამციროთ თაღლითობის მსხვერპლად გახდომის რისკი. ძველი ბიბლიური იგავი ძვირფას რჩევას გვაძლევს. ის ამბობს: „გულუბრყვილოს სწამს ყოველი სიტყვა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯს“ (იგავები 14:15). თაღლითი ადვილად ხელმისაწვდომ სამიზნეს ირჩევს — მათ, ვისაც მისი ყოველი სიტყვის სჯერა. სამწუხაროდ, მრავალი ადამიანი უსაფრთხოების არავითარ ზომებს არ მიმართავს, რომ თავი დაიცვას თაღლითებისგან.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 იხილეთ „გამოიღვიძეთ!“-ის 2001 წლის 22 მარტის გამოცემა, გვ. 19—21 (რუს.).

^ აბზ. 9 ფინანსური პირამიდა არის „მრავალსაფეხურიანი მარკეტინგული პროგრამა, რომელშიც ადამიანები იხდიან თავდაპირველ შესატანს იმისათვის, რომ სხვებიც ჩართონ ამ საქმიანობაში“. ასეთ პროგრამაში არ ხდება პროდუქციის წარმოება.

[ჩანართი 7 გვერდზე]

თუ შემოთავაზებული წინადადება იმდენად კარგია, რომ შეუძლებელია ჭეშმარიტება იყოს, მაშინ ის ტყუილია.

[ჩარჩო/სურათი 6 გვერდზე]

რჩევები თაღლითობის მსხვერპლთათვის

თაღლითობის მსხვერპლნი, ჩვეულებრივ, განიცდიან სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობას, შეცბუნებულნი არიან და საკუთარ თავს ურისხდებიან. ნუ დაიდანაშაულებთ თავს. თქვენ მსხვერპლი ხართ; დამნაშავე ის არის, ვინც თქვენ მოგატყუათ. თუ თქვენ შეცდომა დაუშვით, გამოუტყდით საკუთარ თავს და მიჰყევით ცხოვრების დინებას. ნუ დაასკვნით, რომ სულელი ხართ. გახსოვდეთ, რომ თაღლითები ძალიან კარგად ატყუებენ განათლებულ ადამიანებსაც კი: სახელმწიფოს მეთაურებს, ბანკის მმართველებს, აღმასრულებელ ხელმძღვანელებს, ფინანსურ მმართველებს, იურისტებსა და სხვებს.

თაღლითობის მსხვერპლნი არა მარტო ფულსა და ქონებას კარგავენ, არამედ საკუთარი თავის ნდობასა და პატივისცემას. როდესაც ადამიანი ეგრეთ წოდებული „მეგობრის“ მიერაა მოტყუებული, სხვებისადმი ნდობასაც კარგავს. ძალიან გულსატკენია, როცა მოტყუებული ხარ. მიეცით საკუთარ თავს განცდების გამოხატვის საშუალება. ხშირად დამხმარეა მომხდარზე ისეთ ადამიანთან საუბარი, ვისაც შეგიძლიათ ენდოთ. აგრეთვე ლოცვაც დიდ შვებას მოგიტანთ (ფილიპელთა 4:6—8). თუმცა, საჭიროა შეიგნოთ, რომ აღარ უნდა იფიქროთ მომხდარზე. რატომ უნდა გააგრძელოთ საკუთარი თავის ტანჯვა? დაისახეთ აღმშენებლობითი მიზნები და იმუშავეთ მათ განხორციელებაზე.

ფრთხილად იყავით თაღლითებთან დანაკარგის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. თაღლითები ურეკავენ იმ ადამიანს, რომელიც მოატყუეს და თანხის უკან დასაბრუნებლად დახმარებას სთავაზობენ. მათი მიზანია კიდევ ერთხელ მოატყუონ ეს ადამიანი.

[ჩარჩო/სურათი 8 გვერდზე]

თაღლითობა ელექტრონული ფოსტით ექვსი გავრცელებული სახეობა

1. ფინანსური პირამიდა: ისინი ხშირად წარმოუდგენიათ ნაკლები ძალისხმევისა და ხარჯების გარეშე ბევრი ფულის გაკეთების საშუალებად. ერთ-ერთი ასეთი სქემით თქვენ გთავაზობენ კომპიუტერს ან სხვა რაიმე ელექტრონულ ნივთს იმ შემთხვევაში, თუ გადაიხდით კლუბში გაწევრიანების თანხას, შემდეგ კი ამ კლუბში სხვებსაც გააწევრიანებთ. სხვა ვარიანტი წერილების ჯაჭვური გავრცელებაა, რაც თითქმის ყოველთვის არაკანონიერია. ამ საქმიანობაში ფულის დამბანდებელთა უმეტესობა კარგავს თავის ფულს.

2. სახლში მუშაობა: ამ სქემის ერთ-ერთი სახეობა ასეთია: თქვენ გთავაზობენ, სახლში დაამზადოთ სამკაულები, სათამაშოები ან ხელნაკეთი დეტალები, რისთვისაც ხარჯავთ ფულს მასალაში, დროს კი დამზადებაში, და შემდეგ იგებთ, რომ თქვენი პროდუქციის გაყიდვა არ შეიძლება, რადგან არ შეესაბამება განსაზღვრულ სტანდარტებს.

3. ჯანმრთელობა და დიეტა: ინტერნეტი სავსეა ისეთი ტაბლეტების რეკლამებით, რომლებიც თითქოსდა ყოველგვარი დიეტის გარეშე ახდუნებს, აგრეთვე იმპოტენციის საწინააღმდეგო საშუალებებისა და გამელოტების შესაჩერებელი კრემების რეკლამებით. მათ ხანდახან თან ახლავს მადლიერი მომხმარებლის გამოხმაურება. მათში ხშირად შეხვდებით ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „გადატრიალება მეცნიერებაში“, სასწაულებრივი განკურნება“, „საიდუმლო ფორმულა“ და „უძველესი რეცეპტი“. მაგრამ ამ ნაწარმის უმეტესობა არაეფექტურია.

4. ინვესტირების შესაძლებლობები: ასეთ სქემებში, ჩვეულებრივ, შემოთავაზებულია მაღალი შემოსავალი ნაკლები რისკით ან საერთოდ რისკის გარეშე. ხშირად ადამიანებს სთავაზობენ ფულის შენახვას სხვა ქვეყნის ბანკში. ინვესტორების მოზიდვას ისინი ცდილობენ დაპირებებით, თითქოსდა ჩადებული თანხებით შესასრულებელ ოპერაციებს ხელმძღვანელობენ ადამიანები, რომელთაც მაღალ ეშელონებში აქვთ ფინანსური კავშირები და სპეციალისტთა მხოლოდ ვიწრო წრისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას ფლობენ.

5. კრედიტის გაუმჯობესება: ეს სქემები გთავაზობთ თქვენს ფაილებში კრედიტებზე უარყოფითი ინფორმაციის წაშლას, რომელიც ხელს შეგიშლიდათ საკრედიტო ბარათის ან მანქანის შესაძენად კრედიტის აღებაში, ან სამუშაოზე მოწყობაში. დაპირებების მიუხედავად, მას, ვინც ამის გაკეთებას გთავაზობთ, არ შეუძლია მათი შესრულება.

6. სამოგზაურო პრიზის მოგება: ელექტრონული ფოსტით თქვენ იღებთ მოლოცვას, რომ მოიგეთ სამოგზაურო ტური დაბალ ფასებში. გარწმუნებენ, რომ ამ პრიზისთვის განსაკუთრებით თქვენ შეგარჩიეს. გახსოვდეთ, რომ მსგავსი შეტყობინება მილიონობით ადამიანმა მიიღო და, სინამდვილეში, საცხოვრებელი პირობები დაპირებულზე ბევრად უფრო ცუდი იქნება.

[საავტორო უფლება]

წყარო: U.S. Federal Trade Commission

[სურათი 7 გვერდზე]

ფინანსური პირამიდები ყოველთვის ინგრევა.

[სურათი 9 გვერდზე]

ნებისმიერ კონტრაქტში, რომელსაც ხელს აწერთ, აღწერილი უნდა იყოს ინვესტირების პირობები და მხარეთა დაპირებები.