არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არის გაყრა გამოსავალი?

არის გაყრა გამოსავალი?

ბიბლიის თვალსაზრისი

არის გაყრა გამოსავალი?

დიდ ბრიტანეთში მღვდელი ესალმება ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას. მის წინ დგას წყვილი ახლო მეგობრებთან და ბავშვებთან ერთად. კიდევ ერთი ბედნიერი ქორწინებაა? არა! ეს რიტუალი მათი ქორწინების დასასრულის აღიარებაა. დიახ, განქორწინება ისეთი ჩვეულებრივი რამ გახდა, რომ ზოგიერთმა ეკლესიამ განქორწინების რიტუალიც კი შემოიღო!

ფიქრობთ განქორწინებაზე? მაგრამ იქნება კი თქვენი ოჯახის დანგრევა ბედნიერი ცხოვრების დასაწყისი? რა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა შეგიძლიათ, რომ მიაღწიოთ ბედნიერებას თქვენს მეუღლესთან ერთად?

„იქნებიან ისინი ერთ ხორცად“

როდესაც ადამიანთა პირველი წყვილი დაქორწინდა, ღმერთმა განაცხადა, რომ კაცი „მიეკრობა თავის დედაკაცს. და იქნებიან ისინი ერთ ხორცად“ (დაბადება 2:24). მაშასადამე, ქორწინება მუდმივი კავშირი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ განაცხადა იესომ მოგვიანებით, რომ „სიძვა“ არის გაყრისა და ხელახალი დაქორწინების ერთადერთი ბიბლიური საფუძველი (მათე 19:3—9) *.

ეს ხაზგასმით მიანიშნებს, რომ ქორწინებაში საჭიროა ერთგულება. მაგრამ შეიძლება რამის გაკეთება, თუ ძალიან სერიოზული პრობლემები გაქვთ ქორწინებაში?

არის განქორწინება ბრძნული გამოსავალი?

იესომ მოგვცა პრინციპი, რითაც შეგვიძლია ჩვენი მოქმედებები შევაფასოთ. მან თქვა: „სიბრძნის სიმართლეს კი მისი საქმეები ამტკიცებს“ (მათე 11:19). რა შედეგები მოიტანა სერიოზული საფუძვლის გარეშე განქორწინებების რიცხვის ზრდამ?

„თითქოს განქორწინებას კარგი შედეგები მოაქვს, გაზვიადებულია“, — ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი, ლინდა უატი, რომელიც ოჯახების ნგრევის მიზეზებს შეისწავლის. ასევე, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა მაიკლ არგილმა, მას შემდეგ, რაც გაიგო ათასობით ადამიანის პასუხი, 11–წლიანი გამოკვლევის შემდეგ დაასკვნა, რომ „საზოგადოებაში ყველაზე ნაკლებად ბედნიერები განქორწინებული და დაშორებული წყვილები არიან“. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

მართალია განქორწინებას შეუძლია ზოგი პრობლემის გადაჭრა, მაგრამ ის აგრეთვე არაერთ ტკივილს იწვევს, რისი გაკონტროლება კი არც ისე ადვილია. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ, ჩვეულებრივ, განქორწინება არ ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს ან პირადი უღირსობის გრძნობას.

მაშინაც კი, თუ „იდეალური ქორწინება“ არა გაქვთ, მეუღლესთან დარჩენას შეუძლია კარგი შედეგები მოგიტანოთ. ისინი, ვინც ასე მოიქცნენ, ბედნიერება ჰპოვეს. პროფესორი უატი ამბობს: „დროთა განმავლობაში ბევრი პრობლემა გვარდება და დაქორწინებული ადამიანები უფრო ბედნიერები ხდებიან“. სხვათა შორის, ერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ 10–დან თითქმის 8 წყვილი, რომლებიც „ძალიან უკმაყოფილოები“ არიან ქორწინებით, მაგრამ თავს იკავებენ განქორწინებისგან, 5 წლის შემდეგ ბედნიერ ოჯახად იქცევიან. მაშინაც კი, როდესაც სერიოზული პრობლემები არსებობს, წყვილები სწორ გადაწყვეტილებას ღებულობენ, როდესაც არ ჩქარობენ განქორწინებას.

პრაქტიკული ნაბიჯები

ისინი, ვინც ფიქრობენ განქორწინებაზე, უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს, თუ არის ქორწინებასთან დაკავშირებით მათი მოლოდინი რეალური. საინფორმაციო საშუალებებმა შექმნეს ერთგვარი რომანტიკული სურათი, რომელიც გვირგვინდება მდიდრული ქორწილითა და ზღაპრული ურთიერთობებით. ქორწილის შემდეგ, როდესაც დიდი იმედები შეუსრულებელი რჩება, იმედგაცრუებამ შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. დაძაბულ მდგომარეობას გულისტკენა მოსდევს, რომელიც უმთავრესი მამოძრავებელი ძალა ხდება. სიყვარული ჭკნება და საბოლოოდ, ბრაზითა და სიძულვილით იცვლება. ასეთ მდგომარეობაში, ზოგი ფიქრობს, რომ განქორწინება ერთადერთი გამოსავალია (იგავები 13:12).

ნაცვლად იმისა, რომ თავის ნებაზე მიუშვათ უარყოფითი გრძნობები, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენს თვალთახედვაზე, ესაუბრე მათ, რომლებიც სერიოზულად ეკიდებიან თავიანთ ქორწინებას. ქრისტიანებს ბიბლია მოუწოდებს: „ანუგეშეთ და აღაშენეთ ერთმანეთი“ (1 თესალონიკელები 5:11). რა თქმა უნდა, ისინი, ვისაც სიძნელეები აქვთ ქორწინებაში, საჭიროებენ გამხნევებას თანამორწმუნეების მხრიდან.

მნიშვნელოვანია ღვთისმოსაწონი თვისებები

„შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით, როგორც ღვთის რჩეულები, წმინდა და საყვარელი ადამიანები“ — გვირჩია მოციქულმა პავლემ (კოლოსელები 3:12). ღვთისმოსაწონი თვისებები ოჯახის დამცველია პრობლემების დროს.

მაგალითად პავლემ დაწერა: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ“ (კოლოსელები 3:13). მიჩიგანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი ქრისტოფერ პეტერსონი ამბობს: „პატიება ის თვისებაა, რომელიც ყველაზე მეტადაა დაკავშირებული ბედნიერებასთან“.

სიკეთეს, თანაგრძნობასა და პატიებას მივყავართ სიყვარულთან, რომელიც „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:14). ეჭვი არ გვეპარება, რომ ერთ დროს თქვენ გიყვარდათ ერთმანეთი. შეგიძლიათ დაიბრუნოთ უწინდელი სიყვარული? რა რთულ მდგომარეობაშიც უნდა იყოთ, გამაგრდით. არც ისე უიმედოდაა საქმე. თუ ერთმანეთს „მიეკვრებით “ და ბიბლიურ პრინციპებს გამოიყენებთ, შეიძლება თავად გაგიკვირდეთ, რამდენად ბედნიერები იქნებით. რა თქმა უნდა, იეჰოვა ღმერთს — ქორწინების ფუძემდებელს — გულს გაუხარებს თქვენი მცდელობა (იგავები 15:20).

[სქოლიო]

^ აბზ. 6 იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრება პატივს სცემს უდანაშაულო მეუღლის უფლებას, პირადად გადაწყვიტოს, გაშორდეს მრუშ მეუღლეს თუ არა. იხილეთ 1999 წლის 8 მაისის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 5—9.