როგორ ავარიდო თავი სქესობრივ კავშირს ქორწინებამდე?
ახალგაზრდების შეკითხვები
როგორ ავარიდო თავი სქესობრივ კავშირს ქორწინებამდე?
„პირველად 19 წლის ასაკში დავამყარე სქესობრივი კავშირი ჩემს თანაკლასელ ბიჭთან. მიჭირს გადმოვცე, რამხელა გულისტკივილს ვგრძნობდი. თავი არარაობად მიმაჩნდა“ (ლეისი) *.
„გაექეცით სიძვას“, — ნათქვამია ბიბლიაში (1 კორინთელები 6:18). მიუხედავად ამისა, დღეს, როგორც ჩანს, ახალგაზრდების უმეტესობა არ ემორჩილება ამ ბიბლიურ მოწოდებას და თავს არ იკავებს ქორწინებამდე სქესობრივი კავშირის დამყარებისგან. ლეისის მსგავსად, ზოგი ვერ იოკებს ვნებებს და შედეგად ტკივილსა და სინდისის ქენჯნას გრძნობს.
ყველასთვის ცნობილია, რომ მოზღვავებული სექსუალური გრძნობების დროს თავშეკავების გამოვლენა ადვილი არ არის. წიგნში „მოზარდთა განვითარება“ აღნიშნულია, რომ სქესობრივი მომწიფების დროს ჰორმონალური ცვლილება ყოველთვის იწვევს „ძლიერ სექსუალურ აგზნებას“. ერთი მოზარდი, სახელად პოლი აღიარებს: „დროდადრო სექსზე ფიქრს ყოველგვარი მიზეზის გარეშე ვიწყებ“.
მიუხედავად ამისა, პედიატრიის პროფესორი ჰაუარდ კულინგი აღნიშნავს: „დიდი შეცდომა იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ მხოლოდ ჰორმონებით არის განპირობებული მოზარდთა საქციელი“. ის ხსნის, რომ ამაზე გავლენას ახდენს სოციალური ფაქტორებიც. სინამდვილეში სოციალურ მდგომარეობას — განსაკუთრებით კი თანატოლთა ზეგავლენას — შეიძლება ძალიან დიდი წვლილი მიუძღოდეს ამაში.
მწერალი პატრიცია ჰერში თავის ერთ წიგნში შენიშნავს, რომ „ახალგაზრდები საკუთარ საზოგადოებას ქმნიან . . . ეს მხოლოდ თანატოლებისგან შემდგარი ჯგუფი კი არ არის, არამედ უფროსი ასაკის ადამიანებისგან იზოლირებული საზოგადოებაა, რომელსაც საკუთარი ეთიკის ნორმები და ფასეულობები აქვს“ (A Tribe Apart). მაგრამ მოზარდთა უმრავლესობის „ეთიკის ნორმები“ და „ფასეულობები“ ხშირად მათ იმისკენ უბიძგებს, რომ კონტროლი არ გაუწიონ საკუთარ თავს და აჰყვნენ მოზღვავებულ სექსუალურ გრძნობებს. ასეთი გავრცელებული თვალსაზრისის გამო ბევრს უჭირს, უარი თქვას ქორწინებამდე სქესობრივ კავშირზე.
როგორც უნდა იყოს, ქრისტიანი ახალგაზრდები გონივრულ გადაწყვეტილებას იღებენ, როცა თავს არიდებენ ნებისმიერი ფორმის უზნეობას; მათ ესმით, რომ ღმერთი განსჯის მას და ერთ–ერთ „ხორცის საქმედ“ მიიჩნევს * (გალატელები 5:19). მაშ, როგორ შეგიძლია ზნეობრივი სისუფთავის შენარჩუნება, როდესაც დიდ ზეწოლას განიცდი?
ეძებე გონიერი მეგობრები
თუმცა შეიძლება ზოგმა უარყოფითი გავლენა მოახდინოს შენზე, სწორი თვალსაზრისის მქონე მეგობრებთან ურთიერთობა სარგებლობას მოგიტანს. ამის თაობაზე იგავები 13:20; 1 კორინთელები 15:33). ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ცნობის თანახმად, „ის მოზარდები, რომლებსაც სრულფასოვანი ურთიერთობა აქვთ მშობლებთან, ასევე მათი კეთილდღეობით დაინტერესებულ უფროსი ასაკის ადამიანებთან და თანატოლებთან, აგრეთვე „რომლებსაც სტაბილური ცხოვრება და დადგენილი საზღვრები აქვთ . . . ნაკლებად ცდილობენ ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობის დამყარებას“.
ბიბლიაში ნათქვამია: „ბრძენებთან დამავალი დაბრძენდება“ (შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო მშობლებთან სრულფასოვანი ურთიერთობა აღმოჩნდეს. ჯოზეფი იხსენებს: „მშობლებმა დიდი დახმარება გამიწიეს, რომ წინააღმდეგობა გამეწია თანატოლთა ზეგავლენისთვის და თავი შემეკავებინა სექსუალური ურთიერთობისგან“. სინამდვილეში ღვთისმოშიშ მშობლებს შეუძლიათ ბიბლიური პრინციპებიდან გამომდინარე გარკვეული საზღვრები დაგიდგინონ და გაგაწონასწორონ (ეფესოელები 6:2, 3). მათ შეუძლიათ მხარი დაგიჭირონ, როდესაც ზნეობრივი სისუფთავის შენარჩუნებას ცდილობ.
რასაკვირველია, თავდაპირველად შეიძლება გეუხერხულებოდეს მშობლებთან სქესობრივი ურთიერთობების შესახებ საუბარი; მაგრამ შეიძლება გაოცებული დარჩე, როცა დაინახავ, თუ რა კარგად ესმით მათ შენი გრძნობები. ერთ დროს ისინიც ხომ ახალგაზრდები იყვნენ?! სწორედ ამიტომ, სონია ურჩევს თანატოლებს, რომ მივიდნენ მშობლებთან და თავისუფლად ელაპარაკონ სქესობრივ ურთიერთობებზე.
რისი გაკეთება გმართებს, თუ შენი მშობლები არ ცხოვრობენ ბიბლიური პრინციპების თანახმად? თუმცა შენ პატივს სცემ მათ, შეიძლება ხელმძღვანელობის პოვნა ოჯახის გარეთ დაგჭირდეს. სტატიის დასაწყისში მოხსენიებული პოლი ამბობს: „ამ მხრივ დიდი დამხარება მივიღე მოწიფული ქრისტიანი წყვილებისგან“. ახალგაზრდა კენჯიც, რომლის დედაც არ იზიარებს მის მრწამსს, იმავეს დასძენს: „რჩევისთვის, რასაკვირველია, მოწიფულ პიროვნებებს მივმართავ, რომლებიც და–ძმებს სულიერად ამხნევებენ“. მაგრამ ის განაგრძობს: „თავს ვარიდებ მათთან ურთიერთობას, რომლებიც მტკიცედ არ იცავენ მაღალ ზნეობრივ ნორმებს და ამგვარად მაშინაც კი ვიქცევი, თუ ასეთები ამტკიცებენ, რომ ჩემს რელიგიურ შეხედულებებს იზიარებენ“.
დროდადრო შეიძლება საჭირო გახდეს, დაუკვირდე, ვისთან გაქვს ურთიერთობა ქრისტიანულ კრებაში. ბიბლია შეგვახსენებს, რომ ფართო წრეებში შეიძლება ხშირად გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც ღირსეულად არ იქცევიან (2 ტიმოთე 2:20). რისი გაკეთება გმართებს, თუ ხედავ, რომ შენს კრებაში მყოფი ზოგი ახალგაზრდა ‘თვალთმაქცია’? (ფსალმუნები 25:4, აქ [26:4]). თავი აარიდე ასეთებთან ურთიერთობას და ისეთი მეგობრები ეძებე, რომლებიც მხარში ამოგიდგებიან, რომ იმოქმედო მტკიცე გადაწყვეტილების თანახმად — შეინარჩუნო ზნეობრივი სისუფთავე.
მოერიდე მავნე პროპაგანდას
აგრეთვე მნიშვნელოვანია, საკუთარი თავი დაიცვა სექსუალური სცენების ამსახველი უამრავი სხვადასხვა გამოსახულებებისა და ისეთი მასალისგან, რომელშიც გადაკვრითაა სექსზე საუბარი. ასეთი სცენები და მასალა ხშირად ჩნდება წიგნებში, ჟურნალებში, ვიდეოკლიპებში, ვიდეოთამაშებში, ფილმებსა და ინტერნეტში. მასმედია ქორწინებამდე სექსს წარმოგვიდგენს, როგორც მიმზიდველს, სასიამოვნოს და სრულიად უვნებელს. როგორ მოქმედებს ასეთი პროპაგანდა? ზემოთ მოხსენიებული კენჯი აღიარებს: „ერთ დროს ვუყურებდი პროგრამებს, სადაც ქორწინებამდე სექსს და თვით ჰომოსექსუალურ ურთიერთობებსაც კი სრულიად ნორმალურად მიიჩნევდნენ. შედეგად თანდათანობით დავივიწყე, რამდენად სერიოზულად უყურებს იეჰოვა ამ საკითხს“.
სინამდვილეში დღევანდელი პოპულარული გასართობი საშუალებებით ხშირად მოხერხებულად არის შენიღბული ქორწინებამდე სექსის რეალური შედეგები — არასასურველი ფეხმძიმობა, ნაადრევი ქორწინება და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. ამიტომ ნუ დართავ ნებას მათ, „რომელნიც ავს კარგს უწოდებენ და კარგს — ავს“, რომ შეცდომაში შეგიყვანონ (ესაია 5:20).
გახსოვდეს იგავების 14:15–ში ჩაწერილი სიტყვები: „გულუბრყვილოს სწამს ყოველი სიტყვა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯს“. თუ წიგნის კითხვის, ინტერნეტით სარგებლობის ან ტელევიზორის ყურების დროს ისეთ რამეს წააწყდები, რაც სექსზე დაგაწყებინებს ფიქრს ან სექსუალურ სურვილს აღგიძრავს, დაუყოვნებლივ იმოქმედე! დახურე წიგნი, გამორთე კომპიუტერი ან სხვა არხზე გადართე ტელევიზორი! ამის შემდეგ კი კონცენტრირება მოახდინე სასარგებლო საკითხებზე (ფილიპელები 4:8). ამგვარად შეძლებ, გაღვივებამდე აღმოფხვრა საკუთარ თავში არასწორი სურვილები (იაკობი 1:14, 15).
ერიდე სახიფათო სიტუაციებს
გყავს შეყვარებული? მაშინ სიფრთხილის გამოვლენა გმართებს; ბიბლია გვაფრთხილებს: „უნდოა ყველას გული და უკურნებელი“ (იერემია 17:9, სსგ). ნაზი გძრნობების გამოვლენამ ადვილად შეიძლება ახალგაზრდები სიძვამდე მიიყვანოს. სიფრთხილე გამოიჩინეთ და იზრუნეთ, რომ ერთად ყოფნის დროს მესამე ადამიანიც გახლდეთ ან სწორი განწყობის მქონე ადამინების წრეში შეხვდეთ ერთმანეთს. მოერიდეთ ისეთ ადგილებში განმარტოებას, სადაც ადვილად დადგებით ცდუნების წინაშე.
შეიძლება დანიშნულები ხართ და ფიქრობთ, რომ ნაზი გრძნობების გამოვლენა სრულიად ბუნებრივია. მაგრამ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ ცნობაში ნათქვამია: „ზოგჯერ ქორწინება კარს მომდგარია, მაგრამ ქალთა უმრავლესობა, როგორც ჩანს, დაქორწინებამდე ამყარებს სქესობრივ კავშირს და ასეთი რამ კონსერვატიულ ქვეყნებშიც კი ხდება“ *. ამიტომ, საკუთარ თავს საზღვრები უნდა დაუდგინოთ ნაზი გძრნობების გამოვლენისას და ამგვარად თავიდან აირიდოთ ზედმეტი გულისტკივილი.
რამდენად აღმაშფოთებელიც უნდა იყოს, ბევრ ახალგაზრდას — განსაკუთრებით კი გოგონებს — აიძულებენ სექსუალურ ურთიერთობას. ერთი გამოკვლევის თანახმად, „ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ 15 წლამდე ასაკის მოზარდი გოგონების 60 პროცენტს იძულებით დაამყარებინეს სქესობრივი კავშირი“. მოძალადეები ხშირად ძალას იყენებენ თავიანთ მსხვერპლთა შესაცდენად (ეკლესიასტე 4:1). მაგალითად, ბიბლია მოგვითხრობს, რომ მეფე დავითის ვაჟს, ამნონს, „შეუყვარდა“ თავისი და, თამარი, და მოტყუებით აიძულა ის, რომ სექსუალური ურთიერთობა ჰქონოდა მასთან (2 მეფეთა 13:1, 10—16).
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გაუპატიურების ან იძულებითი სექსუალური ურთიერთობის თავიდან არიდება შეუძლებელია. თუ სიფრთხილეს გამოიჩენ, წინასწარ დაინახავ მოსალოდნელ საფრთხეს და უმალვე იმოქმედებ, ბევრ რამეს გააკეთებ თავის დასაცავად *.
„წარმართე“ შენი გული
ვიმედოვნებთ, რომ ამ სტატიაში განხილული რჩევები დაგეხმარება, გაუძლო ცდუნებას და შეინარჩუნო ზნეობრივი სისუფთავე. მაგრამ გული გადამწყვეტ როლს ითამაშებს იმაში, თუ როგორ მოიქცევი. იესომ აღნიშნა, რომ „გულიდან გამოდის . . . მრუშობა“ (მათე 15:19). ამიტომ არ დაუშვა, რომ „უგულო“ (გულგრილი) ან „ორგული“ (თვალთმაქცი) გახდე ამ უმნიშვნელოვანეს საკითხში (ფსალმუნები 11:3, აქ [12:2]; 118:113, აქ [119:113]).
თუ იგრძნობ, რომ სისუსტე გერევა ან საკუთარ გულთან ბრძოლა გიწევს, დავითის მსგავსად ილოცე, რომელიც მთელი გულით სთხოვდა ღმერთს: „წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით“ (ფსალმუნები 85:11). შემდეგ კი ლოცვის თანახმად იმოქმედე — შეისწავლე ბიბლია და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციები და ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენე (იაკობი 1:22). ლიდია ამბობს: «ძლიერი სურვილი მაქვს, რომ მოვთოკო სქესობრივი გრძნობები და ამგვარად წინ აღვუდგე ცდუნებას; რადგან ყოველთვის მახსოვს, რომ „არც მეძავს, არც უწმინდურს . . . არა აქვს მემკვიდრეობა ღვთისა და ქრისტეს სამეფოში“» (ეფესოელები 5:5).
ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობისგან თავის შეკავება ადვილი არ არის, მაგრამ იეჰოვას დახმარებით შეძლებ ზნეობრივი სისუფთავის შენარჩუნებას და ამგვარად როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს დიდ ტკივილს აარიდებ თავიდან (იგავები 5:8—12).
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.
^ აბზ. 8 იხილეთ სტატია „რა არის ცუდი ქორწინებამდელ სექსში?“ ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“–ის რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ (2004 წელი, 8 აგვისტო).
^ აბზ. 21 იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნის „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ 29–ე თავი.
^ აბზ. 23 ამ საკითხთან დაკავშირებული რჩევები მოცემულია სტატიებში „როგორ გავუმკლავდე სექსუალურ შეურაცხყოფას?“ და „როგორ მოვიქცე, რომ შეყვარებულმა შეწყვიტოს ჩემი შეურაცხყოფა“ ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“–ის რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ (2000 წელი, 8 სექტემბერი და 2004 წელი, 8 ივლისი).
[სურათი 17 გვერდზე]
მშობლებთან შენს გრძნობებზე საუბარი დაგეხმარება ზნეობრივი სისუფთავის შენარჩუნებაში.
[სურათი 18 გვერდზე]
შეყვარებულთან შეხვედრა სწორი განწყობის მქონე ადამიანთა წრეში დამცავია.