არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როდესაც თქვენთვის საყვარელ ადამიანს ფსიქიკური მოშლილობა აქვს

როდესაც თქვენთვის საყვარელ ადამიანს ფსიქიკური მოშლილობა აქვს

როდესაც თქვენთვის საყვარელ ადამიანს ფსიქიკური მოშლილობა აქვს

ჯონსონების ოჯახში ჩვეულებრივი სამუშაო დღე გათენდა *. ოჯახის ოთხი წევრი დილით ადგა და ჩაიცვა, რათა ყოველდღიურ საქმიანობას შესდგომოდნენ. გეილმა 14 წლის ვაჟს, მეთს, შეახსენა, რომ სკოლის ავტობუსზე აგვიანდებოდა. შემდეგ კი სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა. ნახევარ საათში მეთმა საწოლი ოთახის კედლები შეღება, გარაჟში ხანძრის გაჩენა სცადა და ოჯახის წევრებმა ის მაშინ იპოვეს, როდესაც სხვენში თავის ჩამოხრჩობას ცდილობდა.

გეილი და მისი მეუღლე, ფრენკი, უკან მიჰყვებოდნენ სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელმაც მეთი წაიყვანა და ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა მათ თავს. სამწუხაროდ, ეს გასაჭირის მხოლოდ დასაწყისი იყო. ამას შემდგომ ფსიქიკის დაზიანებით გამოწვეული უამრავი ეპიზოდი მოჰყვა და მეთი ფსიქიკური მოშლილობის ბნელ სამყაროში ჩაიძირა. ეს საშინელება ხუთი წელი გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში იგი რამდენჯერმე შეეცადა თავის მოკვლას, ორჯერ დააკავეს, შვიდჯერ იწვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და მრავალჯერ იყო ფსიქიატრებთან მიღებაზე. შეცბუნებულმა მეგობრებმა და ნათესავებმა ხშირად არ იცოდნენ, რა ეთქვათ ან რა გაეკეთებინათ.

გამოთვლების თანახმად, მსოფლიოში ოთხი ადამიანიდან ერთს ცხოვრების რომელიმე მომენტში ფსიქიკური მოშლილობა აღენიშნება. ამ გამაოგნებელი სტატისტიკური მონაცემის გათვალისწინებით შესაძლებელია დაუშვათ, რომ თქვენს მშობელს, შვილს, და-ძმებიდან რომელიმეს ან მეგობარს შეიძლება ჰქონდეს რაიმე ფსიქიკური დარღვევა. რისი გაკეთება შეგიძლიათ, როდესაც თქვენთვის საყვარელი ადამიანი იმყოფება ასეთ მდგომარეობაში?

სიმპტომების ამოცნობა. შეიძლება თავიდან რთული იყოს იმის დადგენა, რომ ადამიანს ფსიქიკური მოშლილობა აქვს. მშობლებმა და ოჯახის წევრებმა, შესაძლოა, გარკვეული სიმპტომები ჰორმონალურ ცვლილებებს, ფიზიკურ დაავადებებს, პირად სისუსტეებსა თუ სხვადასხვა რთულ სიტუაციას მიაწერონ. მეთის დედა შვილს რაღაც უცნაურობებს ამჩნევდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ხასიათის ცვლილება მოზარდობის ასაკთან იყო დაკავშირებული და მალე ყველაფერი მოგვარდებოდა. თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილება ძილში, კვებასა და ჩვევებში იმის მაჩვენებელია, რომ რაღაც უფრო სერიოზული ხდება. სპეციალისტის მიერ გამოკვლევამ და მკურნალობის დანიშვნამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენთვის საყვარელი ადამიანის ცხოვრება.

გათვითცნობიერდით. ფსიქიკური მოშლილობის მქონე ადამიანებს, ჩვეულებრივ, არ შეუძლიათ თავიანთი მდგომარეობის შეფასება. ამიტომ უახლესი და სანდო წყაროებიდან თქვენ მიერ აღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ, გაიგოთ, რა სჭირს თქვენთვის საყვარელ ადამიანს. ეს კი იმის საშუალებას მოგცემთ, რომ ავადმყოფის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ სხვებს და გულახდილად ისაუბროთ მათთან. მაგალითად, გეილმა მეთის ბებია-ბაბუას მისცა სამედიცინო ბროშურა, რომელმაც შვილიშვილის დაავადების შესახებ მეტი ინფორმაცია და დახმარების გაწევის საშუალება მისცა მათ.

მიმართეთ ექიმს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფსიქიკური მოშლილობა დიდხანს რჩება ავადმყოფს, სათანადო მკურნალობის შედეგად ადამიანს შეუძლია სტაბილური, ნაყოფიერი ცხოვრებით იცხოვროს. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში დახმარების მიუღებლობის გამო მრავალი იტანჯება. როგორც გულის სერიოზულ დაავადებას სჭირდება კარდიოლოგთან მკურნალობა, ისე ფსიქიკურ მოშლილობას იმ ადამიანთა ყურადღება, რომელთაც იციან, როგორ უმკურნალონ ამ დარღვევას. მაგალითად, ფსიქიატრს შეუძლია ავადმყოფს გამოუწეროს წამალი, რომლის რეგულარულად მიღების შემთხვევაში იგი პაციენტს დაეხმარება სტაბილური ხასიათის შენარჩუნებაში, შინაგანი აფორიაქების შემსუბუქებასა და დარღვეული აზროვნების აღდგენაში *.

ურჩიეთ ავადმყოფს, რომ დახმარებისთვის ვინმეს მიმართოს. ფსიქიკური მოშლილობის მქონე ადამიანს შეიძლება არ ესმოდეს, რომ დახმარება სჭირდება. შეგიძლიათ ავადმყოფს ურჩიოთ, მოძებნოს ექიმი, წაიკითხოს საჭირო სტატიები ან დაელაპარაკოს მათ, ვინც წარმატებით გაუმკლავდა მსგავს მოშლილობას. შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ საყვარელმა ადამიანმა არ მიიღოს თქვენი რჩევა. მიუხედავად ამისა, ძალ–ღონეს ნუ დაიშურებთ, რათა დაეხმაროთ ახლობელს, რომელმაც შეიძლება საკუთარ თავს ან სხვებს ზიანი მიაყენოს.

ნურავის დაადანაშაულებთ. მეცნიერებს ჯერაც ვერ დაუდგენიათ, რა რთული კავშირი არსებობს იმ გენეტიკურ, გარემო და სოციალურ ფაქტორებს შორის, რომლებიც ტვინის პათოლოგიურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ფსიქიკური მოშლილობის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია: ტვინის ტრავმა, გარკვეულ ნივთიერებათა ბოროტად გამოყენება, სტრესული სიტუაციები, ბიო–ქიმიური წონასწორობის დარღვევა და მემკვიდრეობითი მიდრეკილება. ნუ დაადანაშაულებთ ადამიანს და ნუ ეტყვით, რომ თვითონ მიიყვანა თავი ამ მდგომარეობამდე. ნაცვლად ამისა, მთელი ენერგია ავადმყოფის დასახმარებლად და გასამხნევებლად გამოიყენეთ.

მეტისმეტს ნუ მოელით. ფსიქიკური მოშლილობით დატანჯულ ადამიანს შეიძლება გული გაუტყდეს, თუ მისგან იმაზე მეტს მოელით, რისი გაკეთებაც შეუძლია. მეორე მხრივ, მან შეიძლება თავი უმწეოდ იგრძნოს იმ შემთხვევაში, როდესაც მეტისმეტად გაუსვამთ ხაზს, თუ რისი გაკეთება არ შეუძლია ავადმყოფს. ასე რომ, გაწონასწორებულად მიუდექით მდგომარეობას. ცხადია, ცუდ მოქმედებაზე თვალი არ უნდა დახუჭოთ. სხვების მსგავსად, ფსიქიკური მოშლილობის მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ საკუთარ შეცდომებზე ისწავლონ. აგრესიული ქმედების დროს შესაძლოა კანონდამცავი ორგანოების ჩარევა ან ავადმყოფისთვის გარკვეული შეზღუდვების დადგენა გახდეს საჭირო, რათა მან არც საკუთარ თავს მიაყენოს ზიანი და არც სხვებს.

ნუ გაწყვეტთ ავადმყოფთან ურთიერთობას. ურთიერთობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია მაშინაც კი, როდესაც გეჩვენებათ, რომ თქვენს სიტყვებს არასწორად იგებენ. შეიძლება ფსიქიკური მოშლილობის მქონე ადამიანის რეაქციის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყოს და ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ მისი ემოციები მდგომარეობის შესაბამისი არ არის. მიუხედავად ამისა, დაავადებულის გაკრიტიკება მხოლოდ გააუარესებს მის მდგომარეობას და მეტად დაამძიმებს ისედაც დეპრესიაში მყოფს. როდესაც ხედავთ, რომ სიტყვები არ ჭრის, უბრალოდ, იყავით ჩუმად და უსმინეთ. ნუ განსჯით მას, არამედ ეცადეთ, ჩასწვდეთ მის გრძნობებსა და ფიქრებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. თქვენთვის და თქვენი ახლობლისთვის კარგი შედეგების მომტანი იქნება, თუ ყოველთვის გამოავლენთ მზრუნველობას. ასე იყო მეთის შემთხვევაში. რამდენიმე წლის შემდეგ ის მადლიერი იყო მათი, ვინც დახმარების ხელი გაუწოდა მაშინ, როდესაც თვითონ არ უნდოდა ეს.

მხედველობაში მიიღეთ ოჯახის სხვა წევრების მოთხოვნილებები. ყველამ ყურადღება რთულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახის წევრს უნდა მიაქციოს, მაგრამ, ამავე დროს, არც დანარჩენი წევრები უნდა დაივიწყონ. გარკვეული დროის განმავლობაში მეთის და, ემი, ფიქრობდა, რომ „მისი ცხოვრება ძმის ავადმყოფობას უნდა ყოფილიყო მორგებული“. ის ცდილობდა, თავისი მიღწევები მინიმუმამდე დაეყვანა, რათა ყურადღება თავად არ მიეპყრო. დროთა განმავლობაში კი, როგორც აღმოჩნდა, მშობლებს სურდათ, რომ მას მეტისთვის მიეღწია და ძმის ავადმყოფობით გამოწვეული დანაკლისიც შეევსო. ასეთ მდგომარეობაში ავადმყოფის ზოგიერთი ძმა ან და ცუდი საქციელით ცდილობს ყურადღების მიპყრობას. ამგვარ რთულ სიტუაციაში მყოფ ოჯახებს დახმარება სჭირდებათ, რათა ოჯახის ყველა წევრს სათანადო ყურადღება მიექცეს. მაგალითად, როდესაც ჯონსონების ოჯახი მეთის პრობლემებით იყო დაკავებული, იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი კრება ემის აქცევდა ყურადღებას და ამგვარად ეხმარებოდა ოჯახს.

ეცადეთ, მისდიოთ ცხოვრების წესს, რომელიც კარგი ფსიქიკური მდგომარეობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ფსიქიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართეთ დიეტა, ფიზიკური ვარჯიში, ძილი და სხვებთან ურთიერთობა. მეგობრების ვიწრო წრეში ამა თუ იმ ღონისძიებაში მონაწილეობა, ჩვეულებრივ, ნაკლებ უხერხულობას შეუქმნის ავადმყოფს. აგრეთვე გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლური სასმელი სიმპტომებს ამწვავებს და წამლების მოქმედებას ხელს უშლის. ახლა ჯონსონების ოჯახი ცდილობს, შეინარჩუნოს ცხოვრების ისეთი წესი, რომელშიც ფსიქიკური ჰიგიენის დაცვა შედის. ეს სასრგებლოა ყველასთვის და განსაკუთრებით კი მათი ვაჟისთვის.

ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავსაც. სტრესულმა სიტუაციამ, რომელიც თან სდევს ფსიქიკური მოშლილობის მქონე ადამიანის მოვლას, შეიძლება საფრთხე შეუქმნას მომვლელთა ჯანმრთელობას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ თქვენს ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ მოთხოვნილებებს. ჯონსონები იეჰოვას მოწმეები არიან. გეილი გრძნობს, რომ რწმენა ძალიან დაეხმარა რთულ მდგომარეობასთან გამკლავებაში. „ქრისტიანული კრების შეხვედრები სტრესს საგრძნობლად მიმსუბუქებდა, — ამბობს ის. — ამ დროს გვერდზე ვდებდი ჩვენი ოჯახის მდგომარეობით გამოწვეულ წუხილს და ყურადღება უფრო მნიშვნელოვან საკითხებსა და ჩვენს მომავალ იმედზე მქონდა გადატანილი. ძალიან ხშირად სასოწარკვეთილი ვლოცულობდი, შეგვმსუბუქებოდა მდგომარეობა და მართლაც ტკივილის შესამცირებლად რაღაც ცვლილება ხდებოდა. იეჰოვა ღმერთის დახმარებით თავს შინაგანად მშვიდად ვგრძნობდი, რაც ჩვენს მდგომარეობაში მყოფთათვის, ჩვეულებრივ, უცხოა“.

მეთი დღეს ახალგაზრდა კაცია და ცხოვრებას სულ სხვა თვალით უყურებს. „ვფიქრობ, ყოველივე იმის შემდეგ, რაც თავს გადამხდა, უკეთესი ადამიანი გავხდი“, — ამბობს ის. მეთის დაც აღნიშნავს, რომ მათი ოჯახის გამოცდილება მისთვისაც სასარგებლო იყო. „ახლა სხვების მიმართ ნაკლებად კრიტიკული ვარ, — ამბობს ის. — არასოდეს იცი, რატომ იქცევა ადამიანი ასე თუ ისე. ეს მხოლოდ იეჰოვა ღმერთმა იცის“.

როდესაც თქვენთვის საყვარელ ადამიანს აქვს ფსიქიკური მოშლილობა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ავადმყოფს თავისი მდგომარეობის ატანასა და სიცოცხლით გახარებაშიც კი დაეხმარება, თუ მოუსმენთ, დახმარების ხელს გაუწვდით და წინასწარ შექმნილი აზრის გარეშე დაუგდებთ ყურს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 7 წამლების მიღების შემთხვევაში დადებით შედეგებთან ერთად უნდა გათვალისწინებულ იყოს გვერდითი მოვლენებიც. „გამოიღვიძეთ!“–ი მხარს არ უჭერს რომელიმე კონკრეტული სამედიცინო მკურნალობის მეთოდს. ქრისტიანებმა უნდა შეამოწმონ, ბიბლიურ პრინციპებს ხომ არ არღვევს მათ მიერ არჩეული მკურნალობის მეთოდი.

[ჩარჩო 29 გვერდზე]

რამდენიმე სიმპტომი, რომლებიც შეიძლება ფსიქიკურ მოშლილობაზე მიუთითებდეს

თუ თქვენთვის საყვარელ ადამიანს შემდგომი სიმპტომები აქვს, მას შეიძლება სამედიცინო რჩევა ან სპეციალისტის დახმარება სჭირდებოდეს.

• ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სევდიანი განწყობილება ან გაღიზიანებულობა.

• საზოგადოებისგან გარიყვა.

• ხასიათის მკვეთრი ცვლილება.

• აგრესიულობა.

• ძალადობა.

• ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება.

• შიშის, წუხილისა და შფოთის გრძნობა.

• წონაში მომატების ძლიერი შიში.

• მნიშვნელოვანი ცვლილებები კვებასა და ძილში.

• გამუდმებით კოშმარული სიზმრების ნახვა.

• დაბნეულობა.

• ჰალუცინაციები.

• სიკვდილზე ან თვითმკვლელობაზე ფიქრი.

• პრობლემებსა და ყოველდღიურ საქმიანობასთან გასამკლავებლად ძალების არქონა.

• აკშარად არსებული პრობლემების უარყოფა.

• მრავალ ისეთ ფიზიკურ დაავადებაზე ჩივილები, რომელთა ახსნაც შეუძლებელია.

[სურათი 28 გვერდზე]

როდესაც სიტყვებით ვერაფერს აღწევთ, გაჩუმდით და ავადმყოფს მოუსმინეთ.