არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უკეთესი, ვიდრე დიდება

უკეთესი, ვიდრე დიდება

უკეთესი, ვიდრე დიდება

მოგვითხრო ჩარლზ სინუტკომ

1957 წელს ცამეტკვირიანი კონტრაქტის დადება შემომთავაზეს, რომ მემღერა ქალაქ ლას-ვეგასში (ნევადის შტატი, აშშ) და კვირაში ათას დოლარს გადამიხდიდნენ. წარმატების მიღწევის შემთხვევაში კი შემეძლო კიდევ 50 კვირა მემუშავა და დამატებით 50 000 დოლარი ამეღო, რაც იმ დროს საკმაოდ დიდი თანხა იყო. ნება დამრთეთ, გიამბოთ, თუ რა უძღოდა წინ ამ სარფიან წინადადებას და რატომ იყო რთული გადაწყვეტილების მიღება.

მამაჩემი 1910 წელს დაიბადა აღმოსავლეთ ევროპაში. ის წარმოშობით უკრაინელი იყო. 1913 წელს დედამისმა შეერთებულ შტატებში წაიყვანა, სადაც კვლავ შეუერთდა თავის ქმარს. მამა 1935 წელს დაქორწინდა და ერთი წლის შემდეგ მე დავიბადე ქალაქ ამბრიჯში (პენსილვანიის შტატი). დაახლოებით ამ დროს მამაჩემის ორი უფროსი ძმა იეჰოვას მოწმე გახდა.

როდესაც მე და ჩემი სამი ძმა ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით და ვცხოვრობდით ქალაქ ნიუ-კასლში (პენსილვანია), დედა ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ბიბლიას სწავლობდა იეჰოვას მოწმეებთან. იმ დროს მშობლები არ გამხდარან იეჰოვას მოწმეები, მაგრამ მამა თვლიდა, რომ თავის ძმებს ჰქონდათ უფლება, ერწმუნათ ის, რაც სურდათ. თუმცა მამა პატრიოტებად გვზრდიდა, ის ყოველთვის იცავდა სხვების უფლებებს თაყვანისცემის არჩევასთან დაკავშირებით.

მომღერლის კარიერა

მშობლები ფიქრობდნენ, რომ სიმღერის ნიჭი მქონდა და ყველანაირად ხელს მიწყობდნენ, რათა კარიერა შემექმნა. როდესაც დაახლოებით შვიდი წლის ვიყავი, მამამ ღამის კლუბში დახლზე დამაყენა, რომ დამეკრა გიტარაზე და მემღერა. ვიმღერე სიმღერა „დედა“. თითოეული სტრიქონი ამ სიტყვის შემადგენელი ასოებით იწყებოდა. სიმღერის ტექსტში აღიწერებოდა მოსიყვარულე დედის თვისებები და ბოლოს კრეშენდოთი მთავრდებოდა. ბარის კლიენტები ხშირად ბევრს სვამდნენ; ახლაც მთვრალები იყვნენ, ტიროდნენ და მამას ქუდში ფულს უყრიდნენ.

პირველად რადიოში 1945 წელს გამოვედი რადიოსადგურზე WKST ქალაქ ნიუ-კასლში და ვიმღერე „ქანთრი“. მოგვიანებით ახალ რეპერტუარს ვასრულებდი და ყველაზე პოპულარულ სიმღერებს ვმღეროდი, რომლებიც ყოველკვირეულად გადიოდა რადიოგადაცემაში, სადაც კვირის ათი საუკეთესო სიმღერა იყო წარმოდგენილი. ტელევიზიაში პირველად 1950 წელს გამოვჩნდი პოლ უაიტმენის შოუში; მის მიერ ჯორჯ გერშვინის „ცისფერი რაფსოდიის“ არანჟირება დღემდეა ცნობილი. მცირე ხნის შემდეგ მამამ სახლი გაყიდა პენსილვანიაში და კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესის ახლომდებარე ტერიტორიაზე გადავედით საცხოვრებლად იმ იმედით, რომ კარიერას გავაფართოვებდი.

მამის მადლიერი ვარ, რადგან მისი დაჟინებულობის შედეგად მალე საკუთარი ყოველკვირეული რადიოგადაცემა მქონდა ქალაქ პასადინაში და ნახევარსაათიანი ტელეშოუ ჰოლივუდში. გავაკეთე ჩანაწერები ერთ ცნობილ სტუდიაში იმ ორკესტრის 100 წევრთან ერთად, რომელსაც ტედ დეილი ხელმძღვანელობდა, და აგრეთვე ვმღეროდი „სი-ბი-ეს“-ის რადიოსადგურზე. 1955 წელს წავედი გასტროლებზე ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ტაჰოს ტბაზე. ამ დროს პრიორიტეტები ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვნად შეიცვალა.

ახალი ფასეულობები

ჩრდილოეთ კალიფორნიაში გამგზავრებამდე მცირე ხნით ადრე მამაჩემის უფროსმა ძმამ, ჯონმა *, რომელიც პენსილვანიიდან კალიფორნიაში გადავიდა, მომცა წიგნი „დაე მართალი იყოს ღმერთი“ *. მე თან წავიღე ის კალიფორნიაში გამგზავრებისას. შუაღამე გადასული იყო, ბოლო წარმოდგენა რომ დასრულდა, რის შემდეგაც წიგნის კითხვა დავიწყე; მინდოდა, დაძინებამდე მოვდუნებულიყავი. გაოგნებული ვიყავი, როცა ბიბლიაზე დაფუძნებული პასუხები აღმოვაჩინე იმ კითხვებზე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მაინტერესებდა.

მალე მომღერლებთან დავიწყე საუბარი ბარში სამუშაოს შემდეგ ისეთ თემებზე, როგორიცაა ცხოვრება სიკვდილის შემდეგ, თუ რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას და საბოლოოდ კაცობრიობა და დედამიწა ადამიანის მიერ განადგურდება თუ არა. ამ საკითხებზე ხშირად დილამდეც კი ვმსჯელობდით. დაახლოებით ორი თვის შემდეგ, 1955 წლის 9 ივლისს, ლოს-ანჯელესში იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესზე — სტადიონზე სახელწოდებით „რიგლი ფილდი“ — მოვინათლე იეჰოვასთვის მიძღვნის ნიშნად, რათა მისთვის მემსახურა.

ნახევარი წელი არც კი იყო გასული, როცა 1955 წლის შობის დილას თანაქრისტიანმა ჰენრი რასელმა შემომთავაზა, მასთან ერთად წავსულიყავი შოუბიზნესმენთან ჯეკ მაკოისთან. თავად ჰენრი იყო რადიოსადგურ „ენ-ბი-სი“-ს მუსიკალური გამფორმებელი. როდესაც ჯეკთან მივედით, მან სთხოვა თავის სამ შვილს და ცოლს, დამსხდარიყვნენ და მოესმინათ ჩვენთვის; ამ დროს ისინი საშობაო საჩუქრებს ხსნიდნენ. ჯეკი და მისი ოჯახი მალე იეჰოვას მოწმეები გახდნენ.

დაახლოებით ამ დროს დედაჩემს ბიბლიას ვასწავლიდი; მან გაითავისა ბიბლიური ჭეშმარიტება. საბოლოოდ კი იეჰოვას მოწმე გახდა და პიონერად მსახურება, ანუ სრული დროით ქადაგება, დაიწყო. დროთა განმავლობაში ჩემი სამი ძმაც მოინათლა და ისინი გარკვეული ხანი პიონერებად მსახურობდნენ. 1956 წლის სექტემბერში, 20 წლის ასაკში მეც პიონერად დავიწყე მსახურება.

სამუშაოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება

დაახლოებით ამ დროს ჩემი თანამშრომლის ახლო მეგობარმა, ჯორჯ მერფმა, მოისურვა, დამხმარებოდა, რომ დამეხვეწა საქმიანობა. 30—40-იან წლებში ჯორჯმა მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა. მერფისთან დადებული კონტრაქტის შედეგად 1956 წლის დეკემბერში გამოვედი ჯეკი გლისონის შოუში „სი-ბი-ეს“-ის ტელესტუდიით. ეს იყო უდიდესი სტიმული კარიერის შესაქმნელად, რადგან შოუს დაახლოებით 20 000 000 მაყურებელი ჰყავდა. ნიუ-იორკში ყოფნისას პირველად მოვინახულე იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველო ბრუკლინში.

გლისონის შოუში მონაწილეობის შემდეგ ხელი მოვაწერე შვიდწლიან კონტრაქტს ერთ-ერთ კინოსტუდიასთან. შემომთავაზეს ცნობილ ტელესერიალში რეგულარულად გადაღება. გარკვეული დროის შემდეგ სინდისმა შემაწუხა, რადგან აზარტული მოთამაშისა და გამოცდილი მსროლელის როლი მომცეს, რითაც რომანტიკულ შუქზე წარმოდგენილი იყო უზნეობა და არაქრისტიანული ქცევები. ამის გამო ეს სამუშაო მივატოვე. შოუბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობდნენ, რომ გავგიჟდი.

სწორედ ამ დროს ლას-ვეგასში შემომთავაზეს შემოსავლიანი როლი, რაც დასაწყისში ვახსენე. მუშაობა უნდა დამეწყო ზუსტად იმ კვირას, როცა მიმომსვლელი ზედამხედველის მონახულება გვქონდა. თუ სწორედ იმ პერიოდში არ დავიწყებდი სამუშაოს, შემდეგ აღარ მიმიღებდნენ. გაორებული ვიყავი. მამა მოუთმენლად ელოდა, როდის გამოვიმუშავებდი ბევრ ფულს. ვფიქრობდი, რომ ის იმსახურებდა, გამემართლებინა მისი მოლოდინი; მან ხომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კარიერა შემექმნა!

მივედი თავმჯდომარე ზედამხედველთან, კარლ პარკთან, რომელიც მუსიკოსი იყო და ვიოლინოზე უკრავდა 20-იან წლებში ნიუ-იორკში ერთ-ერთ რადიოსადგურზე. მას განვუმარტე, თუ კონტრაქტზე თანახმა ვიქნებოდი, შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში შევძლებდი პიონერად მსახურებას, ისე რომ ფულზე ზრუნვა არ მომიწევდა. „მე ვერ მიგითითებ, რა უნდა გააკეთო, — მითხრა მან, — მაგრამ შემიძლია დაგეხმარო, რომ გარკვეულ დასკვნამდე მიხვიდე“. მან მკითხა: „წახვიდოდი, მოციქულ პავლეს რომ მოენახულებინა კრება ამ კვირაში?“ მან განაგრძო: „როგორ ფიქრობ, რის გაკეთებას მოელის იესო შენგან?“

ყველაფერი გასაგები იყო. როდესაც მამას ვუთხარი, რომ აღარ ვაპირებდი ლას-ვეგასში სამუშაოდ წასვლას, მან თქვა, რომ მის ცხოვრებას აზრი დავუკარგე. იმ ღამეს ის ცეცხლსასროლი იარაღით მელოდებოდა. ჩემს მოკვლას აპირებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბევრი დალია და ჩაეძინა. შემდეგ გარაჟში თავის მოკვლას შეეცადა ავტომანქანის გამონაბოლქვით. გამოვუძახე „სასწრაფო დახმარებას“ და მათ შეძლეს მისი გადარჩენა.

მამაჩემს ფიცხი ხასიათი ჰქონდა და მისი ბევრს ეშინოდა კრებაში ჩვენი სარაიონო ზედამხედველის, როი დაუელის, გარდა. ერთხელ როი მის მოსანახულებლად მივიდა. მამას შემთხვევით წამოცდა, რომ, როცა დავიბადე, მათი აზრით, ჩემს სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. მამა შეჰპირდა ღმერთს, თუ გადავრჩებოდი, ჩემს თავს მიუძღვნიდა მას მსახურად. როიმ მამაჩემს ჰკითხა, თუ უფიქრია ოდესმე, რომ შესაძლოა ღმერთი ელოდა მისგან დანაპირების შესრულებას. ამ შეკითხვამ მამა გააოგნა. შემდეგ როიმ ჰკითხა: „თუ ღვთის ძისთვის იყო სასიამოვნო სრული დროით მსახურება, რატომ არ იქნება სასიამოვნო შენი შვილისთვის?“ როგორც ჩანს, ამის შემდეგ მამა შეეგუა ჩემს არჩევანს.

ამასობაში, 1957 წლის იანვარში, კანადიდან მეგობრების მოსანახულებლად ჩამოვიდნენ დები, შერლი ლარჯი და პიონერულ მსახურებაში მისი პარტნიორი. მე და შერლიმ ერთმანეთი მაშინ გავიცანით, როდესაც მასთან და მის პარტნიორთან ერთად კარდაკარ მსახურებაში წავედი. ცოტა ხნის შემდეგ შერლი ჰოლივუდში გამომყვა, სადაც პერლ ბეილთან ერთად ვმღეროდი.

გადაწყვეტილების თანახმად

1957 წლის სექტემბერში დამნიშნეს სპეციალურ პიონერად აიოვას შტატში. როდესაც მამას ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, ის აქვითინდა. მას არ ესმოდა, რა იყო ჩემთვის ნამდვილად ფასეული. ჰოლივუდში წავედი და გავწყვიტე ყველა კონტრაქტი. ერთ-ერთი მათგანი, ვისთანაც ხელშეკრულება მქონდა დადებული, იყო ორკესტრისა და გუნდის ცნობილი ხელმძღვანელი, ფრედ უერინგი. მან მითხრა, რომ ვერასოდეს ვიმუშავებდი მომღერლად, თუ არ შევასრულებდი კონტრაქტის პირობებს. ავუხსენი, რომ ვტოვებდი მომღერლის კარიერას, რათა იეჰოვასადმი მსახურება გამეფართოვებინა.

ბატონ უერინგს დიდხანს ვესაუბრებოდი, ის კი პატივისცემით მისმენდა; გამაოცა მისმა თბილად ნათქვამმა სიტყვებმა: „შვილო, ვწუხვარ, რომ ტოვებ ასეთ მშვენიერ კარიერას. თუმცა მთელი ცხოვრება მუსიკას ვემსახურებოდი და მივხვდი, რომ ცხოვრებაში მხოლოდ მუსიკა არ არის მნიშვნელოვანი. დაე ღმერთმა გაკურთხოს შენს საქმეში“. დღემდე მახსოვს, როგორ ვბრუნდებოდი აცრემლებული სახლში — მე ხომ უკვე თავისუფალი ვიყავი, რომ მთელი ცხოვრება იეჰოვასადმი მსახურებაში გამეტარებინა.

„სად არის შენი რწმენა?“

მე და ჩემმა პარტნიორმა, ჯო ტრიფმა, სპეციალურ პიონერებად დავიწყეთ მსახურება პატარა ქალაქ სტრობერ-პოინტში (აიოვას შტატი), სადაც დაახლოებით 1 200 კაცი ცხოვრობდა. ერთხელ შერლი გვესტუმრა და ჩვენს დაქორწინებაზე ვისაუბრეთ. არც მე მქონდა თანხა და არც მას. ჩემ მიერ გამომუშავებულ თანხას მამა განაგებდა. ასე რომ შერლის ავუხსენი: „მინდა შენზე დაქორწინება, მაგრამ როგორ ვიცხოვრებთ? მხოლოდ სპეციალური პიონერისთვის განკუთვნილი ფულადი დახმარება მაქვს, თვეში 40 დოლარი“. შერლიმ მისთვის დამახასიათებელი სიმშვიდითა და გულწრფელობით მითხრა: „ჩარლზ, სად არის შენი რწმენა? განა იესომ არ თქვა, რომ ის ყოველივეს მოგვცემს, რაც ჩვენთვის საჭიროა, თუ უპირველესად ღვთის სამეფოსა და მის სიმართლეს ვეძებთ?!“ (მათე 6:33). ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ — 1957 წლის 16 ნოემბერს დავქორწინდით.

სტრობერი-პოინტის მიდამოებში ბიბლიას ვასწავლიდი ერთ ფერმერს, რომელსაც ტყეში მორებისგან გაკეთებული უბრალო სახლი ჰქონდა, რომლის ფართიც დაახლოებით 12,25 კვადრატული მეტრი იყო. სახლში არ იყო ელექტროობა, წყალგაყვანილობა და ტუალეტი. მაგრამ, თუ მოვისურვებდით, შეგვეძლო იქ გვეცხოვრა ანაზღაურების გარეშე. სახლი კეთილმოუწყობელი იყო, მაგრამ ჩვენ მთელი დღე ვმსახურობდით და მხოლოდ დასაძინებლად გვჭირდებოდა ადგილი.

წყალი მომქონდა ახლომდებარე წყაროდან. ქოხს ვათბობდით შეშის ღუმლით და ვკითხულობდით ნავთის შუქზე; შერლი საჭმელს ნავთქურაზე ამზადებდა. დასაბანად ვიყენებდით ძველ ტაშტს. ღამით მგლების ყმუილი გვესმოდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ვგრძნობდით, რამდენად ბედნიერები ვიყავით, რომ ერთმანეთი გვყავდა და ერთად ვემსახურებოდით იეჰოვას იქ, სადაც ამის დიდი საჭიროება იყო. 100 კილომეტრის მოშორებით დეკორაში (აიოვას შტატი) სპეციალურ პიონერებად მსახურობდნენ ბილი მალენფანტი და მისი ცოლი სანდრა, რომლებიც ამჟამად ბრუკლინში არსებულ მსოფლიო მთავარ სამმართველოში მუშაობენ. დროდადრო ისინი მოდიოდნენ და ჩვენთან ერთად ქადაგებდნენ მთელი დღე. საბოლოოდ, სტრობერი-პოინტში ჩამოყალიბდა პატარა კრება, რომელიც 25 წევრისგან შედგებოდა.

მიმოსვლით მსახურებაში

1960 წლის მაისში მიგვიწვიეს სარაიონო მსახურებაში (მიმოსვლითი მსახურება). ჩვენი პირველი რაიონი იყო ჩრდილოეთი კაროლინა, რომელშიც შედიოდა ქალაქები როლი, გრინსბორო და დარემი, ასევე მრავალი სოფელი. ცხოვრების პირობები გაგვიუმჯობესდა, რადგან ხშირად ისეთ ოჯახებში ვრჩებოდით ხოლმე, რომლებსაც ელექტროობაც ჰქონდათ და სახლში ტუალეტიც. ის ოჯახები კი, რომლებსაც ტუალეტი გარეთ ჰქონდათ, გვაფრთხილებდნენ, რომ ბილიკზე შესაძლოა შეგვხვედროდა მოკასინის გველები და ჩხრიალა გველები.

1963 წლის დასაწყისში გადავედით სხვა რაიონში — ფლორიდაში, სადაც გულის გარსის ანთება დამემართა და კინაღამ მოვკვდი. შესაძლოა ვერც კი გადავრჩენილიყავი, რომ არ დაგვხმარებოდნენ ბობი და ჯინი მაკები ქალაქ ტამპადან *. მათ წამიყვანეს თავიანთ ექიმთან და მთელი თანხაც თავად გადაიხადეს.

აღზრდისას მიღებული გამოცდილების გამოყენება

1963 წლის ზაფხულში მიმიწვიეს დასახმარებლად ნიუ-იორკში, სადაც დიდი კონგრესის ჩატარება იგეგმებოდა. თან ვახლდი იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელს, მილტონ ჰენშელს, როდესაც ლარი კინგმა მისგან ინტერვიუ აიღო. ბატონი კინგი დღესაც ცნობილია, როგორც სატელევიზიო დებატების წამყვანი. ის პატივისცემით გვეპყრობოდა. პროგრამის შემდეგ ერთი საათის განმავლობაში უამრავ შეკითხვას გვისვამდა ჩვენი საქმიანობის შესახებ.

იმავე ზაფხულს, როცა მისიონერი ჰაროლდ კინგი განთავისუფლდა კომუნისტური ჩინეთის ციხიდან, ესტუმრა იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარ სამმართველოს. ერთ საღამოს ის წარდგა 700-კაციანი აუდიტორიის წინაშე; მათ მოუყვა თავს გადამხდარი შემთხვევების შესახებ — დაახლოებით ოთხწლიანი პატიმრობის დროს განცალკავებულ საკანში ჯდომამ თუ როგორ გაუძლიერა რწმენა. ციხეში ყოფნისას მან დაწერა სიმღერები ბიბლიურ თემებზე და ქრისტიანულ მსახურებაზე.

იმ დაუვიწყარ საღამოს დიდი ხნის მოწმეებთან, რომლებიც ტენორები იყვნენ — ოდრი ნორთან, კარლ კლაინთან და ფრედერიკ ფრენცთან — ერთად ვიმღერე სიმღერა „კარდაკარ“; ის მოგვიანებით იეჰოვას მოწმეების სიმღერების წიგნში ჩაიწერა. ნეითან ნორმა, რომელიც მაშინ იეჰოვას მოწმეების საქმიანობას ხელმძღვანელობდა, მთხოვა, „კარდაკარ“ მემღერა მომდევნო კვირას კონგრესზე „მარადიული სასიხარულო ცნობა“, რომელიც ჩატარდებოდა იანკის სტადიონზე. რა თქმა უნდა, ვიმღერე.

შემთხვევები მიმოსვლითი მსახურებიდან

ჩიკაგოში (ილინოისის შტატი) მსახურების დროს ორი დაუვიწყარი რამ მოხდა. პირველი ის იყო, რომ სარაიონო კონგრესზე შერლიმ დაინახა ვერა სტიუარტი, რომელმაც უქადაგა თავად მას და დედამისს კანადაში 1940 წლის შუა პერიოდში. შერლი, რომელიც მაშინ 11 წლის იყო, ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის განზრახვების შესახებ მოსმენამ აღაფრთოვანა და ვერას ჰკითხა: „როგორ ფიქრობ, შემიძლია ახალ ქვეყნიერებაში ვიცხოვრო?“ ვერამ უპასუხა: „რატომაც არა, შერლი!“ ორივე მათგანს ზუსტად ახსოვდა ეს სიტყვები. ვერასთან პირველი შეხვედრის შემდეგ შერლიმ უკვე იცოდა, რომ მას იეჰოვასთვის უნდა ემსახურა.

მეორე საინტერესო შემთხვევა ის იყო, როდესაც ერთმა მოწმემ მკითხა, თუ მახსოვდა, დერეფანში 23-კილოგრამიანი კარტოფილის ტომარა რომ აღმოვაჩინე 1958 წლის ზამთარში. რა თქმა უნდა, მახსოვდა. იმ საღამოს ქარბუქი იყო და ძლივს მივაღწიეთ სახლამდე. არ ვიცოდით, საიდან გაჩნდა ტომარა შინ, მაგრამ ამისთვის იეჰოვას ვუმადლოდით. დიდი თოვლის გამო სახლიდან ვერ გავდიოდით 5 დღის განმავლობაში და სიამოვნებით შევექცეოდით კარტოფილის ღვეზელს, შემწვარ კარტოფილს, კარტოფილის პიურეს და კარტოფილის სუპს. სხვა არაფერი გვქონდა. თურმე ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც არ გვიცნობდა და არც ის იცოდა, სად ვცხოვრობდით, გაგონილი ჰქონდა, რომ მასთან ახლოს ცხოვრობდნენ პიონერები, რომლებსაც იმ პერიოდში უჭირდათ. როგორც მან თქვა, რაღაცამ უბიძგა, გაეგო, სად ცხოვრობდა ახალგაზრდა პიონერი ცოლ-ქმარი. ფერმერებმა ყველაფერი იციან თავიანთი მეზობლების შესახებ და მათ მოასწავლეს გზა ჩვენი ქოხისკენ. დიდი თოვლის მიუხედავად, სწორედ ამ მოწმემ მოგვიტანა კარტოფილი.

არჩევნით კმაყოფილი

1993 წლისთვის, მას შემდეგ, რაც 33 წელი მიმოსვლით მსახურებაში გავატარე, ჩემი ჯანმრთელობა ისე გაუარესდა, რომ იძულებული ვიყავი, დამეტოვებინა ეს მსახურება. შერლიმ და მე სპეციალურ პიონერებად დავიწყეთ მსახურება, თუმცა სუსტი ჯანმრთელობის გამო სპეციალური პიონერისთვის დადგენილი საათების ნორმა შეგვიმცირეს. დღემდე ასე ვმსახურობთ. ვწუხვარ, რომ აღარ მაქვს ძალები მიმოსვლითი საქმიანობისთვის, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მსახურებისთვის გამოვიყენე მთელი ენერგია.

ჩემმა სამმა ძმამ განსხვავებული არჩევანი გააკეთა. საბოლოოდ, მათ გამდიდრებისკენ დაიწყეს სწრაფვა და ახლა არც ერთი მათგანი აღარ ემსახურება იეჰოვას. 1958 წელს მამა მოინათლა. ის და დედა უამრავ ადამიანს დაეხმარნენ, გაეცნოთ იეჰოვა, მიეძღვნათ მისთვის ცხოვრება და მონათლულიყვნენ. მშობლები 1999 წელს გარდაიცვალნენ. ამგვარად, ჩემმა გადაწყვეტილებამ — ქვეყნიურ დიდებაზე და სიმდიდრეზე უარის თქმამ — მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მისცა როგორც მამაჩემს, ასევე მათ, ვისაც ჩემი მშობლები ბიბლიურ ჭეშმარიტებას უზიარებდნენ. ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს „გავაგრძელებდი კი იეჰოვასთვის მსახურებას, მაშინ რომ ის არჩევანი არ გამეკეთებინა?“

სარაიონო მსახურების დატოვებიდან დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ ჯანმრთელობა გამიუმჯობესდა და შემეძლო კვლავაც გამეფართოებინა მსახურება. ახლა თავმჯდომარე ზედამხედველი ვარ ქალაქ დეზერტ-ჰოტ-სფრინგის ერთ-ერთ კრებაში (კალიფორნიის შტატი). აგრეთვე მაქვს სარაიონო ზედამხედველის დამხმარედ მსახურების პატივი, ვმსახურობ სპეციალურ კომიტეტებში და საჭიროებისამებრ პიონერული მსახურების სკოლაშიც ვასწავლი.

შერლი დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობარია. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს მასთან ურთიერთობა. ჩვენ რეგულარულად ვსაუბრობთ, ვმსჯელობთ გამამხნევებელ სულიერ თემებზე, ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე, რაც გამომაცოცხლებელია ორივესთვის. დღემდე მადლიერების გრძნობით მახსოვს 47 წელზე მეტი ხნის წინ შერლის მიერ მშვიდად ნათქვამი სიტყვები: „ჩარლზ, სად არის შენი რწმენა?“ საინტერესოა, ახალგაზრდა ქრისტიან წყვილებს რომ დაესვათ ერთმანეთისთვის ასეთი კითხვა, რამდენი მათგანი განიცდიდა იმ სიხარულსა და კურთხევებს, რაც ჩვენ გვქონდა სრული დროით მსახურების წლებში.

[სქოლიოები]

^ აბზ. 11 ბიძაჩემი ჯონ სინუტკო სიკვდილამდე იეჰოვას ერთგული იყო. ის გარდაიცვალა 1996 წელს, 92 წლის ასაკში.

^ აბზ. 11 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ; ამჟამად აღარ გამოიცემა.

^ აბზ. 32 ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში (1975 წელი, 22 თებერვალი, გვერდები 12—16 [ინგლ.]) ბობ მაკი მოგვითხრობს თავის ისტორიას, თუ როგორ უმკლავდებოდა ის დამბლას.

[სურათი 20 გვერდზე]

ბიძაჩემი ჯონი 1935 წელს, როდესაც მოინათლა.

[სურათი 22 გვერდზე]

ჩვენი ქოხი.

[სურათი 23 გვერდზე]

ჩემი მშობლები, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე ღვთის ერთგულები იყვნენ (1975 წელი).

[სურათი 23 გვერდზე]

მე და შერლი დღეს.