გლაუკომა მხედველობის ქურდი
გლაუკომა მხედველობის ქურდი
ერთი წუთით მზერა ამ წინადადების ბოლო სიტყვაზე შეაჩერეთ. შეგიძლიათ თუ არა თვალის ამოძრავების გარეშე დაინახოთ ამ ჟურნალის ზედა, ქვედა და გვერდითი კიდეები? ალბათ, შეგიძლიათ და ამას პერიფერიული მხედველობის წყალობით ახერხებთ. პერიფერიული მხედველობა საშუალებას გაძლევთ, შენიშნოთ საეჭვო შესახედაობის ადამიანი, რომელიც გვერდიდან გიახლოვდებათ. იგი გეხმარებათ, გვერდი აუაროთ ქვემოთ დაგდებულ საგნებს და სიარულისას კედლებს არ შეეჯახოთ. თუ მანქანას ატარებთ, პერიფერიული მხედველობით შეგიძლიათ შენიშნოთ ფეხით მოსიარულე, რომელმაც ტროტუარი გადმოკვეთა.
სამწუხაროდ, ამ გვერდის კითხვის დროსაც კი პერიფერიული მხედველობა ნელ-ნელა შეიძლება ისე გეკარგებოდეთ, რომ ვერც აცნობიერებდეთ ამას. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში 66 მილიონ ადამიანს აქვს თვალის დაავადება, რომელიც გლაუკომის სახელით არის ცნობილი. მათგან ხუთ მილიონზე მეტი დაბრმავდა, საიდანაც ჩანს, რომ სამუდამოდ დაბრმავების გამომწვევ დაავადებათა შორის გლაუკომა მესამე ადგილზე დგას. „განვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც საზოგადოებას აქვს საგანმანათლებლო პროგრამები გლაუკომასთან საბრძოლველად, ავადმყოფების ნახევარმა არც კი იცის, რომ ეს დაავადება აქვს“, — ნათქვამია სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“.
ვის ემუქრება გლაუკომით დაავადების საშიშროება? როგორ შეიძლება მისი ამოცნობა და მკურნალობა?
რა არის გლაუკომა?
რომ გავიგოთ, რა არის გლაუკომა, საჭიროა, ჯერ თვალის აგებულების შესახებ გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ. ავსტრალიის გლაუკომის ფედერაციის მიერ გამოშვებულ ბროშურაში ნათქვამია: «თვალის კაკლის ფორმას განაპირობებს მასში არსებული წნევა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თვალის რბილი ქსოვილი მანქანის საბურავივით ან ჰაერბურთივით არის „გაბერილი“». თვალის შიგნით „ტუმბო“, რომელსაც ცილიარულ სხეულს უწოდებენ, სისხლძარღვებიდან თვალში გადატუმბავს სითხეს, რომელსაც ინტრაოკულარული სითხე ეწოდება. „სითხე ცირკულირებს თვალში და კვებავს თვალის შიგნით მდებარე ცოცხალ სტრუქტურებს, რის შემდეგაც ტრაბეკულების — ფილტრაციის მწარმოებელი სტრუქტურების — საშუალებით სისხლის ნაკადში ბრუნდება“.
როდესაც ამა თუ იმ მიზეზის გამო ტრაბეკულების დახშობა ან შევიწროება ხდება, თვალშიდა წნევა იზრდება და საბოლოოდ იწყება თვალის კაკლის უკანა ზედაპირზე არსებული ნერვული ბოჭკოების დაზიანება. ასეთ მდგომარეობას ღიაკუთხიანი გლაუკომა ეწოდება და ის არის ყველა სხვა შემთხვევათა 90 პროცენტის გამომწვევი.
თვალშიდა წნევა, რომელიც ინტრაოკულარული წნევის სახელით არის ცნობილი, შეიძლება დღის განმავლობაში იცვლებოდეს და მასზე გავლენას ახდენდეს მრავალი ფაქტორი, მაგალითად გულისცემა, მიღებული სითხის რაოდენობა და სხეულის მდგომარეობა (წევს, დგას თუ ზის ადამიანი). ასეთი ბუნებრივი ცვლილებები თვალის არანაირ დაზიანებას არ იწვევს. თვალშიდა წნევის მომატება თავისთავად არ ნიშნავს, რომ ადამიანს გლაუკომა აქვს, რადგან თვალის „ნორმალური“ წნევა სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა აქვს. და მაინც, მაღალი თვალშიდა წნევა გლაუკომისთვის დამახასიათებელ სიმპტომთაგან ერთ-ერთია.
გლაუკომის იშვიათ ფორმას მწვავე ანუ დახურულკუთხიან გლაუკომას უწოდებენ. ღიაკუთხიანი გლაუკომისგან განსხვავებით, ამ დროს მოულოდნელად მკვეთრად იზრდება თვალშიდა წნევა, რის გამოც ავადმყოფს აღენიშნება თვალის ძლიერი ტკივილი, მხედველობის დაბინდვა და ღებინება. თუ ავადმყოფმა პირველი სიმპტომების გამოვლენიდან რამდენიმე საათში არ იმკურნალა, ხშირად, ამას შეიძლება დაბრმავება მოჰყვეს. არსებობს გლაუკომის
სხვა ფორმა, რომელსაც მეორადი გლაუკომა ეწოდება. როგორც სახელი გვიჩვენებს, ის გამოწვეულია თვალში სხვა სახის ცვლილებებით, მაგალითად სიმსივნით, კატარაქტით ან თვალის ტრავმით. ადამიანთა შედარებით მცირე რაოდენობას აღენიშნება მეოთხე ტიპის — თანდაყოლილი გლაუკომა. ამ ტიპის გლაუკომა ბავშვს დაბადებისთანავე აქვს ან დაბადებიდან ცოტა ხნის შემდეგ იჩენს თავს. დაავადებულ ბავშვს აქვს გადიდებული თვალის კაკალი და სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა.როგორ „იპარავს“ ის მხედველობას?
გლაუკომას შეუძლია მხედველობის 90 პროცენტი ისე მოგპაროთ, რომ ამის შესახებ არც კი იცოდეთ. როგორ არის ეს შესაძლებელი? ყველას თვალის კაკლის უკანა კედელზე გვაქვს ბრმა ხალი. ბადურაზე ეს ხალი მდებარეობს იქ, სადაც ნერვული ბოჭკოები ერთიანდებიან და თვალის ნერვს ქმნიან. მასში არ არის ფოტორეცეპტორები. ადამიანი არანაირად არ გრძნობს ამ ხალის არსებობას, რადგან ტვინს აქვს უნარი, მის მიერ აღქმულ სურათში შეავსოს დანაკლისი. ტვინის სწორედ ეს უნარი ხდის გლაუკომას ასე ცბიერ გამანადგურებელს.
დ-რ ივონ კოლდბერგმა, ავსტრალიის წამყვანმა ოფთალმოლოგმა, „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტს უთხრა: „გლაუკომას მხედველობის შეუმჩნეველ ქურდს უწოდებენ, რადგან ის ყოველგვარი სიმპტომის გარეშე ვითარდება. გლაუკომის ყველაზე გავრცელებული ფორმა ნელ-ნელა და თანდათანობით ისე ვითარდება, რომ ყოველგვარი სიმპტომის გარეშე იწვევს თვალისა და ტვინის დამაკავშირებელი ნერვის დაზიანებას. გლაუკომასთან არავითარი კავშირი არა აქვს იმას,
თვალი სველი გაქვთ თუ მშრალი, გარკვევით ხედავთ თუ არა. შესაძლოა, თვალთან დაკავშირებით არაფერს უჩიოდეთ, მაგრამ ამ დროს ძალიან სერიოზული ფორმის გლაუკომა გქონდეთ.ქურდის ამოცნობა
სამწუხაროდ, გლაუკომის ამოცნობა რომელიმე ერთი კონკრეტული ანალიზის გაკეთებით შეუძლებელია. ტონომეტრის სახელწოდებით ცნობილი ხელსაწყოს გამოყენებით თვალის ექიმს შეუძლია დაიწყოს თვალშიდა სითხის წნევის გამოკვლევა. ინსტრუმენტით რქოვანა გარსს, ანუ თვალის წინა ნაწილს, ნაზად ბრტყელ ფორმას აძლევენ. ზომავენ ძალას, რომელიც ამ პროცედურის შესრულებას დასჭირდა და ამგვარად შეიძლება დაადგინონ ინტრაოკულარული წნევა. თვალის ექიმს შეუძლია გლაუკომის ნიშნების არსებობა შეამოწმოს იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელთა საშუალებითაც შეიძლება თვალის თავის ტვინთან დამაკავშირებელ ნერვეულ სტრუქტურებში ქსოვილთა დაზიანების აღმოჩენა. დ-რ გოლდბერგი ამბობს: „ვაკვირდებით თვალის ფსკერზე ნერვული ბოჭკოებისა და სისხლძარღვთა კედლების მოხაზულობაში რაიმე უცნაურობა ხომ არ შეიმჩნევა, რადგან ეს შეიძლება ნერვის დაზიანების მაჩვენებელი იყოს“.
გლაუკომის ამოსაცნობად იყენებენ კიდევ ერთ მეთოდს, რომელსაც მხედველობის ველის გამოკვლევა ეწოდება. დ-რ გოლდბერგი გვიხსნის: „ადამიანი უყურებს ჩაღრმავებულ ნახევარსფეროს, რომელშიც არის კარგად განათებული თეთრი პატარა წერტილი. როდესაც პაციენტი ამ პატარა თეთრ წერტილს ხედავს, ღილაკს აჭერს თითს“. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი, რომელსაც გამოკვლევა უტარდება, ვერ ხედავს თეთრ წერტილს მაშინ, როცა ეს წერტილი მხედველობის ველის კიდეებში ექცევა, მას შეიძლება გლაუკომა ჰქონდეს. ამჟამად მუშაობენ ახალი ინსტრუმენტების შექმნაზე, რომლებიც გარკვეულწილად გაამარტივებს ამ დამღლელ პროცედურას.
ვის ემუქრება საფრთხე?
პოლი ორმოცს გადაცილებული ჯანმრთელი მამაკაცია. ის ამბობს: „ოპტიკოსთან მივედი, რათა სათვალეების გამოსაცვლელად თვალები შემემოწმებინა. შემოწმებისას ოპტიკოსმა მკითხა, ოჯახის წევრებიდან ვინმეს ხომ არ ჰქონდა გლაუკომა. გამოვიკვლიე და დავადგინე, რომ დეიდასა და ბიძას ჰქონიათ ეს პრობლემა. მივმართე ოფთალმოლოგს, რომელმაც დამიდასტურა, რომ გლაუკომა მქონდა“. დ-რ გოლდბერგი ამბობს: „თუ დედას ან მამას აქვს გლაუკომა, 3—5-ჯერ მეტია იმის რისკი, რომ თქვენც დაგემართოთ იგი. თუ თქვენს ძმას ან დას აქვს გლაუკომა, მაშინ რისკი 5—7-ჯერ იზრდება“.
დ-რ კევინ გრინიჯი, შეერთებული შტატების გლაუკომის ფედერაციის წევრი, ხაზს უსვამს სხვა რისკ-ფაქტორებს: „ყოველწლიურად გაიარეთ თვალის შემოწმება, თუ 45 წელს გადაცილებული ხართ და აფრიკული წარმოშობა გაქვთ ან აღგენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე რისკ-ფაქტორი — ოჯახის რომელიმე წევრს აქვს გლაუკომა, ახლომხედველი ხართ, დიაბეტი გაქვთ, გადატანილი გაქვთ თვალის ტრავმა ან რეგულარულად იყენებთ კორტიზონს ან სხვა სტეროიდულ ნივთიერებებს“. მაშინაც კი, როდესაც არავითარი რისკ-ფაქტორი არ აღგენიშნებათ და 45 წლისაც არა ხართ, ეს ფედერაცია გირჩევთ, რომ ყოველ ოთხ წელიწადში მაინც გამოიკვლიოთ
თვალი გლაუკომაზე. თუ 45 წელს გადაცილებული ხართ, შემოწმება ყოველ ორ წელიწადში უნდა ჩაიტაროთ.უმკურნალეთ და სძლიეთ მას
გლაუკომის სამკურნალოდ პოლი დღეში ერთხელ თვალის სპეციალურ წვეთებს იყენებს. ის ამბობს: «წვეთები, რომელსაც მე ვიყენებ, ხელს უშლის თვალის კაკალში „წყლისებრი“ სითხის წარმოშობას». პოლმა ლაზერული სხივების გამოყენებითაც იმკურნალა. მას თვალის წინა მხარეს ძველი ბუნებრივი სადრენაჟო ხვრელების გვერდზე პაწაწინა ხვრელები გაუკეთეს. ის ამბობს: „ლაზერული სხივით თვალის პირველი მკურნალობისას საკმაოდ დაძაბული ვიყავი და ვნერვიულობდი. ამან კი უფრო გამიძლიერა ოპერაციის დროს დისკომფორტის შეგრძნება. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ მეორე თვალის მკურნალობისას, ვიცოდი, რის მოლოდინი უნდა მქონოდა. ამიტომ უფრო მშვიდად ვიყავი და მეგონა ექიმს ოპერაცია დაწყებული არ ქონდა, რომ უკვე თითქმის დაუმთავრებია“. მკურნალობის შედეგად პოლი ინარჩუნებს თვალის სტაბილურ წნევას.
პოლი თავის მდგომარეობას ოპტიმისტურად უყურებს. ის ამბობს: „მხოლოდ ოდნავ დამიზიანდა ბადურა და ძალიან მადლობელი ვარ, რომ ჯერაც სრულად მაქვს შენარჩუნებული პერიფერიული მხედველობა. თუ ყოველდღე მეხსომება თვალის წვეთების გამოყენება, მას არ დავკარგავ“.
გპარავთ „შეუმჩნეველი ქურდი“ მხედველობას? თუ ადრე არასოდეს შეგიმოწმებიათ თვალი გლაუკომაზე, გონივრული იქნებოდა, თქვენი ექიმისთვის გეთხოვათ, გლაუკომაზე გამოეკვლიეთ. დ-რ გოლდბერგის სიტყვების თანახმად, „დროული და სათანადო მკურნალობით შესაძლებელია გლაუკომით მიყენებული ზიანის მინიმუმამდე დაყვანა“. დიახ, თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუშალოთ მხედველობის ამ ქურდს!
[ჩარჩო/სურათი 26 გვერდზე]
გლაუკომის საფრთხე გემუქრებათ, თუ . . .
● აფრიკული წარმოშობა გაქვთ.
● თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს გლაუკომა.
● თქვენ გაქვთ დიაბეტი.
● ახლომხედველი ხართ.
● რეგულარულად, და თანაც დიდი ხნის განმავლობაში, იყენებთ კორტიზონს ან სხვა სტეროიდებს მაზების ან ასთმის სამკურნალო პულვერიზატორის სახით.
● თვალის ტრავმა გაქვთ გადატანილი.
● 45 წელს გადაცილებული ხართ.
[სურათი]
რეგულარულად შემოწმების გავლა მხედველობის დაკარგვისგან დაგიცავთ.
[დიაგრამა⁄სურათები 25 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ღიაკუთხიანი გლაუკომა
ბროლი
რქოვანა
ფერადი გარსი
ბადურა
ბრმა ხალი მდებარეობს მხედველობის ნერვში ნერვული ბოჭკოების თავმოყრის ადგილას.
მხედველობის ნერვი თავის ტვინს გადასცემს იმპულსებს.
ცილიარული სხეული, სადაც სითხე წარმოიშობა.
1 წყლისებრი სითხე არის გამჭვირვალე სითხე, რომელიც კვებავს ბროლს, ფერად გარსს და რქოვანა გარსის შიდა ზედაპირს. ის არ არის ცრემლის მსგავსი, რომელიც თვალს გარედან ასველებს.
2 ტრაბეკულები სითხის დრენირებას ახდენს.
3 თუ ტრაბეკულები ბლოკირებული ან დახშულია, თვალის შიგნით წნევა იზრდება.
4 როდესაც წნევა იზრდება, თვალის ფსკერზე არსებული ნერვული უჯრედები ზიანდება და ვითარდება გლაუკომა ან ქვეითდება მხედველობა.
[სურათები 25 გვერდზე]
ბრმა ხალი
რასაც დაინახავდით
ნორმალური მხედველობა
დაწყებითი გლაუკომა
განვითარებული გლაუკომა
[საავტორო უფლებები]
Photos of optic disks: Courtesy Atlas of Ophthalmology