არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„იეჰოვა, შენ მიპოვე მე!“

„იეჰოვა, შენ მიპოვე მე!“

„იეჰოვა, შენ მიპოვე მე!“

მოგვითხრო ნელი ლენსმა

„იეჰოვას მოწმეები ხართ?“ — ვკითხე ჩვენს კართან მოსულ ორ მამაკაცს. „დიახ“, — მიპასუხეს მათ. „მეც!“ — აღტაცებით წამოვიძახე. მაშინ მხოლოდ 13 წლის ვიყავი და სამეფო დარბაზში კრებებზე არ დავდიოდი. ჩემი მშობლები არ იყვნენ იეჰოვას მოწმეები. აბა რატომღა ვთქვი, რომ მეც მოწმე ვიყავი?

იეჰოვას მოწმეები რომ არა, ალბათ, არასოდეს დავიბადებოდი. დედა, როდესაც ჩემზე იყო ფეხმძიმედ, მონრეალში (კვებეკი, კანადა) ცხოვრობდა. ის სულ რაღაც 17 წლის იყო. ოჯახი მისგან დაჟინებით მოითხოვდა, რომ აბორტი გაეკეთებინა. ბოლოს დედა დათანხმდა.

აბორტის გასაკეთებლად დედამ სამსახურში ერთი დღით გათავისუფლება ითხოვა. მისმა უფროსმა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, როგორც ჩანს, გაიგო, რისთვის სჭირდებოდა ეს დღე. ის დედაჩემს მოკლედ ესაუბრა იმაზე, თუ რაოდენ ძვირფასი საჩუქარია სიცოცხლე (ფსალმუნები 139:13—16). როდესაც კლინიკაში მიდიოდა, დედას თავში სულ უფროსის სიტყვები უტრიალებდა და აბორტის გაკეთება გადაიფიქრა. ასე დავიბადე 1964 წელს. ამის შემდეგ დედაჩემმა ობოლთა თავშესაფარში ჩამაბარა.

პირველი შეხება ბიბლიურ ჭეშმარიტებასთან

დაახლოებით ორი წლის როცა ვიყავი, დედაჩემმა და მისმა ახალმა ქმარმა ობოლთა თავშესაფრიდან გამომიყვანეს. სენტ–მარგარიტ–დიუ–ლაქ–მასონში ცხოვრებისას მათ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყეს. მაგრამ ამის შემდეგ მალევე გადავედით ბუაბრიანში და ჩემმა მშობლებმა შესწავლა შეწყვიტეს.

გავიდა რამდენიმე წელი და მათ კვლავ განაახლეს შესწავლა. მე ყურს ვუგდებდი, რათა გამეგო, რას ამბობდნენ მიწიერ სამოთხესთან დაკავშირებულ ბიბლიურ იმედზე (ლუკა 23:43). იეჰოვა ძალიან შევიყვარე.

ერთ დღესაც დედამ მითხრა, რომ შეწყვიტეს შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან და მეტად აღარ ვივლიდით სამეფო დარბაზში. თავიდან გამიხარდა, რადგან მაშინ 8 წლის ვიყავი და ხანდახან შეხვედრები ძალიან ხანგრძლივი მეჩვენებოდა. თუმცა იმავე საღამოს მინდოდა, იეჰოვასთვის ლოცვით მიმემართა და თან განვიცდიდი, ვაითუ მას არ მოესმინა ჩემთვის.

მომდევნო კვირას, ნაშუადღევს, დავინახე, რომ ჩვენი მეზობლები, რომლებიც იეჰოვას მოწმეები იყვნენ, სამეფო დარბაზში მიდიოდნენ. მე ტირილი დავიწყე და ღმერთს ვკითხე: „იმათი ბავშვები თუ მიდიან კრებაზე, ჩემთვის რატომ არ შეიძლება?!“ ამის მიუხედავად, ჩემზე უნდა გამართლებულიყო ფსალმუნების 32:18–ში ჩაწერილი სიტყვები: „აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის“.

სამეფო დარბაზში დაბრუნება

სამი კვირის შემდეგ ჩვენს მეზობლებთან მივედი და ბავშვების დედას, ლილიენს, ვუთხარი, რომ კრებებზე დასწრება მინდოდა. მან ამიხსნა, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგანაც დედაჩემს არ სურდა, რაიმე საერთო ჰქონოდა იეჰოვას მოწმეებთან. მე მაინც ჩემი დავიჟინე. ბოლოს სახლში წამომიყვანა და დედას ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა, გავყოლოდი მათ. ჩემდა გასაკვირად, დედა დათანხმდა. მან თქვა, რომ შეხვედრებზე კარგ პრინციპებს ვისწავლიდი. ამის შემდეგ კრებებზე ყოველ კვირას დავდიოდი.

დაახლოებით სამი წლის განმავლობაში მქონდა კრების შეხვედრებზე დასწრების საშუალება. მაგრამ 11 წლის როცა გავხდი, მშობლები განქორწინდნენ. მე და დედა საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. კიდევ ერთხელ, ყოველგვარი შეხება დავკარგე იეჰოვას მოწმეებთან.

მოულოდნელი შეხვედრა

ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჩვენი სახლის კიბეზე ვიჯექი, ჩვენთან მოვიდა ორი მოწმე, ედი ბესონი და დონ ფიშერი. მათ მკითხეს, მშობლები თუ იყვნენ სახლში. როდესაც ვუთხარი, რომ არ იყვნენ, ორივე გატრიალდა და წავიდა. მაგრამ მე გავეკიდე და ჩვენ შორის ზუსტად ის საუბარი შედგა, რომელიც დასაწყისშია მოყვანილი.

ბუნებრივია, ორივესთვის მოულოდნელი იყო ჩემგან იმის მოსმენა, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი. მე ავუხსენი ჩემი მდგომარეობა და შევეხვეწე, საღამოს კიდევ მოსულიყვნენ. დედას როცა ვუთხარი, რომ მოწმეები გვესტუმრებოდნენ, ხასიათი შეეცვალა და თქვა, რომ სახლში არ შემოუშვებდა. დედამ გადაწყვიტა, მათ მოსვლამდე სახლიდან წასულიყო, მე კი ტირილით ვეხვეწებოდი, რომ სახლში დარჩენილიყო. ის–ის იყო, სახლიდან უნდა გასულიყო, როცა ზარის ხმა გაისმა. ეს ედი ბესონი იყო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დედა შესწავლაზე დათანხმდა!

როგორც იქნა, კვლავ შემეძლო შეხვედრებზე დასწრება! მაგრამ წელიწადიც არ იყო გასული და დედამ შესწავლა ისევ შეწყვიტა. ამჯერად მან საერთოდ ამიკრძალა იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა და გადაყარა მათი ყველა პუბლიკაცია, რასაც კი მიაგნო. რისი გადამალვაც მოვახერხე, ეს იყო: ბიბლია, სიმღერების წიგნი, „საგუშაგო კოშკის“ ორი ტომი, იეჰოვას მოწმეთა ორი „წელიწდეული“ და წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“ *. უკანასკნელი შესწავლისას ედი ბესონს ვკითხე, რისი გაკეთება შემეძლო იეჰოვასადმი ჩემი უდიდესი სიყვარულის დასამტკიცებლად. მან წამახალისა, რომ ჩემით გამეგრძელებინა შესწავლა და ხშირად მელოცა. თან დამარწმუნა, რომ იეჰოვა აუცილებლად იზრუნებდა ჩემზე. მაშინ მხოლოდ 14 წლის ვიყავი.

„კრებებს“ ჩემით ვატარებ

აქედან მოყოლებული, ყოველ კვირა შევდიოდი ჩემს ოთახში და წარმოვიდგენდი, რომ ვესწრებოდი კრებებს. დასაწყისშიც და ბოლოშიც ვმღეროდი სიმღერას სათაურით „უმზირეთ ჯილდოს“, რადგან მხოლოდ ეს სიმღერა მახსოვდა. დღესაც არ შემიძლია ამ სიმღერის ცრემლების გარეშე მღერა. ასევე ვსწავლობდი სტატიას „საგუშაგო კოშკის“ იმ ტომებიდან, რომლებიც მქონდა. „კრებას“ ლოცვით ვამთავრებდი. ამგვარად, მართალია მოწმეებთან აღარ მქონდა ურთიერთობა, მაგრამ იეჰოვას სიახლოვეს ყოველთვის ვგრძნობდი.

17 წლის რომ გავხდი, მე და დედა მონრეალში გადავედით. ეს პერიოდი უმძიმესი წლები იყო, რადგან ოჯახურ სითბოს საერთოდ ვერ ვგრძნობდი.

იეჰოვამ მიპოვა!

ერთ დღეს დედამ იეჰოვას მოწმეებისგან აიღო წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. შინ რომ დავბრუნდი, წიგნი მაგიდაზე დამხვდა და მაშინვე თვალიერება დავიწყე. როცა მასში ღვთის სახელი, იეჰოვა, შემხვდა, ტირილი დავიწყე და ჩუმად ვილოცე: „იეჰოვა, შენ მიპოვე მე!“

სასწრაფოდ მჭირდებოდა ქრისტიან და-ძმებთან დაკავშირება. მაგრამ როგორ უნდა დავკავშირებოდი? დედამ ერთ მეზობელზე მითხრა, მგონი იეჰოვას მოწმეაო. მეორე დღეს, სამსახურში რომ მივდიოდი, მივედი მეზობლის კართან და ზარი დავრეკე. კარი ნახევრად მძინარე მამაკაცმა გამიღო. ის გაოცებული მიყურებდა, როცა ვუთხარი, რომ მეც იეჰოვას მოწმე ვიყავი და მონათვლა მინდოდა! მისი დახმარებით კვლავ დავიწყე ბიბლიის შესწავლა ქრისტიან დასთან, იოსა მირონთან. მაგრამ — კიდევ ერთხელ — დედამ წინააღმდეგობის გაწევა დამიწყო. მან მითხრა, რომ სანამ 18 წელი არ შემისრულდებოდა, მოწმე ვერ გავხდებოდი.

ნამდვილი ოჯახი იეჰოვას მიტოვების ფასად?

სამსახურში უფროსი ხვდებოდა, რომ სახლში ჩემი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. ის ხშირად მეპატიჟებოდა, რომ შაბათ-კვირა მასთან და მის მეუღლესთან გამეტარებინა. რამდენადაც ძალიან მიყვარდა ცხენები, მათთან ერთად ხშირად მივდიოდი საჯირითოდ. ჩემთვის ისინი მშობლებივით იყვნენ.

ერთ დღესაც ჩემმა უფროსმა მითხრა, რომ მას და მის მეუღლეს ძალიან ვუყვარდი და სურდათ, მათთან გადავსულიყავი საცხოვრებლად. მან შემომთავაზა ის, რაზედაც ყოველთვის ვოცნებობდი — ნამდვილი, თბილი ოჯახი. მაგრამ ეს ყოველივე ერთი პირობით: უნდა შემეწყვიტა ურთიერთობა იეჰოვას მოწმეებთან. დასაფიქრებლად ერთი კვირა მომცეს, მე კი ამისთვის ერთი დღეც არ მჭირდებოდა. პასუხი მაშინვე ვუთხარი. იეჰოვასგან არასოდეს ვყოფილვარ მიტოვებული და არც მე შემეძლო მისი მიტოვება.

ღვთისადმი მსახურებაში

სახლში იმდენად აუტანელი პირობები მქონდა, რომ საცხოვრებლად მამინაცვალთან გადავედი. ის ხელს მიწყობდა, რომ შესწავლა გამეგრძელებინა და 1983 წლის 17 დეკემბერს, 19 წლის ასაკში, მოვინათლე. საოცრად ბედნიერი ვიყავი, როცა ჩემი ნათლობის დღეს ედი ბესონი ვნახე. ახლა მას ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ნამდვილად იეჰოვას მოწმე ვიყავი!

მონათვლის შემდეგ ჩემმა მამინაცვალმა დამოკიდებულება შეიცვალა. როცა დამინახავდა, რომ ვლოცულობდი, ყვიროდა და ხელში რაც მოხვდებოდა, ყველაფერს მესროდა. გარდა ამისა, ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ დამატებითი განათლება მიმეღო. ეს კი ხელს შემიშლიდა ჩემი მიზნის განხორციელებაში — პიონერად, სრული დროით მაუწყებლად, გახდომაში. საბოლოოდ, მითხრა, რომ სახლიდან წავსულიყავი. მომცა 100 კანადური დოლარის ჩეკი და თან დააყოლა: „როცა ამ ფულის განაღდება დაგჭირდება, მაშინ მიხვდები, რომ იეჰოვა არ ზრუნავს შენზე“.

პიონერად მსახურება 1986 წლის 1 სექტემბრიდან დავიწყე. ეს ჩეკი კი დღემდე ხელუხლებელი მაქვს! ხანდახან რთული იყო სოფლის ტერიტორიაზე მანქანის გარეშე მსახურება. მაგრამ ადგილობრივი კრების წევრები მხარს მიჭერდნენ და ფასდაუდებელ დახმარებას მიწევდნენ.

გავიდა დრო და გავიცანი სათნო ადამიანი, რუბენ ლენსი. 1989 წელს ჩვენ დავქორწინდით. ამჟამად რუბენი უხუცესად მსახურობს მილტონში (ონტარიო, კანადა), სადაც საცხოვრებლად 2002 წელს გადავედით. ჩვენი ქორწინება უდიდესი კურთხევაა იეჰოვასგან. სრული დროით 1993 წლამდე, პირველი შვილის, ერიკას, დაბადებამდე ვმსახურობდი. სამ წელზე ოდნავ მეტი ხნის შემდეგ ვაჟი, მიკა, შეგვეძინა. ხანგრძლივი მარტოობის შემდეგ იეჰოვა ღმერთმა მაკურთხა ოჯახით, რომელსაც ისევე უსაზღვროდ უყვარს იეჰოვა, როგორც მე.

თუმცა ბავშვობის და მოზარდობის დროს პერიოდულად მოწყვეტილი ვიყავი იეჰოვას ხალხისგან, არასოდეს დამიკარგია ღვთის იმედი და სამოთხეში მარადიული სიცოცხლის რწმენა (იოანე 3:36). უზომოდ მადლიერი ვარ, რომ იეჰოვამ არ დამკარგა!

[სქოლიო]

^ აბზ. 17 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 23 გვერდზე]

ჩემი უფროსის ცხენზე.

[სურათი 23 გვერდზე]

ნელი ლენსი მეუღლესთან, რუბენთან, და შვილებთან, ერიკასთან და მიკასთან, ერთად.