არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოუცლელი მამები — მზარდი პრობლემა

მოუცლელი მამები — მზარდი პრობლემა

მოუცლელი მამები — მზარდი პრობლემა

დღითი დღე იზრდება იმ მამების რიცხვი, რომლებიც ოჯახებს ტოვებენ. 90-იანი წლების ბოლოს გაზეთმა „იუ-ეს-ეი ტუდეიმ“ შეერთებულ შტატებს „უმამო ოჯახების მსოფლიო ლიდერი“ უწოდა. თუმცა უმამო ოჯახები მარტო ამერიკის პრობლემა არ არის.

ბრაზილიაში 2000 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგად გამოვლინდა, რომ 44,7 მილიონი ოჯახიდან 11,2 მილიონ ოჯახში შვილებს დედები მეუღლის გარეშე ზრდიან. ნიკარაგუაში ბავშვების 25 პროცენტი უმამოდ იზრდება. კოსტა-რიკაში 90-იანი წლების განმავლობაში ბავშვების რიცხვი, რომელთა აღზრდაზეც მამები ოფიციალურად ამბობენ უარს, 21,1 პროცენტიდან 30,4-მდე გაიზარდა.

ამ სამი ქვეყნის სტატისტიკური მონაცემები მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმისა, თუ როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ მთელ მსოფლიოში. ახლა მოდით იმაზე ვისაუბროთ, თუ რა პრობლემები წარმოიშობა, როდესაც მამები კი არიან ოჯახში, მაგრამ შვილებისთვის ვერ იცლიან.

მამები, რომლებიც არიან და არც არიან

გთხოვთ, წაიკითხოთ ჩარჩო: „მამიკო, კიდევ როდის მოხვალ?“ 23 წლის ნაო ამბობს: «სანამ დაწყებით სკოლაში შევიდოდი, მამას იშვიათად ვხედავდი. ერთხელ, როდესაც ის სახლიდან გადიოდა, შევეხვეწე: „მამიკო, მალე დაბრუნდი, რა“».

სწორედ შვილებსა და მამებს შორის არსებულმა ასეთმა ურთიერთობებმა აღძრა პოლონელი მწერალი, პიოტრ შჩუკევიჩი, ეთქვა: „როგორც ჩანს, ბავშვებს ენატრებათ მამები“. ბევრი მამა ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ზრუნავს ცოლ–შვილის მატერიალურ მოთხოვნილებებზე. მიუხედავად ამისა, როგორც ფრანგული ჟურნალი „კაპიტალი“ იუწყება, „ძალიან ბევრი მამა მხოლოდ ოჯახის რჩენით კმაყოფილდება და საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, რომ შვილებს აღზრდაც სჭირდებათ“.

ხშირად ისეც ხდება, რომ ფიზიკურად მამა კი იმყოფება ოჯახში, მაგრამ შვილები ვერ გრძნობენ ამას. მისი გონება სხვა რამით არის დაკავებული. ‹‹მაშინაც კი, როცა [მამა] ფიზიკურად შვილებთან იმყოფება, — ნათქვამია ფრანგულ ჟურნალ „ქრისტიანულ ოჯახში“, — ფსიქოლოგიურად ის შეიძლება მათთან არ იყოს››. რატომ ხდება, რომ დღეს ბევრი მამა გონებრივად და ემოციურად შვილებისგან შორს იმყოფება?

ზემოთ მოხსენიებული ჟურნალი ამის მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ „ოჯახისთავს არ ესმის, რა შედის მის, როგორც მამის ან მეუღლის, მოვალეობაში“. ბევრი თვლის, რომ კარგი მამა იმ შემთხვევაში იქნება, თუ ოჯახს საკმარისი შემოსავლით უზრუნველყოფს. პოლონელი მწერალი იოსეფ ავგუსტინი ამბობს: „ბევრი მამა ფიქრობს, რომ კარგი მშობელია, ვინაიდან ოჯახში ფული შეაქვს“. მაგრამ ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა მამის მოვალეობის მხოლოდ ერთი მხარეა.

ფაქტია, რომ ბავშვი მამას არც იმ თანხის მიხედვით აფასებს, რაც მას ოჯახში მიაქვს და არც მის მიერ ნაყიდი ძვირფასი საჩუქრებით. სინამდვილეში, ის, რაც ბავშვს ყველაზე მეტად სჭირდება, ბევრად აღემატება მატერიალურ ნივთებს. ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მამის სიყვარული, დრო და ყურადღებაა.

ცვლილების აუცილებლობა

იაპონიის განათლების ცენტრალური საბჭოს მიერ გაკეთებულ ანგარიშში ნათქვამია: „მამებმა, რომლებიც სამსახურს გადამეტებულ ყურადღებას უთმობენ, კიდევ ერთხელ უნდა გადახედონ თავიანთ ცხოვრებას“. იბადება კითხვა: შეცვლის მამა შვილების გულისთვის თავის ცხოვრებას? ერთ გერმანულ გაზეთში (Gießener Allgemeine) გამოქვეყნებული იყო სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც მამების უმეტესობამ შვილებს კარიერა ამჯობინა.

მოზარდზე შეიძლება ძალიან იმოქმედოს მამის გულგრილობამ და უყურადღებობამ. 21 წლის პოლონელ ლიდიას დღესაც ახსოვს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მამას მისადმი მოზარდობის წლებში. ის ამბობს: „შვილებს არასოდეს გვესაუბრებოდა. ჩვენ სხვადასხვა სამყარო გვქონდა. მან არ იცოდა, რომ თავისუფალ დროს დისკოთეკაზე დავდიოდი“. 21 წლის ესპანელი მაკარენაც გულისტკივილით იხსენებს ბავშვობას: „მამა დასვენების დღეებში გართობის მიზნით მეგობრებთან ერთად სადღაც მიდიოდა და რამდენიმე დღე იკარგებოდა“.

პრიორიტეტების დადგენა

მამების უმეტესობა შეიძლება ხვდება, რომ შვილებს ძალიან მცირე დროსა და ყურადღებას უთმობს. ერთმა იაპონელმა მამამ, რომლის ვაჟიც დაახლოებით 16 წლისაა, თქვა: „იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილი გამიგებს. მასზე ყოველთვის ვფიქრობ, მაშინაც კი, როცა მისთვის არ მცალია“. და მაინც, გადაჭრის ამ პრობლემას მხოლოდ იმის იმედი, რომ შვილი გაუგებს მამას, თუ რატომ ვერ იცლის მისთვის?

უდავოა, რომ ბავშვის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დიდი ძალისხმევა — მსხვერპლის გაღებაა — საჭირო. ნათელია, ბავშვების ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების — სიყვარულის, დროისა და ყურადღების — დაკმაყოფილება იოლი არ არის. იესო ქრისტემ თქვა: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს“ (მათე 4:4). ცხადია, შვილები კარგები ვერ გაიზრდებიან, თუ მხოლოდ მათ მატერიალურ მოთხოვნილებებზე ვიზრუნებთ. მამებო, მზად ხართ, შვილებისთვის გაიღოთ ის, რაც შეიძლება ძალიან ძვირფასი იყოს თქვენთვის — დრო და, თუ საჭიროა, კარიერაც კი — რათა შვილებთან ახლოს იყოთ?

ინგლისური გაზეთი „მაინიჩი დეილი ნიუზი“ 1986 წლის 10 თებერვლის ნომერში მოგვითხრობს ერთი მამის შესახებ, რომელიც მიხვდა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი შვილები იყო. გაზეთში ნათქვამია: „იაპონიის ეროვნული რკინიგზის დეპარტამენტის უფროსი პრესტიჟულ თანამდებობას ოჯახთან ყოფნას ამჯობინებს“. გაზეთი ციტირებდა დეპარტამენტის უფროსის სიტყვებს: „ყველას შეუძლია იყოს დეპარტამენტის უფროსი, მაგრამ ჩემი შვილების მამა ჩემ გარდა ვერავინ იქნება“.

სინამდვილეში, კარგი მამა რომ ვიყოთ, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, როგორი მამა სჭირდებათ ჩვენს შვილებს. მოდით, ახლა ამ საკითხზე ვიმსჯელოთ.

[ჩარჩო 3 გვერდზე]

„მამიკო, კიდევ როდის მოხვალ?“

ასეთი კითხვა დაუსვა ხუთი წლის იაპონელმა გოგონამ, ნაომ, ერთხელ მამას, რომელიც სამსახურში მიდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ, ბავშვი იშვიათად ხედავდა მამას. ის ყოველთვის იმ დროს ბრუნდებოდა სამსახურიდან, როცა ნაოს უკვე ეძინა, და დილითაც მის გაღვიძებამდე გადიოდა სახლიდან.