არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის ცუდი გადაჭარბებულ სმაში?

რა არის ცუდი გადაჭარბებულ სმაში?

ახალგაზრდების შეკითხვები

რა არის ცუდი გადაჭარბებულ სმაში?

„მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი მეგობარი რამდენიმე საათის განმავლობაში ვსვამდით და წვეულებიდან ღამის 1 საათზე წამოვედით, ერთი ბოთლი ვისკი მაინც წამოვიღეთ. მივდიოდით სახლისკენ და თან ვსვამდით. შემდეგ, რაც მახსოვს ის იყო, რომ თენდებოდა და მხოლოდ მაშინღა მივხვდი, არასწორი გზით წამოვსულვართ. სინამდვილეში, მთავარ გზატკეცილზე გვივლია. სასწაულია, რომ მანქანა არ დაგვეჯახა“ (კლეი)*.

გადაჭარბებული სმა. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს არის, უბრალოდ, დალევა დათრობის მიზნით. შეერთებული შტატების ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისა და ალკოჰოლიზმის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშში უფრო ზუსტი განმარტებაა მოცემული. მასში ნათქვამია, რომ გადაჭარბებულ სმად „ჩვეულებრივ, ითვლება ერთ მიღებაზე ხუთი ან მეტი ჭიქის დალევა კაცებისთვის, ოთხი ან მეტის კი — ქალებისთვის“.

შეერთებული შტატების ჯანდაცვის მუშაკები გადაჭარბებულ სმას „საზოგადოების ჯანმრთელობის მთავარ პრობლემად“ მიიჩნევენ. ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის საშუალო სკოლებში ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, „13—14 წლამდე ბავშვების 25% ამტკიცებს, რომ სულ ცოტა ხუთ ჭიქას მაინც სვამენ ერთ მიღებაზე“. 15—16 წლამდე ახალგაზრდების დაახლოებით 50%-მა კი თქვა, რომ ისინიც მსგავსად იქცეოდნენ.

შეერთებულ შტატებში ჩატარებულ გამოკითხვამდე ორი კვირის განმავლობაში ხუთი

სტუდენტიდან ორს, სულ მცირე, კვირაში ერთხელ მაინც ჰქონდა გადაჭარბებით დალეული. შეერთებული შტატების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, „ალკოჰოლს იღებს დაახლოებით 10, 4 მილიონი მოზარდი, რომლებიც 12—20 წლამდე არიან. მათ შორის 5, 1 მილიონი ადამიანი დათრობამდე სვამს, 2, 3 მილიონი კი ლოთია, რომლებიც უზომოდ სვამენ, თვეში სულ ცოტა ხუთჯერ მაინც“. ავსტრალიაში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ ამ ქვეყანაში უზომოდ სმისკენ გოგონები უფრო არიან მიდრეკილნი, ვიდრე ბიჭები. ისინი დაახლოებით 13—30 ჭიქამდე სვამენ ერთ მიღებაზე!

უმეტესწილად, სასმელით ასე გატაცება სხვა ახალგაზრდების წაქეზებით ხდება. „ფართო მასშტაბებს იძენს ახალი სახიფათო ჯგუფური თამაშები, რომელთა მიზანია დათრობამდე დალევა“, — ამბობს მკვლევარი კეროლ ფალკოვსკი. ზოგი ასეთი თამაშის დროს ყველა მოთამაშისგან მოითხოვება ერთი ყლუპი მაგარი სასმელის დალევა სატელევიზიო გადაცემებისა თუ ჯგუფური საუბრების გარკვეულ მომენტში“.

გადაჭარბებული სმა საშიშია

ზოგიერთმა შეიძლება უზომოდ სმა გართობად მიიჩნიოს, მაგრამ ეს ძალიან საშიში თამაშია! ალკოჰოლის გადაჭარბებით მიღების შედეგად ტვინს ნაკლები რაოდენობის ჟანგბადი მიეწოდება. ამ დროს ორგანიზმში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები შეიძლება დაირღვეს. სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ღებინება, გონების დაკარგვა, სუნთქვის გაიშვიათება ან ნაწყვეტ-ნაწყვეტად სუნთქვა. ზოგჯერ ამას შეიძლება სიკვდილიც კი მოჰყვეს. სკოლის დამთავრებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 17 წლის კიმი წავიდა წვეულებაზე, სადაც ასეთი დევიზი იყო — „დალიე რამდენსაც შეძლებ“. 17 ჭიქის დალევის შემდეგ მან გონება დაკარგა. შემდეგ მოვიდა კიმის უფროსი და, რომელმაც სახლში წაიყვანა ის. მეორე დილით დედამ კიმი მკვდარი იპოვა.

მართალია, გადაჭარბებული სმა შეიძლება იშვიათად გახდეს სიკვდილის მიზეზი, მაგრამ ჯანმრთელობას საფრთხეს მაინც უქმნის. „ალკოჰოლმა შეიძლება სხეულის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს, — ამბობს ფსიქიატრი ჯერომ ლევინი. — ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების შედეგად, ძირითადად, ზიანდება ნერვული სისტემა, ღვიძლი და გული“. ჟურნალ „დისკავერის“ ერთ სტატიაში ნათქვამია: „ახალი გამოკვლევები აჩვენებს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც უზომოდ სვამენ, საფრთხეში იგდებენ თავს“. ეს იმიტომ ხდება, რომ ახალგაზრდების ტვინი 20—30 წლამდე ჯერ კიდევ განვითარების სტადიაშია და მათ, რომლებიც უზომოდ სვამენ, შეიძლება გონებრივი უნარი მნიშვნელოვნად დაუქვეითდეთ. ალკოჰოლის მუდმივად მიღება იწვევს ფერიმჭამელების მომრავლებას, სახის ნაადრევ დანაოჭებას, წონაში მომატებას, შინაგანი ორგანოების დაზიანებას, ალკოჰოლიზმსა და ნარკომანიას.

არსებობს კიდევ სხვა მრავალი საშიშროებაც, რაც გადაჭარბებულ სმას მოაქვს. თუ დათვრები, შეიძლება ცუდად მოპყრობის საფრთხის წინაშე დადგე. ასევე შეიძლება ადვილად გახდე ფიზიკური შეურაცხყოფისა და გაუპატიურების მსხვერპლიც კი. ამავე დროს, შენ შეიძლება სხვებსაც შეუქმნა საფრთხე — დაკარგო საკუთარ თავზე კონტროლი და ისეთი რამე გააკეთო, რის გაკეთებაც ფხიზელ მდგომარეობაში თავში აზრადაც არ მოგივიდოდა. ბიბლია იძლევა გაფრთხილებას, რომ თუ გადაჭარბებით დალევ „შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ილაპარაკებს“ (იგავები 23:33). ამას შეიძლება სამწუხარო შედეგებიც მოჰყვეს, როგორიცაა მეგობრების დაკარგვა, დაბალი აკადემიური მოსწრება, შრომისუნარიანობის დაქვეითება, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, და სიღარიბე * (იგავები 23:21).

სმის დაძალება

მიუხედავად იმ საშიშროებებისა, რომლებიც ალკოჰოლს მოაქვს, მას კარგ რეკლამას უკეთებენ და მრავალ ქვეყანაში ის ადვილად ხელმისაწვდომია. სასმელების სმა სატელევიზიო რეკლამებსა თუ ჟურნალებში მომხიბლავად არის წარმოდგენილი. მაგრამ უფრო ხშირად ახალგაზრდები თანატოლების ზეგავლენით ებმებიან გადაჭარბებული სმის მახეში.

ალკოჰოლთან დაკავშირებით ავსტრალიაში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, გამოკითხული ახალგაზრდების 36-მა პროცენტმა აღიარა — ისინი ძირითადად, იმიტომ სვამდნენ, „რომ არ ჩამორჩენოდნენ თანატოლების კომპანიას“. ღრეობის დროს თანატოლების წაქეზებით ერთი მეორეზე მიყოლებით რამდენიმე ჭიქის დალევის შემდეგ, ბუნებით მორცხვი ადამიანი შეიძლება სასმელის ზემოქმედების შედეგად იმდენად გააქტიურდეს, რომ კომპანიის სული და გული გახდეს. ასე დაემართა ახალგაზრდა ქეითს, რომელიც უზომო სმის შემდეგ სახლში კომაში ჩავარდნილი მიიყვანეს. მისი „მეგობარი“ აქეზებდა მას ასეთი სიტყვებით: „მოდი ქეით, შენ ხომ უკვე დიდი გოგო ხარ. ნუ ეპარები, დალევა ისწავლე“.

ახალგაზრდებს იმდენად ძლიერი სურვილი აქვთ, კარგი დრო გაატარონ და სხვებს არ ჩამორჩნენ, რომ გადაჭარბებით სმა, საშიშროების მიუხედავად, მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რა არჩევანს გააკეთებ?

იბადება კითხვა: შენ რა არჩევანს გააკეთებ, როდესაც საქმე დალევაზე მიდგება? თანატოლებს აჰყვები? გაიხსენე, რას ამბობს ბიბლია რომაელების 6:16-ში: „ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თავს მონებად წარუდგენთ დასამორჩილებლად, მისი მონები ხართ, რადგან მას ემორჩილებით?“ თუ თანატოლებს ყოველი შენი მოქმედების გაკონტროლების ნებას დართავ, უბრალოდ, მათი მონა გახდები. ბიბლია მოგიწოდებს, რომ გადაწყვეტილებები თავად მიიღო (იგავები 1:4). მასში მოცემულია რჩევები, რომლებიც დაგეხმარება, რომ სერიოზული შეცდომები არ დაუშვა. განვიხილოთ, რას ამბობს ბიბლია ალკოჰოლთან დაკავშირებით.

ბიბლია არც ალკოჰოლის დალევას კრძალავს და არც იმის წინააღმდეგია, რომ ახალგაზრდებმა კარგი დრო გაატარონ. მაგრამ ის გვაფრთხილებს გადაჭარბებულ სმასთან დაკავშირებით. „ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ვინც მათ ეტანება, უგუნურია“, — ნათქვამია იგავების 20:1-ში (სსგ). დიახ, ალკოჰოლმა შეიძლება ადამიანი სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდოს; მისი გავლენით ადამიანი ხმაურიანი ხდება! მართალია, მან შეიძლება წამიერი სიამოვნება მოგანიჭოს, მაგრამ, თუ გადაჭარბებით მიიღებ, „გველივით გიკბენს“ და მრავალ ფიზიკურ და ემოციურ ჭრილობას მოგაყენებს (იგავები 23:32).

ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მრავალ ქვეყანაში ალკოჰოლის მისაღებად დადგენილია მინიმალური ასაკი. ქრისტიანები ემორჩილებიან ასეთ კანონებს (ტიტე 3:1). ისინი ხომ ჩვენს დაცვას ემსახურება.

დაბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაფიქრდი იმ სულიერ ზიანზე, რომელიც უზომოდ სმას მოაქვს. იეჰოვა ღმერთს სურს, რომ ემსახურო მას „მთელი გონებით“ და არა ისეთი გონებით, რომელიც ალკოჰოლით არის გაჟღენთილი! (მათე 22:37). ღვთის სიტყვა განსჯის არა მარტო „ღვინის უზომოდ სმას“, არამედ „სმაში შეჯიბრებასაც“ (1 პეტრე 4:3). ამიტომ ვინც გადაჭარბებით სვამს, ჩვენი შემოქმედის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. უზომო სმამ შეიძლება ადამიანს ხელი შეუშალოს, რომ ღმერთთან ახლო ურთიერთობით დატკბეს.

როგორ უნდა მოიქცე, თუ უზომო სმამ გაგიტაცა? დაუყოვნებლივ მიმართე დახმარებისთვის მშობლებს ან მოწიფულ ქრისტიანს *. ლოცვით მიმართე იეჰოვა ღმერთს და სთხოვე დახმარება. ის ხომ „შემწეა გაჭირვებაში, საძებარი ფრიად“ (ფსალმუნები 45:2). რამდენადაც ალკოჰოლური სასმელების გადამეტებულად მიღება ხშირად თანატოლების ზეგავლენით ხდება, შენთვის შეიძლება აუცილებელი იყოს, რომ სერიოზული ცვლილებები მოახდინო მეგობრებისა და გართობის არჩევის საკითხში. ასეთი ცვლილებების მოხდენა არ იქნება ადვილი, მაგრამ იეჰოვას დახმარებით შეძლებ წარმატების მიღწევას.

[სქოლიოები]

^ აბზ. 12 შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთი გამოკვლევის თანახმად, „ხშირად, ვინც რვაჯერ მეტს სვამს, უფრო მეტად აცდენს გაკვეთილებს, უფრო ცუდად სწავლობს სკოლაში, უფრო მეტი გულისტკივილი ხვდება ან ფიზიკურ ტრავმას იღებს, ვიდრე ისინი, რომლებიც არ სვამენ“.

^ აბზ. 22 ზოგ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს გამოცდილი სპეციალისტის დახმარება.

[ჩარჩო/სურათი 15 გვერდზე]

გადაჭარბებული სმის ტრაგიკული შედეგები

ქვემოთ მოცემული სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, თუ რა სამწუხარო შედეგები მოაქვს გადაჭარბებულ სმას სტუდენტებს შორის შეერთებულ შტატებში:

სიკვდილიანობა: ყოველწლიურად ალკოჰოლური სასმელების გადაჭარბებული მიღების შედეგად 18—24 წლამდე ასაკის 1 400 სტუდენტი კვდება უცაბედი ტრავმით. მათ შორისაა ქუჩაში მომხდარი ავარიები.

ტრავმა: ალკოჰოლური სასმელების ზემოქმედების ქვეშ მყოფი 18—24 წლამდე ასაკის 500 000 სტუდენტი იღებს ტრავმას.

თავდასხმა: 18—24 წლის 600 000–ზე მეტი სტუდენტი ხდება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი სხვა სტუდენტების თავდასხმის მსხვერპლი.

გაუპატიურება: 18—24 წლამდე ასაკის 70 000–ზე მეტი სტუდენტი მთვრალი მამაკაცების ან შეყვარებულების გაუპატიურების მსხვერპლი ხდება.

[საავტორო უფლება]

წყარო: შეერთებული შტატების ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისა და ალკოჰოლიზმის ეროვნული ინსტიტუტი.

[სურათი 13 გვერდზე]

თანატოლებმა შეიძლება გადაჭარბებული სმისკენ გიბიძგონ.