არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

გოლიათი ყაჩაღები

როგორც ჩანს, გზატკეცილის მძარცველები მხოლოდ ადამიანები როდი არიან. „ბანგკოკ პოსტის“ თანახმად, მათ რიგებს სპილოებიც უერთდებიან. ბანგკოკის აღმოსავლეთით მდებარე ჯუნგლებიდან გზაზე გამოსული მშიერი სპილოები შაქრის ლერწმით დატვირთულ მანქანებს აჩერებენ და მათ ტკბილი ტვირთისგან „ათავისუფლებენ“. ანგ-ლუე-ნაი-ს ნაკრძალში დაახლოებით 130 სპილო ცხოვრობს. და რადგან გვალვების გამო მცენარეების რაოდენობამ იკლო, მშიერი სპილოები ჯუნგლების გარეთ გამოდიან საკვების საძებნელად. ნაკრძალის დირექტორი იუ სენატამი იტყობინება, რომ ზოგი ცხოველი პლანტაციებზეც აწყობს თავდასხმებს, ზოგი კი გულმოწყალე მძღოლების მიერ გზაზე დაყრილი შაქრის ლერწმით კმაყოფილდება.

სწავლის დაწყება არასდროს არის გვიან

„ექვსი წლის ბავშვებთან ერთად გაკვეთილზე [კენიის რიფტ-ველის პროვინციის საშუალო სკოლაში] სრულიად არაჩვეულებრივი მოსწავლის ნახვა შეიძლება, — წერს ნაირობიში გამომავალი გაზეთი „დეილი ნეიშენი“. ეს არის 84 წლის მამაკაცი, რომელიც ახლახან შეუერთდა პირველკლასელებს, რათა „ბიბლიის კითხვა ისწავლოს“. მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილიშვილები მასზე მაღალ კლასებში სწავლობენ, ის მაინც ესწრება გაკვეთილებს. „ადამიანები ბიბლიიდან რაღაც-რაღაცეების შესახებ მესაუბრებიან, და რადგან არ ვიცი, მართალს მეუბნებიან თუ არა, მინდა ეს წმინდა წინგი მე თვითონ წავიკითხო და გამოვიკვლიო“, — უთხრა მან გაზეთ „ნეიშენის“ კორესპონდენტს. ის ცდილობს, კარგად შეესაბამებოდეს სკოლის მკაცრ წესებს, ამიტომ სკოლის ფორმა აცვია და ყველა სასკოლო ნივთი დააქვს. თუმცა ზოგიერთ საკითხში სხვანაირად მოქცევაც შეუძლია. როცა სხვა მოსწავლეები ვარჯიშობენ და დარბიან, მას „უფლება აქვს, ფრთხილად დაჭიმოს თავისი კუნთები“.

დამანგრეველი მიწისძვრები 2003 წელს

„შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობების თანახმად, 2003 წელს მიწისძვრების შედეგად უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 1990 წლიდან მოყოლებულ სხვა დანარჩენ წლებში; 2003 წელს მიწისძვრები 25-ჯერ მეტად დამანგრეველი იყო, ვიდრე 2002 წელს“, — ნათქვამია ამ სააგენტოს პრეს-რელიზში. „2002 წელს მთელ მსოფლიოში მიწისძვრების შედეგად დაიღუპა 1 711 ადამიანი“, მაშინ როცა გასულ წელს დაღუპულთა რიცხვი 43 819 იყო. მათგან დაახლოებით 41 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა 26 დეკემბერს ირანის ქალაქ ბამში მომხდარმა მიწისძვრამ, რომლის მაგნიტუდაც 6,6 იყო. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელიც „უძლიერესთა“ კატეგორიაში შევიდა, იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე მოხდა 25 სექტემბერს. მისი მაგნიტუდა 8,3 იყო. ანგარიშის თანახმად, „შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ყოველდღიურად დაახლოებით 50 ბიძგს აფიქსირებს . . . ყოველ წელს მსოფლიოში ხდება საშუალოდ 18 ძლიერი მიწისძვრა (7,0—7,9 მაგნიტუდით) და ერთი უძლიერესი (8,0 ან მეტი მაგნიტუდით). ერთი წლის განმავლობაში პლანეტაზე რამდენიმე მილიონი მიწისქვეშა ბიძგი ხდება, მაგრამ მათი უმეტესობა შეუმჩნეველი რჩება, რადგან ან დაშორებულ ადგილებში ხდება, ან ძალიან დაბალი მაგნიტუდა აქვს“.

ორმოცი წლის ასაკში დედობა გახშირდა

იზრდება იმ იტალიელ ქალთა საშუალო ასაკი, რომლებიც პირველად აჩენენ შვილს. 1980 წელს 20 წლის იტალიელ მშობიარეთა რიცხვი შეადგენდა ყოველი ათასი მოსახლის 74,3-ს, მაშინ როცა 2000 წელს მათი რიცხვი მხოლოდ 20,7 იყო. ამავე პერიოდში ორმოცი წლის დედათა რიცხვი ყოველ ათას მოსახლეზე 12,2-იდან 16,1-მდე გაიზარდა. იტალიის სტატისტიკის ნაციონალური ინსტიტუტის მიერ (ისნი) მოწოდებული და გაზეთ „კორიერე დელა სერაში“ გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ქალები, უმთავრესად, არ ჩქარობენ შვილების გაჩენას. ისნი-ის თანახმად, „ადამიანებს ჯერ კარგი სამსახურის შოვნა და ცხოვრების მოწყობა სურთ; ზოგჯერ კი ბავშვს იმიტომ არ აჩენენ, რომ თავიანთი თავისუფლების შეზღუდვა არ უნდათ. ასეა თუ ისეა, ბავშვი მაინც ტვირთად და დაბრკოლებად მიაჩნიათ“.