როგორ უნდა მოვექცეთ ხანში შესულებს?
ბიბლიის თვალსაზრისი
როგორ უნდა მოვექცეთ ხანში შესულებს?
ევროპაში ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე აუტანელი სიცხე 2003 წლის ზაფხულში იდგა, რამაც ათასობით ევროპელს სიცოცხლე მოუსწრაფა. დაღუპულთაგან უმეტესობა ხანში შესული იყო. ზოგი მათგანი ოჯახის წევრებმა სახლში მარტო დატოვეს და თვითონ შვებულებით გაემგზავრნენ. ზოგი კი პანსიონატის ან საავადმყოფოს გადაღლილი პერსონალის დაუდევრობას ან უყურადღებობას შეეწირა. გაზეთ „პარიზიენში“ აღნიშნული იყო, რომ მხოლოდ პარიზში 450 უპატრონო გვამი იპოვეს. იმასთან დაკავშირებით, რომ მრავალი მარტო იყო სიკვდილის წინ და მრავალ მიცვალებულს კი პატრონიც არ გამოუჩნდა, გაზეთში დასმული იყო შეკითხვა: „რანაირ მდგომარეობაში გვიწევს ცხოვრება, რომ გვავიწყდება მამები, დედები, ბებიები და ბაბუები?“
მსოფლიოში, სადაც 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის რიცხვი უპრეცედენტოდ იზრდება — ყოველთვე 795 000 ადამიანით — ხანში შესულებზე ზრუნვა დღეს ყველაზე აქტუალური საკითხია. „გლობალური დაბერება არნახული ტემპით მიმდინარეობს და საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ უმკლავდებიან ქვეყნები ხანდაზმულთა ზრდით გამოწვეულ სირთულეებსა და შესაძლებლობებს“, — თქვა ნენსი გორდონმა, შეერთებული შტატების მოსახლეობის აღწერის ბიუროს დირექტორის მოადგილემ დემოგრაფიის საკითხებში.
ჩვენი შემოქმედიც ზრუნავს ხანში შესულებზე. ფაქტობრივად, მის სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემულია მითითებები, როგორ უნდა მოვექცეთ მათ.
პატივი ეცით ხანში შესულებს
ღვთის მიერ მოსესადმი მიცემული კანონები ხანში შესულთა პატივისცემას უწყობდა ხელს. კანონში ეწერა: „ჭაღარას წამოუდექი ფეხზე, პატივი მიაგე მოხუცს და შენი ღვთისა გეშინოდეს“ (ლევიანები 19:32, სსგ). ღვთის მორჩილი თაყვანისმცემლებისგან მოითხოვებოდა, რომ ხანში შესულების წინაშე ‘ფეხზე წამომდგარიყვნენ’ 1) მათდამი პატივისცემისა და 2) ღვთისადმი მოკრძალებული შიშის ნიშნად. ამგვარად, საჭირო იყო ხანში შესულებისადმი სათანადო პატივისცემის გამოვლენა და საზოგადოებისთვის სასარგებლო წევრებად მათი მიჩნევა (იგავები 16:31; 23:22).
მართალია დღეს ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ მოსეს რჯულის დაცვა, მაგრამ მის პრინციპებში ასახული აზრები და შეხედულებები ნათლად აჩვენებს, რომ იეჰოვა დიდად აფასებს ხანში შესულებს. ეს პრინციპები კარგად ესმოდათ პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების წევრებს. ამის დამამტკიცებელ ცნობას ვპოულობთ ბიბლიურ წიგნ „მოციქულთა საქმეებში“. იმ დროისათვის იერუსალიმელ ქრისტიანთა შორის გაჭირვებული ქვრივებიც იყვნენ. უეჭველია, ზოგიერთი მათგანი ხანში შესული იყო. მოციქულებმა დანიშნეს შვიდი „სანდო კაცი“, რათა ეზრუნათ, რომ ამ ქალებს ყოველდღიური საზრდო სათანადო სახით მიეღოთ; ისინი ასეთ მზრუნველობას მთელი კრებისთვის „საჭირო საქმედ“ მიიჩნევდნენ (საქმეები 6:1—7).
მოციქულმა პავლემ დაგვანახვა, რომ ქრისტიანულ კრებაშიც უნდა გამოყენებულიყო პრინციპი — „ჭაღარას წამოუდექი ფეხზე“. ის ახალგაზრდა ქრისტიან ზედამხედველ ტიმოთეს არიგებდა: „უფროსი ასაკის მამაკაცს მკაცრად არ უსაყვედურო. პირიქით, მოკრძალებით შეაგონე როგორც მამას . . . უფროსი ასაკის ქალს — როგორც დედას“ (1 ტიმოთე 5:1, 2). თუმცა ახალგაზრდა ტიმოთეს თავისზე უფროს ქრისტიანებზე გარკვეული უფლებამოსილება ჰქონდა, პავლე ეუბნებოდა, რომ უპატივცემულოდ არ უნდა მოპყრობოდა ხანში შესულ მამაკაცებს. პირიქით, ის ისეთი პატივისცემით მოქცეოდა, როგორც მამას; მსგავსი პატივისცემა უნდა გამოევლინა ხანში შესული ქალების მიმართაც კრებაში. ფაქტობრივად, მოციქული პავლე შეაგონებდა ტიმოთეს, ‘ჭაღარის წინაშე ფეხზე წამომდგარიყო’, რაც ქრისტიანული კრების თითოეულ წევრსაც ეხება.
რა თქმა უნდა, ღვთის მსახურებს კანონები არ სჭირდებათ, რომ ხანში შესულებისადმი პატივისცემა გამოავლინონ. განვიხილოთ იოსების მაგალითი, რომელიც ბიბლიაშია ჩაწერილი. იოსებმა სახსრები არ დაიშურა, რომ თავისი მოხუცი მამა — 130 წლის იაკობი — ეგვიპტეში ჩამოეყვანა და ამით გამძვინვარებული შიმშილისაგან ეხსნა. როდესაც ოც წელზე მეტი ხნის უნახავი მამა იოსებმა პირველად ნახა, „ყელზე მოეხვია, და დიდხანს ტიროდა მის ყელზე“ (დაბადება 46:29). მანამდე დიდი ხნით ადრე, სანამ ისრაელებს ასეთი ურთიერთობების შესახებ კანონი მიეცემოდათ, იოსებმა საქმით ცხადყო, რომ იზიარებდა ღვთის თვალსაზრისს მოხუცებისადმი თანაგრძნობისა და ღრმა პატივისცემის გამოვლენასთან დაკავშირებით.
თავისი მსახურების განმავლობაში თავად იესოც ზრუნავდა ხანში შესულ ადამიანებზე. ის მკაცრად ამხელდა რელიგიურ წინამძღოლებს, რომლებიც ამართლებდნენ რელიგიური ტრადიციების დაცვის მიზნით ხანში შესული მშობლების უგულებელყოფას (მათე 15:3—9). იესო აგრეთვე სიყვარულით ზრუნავდა საკუთარ დედაზე. წამების ძელზე ტკივილებისგან გატანჯულმა ხანში შესული დედა თავის საყვარელ მოციქულს, იოანეს, ჩააბარა (იოანე 19:26, 27).
ღმერთი არასოდეს მიატოვებს თავის ერთგულებს
ფსალმუნმომღერალი ლოცულობდა: „ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, უძლურების დროს ნუ მიმატოვებ“ (ფსალმუნები 70:9). ღმერთი არ ‘უკუაგდებს’ თავის ერთგულ მსახურებს მაშინაც კი, როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ აღარაფერში გამოდგებიან. ფსალმუნმომღერალი არ გრძნობდა თავს იეჰოვასგან მიტოვებულად; პირიქით, მას შეგნებული ჰქონდა, რომ უნდა მინდობოდა შემოქმედს, განსაკუთრებით კი სიბერეში. ასეთ ერთგულ მსახურებს იეჰოვა მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში უჭერს მხარს (ფსალმუნები 17:26). ხშირად ასეთი მხარდაჭერა თანაქრისტიანების საშუალებით ვლინდება.
ზემოხსენებული თვალსაზრისიდან ნათლად ჩანს, რომ ყველამ, ვისაც სურს ღმერთს პატივი მიაგოს, ხანში შესულების მიმართ პატივისცემა უნდა გამოავლინოს. ჩვენი შემოქმედის თვალში მოხუცები მართლა ძვირფასნი არიან. ჩვენ მის მსგავსად ვართ შექმნილები, ამიტომ მოდი ყოველთვის ისე მოვექცეთ „ჭაღარას“, როგორც ამას თავად ღმერთი აკეთებს (ფსალმუნები 70:18).
[სურათი 31 გვერდზე]
ქრისტიანები ხანში შესულებს პატივისცემით უნდა მოექცნენ.