არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საბავშვო ბაღი სათამაშოების გარეშე

საბავშვო ბაღი სათამაშოების გარეშე

საბავშვო ბაღი სათამაშოების გარეშე

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის გერმანიიდან

ერთ მშვენიერ დილას, როცა პატარებმა საბავშვო ბაღს მიაშურეს, აღმოაჩინეს, რომ ავეჯის გარდა ოთახებში აღარაფერი იყო. ისინი ამაოდ ეძებდნენ თოჯინებს, სათამაშო მოწყობილობებსა თუ რბილ სათამაშოებს. აღარც წიგნები იყო და აღარც ასაწყობი კუბები. მაკრატელი და ქაღალდიც სადღაც გამქრალიყო. ყველა სათამაშო გაეტანათ ბაღიდან და სამი თვის განმავლობაში მათ დაბრუნებას არავინ აპირებდა. ნეტავ რა მოხდა?

ეს საბავშვო ბაღი ერთ-ერთია ავსტრიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში პოპულარული იმ საბავშვო ბაღებიდან, რომლებიც მონაწილეობენ შესანიშნავ ნოვატორულ პროექტში სახელწოდებით „საბავშვო ბაღი სათამაშოების გარეშე“. რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ევროკავშირის ჯანდაცვის ექსპერტებისგან რეკომენდებული ამ პროექტის მიზანია, რომ ბავშვები მატერიალურ საგნებზე არ იყვნენ დამოკიდებულები. გასულ წლებში ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, ადამიანები ნაკლებად ხდებიან რაიმეზე დამოკიდებული, თუ ახალგაზრდობაშივე ივითარებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩვევებს. ამაში შედის „სხვებთან ურთიერთობისა და კონტაქტის ადვილად დამყარების უნარი, კონფლიქტების მოგვარება, სხვებთან საქმიანი ურთიერთობისას პასუხისმგებლობის აღება, გონივრული მიზნების დასახვა, პრობლემების ამოცნობა, დახმარების მიღება და გამოსავლის პოვნა“, — ნათქვამია ერთ გაზეთში. ამ პროგრამის მხარდამჭერთა განცხადების თანახმად, ასეთი ჩვევები ადრეულ ასაკში უნდა განვითარდეს და სათამაშოების გარეშე გატარებული პერიოდი ზუსტად ამ მიზანს ემსახურება, რადგან ხელს უწყობს წარმოსახვის უნარისა და თვითრწმენის განვითარებას.

სამი თვის განმავლობაში სათამაშოების არქონა დიდი სიფრთხილით იგეგმება და ორივე მშობელთან და ბავშვებთან ერთად წყდება. თავდაპირველად, ზოგმა ბავშვმა არ იცის, რა გააკეთოს სათამაშოების გარეშე. სტატიის თანახმად, „პირველი ოთხი კვირის განმავლობაში ისინი ძალიან ცელქობენ“ და პროექტის ავტორებმა აღარ იციან, რა მოიმოქმედონ. მაგრამ ბავშვები სწავლობენ, როგორ მოერგონ სიტუაციას და გამოიყენონ შემოქმედებითი უნარი. რადგან სათამაშოები არა აქვთ, ბავშვები მსჯელობენ, გეგმებს აწყობენ და ბევრს თამაშობენ ერთად, რითაც იუმჯობესებენ ურთიერთობისა და საუბრის ჩვევებს. ზოგმა კი, ვინც ადრე ერიდებოდა სხვებთან ურთიერთობას და მხოლოდ თავისი სათამაშოებით ერთობოდა, მეგობრები შეიძინა. მშობლებმაც აგრეთვე დადებითი ცვლილებები შენიშნეს შვილებში. მათ აღნიშნეს, რომ თამაშის დროს ბავშვები კარგად იქცეოდნენ და შემოქმედებითი უნარიც მეტად განუვითარდათ.