არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩევანი, წამოჭრილი კითხვები

არჩევანი, წამოჭრილი კითხვები

არჩევანი, წამოჭრილი კითხვები

წარმოიდგინეთ, როგორ ნერვიულობს წყვილი, რომელსაც უნდა შვილის ყოლა, მაგრამ არ უჩნდება. ისინი დახმარებისთვის ექიმს მიმართავენ. მათ სთავაზობენ მრავალ მეთოდს, რომელთა საშუალებითაც შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. აქვს მნიშვნელობა რომელ მეთოდს აირჩევენ ისინი?

დღეს უშვილო წყვილებს აქვთ ისეთი ალტერნატივები, რომლებიც ათეული წლების წინათ, უბრალოდ, არ არსებობდა. მაგრამ არჩევნის გაკეთების შესაძლებლობების ზრდასთან ერთად იბადება სერიოზული კითხვა — რა შეიძლება ითქვას დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის ეთიკურ და მორალურ მხარეზე? ამ საკითხის განხილვამდე, მოდი ვნახოთ, როგორია რეპროდუქციულ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის თვალსაზრისი.

რას ამბობენ რელიგიური ჯგუფები?

1987 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ გამოსცა დოკუმენტი, რომელშიც განხილული იყო რეპროდუქციული ტექნოლოგიის მორალური მხარე. განაცხადში, რომელიც Donum Vitae–ს („სიცოცხლის ძღვენი“) სახელით არის ცნობილი, აღნიშნული იყო, რომ თუ სამედიცინო პროცედურები ეხმარება ცოლ–ქმარს ბუნებრივი ჩასახვის საშუალებით შვილის ყოლაში, ის შეიძლება ზნეობრივად მისაღებად ჩაითვალოს. მეორე მხრივ, ამავე დოკუმენტში აღინიშნებოდა, რომ თუ სამედიცინო პროცედურა ბუნებრივი ჩასახვის შემცვლელია, ასეთი მკურნალობა ზნეობრივად მიუღებელია. ამ თვალსაზრისის თანახმად, დახშული ფალოპიუსის მილების გამავლობის აღდგენა და უნაყოფობის სამკურნალოდ წამლების გამოყენება ზნეობრივად მისაღებად ჩაითვლებოდა, მაგრამ სინჯარაში განაყოფიერება — არა.

მომდევნო წელს შეერთებული შტატების კონგრესის კომიტეტმა რეპროდუქციულ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით რელიგიური ჯგუფების თვალსაზრისის გასაგებად გამოკითხვა ჩაატარა. ბოლო მონაცემებმა ცხადყო, რომ უმრავლესობისთვის მისაღები იყო მკურნალობის ტრადიციული მეთოდები, ქმრის სპერმის გამოყენებით ხელოვნური დათესლვა და ხელოვნური განაყოფიერება ანუ განაყოფიერება in vitro იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებული კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ცოლ-ქმრის იქნებოდა. გარდა ამისა, გამოკითხულ რელიგიურ ჯგუფთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ემბრიონების განადგურება, დონორის სპერმატოზოიდის გამოყენებით ხელოვნური დათესლვა და სუროგატი დედობა ზნეობრივად მიუღებელია *.

1997 წელს ეკლესიისა და საზოგადოების ევროპის ეკუმენიკურმა კომისიამ (ესეეკ), რომელშიც შედიან პროტესტანტები, ანგლიკანური და მართლმადიდებელი ეკლესიები, მემორანდუმში აღნიშნა, რომ რეპროდუქციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მათ შორის სხვადასხვაგვარი შეხედულება არსებობს. ამ დოკუმენტში ხაზგასმული იყო თითოეული ადამიანის სინდისისა და პირადი პასუხისმგებლობის როლი და აღინიშნებოდა: „როგორც ჩანს, ესეეკ–ის წევრ ეკლესიებს შორის ერთსულოვნება არ შეინიშნება. პირიქით, მათ შორის მრავალი სხვადასხვაგვარი თვალსაზრისი არსებობს“.

აშკარაა, რომ რეპროდუქციულ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით არსებული შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღიარებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით „გამუდმებით იბადება სოციალურ თუ ზნეობრივ–ეთიკურ ნორმებთან და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული კითხვები“. რეპროდუქციული ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, რა ფაქტორები უნდა მიიღონ ადამიანებმა მხედველობაში?

რა კითხვები წამოიჭრება?

ძირითადი ფაქტორი, რომელიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული — ადამიანის ემბრიონის სტატუსია. ეს ფაქტორი დაკავშირებულია მნიშვნელოვან კითხვასთან: როდის იწყება სიცოცხლე — ჩასახვისას თუ ორსულობის პერიოდში? ამ პასუხზე ნამდვილად იქნება დამოკიდებული გადაწყვეტილება, რომელსაც მრავალი ცოლ–ქმარი მიიღებს უნაყოფობის მკურნალობასთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ სჯერათ, რომ სიცოცხლე ჩასახვისას იწყება, მაშინ წამოიჭრება მნიშვნელოვანი კითხვები, რომლებიც მათ მხედველობაში უნდა მიიღონ.

● უნდა მისცეს თუ არა წყვილმა ექიმებს იმის უფლება, რომ გაანაყოფიერონ იმაზე მეტი კვერცხუჯრედი, რომელსაც ქალს ჩაუნერგავდნენ? (ექიმები განაყოფიერებულ კვერცხუჯრედებს ინახავენ, რათა შემდგომში გამოიყენონ).

● რა ბედი ეწეოდა ამ შენახულ ემბრიონებს თუ წყვილი მომავალში ვერ შეძლებდა ან არ ისურვებდა მეტი შვილის ყოლას?

● რას უზამდნენ შენახულ ემბრიონებს თუ ცოლ–ქმარი გაიყრებოდა ან ერთ–ერთი მათგანი მოკვდებოდა?

● ვინ აიღებდა საკუთარ თავზე ასეთი ემბრიონების განადგურების მძიმე პასუხისმგებლობას?

საკითხს, თუ რა უყონ შენახულ და გამოუყენებელ ემბრიონებს, ზერელედ არავინ უნდა მოეკიდოს. ზოგ ქვეყანაში ახლა უკვე კანონით მოითხოვება, რომ წყვილმა წერილობითი სახით წარადგინოს თავისი ნება იმასთან დაკავშირებით, თუ რა უყონ ემბრიონებს — შეინახონ ისინი, მისცენ სხვა ქალს, გამოკვლევისთვის გამოიყენონ თუ გაანადგურონ. წყვილმა უნდა იცოდეს, რომ ზოგან ეთიკური თვალსაზრისიდან გამომდინარე მისაღებად ითვლება, რომ კლინიკებმა ყოველგვარი წერილობითი ნებართვის გარეშე გაანადგურონ შენახული ემბრიონები, თუ მათ ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არავინ მოიკითხავს. დღეს მთელი მსოფლიოს კლინიკებში ასობით ათასი ემბრიონია გაყინულ მდგომარეობაში შენახული.

წყვილმა მხედველობაში უნდა მიიღოს კიდევ ერთი ფაქტორი — მათ შეიძლება ურჩიონ, გამოუყენებელი ემბრიონი ღეროვანი უჯრედების გამოსაკვლევად მისცენ ექიმებს. მაგალითად, უნაყოფობასთან ბრძოლის ამერიკის ასოციაცია წყვილებს მოუწოდებდა, შენახული ემბრიონები, რომლებიც არ გამოუყენებიათ, შესასწავლად მკვლევარებისთვის მიეცათ. ღეროვანი უჯრედების გამოკვლევის ერთ–ერთი მიზანი დაავადებების სამკურნალოდ ახალი გზების გამონახვაა. მაგრამ კვლევის ამ მეთოდზე ბევრს დავობენ, რადგან ებრიონიდან ღეროვანი უჯრედების ამოცლა, ფაქტობრივად, ემბრიონის განადგურებაა *.

ახალ გენეტიკურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით წამოიჭრება კიდევ სხვა ეთიკური ხასიათის კითხვები. მაგალითად, განვიხილოთ ჩანასახის პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკის (პგდ) საკითხი (იხილეთ ჩარჩო „რა შეიძლება ითქვას პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკის შესახებ?“). ამ მეთოდის გამოყენებისას ხდება ემბრიონების გენეტიკური გამოკვლევა, შემდეგ კი საშვილოსნოში ჩასანერგად ერთ–ერთი ემბრიონის შერჩევა; ემბრიონისა, რომლიდანაც განვითარდება, ვთქვათ, სასურველი სქესის ბავშვი ან რომელიც არ შეიცავს რომელიმე მემკვიდრული დაავადების მატარებელ გენს. კრიტიკოსები იძლევიან გაფრთხილებას, რომ პგდ–მ შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე სქესის დისკრიმინაცია ან დროთა განმავლობაში გამოკვლევის ეს მეთოდი შეიძლება წყვილებმა იმისათვის გამოიყენონ, რომ თავიანთი შვილისთვის შეირჩიონ გენეტიკური თავისებურებები, მაგალითად, ისეთი გენები, რომლებიც განაპირობებენ სასურველ თმას ან თვალის ფერს. პგდ–ს დანერგვა ბადებს ეთიკური ხასიათის კითხვას: რა ბედი ეწევა ემბრიონებს, რომლებსაც საშვილოსნოში ჩასანერგად არ აირჩევენ?

იმოქმედებს ქორწინებაზე?

უნაყოფობის მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდზე ფიქრისას, ყურადღება უნდა მიექცეს კიდევ ერთ საკითხს. როგორ იმოქმედებს ქორწინებაზე სუროგატი დედის ყოლა ან დონორის მიერ გაღებული სპერმატოზოიდისა თუ კვერცხუჯრედის გამოყენება? ზოგჯერ ბავშვის გაჩენის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებაში ჩართულია მესამე (ერთი დონორი), მეოთხე (ორი დონორი) და მეხუთე ადამიანი (ორი დონორი და სუროგატი დედა).

სხვისი გენეტიკური მასალის გამოყენებისას, პროცესში მონაწილე ადამიანებმა მხედველობაში უნდა მიიღონ სხვა ფაქტორებიც.

● რა ემოციურ გავლენას იქონიებს ამგვარად ბავშვის გაჩენა მშობლებზე იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ–ერთი მათგანი, ან არცერთი, არ არის ბავშვის გენეტიკური მშობელი?

● როგორი იქნება თქვენი ვაჟის ან ქალიშვილის რეაქცია, როდესაც გაიგებს, რომ ამგვარი უჩვეულო ჩასახვის შედეგად არის გაჩენილი?

● უნდა იცოდეს თუ არა ბავშვმა სინამდვილე საკუთარი მშობლების შესახებ და უნდა მიეცეს თუ არა იმის ნება, რომ მოძებნოს თავისი ბიოლოგიური დედა ან მამა?

● რა მორალური და კანონიერი უფლებები თუ მოვალეობები აქვს იმ ადამიანს (ან ადამიანებს), რომელმაც გენეტიკური მასალა გაიღო?

რა შეიძლება ითქვას ანონიმურობასთან დაკავშირებით?

მრავალ ქვეყანაში საიდუმლოდ ინახავენ, თუ ვინ არიან დონორები. ხელოვნურად განაყოფიერებისა და ადამიანის ემბრიოლოგიის კომიტეტი, რომელიც ბრიტანეთში ადამიანის რეპროდუქციული მასალის გამოყენებას უწევს კონტროლს, აღნიშნავს: „იმ გამონაკლისის გარდა, როდესაც შეგნებულად ხდება დონორის (ან დონორების) ნაცნობთა წრეში შერჩევა, საიდუმლოდ რჩება როგორც წყვილისთვის, ისე იმ ბავშვისთვის, რომელიც ამგვარად დაიბადება, თუ ვინ არის ან ვინ იყო კვერცხუჯრედისა თუ სპერმატოზოიდის დონორი“.

მაგრამ ამგვარად ანონიმურობის შენახვა ზოგ ქვეყანაში ცხარე დებატების საგანი გახდა. ამ მიზეზის გამო ზოგი ქვეყნის კანონებში ან აღნიშნული საკითხისადმი მიდგომაში შესაბამისი ცვლილებები იქნა შეტანილი. ადამიანები, რომლებიც ანონიმურობის წინააღმდეგ გამოდიან, აღნიშნავენ, რომ ბავშვმა უნდა იცოდეს, თავისი წარმომავლობის შესახებ. ერთ ცნობაში ნათქვამია: „ნაშვილებ ხალხთა 80 პროცენტი ეძებს თავის ბიოლოგიურ მშობლებს. მრავალი მათგანი ამას თავისი წარმომავლობის შესახებ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად აკეთებს, როგორც ეს ადამიანთა უმეტესობისთვის არის დამახასიათებელი. თითქმის 70 პროცენტს აინტერესებს სამედიცინო ხასიათის მნიშვნელოვანი ცნობები — როგორია თავიანთი ნამდვილი მშობლების მემკვიდრული თავისებურებები.

დონორის მიერ გაღებული სპერმატოზოიდის განაყოფიერების შედეგად განვითარებული 16 სრულწლოვანი ადამიანის ინტერვიუზე დაფუძნებული სხვა ცნობის თანახმად, „მრავალი შოკში ჩავარდა, როდესაც თავისი ბიოლოგიური წარმომავლობის შესახებ გაიგო“. ამ ცნობაში აგრეთვე აღნიშნული იყო: „მრავალ ბავშვს პრობლემად ჰქონდა ქცეული იმის არ ცოდნა, თუ ვინ იყო სინამდვილეში და ისინი თავს მიტოვებულად გრძნობდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ უახლოესმა ადამიანებმა მოატყუეს და უღალატეს“.

რა გადაწყვეტილებას მიიღებთ თქვენ?

ცხადია, რეპროდუქციული ტექნოლოგია შემდგომში უფრო განვითარდება. ზოგიერთის აზრით, მომავალში დაბადებულ ბავშთა 30 პროცენტი ამ ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად იქნება განვითარებული. რეპროდუქციულ ტექნოლოგიასთან დაკავშირებული მორალურ–ეთიკური ხასიათის დებატები კვლავაც გაგრძელდება.

ჭეშმარიტი ქრისტიანები ყურადღებას ამახვილებენ უფრო მნიშვნელოვან ფაქტორზე — როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი შემოქმედის, რეპროდუქციული ფუნქციის დამაარსებლის, თვალსაზრისი (ფსალმუნები 35:10). ცხადია, ბიბლიაში უშუალოდ არაფერია თანამედროვე რეპროდუქციულ ტექნოლოგიაზე ნათქვამი, რადგან ასეთი პროცედურები ბიბლიურ დროში არ არსებობდა. მაგრამ ბიბლიაში ნათლად არის გადმოცემული პრინციპები, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით ღვთის დამოკიდებულებასა და თვალსაზრისს გვიჩვენებს (იხილეთ ჩარჩო „რას ამბობს ბიბლია?“). ასეთი პრინციპები გვეხმარება ეთიკური და მორალური თვალსაზრისიდან გამომდინარე სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და ღვთის წინაშე სუფთა სინდისის შენარჩუნებაში (1 ტიმოთე 1:5).

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 ერთ ლექსიკონში სუროგატი დედა აღიწერება როგორც „ქალი, რომელიც, ჩვეულებრივ, ხელოვნური დათესლვის გამოყენებით ან განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ქირურგიული გზით ჩანერგვის საშუალებით ორსულდება იმ მიზნით, რომ გაჩენილი ბავშვი შემდეგ სხვა ქალს მისცეს“.

^ აბზ. 16 იხილეთ სტატიათა სერია: „ღეროვანი უჯრედები — სად არის ზღვარი, რომელსაც ადამიანები არ უნდა გასცდნენ?“ სტატია მოცემულია 2002 წლის 22 ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“–ში (რუს.).

[ჩარჩო/სურათი 8 გვერდზე]

რა არის პრეემბრიონი?

სიტყვა „პრეემბრიონი“ მიუთითებს ცოცხალი ორგანიზმის განვითარების სტადიაზე ჩასახვის მომენტიდან პირველი 14 დღის ჩათვლით. ამ პერიოდის გავლის შემდეგ მას მერვე კვირის ბოლომდე ემბრიონი ეწოდება. შემდეგ კი — ნაყოფი. რატომ გამოიყენება სიტყვა „პრეემბრიონი“?

„სოციოლოგიისა და სოციალური პოლიტიკის საერთაშორისო ჟურნალის“ თანახმად, ეს სიტყვა „გამოიყენება როგორც ლოგიკური საფუძველი, რომელიც ადამიანის ემბრიონის გამოკვლევის საშუალებას იძლევა“ ჩასახვიდან პირველი 14 დღის განმავლობაში. ერთ–ერთ ნაშრომში ნათქვამია: „თუ ემბრიონს განვმარტავდით, როგორც სტრუქტურას, რომლისგანაც ბავშვი ვითარდება, მაშინ აღსანიშნავია, რომ მისი პირველი ელემენტები სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედთან შერწყმის შემდეგ დაახლოებით ორ კვირამდე არ ვითარდება“. მაგრამ შეიძლება პრეემბრიონი, უბრალოდ, უჯრედთა გროვად იქნეს მიჩნეული და მხოლოდ გამოკვლევებისთვის გამოსადეგ მასალად ჩაითვალოს? განვიხილოთ, რა ხდება სინამდვილეში ამ ორი კვირის განმავლობაში.

კვერცხუჯრედში სპერმატოზოიდის შეჭრის შემდეგ კაცისა და ქალის ქრომოსომებს დაახლოებით 24 საათი სჭირდებათ იმისათვის, რომ ერთმანეთს შეერწყან. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში უჯრედი იყოფა. განაყოფიერებიდან ოთხ–ხუთ დღეში უჯრედული გროვიდან ვითარდება სფეროსებრი ბუშტუკი, (ის ჯერ კიდევ ქინძისთავის თავზე პატარაა), რომელსაც აქვს გარე უჯრედული შრე და შიგა უჯრედული მასა. ასეთ მდგომარეობაში მას ბლასტოცისტი ეწოდება. გარე უჯრედული შრის უმეტესობიდან არ ვითარდება ემბრიონის ქსოვილები. მაგრამ შიგა უჯრედული მასისგან ვითარდება ბავშვი.

განაყოფიერებიდან დაახლოებით ერთ კვირაში ხდება საშვილოსნოში ჩანერგვა. ბლასტოცისტი ემაგრება საშვილოსნოს კედელს და იწყება პლაცენტის განვითარება, რომლის საშუალებითაც მოხდება დედის სისხლის მიმოქცევის სისტემიდან ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდება და ნაყოფიდან ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების გამოყოფა. ერთ–ერთი წიგნის თანახმად, დაახლეობით მეცხრე დღისთვის შიგა უჯრედული მასა იწყებს „ახალი ადამიანის ორგანიზმის შენებას“ (Incredible Voyage—Exploring the Human Body). ეს ნაშრომი დასძენს: „მომდევნო ხუთი–ექვსი დღის განმავლობაში ამ დაახლოებით 20–მა უჯრედმა უნდა განიცადოს მთელი რიგი გარდაქმნები — რეორგანიზება და დიფერენციაცია, რათა შექმნას ნამდვილი ემბრიონის პირველი სტრუქტურული ელემენტი“. ამგვარად, მეორე კვირის დასასრულისთვის გამოჩენას იწყებს ეს „პირველი სტრუქტურული ელემენტი“, რომლისგანაც საბოლოოდ ცენტრალური ნერვული სისტემა ყალიბდება.

ამ ეტაპობრივი მოსამზადებელი პროცესის გამო, რომელიც ემბრიონის განვითარების ადრეულ სტადიებზე ხდება, ზოგი ამტკიცებს, რომ „არ არსებობს ისეთი ბიოლოგიური მოვლენა ან მომენტი, რომელიც შეიძლება ადამიანის ახალი ემბრიონის წარმოშობის აღმნიშვნელად ჩაითვალოს“.

ჭეშმარიტ ქრისტიანებს კი სჯერათ, რომ სიცოცხლე ჩასახვისას იწყება. ის ფაქტი, რომ განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს უკვე აქვს იმის უნარი, რომ ააგოს პლაცენტა, ჩაინერგოს საშვილოსნოში, კავშირი დაამყაროს დედის სისხლის მიმოქცევის სისტემასთან და სხვა, მათ აღძრავს უფრო მეტად იყვნენ აღტაცებულნი თავიანთი ზეციერი კონსტრუქტორით, იეჰოვა ღმერთით.

[სურათი]

ადამიანის ემბრიონი მესამე დღეს (გადიდებულია დაახლოებით 400–ჯერ).

[საავტორო უფლება]

Courtesy of the University of Utah Andrology and IVF Laboratories.

[ჩარჩო/სურათი 9 გვერდზე]

რა შეიძლება ითქვას პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკის შესახებ?

პრეიმპლანტაციური დიაგნოსტიკა არის ახალი მიმართულება ხელოვნური განაყოფიერების სფეროში. მასში შედის ემბრიონების გენეტიკური ანალიზი და საშვილოსნოში ჩასანერგად მათ შორის ერთ-ერთის შერჩევა. ამ მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას, რეპროდუქციულ ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ წიგნში აღნიშნულია:

«მალე [მეცნიერები] შეძლებენ წინასწარ განსაზღვრონ ემბრიონის ფიზიკური, ინტელექტუალური და, შესაძლოა, ემოციური და სოციალური თავისებურებებიც კი. ამგვარად, არც ისე შორსაა დრო, როდესაც მშობლებს შეეძლებათ თავიანთი შვილებისთვის სასურველი თავისებურებების შერჩევა. მრავალი ადამიანი დაუჭერდა მხარს პრეიმპლანტაციური გენეტიკური შერჩევა გამოეყენებინათ წყვილებს, რომლებიც საშინელი მემკვიდრული დაავადებების მატარებლები არიან, მაგრამ ბევრი არ მოიწონებდა ამ ტექნოლოგიის იმ წყვილების მიერ გამოყენებას, რომლებსაც სურთ ამა თუ იმ სქესის — ან მომავალში, როცა ამის შესაძლებლობა შეიქმნება — ამა თუ იმ ფერის თვალებისა თუ მუსიკალური ნიჭის ან სიმაღლის შერჩევა.

პრეიმპლანტაციურ გენეტიკასთან, ისევე როგორც მრავალ სხვა ტექნოლოგიასთან, დაკავშირებით წამოიჭრება კითხვა: უნდა გააკეთოს თუ არა ადამიანმა რაღაცა მხოლოდ იმიტომ, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია? . . ჩვენ ვდგავართ დილემის წინაშე: სად არის ზღვარი, — თუ ის საერთოდ არსებობს — მაღალი ტექნოლოგიების „მოლიპულ ფერდობზე“»? (Choosing Assisted Reproduction—Social, Emotional and Ethical Considerations).

[ჩარჩო/სურათი 10 გვერდზე]

რას ამბობს ბიბლია?

ცხადია, ბიბლიაში არაფერია პირდაპირ ნათქვამი თანამედროვე დამხმარე რეპროდუქციულ პროცედურებზე. მაგრამ ის გვამცნობს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ღვთის თვალსაზრისს. და ორ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის ცოდნა ჭეშმარიტ ქრისტიანებს სწორი, ღვთის მოსაწონი, გადაწყვეტილების მიღებამდე მიიყვანს.

როდის იწყება ადამიანის სიცოცხლე? ბიბლია ცხადყოფს, რომ სიცოცხლე ჩასახვისას იწყება. ყურადღება მიაქციეთ ფსალმუნმომღერალი დავითის სიტყვებს, რომლებიც მან ღვთის შთაგონებით წარმოთქვა: „ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავლისა ჩემისა“ (ფსალმუნები 138:16). განვიხილოთ აგრეთვე გამოსვლის 21:22, 23, სადაც ორიგინალის ენა მიუთითებს, რომ ადამიანს, რომელიც ზიანს მიაყენებდა ჯერ კიდევ არშობილ ბავშვს, პასუხი უნდა ეგო. აქედან შეგვიძლია ვისწავლოთ, რომ სიცოცხლე, საშვილოსნოში განვითარების ადრეულ ეტაპებზეც კი, ძვირფასია ჩვენი შემოქმედის თვალში. ღვთის თვალსაზრისიდან გამომდინარე ემბრიონის განზრახ განადგურება, აბორტის გაკეთების ტოლფასია *.

არის თუ არა რაიმე აკრძალვა ადამიანის მიერ რეპროდუქციული უნარის გამოყენებასთან დაკავშირებით? ღვთის თვალსაზრისის პოვნა შესაძლებელია ლევიანების 18:20-ში, სადაც ნათქვამია: „შენი მოყვასის ცოლთან არ დაწვე თესლის დასაღვრელად, რადგან გაუწმიდურდები მისით“. ამ ბიბლიურ მითითებაში შემდეგი პრინციპია ჩადებული — მამაკაცის თესლი თავისი ცოლის კვერცხუჯრედის განაყოფიერების გარდა, სხვა მიზნით არ უნდა გამოყენებულიყო, და ქალს თავისი ქმრის გარდა, სხვა კაცის შვილი არ უნდა გაეჩინა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეპროდუქციული უნარი ქორწინების გარდა სხვაგან არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ამიტომ ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის მიუღებელია სუროგატი დედობა და ისინი ერიდებიან ნებისმიერ პროცედურას, რომელშიც დონორის მიერ გაღებული სპერმატოზოიდი, კვერცხუჯრედი ან ემბრიონია გამოყენებული *.

დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ჭეშმარიტმა ქრისტიანმა გულმოდგინედ უნდა გამოიკვლიოს, რა არის ამ საკითხის შესახებ ღვთის თვალსაზრისზე ბიბლიაში ნაჩვენები *. ბოლოს და ბოლოს ხომ ის არის ქორწინებისა და ოჯახური ცხოვრების შემოქმედი (ეფესოელები 3:14, 15).

[სქოლიოები]

^ აბზ. 55 1990 წლის 8 ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში იხილეთ სტატია: „ბიბლიის თვალსაზრისი — როდის იწყება ადამიანის სიცოცხლე?“ (რუს.).

^ აბზ. 56 იხილეთ 1993 წლის 8 აპრილის „გამოიღვიძეთ!“-ში სტატიები „ბიბლიის თვალსაზრისი — სუროგატი დედა, როგორი თვალსაზრისი აქვთ ქრისტიანებს ამის შესახებ?“ (რუს.) და 1974 წლის 8 აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“-ში „ბიბლიის თვალსაზრისი — იწონებს თუ არა ღმერთი ხელოვნურ დათესლვას?“ (ინგლ.).

^ აბზ. 57 დამატებითი ინფორმაციის პოვნა in vitro განაყოფიერების შესახებ, სადაც ქმრის სპერმატოზოიდსა და ცოლის კვერცხუჯრედს იყენებენ, შეგიძლიათ 1981 წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკის“ „მკითხველთა შეკითხვებში“ (ინგლ.).

[სურათი 7 გვერდზე]

შენახული გაყინული ემბრიონები

[საავტორო უფლება]

© Firefly Productions/CORBIS