ბავშვებისათვის კითხვა სასარგებლოა
ბავშვებისათვის კითხვა სასარგებლოა
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის პოლონეთიდან
პოლონეთში ყოველწლიურად ეწყობა კამპანია, სახელწოდებით, „მთელი პოლონეთი ბავშვებს უკითხავს“. ამ კამპანიის ორგანიზატორები ამბობენ: „კითხვა აუცილებელია ბავშვის ცოდნისა და ინტელექტის ასამაღლებლად. . . ის საგანძურის — სიბრძნის — გასაღებია“. თუ ეს სიმართლეა, მაშ რატომ მიიჩნევს ბევრი კითხვას არასასიამოვნო ვალდებულებად?
ამ კამპანიის ორგანიზატორები აღნიშნავენ: „კითხვის ჩვევა და წიგნების სიყვარული ბავშვებს პატარაობიდანვე უნდა ჩაუნერგოთ“. ისინი მოუწოდებენ მშობლებს: „თუ გინდათ, რომ თქვენი შვილები იყვნენ გონიერნი და წარმატებულნი სკოლასა და ცხოვრებაში, ყოველდღე 20 წუთი ხმამაღლა უკითხეთ“.
მშობლებს აგრეთვე ურჩევენ, რომ არ გადადონ ეს საქმე და „რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან უკითხონ შვილებს“. რა ასაკიდან შეიძლება ამის გაკეთება? „უკითხეთ ჩვილობიდანვე, მოეფერეთ, გაუღიმეთ და თქვენი ხმის გაგონებით ბავშვს ინტერესი აღუძარით“ — მოუწოდებენ მშობლებს. „ამგვარად, ბავშვის გონებაში კითხვა მყარად ასოცირდება მშობელთან სიახლოვის, უსაფრთხოებისა და კმაყოფილების გრძნობასთან. ამასთანავე, კითხვა ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას“.
ამ კამპანიის ორგანიზატორები ხაზგასმით ამბობენ, რომ „კითხვა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“ და კითხვის სხვა სასარგებლო მხარეებსაც აღნიშნავენ. ხმამაღლა კითხვა ბავშვებს ფიქრისკენ აღძრავს, „ის მათ ადამიანების, გარე სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობაში ეხმარება. . . აღუძრავს ინტერესს, უვითარებს წარმოსახვის უნარს, ხელს უწყობს მათ ემოციურ განვითარებას, უყალიბებს მგრძნობიარობასა და თანაგრძნობის გამოვლენის უნარს, უნერგავს ზნეობრივ ფასეულობებს. . . უვითარებს პირადი ღირსების გრძნობას“. უდავოა, რომ კითხვა“ბავშვს იცავს მრავალი არასასურველი გავლენისგან. . . რაც საფრთხეს შეუქმნიდა მის აზროვნებასა და გულს,“ — ასკვნიან ამ კამპანიის წამომწყებნი.
კითხვამ რომ განსაკუთრებული შედეგი გამოიღოს, საჭიროა გამოვიყენოთ ისეთი პუბლიკაციები, რომლებიც ბავშვებს ზეციერ შემოქმედთან დაახლოებაში ეხმარება. ბიბლია საუკეთესო წიგნია, რომელიც ღმერთთან დაახლოებაში გვეხმარება. მასში ნათქვამია, რომ ტიმოთე ‘ჩვილობიდანვე წმინდა წერილებს’ სწავლობდა (2 ტიმოთე 3:15). შვილებისთვის ხმამაღლა კითხვისას მშობლებმა უნდა გამოიყენონ ბიბლიაზე დაფუძნებული წიგნები: „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ და „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“, რომლებიც იეჰოვას მოწმეებმა სპეციალურად ბავშვებისთვის გამოსცეს.