არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ ემუქრებათ მათ საფრთხე?

რატომ ემუქრებათ მათ საფრთხე?

რატომ ემუქრებათ მათ საფრთხე?

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ინდოეთიდან

წარმოსადეგი ბენგალური ვეფხვი, წითელი მგელი, ინდური წერო, ზღვის კუ და ინდური სპილო — ეს მხოლოდ რამდენიმეა ინდოეთში ბინადარ ცხოველთა იმ სახეობათაგან, რომლებსაც გადაშენების საფრთხე ემუქრებათ. განვიხილოთ ხმელეთზე მცხოვრები ყველაზე დიდი ძუძუმწოვარი ცხოველი — სპილო.

სპილოს ეშვის ძვალზე ძალიან დიდი მოთხოვნილებაა. მისი უდიდესი მომხმარებელი იაპონიაა; მსგავსი მოთხოვნილება შეინიშნება ჩინეთშიც, სადაც სპილოს ძვლის ჩხირები დღემდე პოპულარობით სარგებლობს. რა საზიანო გავლენა იქონია სპილოს ძვალზე მოთხოვნილებამ ინდურ სპილოზე?

არც ისე დიდი ხნის წინ „ინდოეთის ტაიმზი“ იუწყებოდა: „აფრიკული სპილოსგან განსხვავებით, ინდური სპილოებიდან მხოლოდ მამლებს აქვთ ეშვები და ისიც ყველას არა. ასე რომ, მონადირეთა მთავარი სამიზნეები მოზრდილი ეშვებიანი სპილოებია. ერთ–ერთი ოფიციალური მონაცემის თანახმად, ინდოეთში ყოველწლიურად ასობით [მამალ] სპილოს ხოცავენ, რითაც მამალი და დედალი სპილოების თანაფარდობა ირღვევა“. მსგავსი ნადირობა გადაშენების საფრთხეს უქმნის ამ სახეობის არსებობას.

კერატინის კომპაქტური მასისთვის

განვიხილოთ აგრეთვე მარტორქები. დღეს ხმელეთზე მობინადრე ძუძუმწოვართა შორის სიდიდით მათ მეორე ადგილი უჭირავთ. უკანასკნელი ნაკრძალები, სადაც ინდური მარტორქები ბინადრობენ, არის ინდოეთსა და ნეპალში. მაგრამ ინდოეთის ჩრდილო–აღმოსავლეთ შტატ ასამში არსებული პობიტარას ნაკრძალის ფართობი მხოლოდ 38 კვადრატული კილომეტრია, რაც მარტორქების საბინადროდ საკმაოდ პატარა ტერიტორიაა. ამიტომ ცხოველები გადადიან მეზობლად მდებარე სასოფლო–სამეურნეო სავარგულებში, სადაც შეიძლება ისინი ან მოკლან, ან მოიწამლონ.

ადამიანებმა მარტორქის მოკვლის მზაკვრული მეთოდი შეიმუშავეს. პობიტარას ნაკრძალზე გადის ორი მაღალი ძაბვის სადენი. ბრაკონიერი გრძელი ბამბუკის ჯოხით ამ კაბელზე კაუჭით ამაგრებს მავთულს, რომელიც მიწამდეა დაშვებული. ნაკრძალში მომსახურე ბიოლოგი ვივეკ მენონი გვიხსნის, თუ რა მოსდის მარტორქას ამ მავთულთან შეხებისას: „როგორც კი ასეთი ძლიერი ელექტროდენი გადის მის სხეულში, მარტორქა ორჯერ ამოიხრიალებს და სწრაფად ეცემა . . . წამიც და ასეთი მასიური ცხოველის გვამი უსულოდ გდია მიწაზე“.

სამწუხაროდ, ამ უზარმაზარ ცხოველს შედარებით პატარა რქისთვის კლავენ, რქისთვის, რომელიც მხოლოდ დაახლოებით 1 კილოგრამს იწონის. მარტორქები დიდი საფრთხის წინაშე დგანან რქის ანუ კერატინის კომპაქტური მასის გამო, რომელიც აგებულებით ძალიან ჰგავს ადამიანის ფრჩხილებს და რომელსაც ძალიან დიდი ფასი ადევს.

შაჰთუშის შარფების სიყვარულისთვის

ტიბეტური ანტილოპას ანუ ჩირუს ბეწვისგან ართავენ შალს, რომელსაც შაჰთუშს უწოდებენ. მისგან დამზადებული შარფები იმდენად კარგია, რომ მათი გაძვრენა შესაძლებელია საჩვენებელი თითის ბეჭედში. ასეთი შარფი შეიძლება 16 000 ამერიკული დოლარი ღირდეს. ამიტომ ისინი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შარფებია. მაგრამ რას ნიშნავს ეს ანტილოპასთვის, რომლის ბეწვისგანაც ამ შალს ართავენ?

„ერთი შაჰთუშის შარფის დასამზადებლად, სულ მცირე, ხუთი ჩირუს მოკვლაა საჭირო“, — ნათქვამია „ინდიან ექსპრესში“. ამბობენ, რომ ყოველწლიურად ტიბეტის ველებზე ბრაკონიერები დაახლოებით 20 000 ჩირუს იჭერენ. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ზოგი სახეობის დასაცავად გამოცემული კანონების მიუხედავად, ამ ცხოველზე ბრაკონიერობის შემთხვევები მაინც შეინიშნება. გარდა ამისა, 1979 წელს აიკრძალა შაჰთუშის შალით ვაჭრობა. მიუხედავად ამისა, ჩირუს რაოდენობა მაინც კლებულობს.

ტყავისა და ძვლებისთვის

ინდოეთში მობინადრე ვეფხვებისა და ველური კატების სხვა ცხოველთა სიცოცხლესაც ემუქრება საფრთხე. ფიქრობენ, რომ სხვაგან უკვე გადაშენებულია ვეფხვების ზოგიერთი ქვესახეობა, მაგალითად, ტურინული, იავური და მალაიზური ვეფხვები. XX საუკუნის დასაწყისში ინდოეთის ტყეებში დაახლოებით 40 000 ვეფხვი ბინადრობდა. წლების განმავლობაში მათი რაოდენობა შემცირდა. მიზეზი კი ის არის, რომ ვეფხვების საბინადრო გარემო პროგრესულად ნადგურდება, აგრეთვე მათზე ნადირობენ, რათა მოიპოვონ ტყავი და გარკვეული ძვლები, რომლებსაც ჩინურ მედიცინაში სამკურნალო ძალას მიაწერენ.

ვეფხვებისთვის სათანადო საბინადრო გარემოს შემცირების შესახებ წიგნი „ვეფხვების ცხოვრების საიდუმლო“ აღნიშნავს: „ვეფხვების პოპულაციები შეიძლება მხოლოდ მაშინ გაიზარდოს, როდესაც იზრდება იმ ტყეების არეალი, სადაც ისინი ბინადრობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვეფხვები თავადვე ამცირებენ თავიანთ პოპულაციას იმით, რომ სამკვდრო–სასიცოცხლოდ ებრძვიან ერთმანეთს საკვებისა და ტერიტორიისთვის.

რა შეიძლება ითქვას ინდოეთში მობინადრე სხვა ველურ კატებზე? ჯუნაგედის (გუჯარათი) ზოოპარკში მისულები ნახავენ ცარიელ გალიას. მასზე მიკრულია აზიური ავაზას სურათი და გუჯარათის ენაზე გაკეთებულია წარწერა: „აზიური ავაზა ინდოეთში 50–იან წლებში გადაშენდა“.

რას უქადით მომავალი?

ინდოეთში მობინადრე გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს, თითქოს, მომავალი კარგს არაფერს უქადის. მრავლად მოიპოვება იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ეგოისტური მიზნებით ამოძრავებული ადამიანები ანადგურებენ დედამიწას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ ცოცხალ ბუნებას. რა მოხდება მომავალში? ღვთის საიმედო სიტყვა, რომელიც წმინდა ბიბლიაშია ჩაწერილი, გვამცნობს, რომ ახლოს არის დრო, როდესაც შესრულდება წინასწარმეტყველება: „ხალხები განრისხდნენ და მოვიდა შენი [ღვთის] რისხვა და დანიშნული დრო . . . მოსპო დედამიწის მომსპობნი“ (გამოცხადება 11:18).

რა მოჰყვება დედამიწის გასუფთავებას ყველა იმ ადამიანისგან, რომლებიც ანადგურებენ მას და მის საუცხოო ფლორასა და ფაუნას? დადგება შესანიშნავი დრო! ადამიანები არც ერთ სახეობას აღარ შეუქმნიან გადაშენების საფრთხეს. ეს ყოველივე მოხდება ღვთის სამეფოს მმართველობისას, რომლის შესახებაც იესო ქრისტემ ადამიანებს ასწავლა, რომ ელოცათ (ესაია 11:6—9; მათე 6:10).

[სურათები 18 გვერდზე]

ინდოეთში მობინადრე ზოგიერთი ცხოველი, რომლებსაც გადაშენების საფრთხე ემუქრებათ

ინდური წერო.

ბენგალური ვეფხვი.

ინდური სპილო.

ინდური მარტორქა.

ტიბეტური ანტილოპა.

[საავტორო უფლებები]

Crane: Cortesía del Zoo de la Casa de Campo, Madrid; antelope: © Xi Zhi Nong/naturepl.com