არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის ვიტილიგო?

რა არის ვიტილიგო?

რა არის ვიტილიგო?

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან

▪ ხანდახან სიბონგილე იუმორით ამბობს საკუთარ კანზე: „დავიბადე შავკანიანი, ახლა კი თეთრი ვარ, თავადაც ვერ გამიგია რომელ რასას მივეკუთვნები“. მას ვიტილიგო აქვს.

ვიტილიგოს, რომელსაც ლეიკოდერმასაც უწოდებენ, იწვევს კანში პიგმენტების წარმომშობი უჯრედების გაქრობა, რის შედეგადაც წარმოიქმნება თეთრი ლაქები. ზოგიერთ ავადმყოფს მხოლოდ ერთი ლაქა უჩნდება, ზოგ შემთხვევაში ლაქები სწრაფად ვრცელდება მთელ სხეულზე, ზოგჯერ კი თანდათანობით — მრავალი წლის განმავლობაში. ვიტილიგო არც მტკივნეულია და არც გადამდები.

ყველას შეიძლება ისე არ ემჩნეოდეს თეთრი ლაქები, როგორც სიბონგილეს, რადგან ეს ლაქები მუქი ფერის კანზე უფრო მკვეთრად ჩანს. მაგრამ საკმაოდ ბევრ ადამიანს აქვს ამ დაავადების შედეგად კანი ამა თუ იმ სახით დაზიანებული. სტატისტიკის თანახმად, ამ ადამიანთა რიცხვი მოსახლეობის 1 ან 2 პროცენტს შეადგენს. ვიტილიგო გავრცელებულია ყველა ეროვნებისა და რასის ადამიანებში, როგორც ქალებში ასევე კაცებში. ვიტილიგოს ლაქების წარმოქმნის მიზეზი გაურკვეველია.

ვიტილიგოს მკურნალობის ეფექტური მეთოდები ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ მასთან საბრძოლველად მრავალგვარი მეთოდია შემუშავებული. მაგალითად, ღია ფერის კანის ავადმყოფებს თეთრი ლაქები მაშინ უფრო ემჩნევათ, როცა მზისგან არიან გარუჯულები. ამიტომ, ლაქები რომ ნაკლებად შესამჩნევი იყოს, უმჯობესია თავი მოარიდონ მზის სხივებს. მუქი ფერის კანის მქონე ავადმყოფებს კი შეუძლიათ ლაქების დასაფარავად სპეციალური კოსმეტიკური საშუალებებით ისარგებლონ. ზოგიერთს ძალიან დაეხმარა რეპიგმენტაციის მეთოდი. მისი მეშვეობით რამდენიმე თვის განმავლობაში ხდება მედიკამენტებით მკურნალობა და ულტრაიისფერი სხივების გამოყენება. ზოგჯერ, რეპიგმენტაციის შემდეგ კანის სხვადასხვა უბანზე შესაძლებელი გახდა ნორმალური ფერის აღდგენა. სხვები დეპიგმენტაციას ამჯობინებენ. ამ მეთოდით მკურნალობის მიზანია წამლების მეშვეობით პიგმენტების წარმომშობი დარჩენილი უჯრედები გააქრონ და ამგვარად კანი ერთი ფერის გახადონ.

ვიტილიგომ შეიძლება ემოციური ტკივილი მოუტანოს ავადმყოფს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ლაქები სახეზე წარმოიქმნება. სიბონგილე გვიყვება: „არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ორი ბავშვი ჩემი დანახვისთანავე ყვირილით გაიქცა. სხვები ჩემთან დალაპარაკებას თავს არიდებენ, რადგან ფიქრობენ, რომ გადამდები დაავადება მჭირს ან დაწყევლილი ვარ. ძალიან მინდა ყველას ესმოდეს, რომ ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანების არ უნდა ეშინოდეთ, რადგან ეს დაავადება შეხებით არ გადადის და არც ჰაერით ვრცელდება“.

სიბონგილე იეჰოვას მოწმეა და თავისი დაავადების მიუხედავად, არ წყვეტს მისთვის საყვარელ საქმიანობას — სხვებისთვის ბიბლიის სწავლებას. ის აკითხავს ხალხს სახლებში, და პირისპირ ესაუბრება მათ. ის ამბობს: „შევეგუე ჩემს გარეგნობას. ახლა უფრო მშვიდად ვარ, რადგან დადგება დრო, როცა ჩემი კანის ფერი თავის პირვანდელ სახეს დაიბრუნებს იეჰოვა ღმერთის მიერ დაპირებულ სამოთხეში დედამიწაზე“ (გამოცხადება 21:3—5).

[სურათი 28 გვერდზე]

1967 წელს, ვიტილიგოს განვითარებამდე