არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რეპროდუქციული მეთოდების დახმარებით შობადობის ინტენსიური ზრდა

რეპროდუქციული მეთოდების დახმარებით შობადობის ინტენსიური ზრდა

რეპროდუქციული მეთოდების დახმარებით შობადობის ინტენსიური ზრდა

1978 წლის 25 ივლისს ოლდემში (ინგლისი) უჩვეულო მშობიარობა მოხდა. ქვეყანას პატარა ლუიზა ჯოი ბრაუნი მოევლინა. ლუიზა იყო პირველი ადამიანი, რომელიც სინჯარაში ჩაისახა.

მის დაბადებამდე ცხრა თვის წინ, ხელოვნური განაყოფიერების ანუ in vitro განაყოფიერების (ივგ) საშუალებით მისი სიცოცხლე ლაბორატორიაში ჩაისახა. ლუიზას დედის ორგანიზმიდან აღებული კვერცხუჯრედი სპეციალურ სინჯარაში გაანაყოფიერეს. ორ-დღენახევრში ეს კვერცხუჯრედი რვა მიკროსკოპულ უჯრედად დაიყო და უჯრედთა ეს მასა ნორმალურად განვითარების მიზნით დედის საშვილოსნოში გადაიტანეს. ლუიზას დაბადებით უნაყოფობის მკურნალობის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.

ივგ-მ გზა გაუხსნა მეთოდს, რომელიც დღეს დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიად (დრტ) არის ცნობილი. ამაში შედის სხვადასხვა სახის უნაყოფობის მკურნალობა, რომლის დროსაც ხდება კვერცხუჯრედისა თუ სპერმატოზოიდის ხელოვნურად შერწყმა. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი. 1984 წელს ერთმა კალიფორნიელმა (აშშ) ქალმა გააჩინა ბავშვი, რომელიც სხვა ქალის კვერცხუჯრედიდან იყო განვითარებული. იმავე წელს ავსტრალიაში დაიბადა ბავშვი, რომელიც გაყინული ემბრიონის განვითარების შედეგად იშვა. 1994 წელს კი იტალიაში 62 წლის ქალმა დაბადა ბავშვი, რომელიც სხვა ქალისა და თავისი ქმრის სპერმატოზოიდის ხელოვნურად შერწყმის შედეგად იყო განვითარებული.

ტექნოლოგიის განვითარება

ახლა, როდესაც ლუიზა ჯოი ბრაუნის დაბადებიდან დაახლოებით 25 წელზე მეტი გავიდა, მეცნიერებმა სამკურნალო პრეპარატებისა და ურთულესი სამედიცინო დანადგარების გამოყენებით სხვადასხვა პროცედურების ჩატარება და უნაყოფობის მკურნალობაში რადიკალური ცვლილებების შეტანა შეძლეს (იხილეთ ჩარჩოები „უნაყოფობის მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი“ და „რა საშიშროებები არსებობს?“). ამ სფეროში წინ გადადგმულმა გიგანტურმა ნაბიჯმა იმ ბავშვთა შობადობის საოცარი ზრდა გამოიწვია, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერების საშუალებით არიან განვითარებულნი. მაგალითად, 1999 წელს მარტო შეერთებულ შტატებში დრტ-ს შედეგად 30 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა. სკანდინავიის ზოგ ქვეყანაში ყოველწლიურად ახალშობილ ბავშვთა 2-3 პროცენტი ამ მეთოდის გამოყენებით არის ჩასახული. მთელ მსოფლიოში ივგ-ს გამოყენების შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 100 000 ბავშვი იბადება. გამოთვლების თანახმად, 1978 წლიდან ასეთი სახით დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა დაახლოებით 1 მილიონია.

დრტ ძირითადად განვითარებულ ქვეყნებშია დანერგილი. თითოეული მკურნალობა ან მკურნალობის კურსი ათასობით დოლარი ღირს და ჯანდაცვის სახელმწიფო ორგანოების ხარჯზე ან პირადი თუ სახელმწიფო სადაზღვევო პოლისების გამოყენებით, ჩვეულებრივ, არ ხდება ამ თანხების გადაფარვა. „ტაიმში“ აღნიშნული იყო, რომ „45 წლის ქალს, რომელიც ივგ-ს შვიდ კურსს გაივლის, შეიძლება მკურნალობა 100 000 ამერიკული დოლარი დაუჯდეს“. მიუხედავად ამისა, ხელოვნურმა განაყოფიერებამ იმედი ჩაუსახა მრავალ უშვილო წყვილს, რომლებსაც შვილის აყვანის გარდა სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. დღეს ხელოვნური განაყოფიერების სხვადასხვა მეთოდი მიმართულია უნაყოფობის საწინააღმდეგოდ, იქნება ეს ქალის თუ მამაკაცის მიზეზით გამოწვეული *.

რატომ არის ასე პოპულარული?

დღევანდელი ცხოვრების წესი არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ დრტ პოპულარულია. ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოების მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია: „უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა მშობიარე ქალთა საშუალო ასაკი, რადგან უფრო და უფრო მეტი ქალი ცდილობს, მიიღოს მეტი განათლება და კარგი კარიერა შეიქმნას, რის გამოც გვიან თხოვდება. ამავე დროს, ქალებს, რომლებიც 1946—1964 წლებში ანუ ეგრეთ წოდებული „ბეიბი ბუმის“ დროს არიან დაბადებული, შვილის ყოლის ასაკი უკვე გასდით, რის გამოც მეტად მიმართავენ ხელოვნურ განაყოფიერებას“.

ზოგ ქალს არც კი აქვს გაცნობიერებული, თუ რა სწრაფად უქვეითდება წლების გასვლასთან ერთად რეპროდუქციული უნარი. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლქვეშ აყვანისა და პროფილაქტიკის ცენტრების მიერ მოწოდებული ცნობის თანახმად, 42 წლის ქალისთვის საკუთარი კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგად შვილის ­ყოლის შესაძლებლობა 10 პროცენტზე ნაკლებია. ამიტომ ასაკში შესული ქალებისთვის დრტ-ს კურსის ჩასატარებლად ხშირად დონორის მიერ გაღებულ კვერცხუჯრედს იყენებენ.

მოულოდნელად განვითარდა უნაყოფობის პრობლემისადმი ერთი ახალი მიდგომაც — ზოგ უნაყოფო წყვილს „შვილად აჰყავს“ ემბრიონი, რომელიც სხვა წყვილის ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დატოვეს. გამოთვლების თანახმად, მარტო შეერთებულ შტატებში დაახლოებით 200 000 გაყინული ემბრიონია შენახული. სი-ბი-ეს-ი არც ისე არც ისე დიდი ხნის წინ იუწყებოდა: „მცირე მასშტაბით ემბრიონების გაცემა უკვე წლებია, რაც ფარულად ხდება“.

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ რეპროდუქციულ მეთოდებთან დაკავშირებით მრავალი კითხვა იბადება. ეთიკური და მორალური თვალსაზრისიდან გამომდინარე როგორ შეიძლება შევხედოთ შვილების ამგვარად გაჩენას? როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლიის თვალსაზრისი? ეს და სხვა კითხვები მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.

[სქოლიო]

^ აბზ. 7 ქალებს შორის უნაყოფობის მიზეზებია: საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა, ფალოპიუსის მილების დახშობა ან ენდომეტრიოზი. მამაკაცებში უნაყოფობის მიზეზი ხშირად სპერმატოზოიდების მცირე რაოდენობით პროდუცირება ან მისი საერთოდ წარმოუქმნელობაა.

[ჩარჩო/სურათი 4 გვერდზე]

უნაყოფობის მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი

ხელოვნური დათესლვა. ამ პროცედურის დროს თესლი (სპერმატოზოიდი) ქალის გამრავლების ორგანოში ხელოვნური გზით შეაქვთ. ხელოვნურ დათესლვას ხშირად მიმართავენ ქვემოთ მოყვანილ პროცედურებამდე.

მილში გამეტის გადატანა. ამ პროცედურის დროს ქალის საკვერცხიდან იღებენ კვერცხუჯრედებს, ურევენ მათ სპერმატოზოიდთან და ლაპარასკოპის (მუცლის ღრუს ორგანოთა გასასინჯი ხელსაწყო) გამოყენებით მუცელზე გაკეთებული პატარა განაკვეთიდან გაუნაყოფიერებელ კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდს ფალოპიუსის მილში ათავსებენ.

სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინიექცია. (გადიდებული სურათი ნაჩვენებია მარცხნივ) ამ პროცედურის დროს სპერმატოზოიდი ინიექციის საშუალებით შეჰყავთ უშუალოდ კვერცხუჯრედში.

IN VITRO განაყოფიერება. ამ დროს ხდება ქალის საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედის აღება და მისი ორგანიზმის გარეთ განაყოფიერება. შედეგად მიღებული ემბრიონი საშვილოსნოს ყელიდან საშვილოსნოში შეაქვთ.

ზიგოტის მილში გადატანა. ამ დროს ხდება ქალის საკვერცხიდან კვერცხუჯრედების გამოტანა და ქალის ორგანიზმის გარეთ მისი განაყოფიერება. შედეგად მიღებულ განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს მუცელზე გაკეთებული პატარა განაკვეთიდან ფალოპიუსის მილში გადაიტანენ.

[საავტორო უფლებები]

ჩარჩო დაფუძნებულია რეპროდუქციულობის საკითხთან დაკავშირებულ მასალებზე, რომლებიც მომზადებულია ამერიკის დაავადებათა კონტროლქვეშ აყვანისა და პროფილაქტიკის ცენტრების მიერ.

Courtesy of the University of Utah Andrology and IVF Laboratories

[ჩარჩო/სურათი 5 გვერდზე]

რა საშიშროებები არსებობს?

მედპერსონალის შეცდომები. შეერთებული შტატების, ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის კლინიკებში აღინიშნა შემთხვევები, როდესაც ქალისთვის შეცდომით შეუყვანიათ სპერმატოზოიდი ან ემბრიონი. ერთხელ წყვილს სხვა რასის ტყუპები გაუჩნდა; იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც ქალმა ტყუპები გააჩინა და ბავშვები სხვადასხვა რასისანი აღმოჩნდნენ.

ტყუპების გაჩენა. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ტყუპების გაჩენა, რაც ქალის საშვილოსნოში რამდენიმე ემბრიონის შეტანით არის განპირობებული, ზრდის ნაადრევი მშობიარობის შანსს, აგრეთვე ასეთ შემთხვევაში ადვილად დასაშვებია, რომ ახალშობილი ნორმაზე ნაკლებს იწონიდეს, ბავშვი მკვდარი ან ინვალიდი დაიბადოს.

თანდაყოლილი ანომალიები. ერთი გამოკვლევის თანახმად, in vitro განაყოფიერების შედეგად განვითარებულ ბავშვებში გაიზარდა ისეთ თანდაყოლილ ანომალიათა რიცხვი, როგორიცაა გულისა და თირკმელების პათოლოგიები, მგლის ხახა და კრიპტორქიზმი (სათესლე ჯირკვლის გაჩერება მუცლის ღრუში ან საზარდულის არეში).

დედის ჯანმრთელობა. ჰორმონალური მკურნალობისა და მრავალნაყოფიანი ორსულობის შედეგად განვითარებული გართულებები საშიშროებას უქმნის დედების ჯანმრთელობას.