არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტერაქტით მიყენებული ტრავმის შედეგებთან გამკლავება

ტერაქტით მიყენებული ტრავმის შედეგებთან გამკლავება

ტერაქტით მიყენებული ტრავმის შედეგებთან გამკლავება

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ესპანეთიდან

ქალაქი მადრიდი (ესპანეთი) 2004 წლის 11 მარტს ათი ბომბის აფეთქების ხმამ შეაზანზარა. აფეთქება მოხდა რკინიგზის სამ სხვადახვა სადგურზე. ერთდროულად ოთხ სამგზავრო მატარებელზე მიტანილმა იერიშმა 190 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 1 800 კი დაშავდა.

რადგანაც ბომბები პიკის საათის დროს აფეთქდა, ყველა მატარებელი მგზავრებით იყო გადაჭედილი, რის გამოც შედეგი საშინელი აღმოჩნდა. „აფეთქების ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ დავინახე მთლიანი ვაგონი როგორ ავარდა ჰაერში ერთი მეტრის სიმაღლეზე — თქვა აროამ, ერთ-ერთმა თვითმხილველმა. — როდესაც ვაგონიდან გამოვედი, მთელი მიდამო ბრძოლის ველს ჰგავდა. შემაძრწუნებელია ასეთი საშინელი სურათის ცხადად ნახვა“. მსგავსი საშინელება მოხდა ოთხი სხვადასხვა მატარებლის ათ სხვადასხვა ვაგონში. ტერორისტებმა მატარებლებში ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ზურგჩანთები დატოვეს და შემდეგ დისტანციური მართვის საშუალებით აამოქმედეს.

ზოგიერთმა მგზავრმა შეძლო ამ განცდილი საშინელებების მეტნაკლებად დავიწყება. მაგრამ ასობით დაზარალებულს, აროას მსგავსად, ტრავმისგან მიყენებული ფიზიკური თუ ემოციური ჭრილობების ატანა უწევს. «აფეთქების ხმამ ყურთასმენა სერიოზულად დამიზიანა — თქვა აროამ, — მაგრამ ნანახის გონებაში მრავალჯერ ამოტივტივებამ უფრო მეტად იმოქმედა ჩემზე.

საბედნიეროდ, მე როგორც ერთ-ერთმა იეჰოვას მოწმემ, დიდი მხარდაჭერა მივიღე — დასძინა აროამ, — მთელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მირეკავდნენ და წერილებს მწერდნენ, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მართლაც საერთაშორისო საძმოში ვართ გაერთიანებულნი. გარდა ამისა, ბიბლია გვეხმარება გავიგოთ, რატომ ხდება ასეთი საშინელებები. მე ავუხსენი ზოგიერთ ჩემს თანამშრომელს, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, „ბოლო დღეების“ განმავლობაში ადამიანები იქნებოდნენ სასტიკები და თბილ გრძნობებს მოკლებულები. აგრეთვე დავინახე, რომ სრული დროით მსახურებამ ფასდაუდებელი სამსახური გამიწია ტკივილის შემსუბუქებაში» (2 ტიმ. 3:1—3).

პედრო ერთ-ერთია იმ მრავალ მგზავრს შორის, რომელმაც სერიოზული ტრავმები მიიღო. ის დაახლოებით 4 მეტრის მოშორებით იდგა იმ ბომბთან, რომელიც მის ვაგონში აფეთქდა. აფეთქებამ იგი დაბლა დააგდო, რის გამოც თავის არეში ტრავმები მიიღო; აგრეთვე სერიოზულად დაუზიანდა სასუნთქი გზები. ხუთ დღიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ მან გამოკეთება დაიწყო. მასთან მოსანახულებლად მრავალი თანამორწმუნე მიდიოდა, რამაც აფორიაქებული სული დაუწყნარა და თანაც მედპერსონალის განცვიფრება გამოიწვია. „26 წლის განმავლობაში არასოდეს მინახავს ვინმეს ამდენი მნახველი მოსვლოდეს, და ამდენი საჩუქარი მიეღოს“! — წამოიძახა ერთმა ექთანმა. პედრო კი თავის მხრივ ენთუზიაზმით ელაპარაკებოდა საავადმყოფოს თანამშრომლებს. „ისინი ბრწყინვალე ადამიანები იყვნენ — თქვა მან — ეს ადამიანები ძალიან დამეხმარნენ გამოჯანმრთელებაში“.

დაზარებულთა უმეტესობა ესპანეთში ახლად ჩასული ემიგრანტი იყო. მანუელი, რომელიც კუბიდანაა, ატოჩას სადგურზე პირველი ბომბის აფეთქებისას დაიჭრა, მეორე აფეთქებისას კი გრძნობა დაკარგა. „ბაქანზე პირქვე ვეგდე და პანიკაში ჩავარდნილმა ხალხმა ფეხით გამთელა — გვიხსნის მანუელი, — როცა გონზე მოვედი ორი ნეკნი გატეხილი და ფეხი დაშავებული მქონდა, ასევე ცალ ყურში სმენა საერთოდ დავკარგე.

გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად პოლიციელები, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები და მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში გაჩნდნენ. მათ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთეს ჩვენს დასახმარებლად — დასძენს მანუელი. — მათ ზუსტად იცოდნენ რა უნდა ეკეთებინათ და მათმა სიმარჯვემ და პროფესიონალიზმმა პანიკა შეამცირა. ისინი ჩემთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევაზე ზრუნავდნენ და, ამასთანავე, თბილად და თანაგრძნობით მეპყრობოდნენ“.

პოსტტრავმული სტრესი

აროას მსგავსად მანუელსაც მძიმე ემოციური ტრავმა აქვს. „ამას წინათ, როდესაც მატარებელში ავედი პანიკაში ჩავვარდი,  — აღიარებს მანუელი. — მაგრამ მდგომარეობიდან მაშინვე გამოვედი. ჯერ კიდევ ეჭვის თვალით ვუყურებ ყველას, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ზურგჩანთით ან რაღაც მსგავსი რამით მგზავრობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი ესპანეთში არ ცხოვრობს, მე უფრო მეტი დახმარება მივიღე, ვიდრე სხვებმა. პირდაპირი გაგებით ასობით და-ძმა მირეკავდა, და მოწმეთა ოჯახები რამდენიმე დღით თავიანთ სახლში მეპატიჟებოდნენ, რათა სიმარტოვე არ მეგრძნო. მსოფლიო საძმოსგან მიღებული ასეთი ფასდაუდებელი მხარდაჭერა დამეხმარა დამშვიდებაში“.

სერხიო, ერთ-ერთი მგზავრია რომელიც ფიზიკურ ტრავმას გადაურჩა, მაგრამ ყოველდღე იტანჯება იმ დროს ნანახის გამო. ერთი ბომბი მის წინა, ხოლო მეორე კი უკანა ვაგონში აფეთქდა. მანუელის მსგავსად, ისეც მადლიერია სიყვარულიდან გამომდინარე მხარდაჭერისთვის, რომელიც მის მიმართ მისმა ოჯახმა და თანამორწმუნეებმა გამოავლინეს. „ისინი არა მარტო სიყვარულს გამოხატავდნენ ჩემ მიმართ, არამედ მახსენებდნენ, რომ მივეკუთნები იმ საერთაშორისო საძმოს, რომელიც ზრუნავს თითოეულ წევრზე — თქვა სერხიომ, — მხარდაჭერას ყოველდღე ვგრძნობდი, ტელეფონის ზარებმა საშუალება მომცა გამომეხატა ჩემი გრძნობები, რის გაკეთებაც სხვა დროს ხშირად მიჭირდა ხოლმე“.

მეოთხე ბომბი, რომლის გვერდზეც დიეგო იჯდა, მაგრამ მისი არსებობის შესახებ არაფერი იცოდა, არ აფეთქდა. ამიტომ მან შეძლო მატარებლიდან უვნებელი გასულიყო. „მაგრამ ახლა დანაშაულის გრძნობა მაწუხებს, რადგან დაშავებულებს დახმარება არ შევთავაზე, — ამბობს იგი, — და პანიკაში მყოფი ასობით ადამიანის ტალღამ გარეთ გამომიტანა; ეს იყო ყველაფერი, რის გაკეთებაც მათ იმ მომენტში შეეძლოთ“.

მატარებელში მომხდარმა აფეთქებამ რამონი, ახალგაზრდა ბრაზილიელი კაცი, ისეთ შოკში ჩააგდო, რომ განძრევის თავიც კი აღარ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ, მან გადაწყვიტა, მონაწილეობა მიეღო სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებაში. იგი შემთხვევით შეხვდა პორტუგალიელ მამაკაცს, რომელმაც უთხრა, რომ ჭეშმარიტ რელიგიას ეძებდა. რამონმა შეძლო მასთან ბიბლიის შესწავლის დაწყება და ამ კაცმაც მაიშვე დაიწყო ქრისტიანულ კრებებზე დასწრება. „როდესაც შენ შეგიძლია დაეხმარო ადამიანებს სულიერად, შენ თვითონაც თავს უკეთესად გრძნობ“, — აღნიშნა რამონმა.

უდავოა, რომ ყველა დაზარალებულს დასჭირდება დრო, რათა მოუშუშდეს ფიზიკური თუ ემოციური ტკივილი. სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ პერიოდში, რომელშიც უაზრო ძალადობამ შეიძლება ყველგან იჩინოს თავი. თუმცა, სულიერ ფასეულობებს შეუძლია ბოროტმოქმედების მსხვერპლს დაეხმაროს ტრავმასთან გამკლავებაში, საბოლოოდ მხოლოდ ღმერთის სამეფო მოსპობს ასეთ ტრაგედიებს (გამოცხადება 21:3, 4).

[ჩარჩო/სურათები 25 გვერდზე]

სულიერი სიძლიერე ტრავმასთან გასამკლავებლად

მანუელ სუარესი

«როცა ჯერ კიდევ შოკში ვიყავი და ველოდებოდი საავადმყოფოში წაყვანას, მახსენდებოდა იგავების 18:10-ში (სსგ) ჩაწერილი სიტყვები: „უფლის სახელი მტკიცე გოდოლია; მართალი შეაფარებს თავს და გადარჩება“. ეს აზრი მაძლიერებდა».

აროა სან ხუანი

„როდესაც ასეთი შემთხვევის წინაშე დგახარ, უფრო მეტად ხვდები, რომ ბოლო დღეებია, და მთელი ყურადღება სულიერ ფასეულობებზე უნდა გადავიტანოთ. სრული დროით მსახურების წყალობით ნელ-ნელა გამოვდივარ მდგომარეობიდან“.

ფერმინ ხესუს მოსასი

„მიუხედავად იმისა, რომ თავის არეში დაშავებული ვიყავი, შემეძლო დახმარება შემეთავაზებინა და დამემშვიდებინა ზოგიერთი დაზარალებული მგზავრი. ვფიქრობ სიმშვიდე შევინარჩუნე, რადგან მკვდრეთით აღდგომის იმედი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს, გვაძლიერებს ასეთ მომენტში“.

პედრო კარასკილია

„როდესაც ინტენსიური თერაპიის პალატაში ვიწექი, და მკერდის არეში მწვავე ტკივილს განვიცდიდი, ხშირად მახსენდებოდა 1 ტიმოთეს 6:19-ში ჩაწერილი სიტყვები. იქ ნათქვამია, რომ მოვაგროვოთ განძი, — კარგი საძირკველი მომავლისთვის, რათა მტკიცედ ჩავეჭიდოთ ჭეშმარიტ სიცოცხლეს. ეს მუხლი მახსენებდა სამოთხის იმედს, რომელსაც ღმერთი დაჰპირდა თავის მოყვარულებს. ეს არის ის მიზანი რომლისთვისაც ვიღწვით“.

[სურათი 23 გვერდზე]

ზემოთ: ატოჩას სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველთა ჯგუფი ზრუნავს დაშავებულებსა და დაღუპულებზე

[საავტორო უფლება]

Top: CORDON PRESS

[სურათი 23 გვერდზე]

მარჯვნივ: სახელდახელოდ გაკეთებული მემორიალური დაფა