არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სიყვარული ბავშვობიდან ჩამინერგეს

ღვთის სიყვარული ბავშვობიდან ჩამინერგეს

ღვთის სიყვარული ბავშვობიდან ჩამინერგეს

მოგვითხრო ანატოლი მელნიკმა

სიყვარულით ბევრი „ბაბუს“ მეძახის. ეს სიტყვა თბილ გრძნობებს აღმიძრავს, რადგან ბაბუაჩემს მახსენებს, რომელიც ძალიან მიყვარდა და რომლის წინაშეც დიდად დავალებული ვარ. მინდა მოგითხროთ მის შესახებ და აგრეთვე ის, თუ რა ღრმა კვალი დატოვეს მან და ბებიამ როგორც ჩვენი ოჯახის წევრების, ისე სხვა მრავალთა ცხოვრებაზე.

დავიბადე სოფელ გლინაში (ჩრდილოეთი მოლდავეთი). XX საუკუნის 20-იან წლებში ჩვენს ლამაზ მთაგორიან მხარეს რუმინეთიდან ეწვივნენ მიმომსვლელი მსახურები, რომლებსაც მაშინ პილიგრიმებს ეძახდნენ. დედაჩემის მშობლები პირველი მოსმენისთანავე გამოეხმაურნენ ბიბლიაზე დაფუძნებულ სასიხარულო ცნობას. 1927 წელს ისინი ბიბლიის მკვლევარები გახდნენ (მაშინ იეჰოვას მოწმეები ამ სახელით იყვნენ ცნობილნი). როდესაც 1939 წელს II მსოფლიო ომი დაიწყო, ჩვენს პატარა სოფელში იეჰოვას მოწმეების კრება უკვე ჩამოყალიბებული იყო.

ასე რომ, 1936 წელს, როცა მე დავიბადე, ჩემი ნათესავებიდან ყველანი იეჰოვას მოწმეები იყვნენ. გამონაკლისი იყო მამაჩემი, რომელიც ჯერ კიდევ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დადიოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს მან სერიოზულად დაიწყო ფიქრი სიცოცხლის აზრზე. საბოლოოდ, მამამ თავი მიუძღვნა სამყაროს შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს, და ამის ნიშნად წყალში მოინათლა. ჩვენი ოჯახის სულიერ ზრდაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ბაბუაჩემმა. ის საოცრად აფასებდა ბიბლიას და ასობით მუხლი ზეპირად ახსოვდა. მას ნებისმიერი საუბარი ბიბლიაზე გადაჰქონდა.

ბაბუა ხშირად მიყვებოდა ბიბლიურ მოთხრობებს; მე მის მუხლებზე მოვკალათდებოდი და გაფაციცებით ვუსმენდი. ღვთის სიყვარული სწორედ მან ჩამინერგა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ! როცა რვა წლის ვიყავი, ბაბუაჩემს პირველად გავყევი საქადაგებლად. თანასოფლელებს ბიბლიიდან ვუკითხავდით, თუ ვინ არის იეჰოვა და ვასწავლიდით, როგორ შეიძლებოდა მასთან დაახლოება.

კომუნისტებისგან შევიწროებულნი

კომუნისტური იდეოლოგიისა და მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენით 1947 წელს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოლდავეთში იეჰოვას მოწმეების დევნა დაიწყეს. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (კა-გე-ბე) წარმომადგენლები და ადგილობრივი მილიციელები სახლში გვაკითხავდნენ და გვეკითხებოდნენ, ვინ ხელმძღვანელობდა ჩვენს სამქადაგებლო საქმიანობას, საიდან ვიღებდით ლიტერატურას და სად ვიკრიბებოდით თაყვანისმცემლობისთვის. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ აკრძალავდნენ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას, რადგან, მათივე თქმით, იეჰოვას მოწმეები „ქვეყანაში კომუნიზმის განვითარებას აფერხებდნენ“.

ამ დროისთვის მამაჩემმაც, რომელიც საკმაოდ განათლებული კაცი იყო, ძალიან შეიყვარა ბიბლიური ჭეშმარიტება. მანაც და ბაბუამაც იცოდნენ, როგორ ეპასუხათ დამკითხველებისთვის ისე, რომ ქრისტიანი და-ძმები არ გაეცათ. ორივენი მამაცი და ერთგული ადამიანები იყვნენ და ზრუნავდნენ თანამორწმუნეთა კეთილდღეობაზე. მათ მსგავსად, დედაც ყოველთვის ინარჩუნებდა სიმშვიდესა და თავდაჭერილობას.

1948 წელს მამა დააპატიმრეს. ჩვენთვის არ უთქვამთ, თუ რა ბრალდებები წაუყენეს მას. მამას მიუსაჯეს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის პირობებში და სასჯელის მოხდის შემდეგ — ორწლიანი გადასახლება. ის გადაიყვანეს რუსეთის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მაგადანის ოლქში, რომელიც 7 000 კილომეტრით იყო დაშორებული ჩვენი სახლიდან. ჩვენ 9 წლის განმავლობაში არ გვინახავს ერთმანეთი. მიჭირდა უმამოდ ცხოვრება, მაგრამ ბაბუა ყოველთვის მხარში მედგა.

გადასახლებაში

1949 წლის 6 ივნისს სახლში ორი ჯარისკაცი და ერთი ოფიცერი შემოგვეჭრა. მათ გვითხრეს, რომ სახლი ორ საათში უნდა დაგვეტოვებინა და მათ სატვირთო მანქანაზე ავსულიყავით. ეს იყო და ეს, არანაირი ახსნა–განმარტება არ მოუციათ. მათ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ გადასახლებაში მივყავდით და უკან აღარასოდეს დაგვაბრუნებდნენ. ასე რომ, მე, დედა, ბებია და ბაბუა, ასევე სხვა თანამორწმუნეები იძულებით გადაგვასახლეს ციმბირში. მაშინ მხოლოდ 13 წლის ვიყავი. რამდენიმე კვირის შემდეგ აღმოვჩნდით გაუვალ ტყეებს შორის ჭაობიანი ადგილებით დაფარულ ტაიგაში. როგორც ცა და მიწა, ისე განსხვავდებოდა აქაურობა ჩემი მშობლიური მხარისგან, რომელიც ძალიან მიყვარდა! ზოგჯერ ვტიროდით კიდეც. მიუხედავად ამისა, დარწმუნებულნი ვიყავით, რომ იეჰოვა არასოდეს მიგვატოვებდა.

პატარა დასახლება, სადაც მიგვიყვანეს, მორებისგან აგებული ათი ქოხისგან შედგებოდა. სხვა მოწმეები მთელ ტაიგაში მიმოფენილ სხვადასხვა დასახლებებში გაანაწილეს. ადგილობრივი მოსახლეობა რომ შეეშინებინათ და ჩვენზე არასწორი აზრი შეექმნათ, ხელისუფლების წარმომადგენლები ხმებს ავრცელებდნენ, რომ იეჰოვას მოწმეები კანიბალები იყვნენ. მაგრამ ხალხმა მალე დაინახა, რომ ეს ტყუილი იყო და შიშის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

პირველი ორი თვის განმავლობაში ერთ ძველ ქოხში ვცხოვრობდით. სანამ მკაცრი ზამთარი დაგვიდგებოდა, უნდა მოგვესწრო უფრო შესაფერისი საცხოვრებლის აშენება. ბაბუას და ბებიას დახმარებით მე და დედამ ავაგეთ უბრალო სახლი, რომელიც ნახევრად მიწაში ჩადიოდა. აქ სამ წელიწადზე მეტ ხანს ვცხოვრობდით. აკრძალული გვქონდა ჩვენი დასახლებიდან უნებართვოდ გასვლა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ სკოლაში სიარულის უფლება მომცეს. ვინაიდან განსხვავებული რელიგიური შეხედულებები მქონდა, მასწავლებლები და მოსწავლეები ხშირად მისვამდნენ შეკითხვებს. ბაბუას ძალიან უხაროდა, როცა სახლში დაბრუნებისას ვუყვებოდი, თუ როგორ ვსაუბრობდი ჩვენი მრწამსის შესახებ.

შედარებით მეტი თავისუფლება

1953 წელს დიქტატორ სტალინის სიკვდილის შემდეგ ჩვენი ცხოვრება შედარებით გაუმჯობესდა. ჩვენ სოფლიდან გასვლის ნებართვა მოგვცეს. ამან თანაქრისტიანებთან ურთიერთობისა და კრებებზე დასწრების შესაძლებლობა მოგვცა იმ სოფლებში, სადაც სხვა მოწმეები იყვნენ გადასახლებულნი. გარეშეთა ყურადღება რომ არ მიგვეპყრო, პატარ–პატარა ჯგუფებად ვიკრიბებოდით. შეხვედრის ადგილამდე რომ მივსულიყავით, 30 კილომეტრი უნდა გაგვევლო, დროდადრო — მუხლებამდე თოვლსა და 40 გრადუსამდე ყინვაში. მომდევნო დღეს სახლში იმავე გზით უნდა დავბრუნებულიყავით. გზად კიტრის მწნილსა და შაქრის ნატეხებს ვჭამდით. მიუხედავად ამისა, როგორც ძველ დროში მცხოვრები დავითი, ჩვენც ძალიან ბედნიერები ვიყავით (ფსალმუნები 121:1).

1955 წელს იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოვინათლე. ცოტა ხნით ადრე მეზობლად მდებარე სოფლის კრებაში გავიცანი ლიდია, მოკრძალებული და სასიამოვნო გარეგნობის შავგვრემანი გოგონა. ლიდიას ოჯახის წევრებიც იეჰოვას მოწმეები იყვნენ, რომლებიც მოლდავეთიდან იყვნენ გადმოსახლებულები. მას სასიამოვნო ხმა ჰქონდა და იმ დროს არსებული სიმღერების წიგნიდან თითქმის ყველა — 337 სიმღერა ზეპირად იცოდა. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგანაც მეც ძალიან მიყვარდა სამეფოს მელოდიები და სიმღერები. 1956 წელს გადავწყვიტეთ, დავქორწინებულიყავით.

მამას ასეთი შინაარსის წერილი მივწერე: „გავიგეთ, რომ მაგადანში გადაგასახლეს და სანამ შენს თანხმობას არ მივიღებთ, ქორწინებას გადავდებთ“. ამის შემდეგ მამა მალევე გაათავისუფლეს და იმ სოფელში ჩამოვიდა, სადაც ჩვენ ვიყავით გადასახლებულნი. მან გვიამბო, ღვთის დახმარებით როგორ გადაურჩნენ ის და სხვა თანაქრისტიანები საშინელ პირობებს შრომა­გასწორების ბანაკებში. მისმა მონაყოლმა რწმენა გაგვიმტკიცა.

მამის დაბრუნების შემდეგ მოკლე ხანში, როდესაც დედა ზეთს ხარშავდა საღებავებისა და ლაქების დასამზადებლად, უბედური შემთხვევა მოხდა. დედას შემთხვევით მდუღარე ზეთით სავსე დიდი ქვაბი გადმოუყირავდა და ზეთი ზედ გადაესხა. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დიდმა მწუხარებამ მოგვიცვა. მოგვიანებით, როდესაც მამას დარდი შედარებით გაუქარვდა, მეზობელ სოფელში მცხოვრებ ტატიანაზე, იეჰოვას მოწმეზე, დაქორწინდა.

მსახურების გაფართოება

1958 წელს მე და ლიდია ჩვენი სოფლიდან, კიზაკიდან, საცხოვრებლად გადავედით დაახლოებით 100 კილომეტრით დაშორებულ უფრო დიდ სოფელში, ლებიაჟიეში. ჟურნალებში ვკითხულობდით, რომ სხვა ქვეყნებში ქრისტიანები კარდაკარ ქადაგებდნენ. ჩვენც გადავწყვიტეთ, კარდაკარ გვექადაგა ახალ ტერიტორიაზე. თუმცა „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ აკრძალულ ჟურნალებად ითვლებოდა, როგორღაც მაინც ვახერხებდით მათ მიღებას. იმ პერიოდში შეგვატყობინეს, რომ ლიტერატურას მხოლოდ რუსულ ენაზე მივიღებდით. მანამდე მოლდავურ ენაზეც ვიღებდით ლიტერატურას. ამიტომ ბევრს ვმეცადინეობდით, რომ რუსული კარგად გვესწავლა. დღემდე მახსოვს არა მარტო მაშინდელი სტატიების სათაურები, არამედ მათში მოცემული მნიშვნელოვანი აზრებიც.

თავი რომ გვერჩინა, ლიდია მარცვლეულის ელევატორზე მუშაობდა, მე კი ხე–ტყის მასალას ვტვირთავდი ვაგონებიდან. სამუშაო საკმაოდ დამღლელი იყო, ხელფასი კი — დაბალი. მართალია, მოწმეებს გვაფასებდნენ, როგორც კეთილსინდისიერ თანამშრომლებს, მაგრამ მატერიალურ დახმარებას არ გვიწევდნენ ავადმყოფობის, პენსიაში გასვლის ან უმუშევრობის დროს, და არც პრემიებს გვაძლევდნენ. მთავრობის წარმომადგენლები დაუფარავად ამბობდნენ: „იეჰოვას მოწმეების ადგილი არ არის კომუნისტურ საზოგადოებაში“. მიუხედავად ამისა, გვიხაროდა, რომ ჩვენზე შესრულდა სიტყვები, რომლებიც იესომ თავის მიმდევრებზე თქვა: „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:16).

ახალი სირთულეები

1959 წელს ჩვენი გოგონა, ვალენტინა, დაიბადა. ცოტა ხნის შემდეგ დევნის ახალი ტალღა დაიწყო. ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ აღნიშნავს: „1959—1964 წლებში ნიკიტა ხრუშჩოვმა, სკკპ ცკ–ის პირველმა მდივანმა, ახალი ანტირელიგიური მოძრაობა წამოიწყო“. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წევრებმა გვითხრეს, რომ საბჭოთა მთავრობის მიზანი იყო, ყველა რელიგიის, განსაკუთრებით კი იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის ლიკვიდირება.

ვალენტინა დაახლოებით ერთი წლის იყო, როდესაც სამხედრო სამსახურში გამომიძახეს. მე უარი განვაცხადე და ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნების გამო ხუთწლიანი პატიმრობა მომისაჯეს. ერთხელ, როდესაც ლიდია ჩემს სანახავად მოვიდა, კა–გე–ბეს პოლკოვნიკმა უთხრა: „კრემლიდან შეტყობინება მივიღეთ, რომ ორ წელიწადში არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დარჩება საბჭოთა კავშირში“. შემდეგ გააფრთხილა: „თქვენ უარი უნდა თქვათ თქვენს რწმენაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ციხეში აღმოჩნდებით“. პოლკოვნიკი ფიქრობდა, რომ ასეთი მუქარით შეძლებდა ქალებს გაჩუმებას და თქვა: „ქალები სუსტი არსებები არიან“.

მალე იეჰოვას მოწმე მამაკაცების უმეტესობა ციხეებსა და შრომა–გასწორების ბანაკებში აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, გაბედული ქრისტიანი ქალები მაინც არ წყვეტდნენ ქადაგებას. მათ დიდი რისკის ფასად ფარულად შეჰქონდათ ლიტერატურა მათთვის, ვინც ციხეებსა და შრომა–გასწორების ბანაკებში იჯდა. ლიდია ხშირად ხვდებოდა მსგავს განსაცდელებს. ამასთანავე, ზოგი მამაკაცი ჩემი არყოფნით სარგებლობდა და ლიდიას თავს აბეზრებდა. ისინი იმასაც კი ეუბნებოდნენ, რომ არასოდეს გამათავისუფლებდნენ. მაგრამ ეს ასე არ მოხდა — მე გამათავისუფლეს!

გათავისუფლება და ყაზახეთში გადასვლა

ჩემი საქმე 1963 წელს ხელახლა განიხილეს და მოგვიანებით გამათავისუფლეს; მთლიანობაში სამი წელი მომიწია ციხეში ჯდომა. მაგრამ ჩვენ არსად არ გვაძლევდნენ მუდმივად ცხოვრების უფლებას, რის გამოც სამუშაოს ვერ ვშოულობდი. სახელმწიფო კანონის თანახმად, მათ, ვისაც ქვეყანაში არ ჰქონდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, არ აძლევდნენ მუშაობის უფლებას. მხურვალე ლოცვით იეჰოვას ვთხოვეთ დახმარება. შემდეგ გადავწყვიტეთ, გადავსულიყავით პეტროპავლოვსკში, ჩრდილოეთ ყაზახეთში. ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე მიღებული ჰქონდა გაფრთხილება ჩვენ შესახებ და არ მოგვცეს იქ ცხოვრებისა და მუშაობის უფლება. მსგავსად ავიწროებდნენ ამ ქალაქში დაახლოებით 50 მოწმეს.

ჩვენ სხვა მოწმე წყვილთან ერთად სამხრეთ ყაზახეთში მდებარე პატარა ქალაქ შჩუჩინსკში გადავედით. იქ არც ერთი იეჰოვას მოწმე არ ცხოვრობდა და ხელისუფლებამ არაფერი იცოდა ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობის შესახებ. ერთი კვირის მანძილზე, სანამ მე და ივანე სამსახურს ვეძებდით, ჩვენი ცოლები რკინიგზის სადგურში რჩებოდნენ, სადაც ღამეს ვათევდით. საბოლოოდ, სამსახური მინის ქარხანაში ვიშოვეთ. ორივე ოჯახმა ვიქირავეთ ერთი პატარა ოთახი, სადაც ორი საწოლის დადგმა შეგვეძლო და კიდევ პატარა ადგილიც გვრჩებოდა; ასეთი პირობების მიუხედავად, კმაყოფილები ვიყავით.

მე და ივანე სამუშაოს მთელი გულით ვასრულებდით, რის გამოც ჩვენი უფროსი ძალიან კმაყოფილი იყო. ამ დროისთვის კვლავ გამომიძახეს სამხედრო სამსახურში; ქარხნის დირექტორმა იცოდა, რომ ბიბლიით განსწავლული სინდისი ნებას არ დამრთავდა, წავსულიყავი სამხედრო სამსახურში. ჩვენდა გასაოცრად, ის დაუკავშირდა სამხედრო კომისარიატის უფროსს და უთხრა, რომ მე და ივანე გამოცდილი მუშები ვიყავით და ჩვენი ხელი ქარხანას ძალიან დააკლდებოდა. ამიტომ ქარხანაში დარჩენის უფლება მოგვცეს.

ბავშვების აღზრდა და სხვებისთვის მსახურება

ჩვენი მეორე გოგონა, ლილია, 1966 წელს დაიბადა. ერთი წლის შემდეგ საცხოვრებლად გადავედით უზბეკეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ბელიე ვოდიში (სამხრეთი ყაზახეთი). სადაც იეჰოვას მოწმეების პატარა ჯგუფი არსებობდა. მალე ეს ჯგუფი კრებად ჩამოყალიბდა და მე თავმჯდომარე ზედამხედველად დამნიშნეს. 1969 წელს შეგვეძინა ვაჟი, ოლეგი, ხოლო ორი წლის შემდეგ — ნაბოლარა ქალიშვილი, ნატაშა. მე და ლიდიას არასდროს გვავიწყდებოდა, რომ შვილები მემკვიდრეობაა იეჰოვასგან (ფსალმუნები 126:3). ჩვენ ერთად ვმსჯელობდით, თუ რა იყო საჭირო იმისათვის, რომ მათში იეჰოვას სიყვარული ჩაგვენერგა.

1970 წელს იეჰოვას მოწმე მამაკაცების უმეტესობა ჯერ კიდევ შრომა–გასწორების ბანაკებში იმყოფებოდა. ბევრ კრებას გამოცდილი ზედამხედველები და სათანადო ხელმძღვანელობა ესაჭიროებოდა. ამიტომ მიმომსვლელ ზედამხედველად დავიწყე მსახურება და ბავშვების აღზრდის მთელი ტვირთი ლიდიას დააწვა. დროდადრო ის ბავშვებისთვის დედაც იყო და მამაც. ვინახულებდი კრებებს ყაზახეთში, ასევე საბჭოთა კავშირის მეზობელ რესპუბლიკებში — ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში. ამავე დროს, ვმუშაობდი, რათა ოჯახი მერჩინა. ლიდია და ბავშვები ხალისით მედგნენ მხარში.

თუმცა ზოგჯერ რამდენიმე კვირით მიწევდა სახლიდან წასვლა, ვცდილობდი, ბავშვებისთვის მამობრივი სიყვარული არ მომეკლო და დავხმარებოდი სულიერ ზრდაში. ლიდია და მე მხურვალე ლოცვით მივმართავდით იეჰოვას, რომ დახმარებოდა ჩვენს შვილებს. ბავშვებთან ვმსჯელობდით იმის შესახებ, თუ როგორ დაეძლიათ ადამიანებისადმი შიში და განევითარებინათ ღმერთთან ახლო ურთიერთობა. ჩემი ძვირფასი მეუღლის უანგარო მხარდაჭერის გარეშე ვერ შევასრულებდი ჩემს, როგორც მიმომსვლელი ზედამხედველის, მოვალეობას. ლიდია და სხვა ძვირფასი დები სულაც არ იყვნენ „სუსტი არსებები“, როგორც ამას ზემოთ მოხსენიებული პოლკოვნიკი აცხადებდა. ისინი მტკიცენი — სულიერად ძალიან ძლიერი პიროვნებები — იყვნენ! (ფილიპელები 4:13).

1988 წელს, როდესაც ბავშვები გაიზარდნენ, სრული დროით მიმომსვლელ ზედამხედველად დამნიშნეს. ჩემს რაიონში შუა აზიის ქვეყნების უმეტესობა შედიოდა. მას შემდეგ, რაც 1991 წელს ყოფილ საბჭოთა კავშირში იეჰოვას მოწმეთა სამქადაგებლო საქმიანობა ოფიციალურად გატარდა რეგისტრაციაში, სხვა დახელოვნებულმა და სულიერად მოწიფულმა მამაკაცებმა დაიწყეს მსახურება შუა აზიის ამ რესპუბლიკებში. დღესდღეობით 14 მიმომსვლელი ზედამხედველი მსახურობს ამ ქვეყნებში, სადაც გასულ წელს 50 000–ზე მეტი ადამიანი დაესწრო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს.

მოულოდნელი მოწვევა

1998 წლის დასაწყისში იეჰოვას მოწმეთა რუსეთის ფილიალიდან მოულოდნელად დამირეკეს და მკითხეს: „ანატოლი, რას იტყვი, შენ და ლიდიას კვლავ რომ გაგეგრძელებინათ სრული დროით მსახურება?“ ცხადია, ჩვენ ყოველთვის გვინდოდა, რომ ასეთი სახის მსახურება ჩვენ შვილებს შეესრულებინათ. სინამდვილეში, ჩვენი ვაჟი ოლეგი იმ დროისთვის დაახლოებით ხუთი წელი იყო, რაც იეჰოვას მოწმეთა რუსეთის ფილიალში მსახურობდა.

როდესაც ლიდიას ვუთხარი, რომ მსახურების გაფართოება შემოგვთავაზეს, მან მკითხა: „მაგრამ, რა ვუყოთ ჩვენს სახლს, ბოსტანს და ქონებას?“ ლოცვისა და ყველაფრის კარგად აწონ–დაწონვის შემდეგ, მივიღეთ შემოთავაზებული წინადადება. მალე ალმატთან (ყაზახეთი) ახლოს მდებარე ქალაქ ისიქში არსებულ იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ ცენტრში მიგვიწვიეს. აქ ითარგმნება ბიბლიური ლიტერატურა ენებზე, რომლებზეც ამ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა ლაპარაკობს.

ჩვენი ოჯახი დღეს

დიდად მადლიერები ვართ იეჰოვა ღმერთის, რომელიც დაგვეხმარა, რომ შვილებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტება ჩაგვენერგა! ჩვენი უფროსი ქალიშვილი, ვალენტინა, დაქორწინდა და თავის მეუღლესთან ერთად 1993 წელს გერმანიის ქალაქ ინგელჰაიმში გადავიდა საცხოვრებლად. მათ სამი შვილი ჰყავთ და ისინი ყველანი მონათლული მოწმეები არიან.

ჩვენს მეორე ქალიშვილს, ლილიასაც, აქვს საკუთარი ოჯახი. ის და მისი ქმარი, რომელიც უხუცესად მსახურობს ბელიე ვოდის კრებაში, ორ ვაჟს ზრდიან და იეჰოვასადმი სიყვარულს უნერგავენ. ჩვენი ვაჟი, ოლეგი, კი დაქორწინებულია მოსკოველ ქრისტიან დაზე, ნატაშაზე, და ისინი ერთად მსახურობენ რუსეთის ფილიალში, სანკტ–პეტერბურგთან ახლოს. ნაბოლარა ქალიშვილი, ნატაშა, 1995 წელს დაქორწინდა და ქმართან ერთად გერმანიაში ერთ–ერთ რუსულენოვან კრებაში მსახურობს.

დროდადრო მთელი ჩვენი დიდი ოჯახი ერთად ვიკრიბებით. ჩვენი შვილები ხშირად უყვებიან თავიანთ შვილებს ჩვენზე და ეუბნებიან, თუ როგორ ვუსმენდით იეჰოვას, როგორ ჩავუნერგეთ მათ მშობლებს ჭეშმარიტი ღვთისადმი სიყვარული და როგორ ვასწავლეთ მსახურება. შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი საუბრები ძალიან ეხმარება ჩვენს შვილიშვილებს სულიერ ზრდაში. ნაბოლარა შვილიშვილი ჩემს თავს მახსენებს, როდესაც მისი ასაკის ვიყავი. ხანდახან ის კალთაში მიჯდება და მთხოვს, ვუამბო ბიბლიური მოთხრობები. თვალებზე სიხარულის ცრემლი მადგება, როდესაც სიყვარულით ვიხსენებ, როგორ მოვკალათდებოდი ხოლმე ბაბუას მუხლებზე, რომელიც დიდებული შემოქმედისადმი სიყვარულს მინერგავდა და მისდამი მსახურებას მასწავლიდა.

[სურათი 12 გვერდზე]

მე და ჩემი მშობლები სახლის ეზოში (მოლდავეთი), მამის დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე.

[სურათი 14 გვერდზე]

ლიდიასთან ერთად 1959 წელს, ჯერ კიდევ გადასახლებაში.

[სურათი 15 გვერდზე]

ლიდია ჩვენს გოგონასთან, ვალენტინასთან, ერთად ჩემი ციხეში ყოფნის დროს.

[სურათი 16 გვერდზე]

მე და ლიდია დღეს.

[სურათი 16 გვერდზე]

შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად — ყველანი იეჰოვას ვემსახურებით!