არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შვილების ღვთისმოსაწონად აღზრდა

შვილების ღვთისმოსაწონად აღზრდა

ბიბლიის თვალსაზრისი

შვილების ღვთისმოსაწონად აღზრდა

„როგორ დავუდგინოთ შვილებს წესები, რომლებსაც არ დაარღვევენ“.

„ბავშვს ხუთ წლამდე ხუთი ფასეულობა უნდა ასწავლოთ“.

„ხუთი ემოცია, რომლებიც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს“.

„თქვენი შემწყნარებლობის მაჩვენებელი ხუთი ნიშანი“.

„ერთწუთიანი დასჯაც კი სასწაულმოქმედია“.

ბავშვის აღზრდა რომ ადვილი იყოს, სხვადასხვა ჟურნალში გამოქვეყნებული ზემოთ მოხსენიებული სტატიები ნაკლებად მიიპყრობდა მკითხველის ყურადღებას, და თანდათანობით შეწყდებოდა ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული წიგნების გამოცემა, რასაც დღეს ბოლო არ უჩანს. ბავშვების აღზრდა არასოდეს ყოფილა ადვილი. ჯერ კიდევ ათასობით წლის წინათ ითქვა, რომ „ბრიყვი შვილი მამის დარდია და დედის ნაღველი“ (იგავები 17:25, სსგ).

დღესდღეობით ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული უამრავი რჩევის მიუხედავად, ბევრმა მშობელმა ზუსტად არ იცის, როგორ აღზარდოს შვილი. რა დახმარებას გვთავაზობს ბიბლია?

რას ნიშნავს სინამდვილეში აღზრდა?

ბიბლია ნათელს ჰფენს, თუ რა შედის მშობლების როლში შვილების აღზრდასთან დაკავშირებით. მაგალითად, ეფესოელების 6:4-ში ნათქვამია: „თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ იზრუნეთ მათზე — იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“. ეს მუხლი ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებით მამას ეკისრება შვილებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა. ცხადია, დედაც გვერდით უდგას მას.

ბერძნულ სიტყვასთან დაკავშირებით, რომელიც ბიბლიაში „აღზრდად“ არის ნათარგმნი, ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია: „ეს სიტყვა ენათესავება, ერთის მხრივ, წვრთნას, სწავლებას, ცოდნის მიცემას და, მეორეს მხრივ, გაკიცხვას, გამოსწორებასა და დასჯას“ (The Interpreter’s Dictionary of the Bible). ამრიგად, ამ სიტყვას ფართო გაგება აქვს და შენიშვნების მიცემაზე მეტს ნიშნავს. მასში მოიაზრება ყველაფერი, რაც საჭიროა ბავშვის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის. მაგრამ ისმის კითხვა: როგორ შეიძლება ამის ისე გაკეთება, რომ მშობლებმა შვილები არ გააღიზიანონ?

იყავით თანამგრძნობნი

რა აღიზიანებს ბავშვს? წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია. გყავთ მძიმე ხასიათის მქონე თანამშრომელი, რომელიც ადვილად გამოდის მდგომარეობიდან; თქვენი არაფერი მოსწონს და აკრიტიკებს ყველაფერს, რასაც ამბობთ და აკეთებთ. ის ხშირად გიწუნებთ შესრულებულ სამუშაოს და სურს, რომ არარაობის გრძნობა დაგეუფლოთ. განა ასეთი მოპყრობა არ გაგაღიზიანებდათ და გულს არ გატკენდათ?

მსგავსი რამ შეიძლება დაემართოს ბავშვს, თუ მშობლები თავს აბეზრებენ და ჩხუბითა და ლანძღვით სჯიან. მართალია, შვილები დროდადრო საჭიროებენ დასჯას და ამის უფლებამოსილებას ბიბლია აძლევს კიდეც მშობლებს, მაგრამ უსიყვარულოდ და ულმობლად დასჯამ შეიძლება გააღიზიანოს ბავშვი და ცუდად იმოქმედოს მის ემოციურ, სულიერ და თვით ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც კი.

შვილები იმსახურებენ თქვენს ყურადღებას

მშობლებმა დრო უნდა გამოუყონ შვილებს. ღვთის ნორმებთან დაკავშირებით მეორე რჯულის 6:7 მამებს ეუბნება: „ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას“. ბავშვებს დაბადებიდანვე აქვთ იმის მოთხოვნილება, რომ მშობლები სათუთად ზრუნავდნენ მათზე. ბავშვებთან ყოველდღიურად თბილი საუბრები დაგეხმარებათ, ჩასწვდეთ მათ გრძნობებს. ეს გაგიადვილებთ, მათ გულებამდე მიიტანოთ ბიბლიაზე დაფუძნებული პრინციპები და აღძრათ ისინი, ‘ეშინოდეთ ღვთისა და იცავდნენ მის მცნებებს’ (ეკლესიასტე 12:13). ეს ღვთისმოსაწონი აღზრდის ერთი მხარეა.

ბავშვებზე ზრუნვას სახლის აშენებას თუ შევადარებთ, მაშინ იეჰოვას მოსაწონად აღზრდას შეგვიძლია ძირითადი სამშენებლო იარაღი ვუწოდოთ. როდესაც მშობლები ამ იარაღს სწორად იყენებენ, ისინი შეძლებენ შვილებში სასურველი თვისებების განვითარებას და მათთვის იმის სწავლებას, რომ გადალახონ ნებისმიერი ცხოვრებისეული წინააღმდეგობა. იგავების 23:24, 25 (სსგ) აღწერს იმ სასურველ შედეგს, რომელიც ასეთ აღზრდას მოჰყვება: „მართლის მამა მოილხენს და ბრძენის მშობელი მისით გაიხარებს. გაიხარებს შენი დედ-მამა, შენი მშობლები მოილხენენ“.

[ჩარჩო⁄სურათი 27 გვერდზე]

იეჰოვას მოსაწონად დარიგება

ეფესოელების 6:4-ში საუბარია იეჰოვას მოსაწონად დარიგებაზე. აქ გამოყენებული ბერძნული გამოთქმა ბიბლიის ზოგ თარგმანში გადმოტანილია როგორც „ყურადღებიანობა“, „რჩევის მიცემა“ და „მითითების თბილად მიცემა“. ყველა ეს სიტყვა მიუთითებს იმაზე, რომ ოჯახებს უფრო მეტი მოეთხოვებათ, ვიდრე ბიბლიის კითხვა ან ბიბლიის შესწავლაში დამხმარე მასალის შაბლონურად გავლაა. მშობლები უნდა დარწმუნდნენ, რომ შვილებს ესმით ღვთის სიტყვა, მორჩილების აუცილებლობა და ის, რომ იეჰოვას უყვარს ისინი და დაცვას სთავაზობს მათ.

როგორ შეიძლება ამის მიღწევა? ჯუდიმ, სამი შვილის დედამ, დაინახა, რომ შვილებისთვის ღვთის პრინციპების გამუდმებით შეხსენება საკმარისი არ იყო. „მივხვდი, რომ მათ არ მოსწონდათ, როცა ათასჯერ ვუმეორებდი ერთი და იმავეს და ამას ერთფეროვნად ვაკეთებდი. გადავწყვიტე, სწავლების სხვადასხვა მეთოდები მომეძებნა. ერთი საშუალება იყო, მენახა ჟურნალ ­„გამოიღვიძეთ!“-ში მოცემული სტატიები, რომლებიც ბავშვებთან მიდგომის ახლებულ მეთოდებს გვთავაზობდა. ასე ვისწავლე, როგორ შემეხსენებინა შვილებისთვის ბიბლიური პრინციპები, ისე რომ არ გამეღიზიანებინა“.

ანჯელო, რომლის ოჯახმაც მძიმე განსაცდელები გადაიტანა, გვიყვება, თუ როგორ მიაჩვია თავისი ოთხი ქალიშვილი ღვთის სიტყვაზე ფიქრს. „ჩვენ ერთად ვკითხულობდით ბიბლიურ მუხლებს, შემდეგ გარკვეულ ფრაზებზე ვამახვილებდით ყურადღებას და ვმსჯელობდით, როგორ შეიძლებოდა მათი გამოყენება ჩემი ქალიშვილების შემთხვევაში. მოგვიანებით, როდესაც მათ დამოუკიდებლად დაიწყეს ბიბლიის კითხვა, დავინახე, რომ ისინი ცდილობდნენ, ჩასწვდომოდნენ ბიბლიას და ფიქრობდნენ წაკითხულზე“.