ბავშვის აღზრდა მნიშვნელოვანია
ბავშვის აღზრდა მნიშვნელოვანია
რასაც ადამიანი ბავშვობაში სწავლობს, მომავალში მის უნარზე შეიძლება აირეკლოს. მაშ, რა მოითხოვება მშობლებისგან, რომ მათი შვილები გაწონასწორებულ, წარმატებულ მოზარდებად ჩამოყალიბდნენ? განვიხილოთ, თუ რა დასკვნა გააკეთა ზოგიერთმა ბოლო ათწლეულში ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე.
სინაპსების როლი
თანამედროვე ტექნოლოგია დღეს, ისე როგორც არასდროს, ტვინის სკანირებისა და ამგვარად მისი განვითარების უფრო დაწვრილებით შესწავლის საშუალებას იძლევა. ასეთი გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ადრეული ბავშვობის ასაკი მნიშვნელოვანი პერიოდია ტვინის განვითარებისთვის, რათა შემდგომ ბავშვმა ნორმალურად შეძლოს ინფორმაციის გადამუშავება, ემოციების გამოხატვა და ენის დაუფლება. ერთ ჟურნალში ნათქვამია: „ტვინის უჯრედშორისი კავშირები ბავშვობის ადრეულ ასაკში საოცრად სწრაფად ვითარდება იმ დროს, როდესაც გენეტიკური და გარემო ფაქტორების გავლენით ხდება ტვინის ფორმირება“ (Nation).
მეცნიერების აზრით, ამ კავშირთა ანუ სინაპსთა უმეტესობა ბავშვის განვითარების პირველ რამდენიმე წელს ხდება. ბავშვთა განვითარების შემსწავლელ მეცნიერებათა დარგის მუშაკის ბერი ბრაზელტონის თქმით, ამ დროს ხდება „ბავშვის ინტელექტზე, თვითშეგნებაზე, ნდობასა და სწავლისადმი დამოკიდებულებაზე პასუხისმგებელი კავშირებისთვის საძირკვლის ჩაყრა“.
პატარა ბავშვის ტვინი პირველ წლებში განსაკუთრებული სისწრაფით იზრდება და სტრუქტურულად და ფუნქციურად ვითარდება. თუ ბავშვი იზრდება გარემოში, სადაც მის ტვინს მრავალი სიგნალი და ინფორმაცია მიეწოდება, მატულობს სინაპსების რაოდენობა, რის შედეგადაც ტვინის ნერვული ქსელი ფართოვდება. ეს კი შესაძლებელს ხდის აზროვნების, სწავლისა და მსჯელობის უნარის განვითარებას.
ბავშვის ტვინში, რაც უფრო მეტი ნეირონის სტიმულაცია ხდება, მით მეტი უჯრედი აქტიურდება და უჯრედებს შორის დამყარებული კავშირების რიცხვიც მატულობს. საინტერესოა, რომ სტიმულაცია მხოლოდ ინტელექტუალური როდია, ანუ ის მხოლოდ ფაქტებით, საგნებით ან ენით არ შემოიფარგლება. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ საჭიროა ემოციური სტიმულაციაც. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ, თუ პატარა ხელში არ აიყვანეს, არ მოეფერნენ, არ ეთამაშნენ და მასში დადებითი ემოციები არ აღძრეს, სინაპსური კავშირებიც ნაკლებად განვითარდება.
აღზრდა და პოტენციური შესაძლებლობები
ბავშვის წამოზრდასთან ერთად ძველი კავშირები მცირდება. ტვინი, როგორც ჩანს, იშორებს ზედმეტ სინაპსურ კავშირებს. ამან შეიძლება ძალიან იმოქმედოს ბავშვის პოტენციურ შესაძლებლობებზე. „თუ ბავშვი სათანადო დროს სათანადო სტიმულს არ იღებს, — ამბობს ცერებრულ მეცნიერებათა პროფესორი მაქს სინედერი, — მაშინ ნეირონთა ქსელი სათანადოდ არ განვითარდება“. ფრეიზერ მასტარდის სიტყვების თანახმად, ამის შედეგად ბავშვს შეიძლება დაუქვეითდეს გონება, ზრდასრულ ასაკში ჰქონდეს ჯანმრთელობასთან და ყოფაქცევასთან დაკავშირებული პრობლემები, ღარიბი ლექსიკა და მათემატიკაში მოიკოჭლებდეს.
ადრეულ ასაკში მომხდარმა მოვლენებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვზე ზრდასრულ ასაკში. ბავშვი ცვლილებებთან ადვილად შემგუებელი იქნება, აბსტრაქტული აზროვნების უნარი ექნება თუ თანამგრძნობი იქნება, დამოკიდებულია იმ გარემო ფაქტორთა გავლენაზე, რომლებიც მან პატარაობისას განიცადა. ამიტომ მშობლებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. ერთი პედიატრის სიტყვების თანახმად, „ადრეულ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს გვერდით ჰყავდეს გულისხმიერი და მზრუნველი მშობლები“.
ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან მარტივი ჩანდეს. სათანადოდ აღზარდეთ თქვენი პატარები, იზრუნეთ მათზე და შედეგიც არ დააყოვნებს. თუმცა მშობლებმა იციან, რომ იმის ცოდნა, თუ როგორ აღზარდონ სათანადოდ შვილები, სამწუხაროდ, ყოველთვის ასე ადვილი არ არის. მშობლები ყოველთვის ინტუიციას ვერ დაეყრდნობიან.
ერთი გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულ მშობელთა 25 პროცენტმა არ იცოდა, რომ შვილის აღსაზრდელად გაწეული მათი ამაგი დადებითად ან უარყოფითად იმოქმედებდა ბავშვის გონებრივ თუ სწავლისადმი სიყვარულის განვითარებაზე და საკუთარი თავისადმი რწმენის ჩანერგვაზე. აქედან გამომდინარე, იბადება კითხვები: რა შეიძლება გააკეთოთ იმისათვის, რომ დაეხმაროთ ბავშვებს, ამოწურონ მთელი თავიანთი შესაძლებლობები? და როგორ შეგიძლიათ მათთვის სათანადო ატმოსფეროს შექმნა? ამ საკითხებს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.
[სურათი 16 გვერდზე]
უყურადღებოდ მიტოვებული ბავშვები შეიძლება ნაკლებად განვითარდნენ სხვა ბავშვებთან შედარებით.