ინტერნეტი როგორ ავირიდოთ საფრთხე?
ბიბლიის თვალსაზრისი
ინტერნეტი როგორ ავირიდოთ საფრთხე?
ინდოეთის ერთ-ერთი მივარდნილი სოფლიდან ფერმერი ჩიკაგოს (აშშ) ბაზარზე სოიის ფასს ამოწმებს, რათა მოსავლის გასაყიდად საუკეთესო დრო შეარჩიოს; პენსიაში გასული ხანდაზმული ქალი ღიმილით კითხულობს შვილიშვილისგან მიღებულ ელექტრონულ შეტყობინებას; მამაკაცი, რომელიც სამოგზაუროდ ემზადება, ნახულობს, რა ამინდს წინასწარმეტყველებენ სინოპტიკოსები მისი დანიშნულების ადგილზე; შვილის საშინაო დავალებისთვის დედა საჭირო მასალებს ეძებს. ეს ყველაფერი ინტერნეტის საშუალებით ხდება. ინტერნეტმა — რომლის მომხმარებელთა რიცხვიც სასწაულებრივი ტემპით იზრდება და, გამოთვლების თანახმად, უკვე 600 მილიონს აღემატება — სულ სხვა იერი შესძინა საქმიან ურთიერთობებსა და მსოფლიო კომუნიკაციას.
ინტერნეტით განსაკუთრებით მოხიბლულია ახალგაზრდა თაობა, რომელსაც ზოგჯერ კიბერთაობასაც უწოდებენ. სტუდენტებს ბიბლიოთეკაში წასვლა აღარ სჭირდებათ; მათთვის კვლევა-ძიების ადგილი და ახალ ამბებთან გაცნობის უმთავრესი წყარო ინტერნეტია. და ეს ტენდენცია სულ უფრო ძლიერდება. „ერთი სიტყვით, დღევანდელი სტუდენტები . . . 24 საათი ინტერნეტში არიან“, — ამბობს დიანა თილიში, ამერიკელ ბოლოკურსელებთან დაკავშირებული ერთ-ერთი გამოკვლევის ხელმძღვანელი. დიახ, თანამედროვე საზოგადოებისთვის ინტერნეტი მეტად საჭირო იარაღია.
ჩვეულებრივ, იარაღი რაც უფრო მძლავრია, პოტენციურად მით უფრო საშიშია. სად ხელის ხერხი და სად ელექტრული ხერხი, — მაგრამ ამ უკანასკნელის გამოყენებისას საკმაო სიფრთხილეა საჭირო. მსგავსად, ინტერნეტიც ძალიან მძლავრი საშუალებაა და უდიდესი სამსახურის გაწევა შეუძლია, მაგრამ მისით სარგებლობის დროს წინდახედულნი უნდა ვიყოთ, რადგან სერიოზულ საშიშროებებსაც გვიქმნის. ამ საშიშროებებით შეშფოთებულმა ევროსაბჭოს 40-ზე მეტმა წევრმა ქვეყანამ ინტერნეტ-დამნაშავეობისგან საზოგადოების დაცვის მიზნით საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტი შეიმუშავა.
რა არის ასეთი შეშფოთების მიზეზი? რომელია ზოგიერთი საშიშროება, განსაკუთრებით კი ქრისტიანებისთვის? ხომ არ ნიშნავს მათი არსებობა იმას, რომ საერთოდ უნდა მოვერიდოთ ინტერნეტის გამოყენებას? რა რჩევებს გვთავაზობს ბიბლია?
აუცილებელია სიფრთხილე
ჯერ კიდევ საუკუნეების წინათ ბიბლია იძლეოდა გაფრთხილებას, რომ „ბოროტგანმზრახველ[ებ]ს“, რომლებიც ‘ბოროტის ქმნას ფიქრობენ’, არაერთი ხიფათის შექმნა იგავები 24:8). იერემია წინასწარმეტყველი მათ „ბოროტეულებად“ მოიხსენიებდა და ამბობდა, რომ ‘მათი სახლი სიცრუითაა სავსე’. ფრინველზე მონადირეთა მსგავსად, ისინი „დგამენ ხაფანგებს, რათა შეიპყრონ ადამიანები . . . და გამდიდრნენ“ (იერემია 5:26, 27). თანამედროვე ტექნოლოგია დღევანდელ „ბოროტეულებს“ ხელ–ფეხს უხსნის სრულიად განსხვავებული, ახალი ხაფანგების დასაგებად. ახლა შევეხოთ ზოგიერთ საშიშროებას, რამაც ქრისტიანები შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს.
შეეძლოთ (ინტერნეტ–პორნოგრაფიას ყოველწლიურად 2,5 მილიარდი დოლარის მოგება მოაქვს. პორნოგრაფიული ვებ–გვერდების რაოდენობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საგანგაშო ტემპით — დაახლოებით 1 800 პროცენტით — გაიზარდა. გამოთვლილია, რომ დღესდღეობით 260 მილიონზე მეტი ასეთი გვერდი არსებობს და ეს რიცხვი არნახული სიჩქარით მიისწრაფვის წინ. «პორნოგრაფია ისეა მოდებული მთელ ინტერნეტში, რომ დღეს რთულია აირიდო ასეთ გამოსახულებებთან თუნდაც უნებლიე „შეხვედრა“. ეს კი უფრო მეტად ზრდის ინტერნეტ–სექსით გატაცების საშიშროებას», — აღნიშნა დოქტორმა კიმბერლი იანგმა, ინტერნეტ–მანიასთან ბრძოლის ცენტრის პრეზიდენტმა.
ბიბლია გვეუბნება, რომ „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას“ (იაკობი 1:14). პორნოგრაფიის გამავრცელებლები ნებისმიერს, ვისაც კომპიუტერი აქვს, პოტენციურ მსხვერპლად აღიქვამენ და ათასგვარ ხრიკს მიმართავენ, რათა ზემოქმედება მოახდინონ თითოეული მათგანის „სურვილზე“ — „ხორცის სურვილზე [და] თვალთა სურვილზე“ (1 იოანე 2:16). მათი მიზანია, ‘აცდუნონ’, ანუ, როგორც „ბიბლიური სიტყვების ვაინის განმარტებითი ლექსიკონი“ ხსნის, „მახის დაგებით შეიტყუონ“ ინტერნეტის წინდაუხედავი მომხმარებლები.
ბიბლიურ დროში მცხოვრები ბოროტი ადამიანების მსგავსად, პორნოგრაფიის გამავრცელებლები ხშირად მიმართავენ სიცრუესა და ეშმაკობას. გამოთვლების თანახმად, ყოველდღიურად ელექტრონული ფოსტით იგზავნება დაახლოებით ორი მილიარდი პორნოგრაფიული ხასიათის შეტყობინება, — ეს კი ახალი მომხმარებლების მისაზიდად მიმართული აქტიური ძალისხმევის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ხშირად ასეთი „არამკითხე“ შეტყობინებების სათაურები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მათში არაფერია საზიანო. მაგრამ საკმარისია ერთი შეტყობინების გახსნა და შეიძლება ზღვასავით მოაწყდეს უზნეობის ამსახველი გამოსახულებები, რომელთა შეჩერებაც რთულია. საფოსტო სიიდან საკუთარი მისამართის ამოშლის მოთხოვნას კი შეიძლება მოჰყვეს პორნოგრაფიული შეტყობინებების ახალი და ახალი ტალღები.
ფრინველთა მონადირე საგულდაგულოდ ყრის საკენკს მახემდე მიმყვანი მიმართულებით. ჩიტი კი, რომელიც საფრთხეს ვერ ხედავს, თითო–თითოდ კენკავს მარცვლებს და ასე მიუყვება, მაგრამ. . . წკაპ! ჩიტი მახეშია. მსგავსად ამისა, ცნობისმოყვარეობა ზოგს აღძრავს, გემო გაუსინჯოს სექსუალური აღგზნების გამომწვევ გამოსახულებებს. ამ დროს ადამიანს იმის იმედიც აქვს, რომ მას ვერავინ დაინახავს. ამგვარად მიღებული სიამოვნების შემდეგ, ზოგი უფრო და უფრო ხშირად უბრუნდება ძლიერი ზემოქმედების მქონე ამ გამოსახულებებს. თავიდან მათ შეიძლება მოსვენებას არ აძლევდეს სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა. დროთა განმავლობაში კი მათთვის ჩვეულებრივი ხდება ის, რაც ერთ დროს აღმაშფოთებელი იყო. მათთვის, ვინც პორნოგრაფიის ტყვეობაში ექცევა, ინტერნეტი ასრულებს ‘გამანაყოფიერებლის’ როლს, რომელიც სურვილებს ცოდვის ჩადენისაკენ მიაქანებს (იაკობი 1:15). საბოლოოდ, ასეთ ადამიანებს შეიძლება განუვითარდეთ «„ბნელი მხარე“ — ძირითად ღირებულებებს მოკლებული, აღვირახსნილი სქესობრივი ლტოლვის განმარტოებით დაკმაყოფილების ჩვევები», — ამბობს დოქტორი ვიქტორ კლაინი, ფსიქოლოგი, რომელსაც პორნოგრაფიით გატაცებულ ასობით პაციენტთან ჰქონია შეხება.
„ვებ–ჩეთებთან“ დაკავშირებული საფრთხე
გარდა იმისა, რომ შეიძლება ძალიან დიდი დრო წაართვას ადამიანს, ინტერნეტ–ჩეთები უფრო და უფრო
მეტად ხდება ოჯახური ურთიერთობების რღვევის მიზეზი. ერთმა მამაკაცმა, რომლის ცოლიც დიდ დროს ხარჯავს ინტერნეტზე, თავისი გულისწყრომა ასე გამოხატა: „მოვა თუ არა სახლში, მაშინვე ირთვება კომპიუტერი და ხუთი ან უფრო მეტი საათია საჭირო, რომ ის გამორთოს. შედეგი კი ის არის, რომ ურთიერთობა გვიფუჭდება“. დიახ, ინტერნეტს მიაქვს დრო, რომელიც ადამიანს შეეძლო საკუთარი მეუღლისთვის და ოჯახისთვის დაეთმო.ქორწინებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო სამსახურის, „რილეიტის“, პრეზიდენტის, ანჯელა სიბსონის, თქმით, ინტერნეტი „ადამიანს ფართო გზას უხსნის სხვა ურთიერთობების დასაწყებად, და ამას შეიძლება არსებული ურთიერთობების დანგრევის ძალაც კი აღმოაჩნდეს“. ის, რაც „ვებ–ჩეთში“ მეგობრული საუბრით იწყება, მალე შეიძლება გაცილებით სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. „მზაკვრული გულის“ ადამიანები „ლაქარდიან ენას“ იყენებენ და პოტენციურ მსხვერპლს იმას ეუბნებიან, რაც მას სიამოვნებს, თუმცა კი გონებაში ერთი რამ — უზნეო ურთიერთობის დამყარება — უტრიალებთ (იგავები 6:24; 7:10). დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ერთ–ერთი ასეთი მსხვერპლი, 26 წლის ნიკოლა, ყვება: „სულ იმას მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი; სულ ჩემ ქებაში იყო და მეც მჯეროდა“. დოქტორ ალ კუპერის აზრით (მისი ავტორობით გამოიცა წიგნი „სექსი და ინტერნეტი: სახელმძღვანელო კლინიცისტებისთვის“), საჭიროა „გავაფრთხილოთ ხალხი, რომ ინტერნეტ–ფლირტში ჩაბმით ისინი სახიფათო ფერდობზე დაშვებას იწყებენ, რაც საკმაოდ ხშირად განქორწინებით მთავრდება“.
ბავშვების შემთხვევაში კიდევ უფრო დიდია იმის საფრთხე, რომ სექსუალური აგრესორების მსხვერპლი გახდებიან. ბავშვები, რომელთაც ჯერ არა აქვთ ცხოვრების გამოცდილება, პედოფილების სამიზნეები არიან. საწადელის მისაღწევად პედოფილები „მზაკვრობასა“ და „ცბიერ სიტყვებს“ (სსგ) მიმართავენ (იგავები 4:24; 7:7). განსაკუთრებულად რომ აგრძნობინონ თავი, ისინი ბავშვებთან არაჩვეულებრივად ყურადღებიანები, მოსიყვარულეები და გულკეთილები არიან. მათ თავი ისე მოაქვთ, თითქოს ყველაფერი იციან იმაზე, რაც ბავშვებს აინტერესებთ, საყვარელი მუსიკისა თუ სხვა გასართობების ჩათვლით. ხოლო ოჯახში არსებულ უმნიშვნელო სირთულეებს ბავშვსა და ოჯახს შორის ბარიერის აღსამართავად იყენებენ. თავიანთი ვნებების ხორცშესასხმელად პედოფილებმა შეიძლება სამოგზაურო ბილეთებიც კი გაუგზავნონ მიზანში ამოღებულ მსხვერპლს. ყოველივე ამის შედეგები შემზარავია.
ბიბლიური პრინციპები დაგიცავთ!
ასეთი საშიშროებების შემყურე ზოგი ადამიანი იმ დასკვნამდე მიდის, რომ უკეთესია, საერთოდ მოერიდონ ინტერნეტის გამოყენებას. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ, მთლიანობაში, ინტერნეტში არსებული საიტების მხოლოდ მცირე პროცენტი ქმნის საშიშროებას და მომხმარებელთა უმეტესობა სერიოზულ პრობლემებს არ ხვდება.
საბედნიეროდ, ბიბლია გვთავაზობს რჩევებს საფრთხისგან თავის დასაცავად. ის მოგვიწოდებს, შევიძინოთ ცოდნა, სიბრძნე და საზრიანობა. ასეთი თვისებები ‘დაგვიფარავს’ (სსგ) და ‘გვიხსნის ბოროტი გზიდან’ (იგავები 2:10—12). „საიდან მოდის სიბრძნე?“ — ასეთი კითხვა დასვა იობმა, ძველ დროში მცხოვრებმა ღვთის მსახურმა. აი პასუხიც: „უფლის შიშია სიბრძნე“ (იობი 28:20, 28).
„უფლის შიში“, რაც „ბოროტების სიძულვილია“, ძირითადი პირობაა ღვთისმოსაწონი თვისებების განსავითარებლად (იგავები 1:7; 8:13; 9:10). როდესაც გვიყვარს ღმერთი და მისდამი მოწიწებას ვგრძნობთ, როდესაც პატივს ვცემთ მის ძლიერებასა და ძალაუფლებას, შედეგად ჩვენც ვიძულებთ მისთვის საძულველ არასწორ მოქმედებებს და გავურბივართ მათ. საზრიანობა და ღვთიური ცოდნა დაგვეხმარება, ამოვიცნოთ საშიშროებები, რომელთაც შეუძლია ჩვენი გონებისა და გულის მოწამვლა და სულიერობის განადგურება. ჩვენ ვერ შევეგუებით ეგოისტურ და ხარბ აზროვნებას, რასაც შეუძლია ჩვენი ოჯახის დანგრევა და იეჰოვასთან ურთიერთობის გაფუჭება.
ასე რომ, თუ იყენებთ ინტერნეტს, გახსოვდეთ აქ განხილული საშიშროებები. ერთგულად დაიცავით ღვთის მითითებები და ნუ ეცდებით ცეცხლთან თამაშს (1 ნეშტთა 28:7). ასე თუ იმოქმედებთ, რომც შეხვდეთ საშიშროებებს ინტერნეტის გამოყენებისას, თქვენ შეძლებთ მათგან თავის დაღწევას (1 კორინთელები 6:18).
[ჩარჩო 25 გვერდზე]
მოერიდეთ პორნოგრაფიას და შეინარჩუნეთ სულიერი სისუფთავე!
„სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და სიხარბე არც კი იხსენიებოდეს თქვენ შორის, როგორც წმინდებს შეეფერებათ“ (ეფესოელები 5:3).
„ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, მავნებელი სურვილები და სიხარბე“ (კოლოსელები 3:5).
„ღვთის ნება–სურვილია, რომ . . . ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის ფლობა სიწმინდითა და პატივით და არა თავშეუკავებელი ვნებით, იმ ხალხთა მსგავსად, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს“ (1 თესალონიკელები 4:3—5).
[ჩარჩო/სურათები 26, 27 გვერდებზე]
„ვებ-ჩეთები“ — საჭიროა სიფრთხილე!
სამძებრო პოლიციის ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ინტერნეტ-დამნაშავეობის შემთხვევებს იკვლევს, სტუმრად მიიწვია „გამოიღვიძეთ!“-ის თანამშრომელი, რათა „ვებ-ჩეთებთან“ დაკავშირებული საშიშროებები თვალსაჩინოდ ეჩვენებინა. ის შევიდა „ჩეთში“ და თავი 14 წლის გოგოდ წარადგინა. არ გასულა რამდენიმე წამი და უკვე გამოჩნდნენ მოპასუხეები. ისინი სვამდნენ, მაგალითად, ასეთ შეკითხვებს: „საიდან ხარ?“, „ბიჭი ხარ თუ გოგო?“, „შეგვიძლია ვისაუბროთ?“ მათგან რამდენიმე, ვინც გამოეხმაურა, ბავშვების სექსუალურად გარყვნაში ეჭვმიტანილი პირი იყო, რომელთა საქმესაც პოლიცია იძიებდა. ასე ადვილად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი შვილი პედოფილთან ერთად „ვებ-ჩეთში“.
ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ „ვებ-ჩეთების“ გამოყენებისას ბავშვები დაცულნი არიან, რადგან მათ საუბარს „ვებ-ჩეთში“ ხედავს ყველა, ვინც საუბრებში მონაწილეობს. მაგრამ ვინმემ „ვებ-ჩეთში“ შეიძლება ერთი ერთზე საუბარი შემოგთავაზოს. ამასთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბებული ბავშვთა დაცვის ინტერნეტ-კომისია ასეთ გაფრთხილებას იძლევა: „ეს იგივეა, რომ ხალხით სავსე ოთახიდან ცალკე ოთახში გახვიდე და უცნობთან განმარტოებით ისაუბრო“.
ასევე მნიშვნელოვანია, მშობლებს ესმოდეთ, რომ პედოფილთა უმრავლესობას უფრო მეტი სურს, ვიდრე ბავშვთან „ვებ-ჩეთში“ საუბარი. ინტერნეტ-დამნაშავეობასთან დაკავშირებული ფორუმის მიერ მომზადებულ ერთ დოკუმენტში ნათქვამია: „ვებ-ჩეთში დაწყებული ურთიერთობა პედოფილებმა შეიძლება გააგრძელონ კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, მაგალითად ელექტრონული ფოსტით ან (მობილური) ტელეფონით“. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ერთ შეტყობინებაში კი აღნიშნულია: «თუმცა სექსუალური აგრესორი ინტერნეტში თავის მსხვერპლთან საუბარში სიამოვნებას ნახულობს, ეს მისთვის შეიძლება არც ისე მოსახერხებელი იყოს. მათგან უმრავლესობას ბავშვთან ტელეფონით საუბარი სურს. ბავშვებთან ურთიერთობისას ხშირად ისინი მიმართავენ „სექსს ტელეფონით“, ხშირად კი რეალური სექსისთვის უშუალოდ შეხვედრის შესაძლებლობებს ეძებენ».
ამ მიზნის სისრულეში მოსაყვანად სექსუალური აგრესორი, ჩვეულებრივ, იძლევა თავის ტელეფონის ნომერს. თუ თქვენი შვილი დაურეკავს, ნომრის ამომცნობი ფუნქციით ის განსაზღვრავს ბავშვის ტელეფონის ნომერს. არიან ისეთებიც, რომელთაც უფასო ნომრები აქვთ ან ბავშვებს სთავაზობენ, რომ მათ ნომერს დააწერონ სატელეფონო საუბრის გადასახადი. ზოგი მობილურ ტელეფონსაც კი უგზავნის ბავშვს; ასევე შეიძლება გაუგზავნონ წერილები, ფოტოსურათები და საჩუქრები.
„ვებ-ჩეთებთან“ დაკავშირებული საშიშროებების მსხვერპლი მხოლოდ ბავშვები როდი ხდებიან. ამას წინათ დიდ ბრიტანეთში ერთმა მამაკაცმა „ტკბილი სიტყვების“ წყალობით ერთდროულად ექვს ქალს შეაყვარა თავი. მათგან ერთ-ერთმა მსხვერპლმა, სასიამოვნო გარეგნობის მქონე 27 წლის ასპირანტმა, შერილმა, თქვა: „უბრალოდ, არ შემიძლია ამის სიტყვებით გადმოცემა. ამ ურთიერთობამ იმდენად დამიმორჩილა, რომ პირდაპირ მთელი ჩემი ცხოვრება მოიცვა“.
«ქალები ინტერნეტში თავს კომფორტულად გრძნობენ, ვინაიდან აქ მათ გარეგნობით არ აფასებენ, — ამბობს ჯენი მადენი, ერთ-ერთი ორგანიზაციის („ქალები კიბერსივრცეში“) დამფუძნებელი. — მაგრამ ისინი საფრთხეშიც იგდებენ თავს, რადგან ინტერნეტში, განსაკუთრებით კი „ვებ-ჩეთებში“, საკუთარი თავის შესახებ უამრავი ინფორმაციის ძალიან სწრაფად გამჟღავნების ტენდენცია არსებობს».
„საკმარისია ჩავრთო კომპიუტერი და ათასობით ქალიდან ვისაც მინდა, იმას ავირჩევ“, — თქვა ერთმა მამაკაცმა ფლორიდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოკვლევის დროს. ამ გამოკვლევის ხელმძღვანელი, ბეატრის ალივა მილჰემი, ამბობს: „მალე — თუ უკვე ასე არ არის — ინტერნეტი იქცევა ცოლქმრული ღალატის ყველაზე გავრცელებულ ფორმად“. „ფსიქოლოგების მიერ ქვეყნის ყველა ნაწილიდან მიღებული შეტყობინებები იმას გვეუბნება, რომ ინტერნეტ-სექსი ცოლქმრული სირთულეების ძირითადი მიზეზია“, — აღნიშნავს დოქტორი ალ კუპერი, ავტორი წიგნისა „სექსი და ინტერნეტი: სახელმძღვანელო კლინიცისტებისთვის“.
ეს გამომაფხიზლებელი სინამდვილე იმას გვკარნახობს, რომ ინტერნეტის გამოყენებისას გონიერება და წინდახედულება გვმართებს. ესაუბრეთ თქვენს ბავშვებს; ასწავლეთ მათ, როგორ დაიცვან თავი საფრთხისაგან. სათანადო ცოდნის მიღებით შეძლებთ თავის არიდებას იმ საშიშროებებისგან, რომლებსაც ინტერნეტი გვიქმნის (ეკლესიასტე 7:12).