არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მეგობრების შეძენის ძლიერი სურვილის დაკმაყოფილება

მეგობრების შეძენის ძლიერი სურვილის დაკმაყოფილება

მეგობრების შეძენის ძლიერი სურვილის დაკმაყოფილება

«სიმარტოვე არ არის ავადმყოფობა, — ნათქვამია წიგნში „სიახლოვის ძიებაში“. — სიმარტოვე არის სულიერი შიმშილი . . . რაც არასაკმარის მეგობრულ ურთიერთობებზე მეტყველებს». როგორც შიმშილი აღგვძრავს ნოყიერი საკვების მიღებისკენ, ასევე სიმარტოვის გრძნობამ უნდა აღგვძრას საიმედო მეგობრების შეძენისკენ.

თუმცა, როგორც საფრანგეთში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი, იაელი, ამბობს, „ზოგიერთები გაურბიან სხვებთან ურთიერთობას“. როგორი მიზეზიც უნდა გვქონდეს, საკუთარი თავის იზოლირებით პრობლემებს ვერ გადავჭრით, პირიქით, სიმარტოვე უფრო მეტად შეგვიპყრობს. ბიბლიური იგავი ამბობს: «თავკერძა [„განმარტოებული“, აქ] კაცი თავის გულისთქმას არის აყოლილი და ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ ჯანყდება» (იგავები 18:1, სსგ). ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვაღიაროთ, რომ გვჭირდება მეგობრები; შემდეგ კი შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ.

გადადგით სათანადო ნაბიჯები მეგობრობისკენ

ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი თავი შეიბრალოთ ან მისი შეგშურდეთ, ვისაც მეტი ან უკეთესი მეგობრები ჰყავს, რატომ არ შეხედავდით ამ საკითხს დადებითად, როგორც ამას იტალიაში მცხოვრები მანუელა აკეთებს? ის ამბობს: „განსაკუთრებით მოზარდობის წლებში ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გარიყული ვიყავი. ეს გრძნობა რომ დამეძლია, ვაკვირდებოდი მათ, ვისაც კარგი მეგობრები ჰყავდა. შემდეგ ვცდილობდი, მათგან კარგი თვისებები გადმომეღო, რაც სასიამოვნო პიროვნებად მაქცევდა“.

მეგობრის შესაძენად ერთ-ერთი ნაბიჯია კეთილგონიერების გამოვლენა და საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა. ჯანსაღი კვება, სათანადო დასვენება და სისტემატური ვარჯიში დაგეხმარებათ, უკეთესად გამოიყურებოდეთ და თავს უკეთესად გრძნობდეთ. მოხდენილი ჩაცმულობის, სისუფთავისა და სათანადო გარეგნობის წყალობით გაშემომყოფთათვის უფრო მიმზიდველნი იქნებით და, ამასთან ერთად, ეს ხელს შეუწყობს საკუთარი ღირსების გრძნობის ზომიერად ჩამოყალიბებას. თუმცა სიფრთხილეა საჭირო, რომ გადამეტებულად არ იზრუნოთ გარეგნობაზე. „ნამდვილი მეგობრების შესაძენად ბოლო მოდაზე ჩაცმა არ არის აუცილებელი, — აღნიშნავს საფრანგეთში მცხოვრები გაელი. — კეთილსინდისიერი ადამიანები პიროვნების შინაგანი თვისებებით არიან დაინტერესებულები“.

ჩვენი აზრები და გრძნობები გავლენას ახდენს ჩვენს საუბრებსა და გარეგნობაზე. ოპტიმისტურად უყურებთ ცხოვრებას? თუ ასეა, თქვენს სახეზე ღიმილი არასოდეს გაქრება. გულწრფელი ღიმილი უფრო მიმზიდველს გვხდის, ვიდრე ლამაზი, კოხტა ჩაცმულობა და, როგორც ერთ-ერთი სპეციალისტი როჯერ აქსთელი განმარტავს, „გულწრფელი ღიმილი ყოველთვის და ყველასთვის მიმზიდველია და იშვიათად თუ იგებენ არასწორად“. * და ამას თუ იუმორსაც დაურთავთ, ადამიანები ადვილად დაგიახლოვდებიან.

გახსოვდეთ, რომ ასეთი კარგი თვისებები ადამიანის სულიერი სამყაროს ანარეკლია. ასე რომ, გამუდმებით კვებეთ გული და გონება ჯანსაღი, დადებითი აზრებითა და გრძნობებით. იკითხეთ საინტერესო და აზრით აღსავსე თემებზე, მაგალითად მიმდინარე მოვლენების, სხვადასხვა კულტურების თუ ბუნებრივი საოცრებების შესახებ. მოუსმინეთ მუსიკას, რომელიც ძალებს აღგიდგენთ. მაგრამ მოერიდეთ სისტემატურად ისეთი სატელევიზიო გადაცემების, კინოფილმების ყურებასა და რომანების კითხვას, რომლებიც ფანტაზიით ავსებს გონებას, ემოციებს. ეკრანზე ასახული ურთიერთობებით არც რეალური ცხოვრებაა ნაჩვენები და არც რეალური მეგობრობა; ეს ფანტაზიის ნაყოფია.

იყავით გულწრფელნი!

იტალიაში მცხოვრები ზულაკა იხსენებს: „ახალგაზრდობაში მორცხვი ვიყავი და მიჭირდა მეგობრების შეძენა. მაგრამ ვიცოდი, თუ გვსურს, გვყავდეს მეგობრები, ინიციატივა უნდა გამოვავლინოთ — საკუთარი თავი გავაცნოთ სხვებს და ისინიც გავიცნოთ“. დიახ, თუ გვსურს, გვყავდეს ნამდვილი მეგობრები, თავი არ უნდა შევიკავოთ საკუთარი გრძნობების გულწრფელად გამოვლენისგან — მათ უნდა იცოდნენ, თუ ვინ ვართ სინამდვილეში. საკუთარი აზრების გაზიარება უფრო მნიშვნელოვანია ნამდვილი მეგობრობისთვის, ვიდრე გარეგნული სილამაზე და ქარიზმა. „ერთმანეთთან ხანგრძლივი და საუკეთესო ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეთ მორცხვებსა და ურთიერთობის მოყვარულებს, ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს, უნარიანებსა და ნაკლებად უნარიანებს, ლამაზებსა და ულამაზოებს, მაგრამ აუცილებელია ერთი საერთო თვისება — გულწრფელობა, — შენიშნავს კონსულტანტი ალენ ლოი. — გამჭვირვალობით საშუალებას მისცემენ სხვებს, დაინახონ, თუ რა აქვთ მათ გულში“.

ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ყველა ჩაახედოთ თქვენს გულში, ანუ გაუმხილოთ თქვენი საიდუმლოება მათ, ვისთანაც თავისუფლად არ გრძნობთ თავს. ეს იმას ნიშნავს, რომ შერჩევით, თანდათანობით გამოავლინოთ სხვებთან საკუთარი ფიქრები და გრძნობები. მიკელა, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, ამბობს: „თავდაპირველად მიჭირდა გრძნობების გამოვლენა. მივხვდი, რომ უნდა შევცვლილიყავი და უფრო მეტად გამომევლინა გრძნობები, რომ მეგობრებს გაეგოთ, რას ვფიქრობდი და თავისუფლად ეგრძნოთ ჩემთან თავი“.

მაშინაც კი, თუ ბუნებით კომუნიკაბელური ხართ, მეგობრებს შორის ორმხრივი ნდობის განსავითარებლად საჭიროა დრო და ერთად ყოფნა. ზედმეტად ნუ იღელვებთ, თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. იტალიაში მცხოვრები ელიზა იხსენებს: „ყოველთვის, როცა მსურდა, რაღაც მეთქვა, მეშინოდა, ვაითუ რამე სწორად არ მეთქვა. შემდეგ ვიფიქრე, რომ ნამდვილი მეგობრები გამიგებდნენ. ასე რომ, თუ რამეს არასწორად ვიტყოდი, გავიცინებდი და სხვებიც ამყვებოდნენ“.

ნუ იქნებით დაძაბულნი! იყავით ის, რაც სინამდვილეში ხართ. თვალთმაქცობა ვერ დაგეხმარებათ. „არაფერს შეუძლია ადამიანი გახადოს უფრო მიმზიდველი, ვიდრე გულწრფელობასა და ბუნებრიობას“, — წერს კონსულტანტი ალექსანდერ მაგუნი. ისინი, რომლებიც ნამდვილად ბედნიერები არიან, არ ცდილობენ „თავის მოჩვენებას“ ან სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას. გულწრფელი მეგობრობა მხოლოდ გულწრფელობის გამოვლენით არის შესაძლებელი. მსგავსად, სხვებს საშუალება უნდა მივცეთ, ყოველთვის ისეთები იყვნენ, როგორებიც სინამდვილეში არიან. ბედნიერი ადამიანები სხვებს ისეთებად იღებენ, როგორებიც არიან და არ აწუხებთ მათი უმნიშვნელო სისუსტეები; არ გრძნობენ იმის აუცილებლობას, რომ მათი მეგობრები შეიცვალონ, რათა ყოველთვის დაეთანხმონ მათ იდეებს. შეეცადეთ იყოთ ბედნიერები. ნუ იქნებით სხვებისადმი კრიტიკულად განწყობილები.

თავად იყავით მეგობრულნი

არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორიც. თითქმის 2000 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იესომ თქვა, რომ ურთიერთობებში წარმატების გასაღები უანგარო სიყვარულია. მან გვასწავლა: „როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკა 6:31). ეს სწავლება ცნობილია როგორც „ოქროს წესი“. დიახ, ნამდვილი მეგობრების შეძენის ერთადერთი გზა ის არის, რომ თავად უანგაროდ გამოავლინოთ მეგობრობა, ანუ, თუ გინდათ გყავდეთ მეგობარი, თავად იყავით მეგობარი. კარგი მეგობრული ურთიერთობის განსავითარებლად, გაცემა უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს, ვიდრე მიღება. მზად უნდა ვიყოთ, რომ მეგობარს უპირატესობა მივანიჭოთ და მისი მოთხოვნილებები საკუთარ კეთილდღეობაზე წინ დავაყენოთ.

მანუელა, რომელიც ადრე ვახსენეთ, აღნიშნავს: «როგორც იესომ თქვა, ნამდვილი ბედნიერება გაცემას მოაქვს (საქმეები 20:35). პიროვნება, რომელიც იღებს, ბედნიერია, მაგრამ გამცემი უფრო მეტად არის ბედნიერი. „გაცემაა“ ისიც, თუ გულწრფელად მოვიკითხავთ მეგობრებს, შევეცდებით მათი პრობლემების გაგებას და ყველაფერს გავაკეთებთ მათთვის რაღაცის მოლოდინის გარეშე». ასე რომ, თავად გამოავლინეთ ინტერესი როგორც სხვებისადმი, ასევე შეძენილი მეგობრებისადმი. გააძლიერეთ ურთიერთობები. არ შესწიროთ მეგობრობა ნაკლებად ფასეულ და სიამოვნების მომგვრელ საქმეებს. მეგობრები იმსახურებენ ჩვენს დროსა და ყურადღებას. იტალიაში მცხოვრები რუბენი თავის აზრს გვიზიარებს: „მეგობრების შესაძენად და შესანარჩუნებლად მთავარი დროის გამოყოფაა. უპირველეს ყოვლისა, ეს საჭიროა იმისათვის, რომ იყოთ კარგი მსმენელები. ყველას შეგვიძლია გავიუმჯობესოთ მოსმენის და სხვებისადმი ინტერესის გამოვლენის უნარი, რათა მოსაუბრეს არ გავაწყვეტინოთ საუბარი“.

პატივისცემით მოეპყარით სხვებს

ბედნიერების ანუ ხანგრძლივი მეგობრობისთვის ასევე აუცილებელია ორმხრივი პატივისცემა. ეს გულისხმობს სხვების გრძნობების გათვალისწინებას. ხომ გსურთ, რომ თქვენი მეგობრები იყვნენ ტაქტიანები და კეთილგონიერები, როდესაც მათი აზრები განსხვავდება თქვენი აზრებისგან? განა თქვენც ასევე არ უნდა მოექცეთ მათ? (რომაელები 12:10).

პატივისცემის გამოვლენის სხვა საშუალებაა — არ შეზღუდოთ მეგობრები. ნამდვილი მეგობარი არ ეჭვიანობს; არც თავის საკუთრებად მიიჩნევს მეგობარს. 1 კორინთელების 13:4-ში ნათქვამია: „სიყვარულს არ შურს“. ასე რომ, შეეწინააღმდეგეთ იმ აზრს, რომ მხოლოდ თქვენ გეკუთვნოდნენ მეგობრები. სხვას თუ მიენდობიან, ნუ განაწყენდებით და ნუ მოერიდებით მათთან ურთიერთობას. საჭიროა ვისწავლოთ, რომ ყველას გვჭირდება გაფართოება მეგობრობაში. მიეცით საშუალება მეგობრებს, რომ სხვებთანაც განავითარონ მეგობრული ურთიერთობები.

მხედველობაში უნდა მიიღოთ ისიც, რომ მეგობრებიც საჭიროებენ განმარტოებას. ცალკეულმა ადამიანებმა, მათ შორის დაქორწინებულმა წყვილებმა, საკუთარ თავსაც უნდა დაუთმონ დრო. მართალია, თავისუფლად უნდა იგრძნოთ თავი სხვებთან, მაგრამ საჭიროა გაწონასწორებულობა და დაკვირვებულობა, რომ მეგობრებთან დიდი ხნით ყოფნის შედეგად არ გადაქანცოთ ისინი. ბიბლია გვაფრთხილებს: „მეზობლის სახლში ხშირად ნუ ივლი, რომ არ მობეზრდე და არ შეგიძულოს“ (იგავები 25:17).

ნუ მოითხოვთ სრულყოფილებას!

რასაკვირველია, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ეცნობიან, უფრო მეტად ხედავენ ერთმანეთის სუსტ და ძლიერ მხარეებს. თუმცა ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს, რომ მეგობრები შევიძინოთ. „ზოგი ბევრს ელოდება მომავალი მეგობრებისგან, — თავის შეხედულებას გვიზიარებს საფრანგეთში მცხოვრები პაკომი. — სურთ, რომ მათ მეგობრებს მხოლოდ კარგი თვისებები ჰქონდეთ, მაგრამ ეს შეუძლებელია“. არც ერთი ჩვენგანი არ არის სრულყოფილი და არ გვაქვს უფლება, სხვებისგან მოვითხოვოთ სრულყოფილება. მეგობრებისგან მოველით, რომ ჩვენი სისუსტეების მიუხედავად დაგვაფასებენ. მაშ, არ უნდა ვეცადოთ, რომ დავხუჭოთ თვალი მეგობრების ნაკლოვანებებზე და მათზე ძალიან არ გავამახვილოთ ყურადღება? მწერალი დენის პრაგი გვახსენებს: „სრულყოფილები — რომლებიც არასოდეს ჩივიან, ყოველთვის მოსიყვარულენი არიან, არასოდეს აქვთ ცუდი განწყობილება, მთელი ყურადღება ჩვენზე აქვთ მოპყრობილი და არასოდეს გვიცრუებენ იმედებს — მხოლოდ შინაური ცხოველები არიან“. თუ არ გვინდა, რომ მხოლოდ ცხოველები იყვნენ ჩვენი ახლო მეგობრები, უნდა გავითვალისწინოთ მოციქულ პეტრეს რჩევა, რომ „სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს“ (1 პეტრე 4:8).

მეგობრობა აორმაგებს სიხარულს და ანახევრებს მწუხარებას. მიუხედავად ამისა, რეალისტები უნდა ვიყოთ და არ მოველოდეთ, რომ მეგობრები ყველა ჩვენს მოთხოვნილებას დააკმაყოფილებენ ან ყველა ჩვენს პრობლემას გადაჭრიან. ეს არის მეგობრობაზე ეგოისტური თვალსაზრისი.

ნამდვილი მეგობრები გაჭირვებაში ერთად არიან

თუ შევიძენთ მეგობარს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ მეტად აღარ არის საჭირო ძალისხმევა მის შესანარჩუნებლად. როდესაც მეგობრები ერთმანეთს შორდებიან გარკვეული დროითა და მანძილით, ისინი ფიქრობენ და ლოცულობენ ერთმანეთზე. ნამდვილი მეგობრები, რომლებსაც ერთი და იგივე რწმენა და მიზნები აქვთ, ერთი და იმავე ცხოვრების ბილიკით დადიან. მაშინაც კი, თუ ისინი იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს, შეუძლიათ „სწრაფად განაახლონ“ ურთიერთობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაჭირვების დროს მეგობრების გვერდით ყოფნა; არ უნდა მივატოვოთ ისინი. შესაძლოა, მათ ასეთ დროს ძალიან ვჭირდებით. „მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება“ (იგავები 17:17). თუ ერთგულ მეგობრებს შორის გაუგებრობაა, ისინი მალევე უნდა შერიგდნენ და მზად უნდა იყვნენ პატიებისთვის. ნამდვილი მეგობარი არასოდეს მიატოვებს მეგობარს მხოლოდ იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში ცხოვრებაში სირთულეები ხვდება.

თუ სხვებს უანგარო მოტივებითა და დადებითი განწყობით დაუახლოვდებით, მეგობრებს შეიძენთ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვისთან მეგობრობთ. როგორ შეგიძლიათ აირჩიოთ კარგი მეგობრები? ამ საკითხს შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 7 იხილეთ აგრეთვე 2000 წლის 8 ივლისის ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში გამოქვეყნებული სტატია „ღიმილი გამშვენებთ!“

[ჩარჩო⁄სურათები 6, 7 გვერდებზე]

შეიძლება, რომ ქალი და მამაკაცი „მხოლოდ მეგობრები“ იყვნენ?

შეიძლება ქალი და მამაკაცი, რომლებიც დაქორწინებულები არ არიან, მეგობრობდნენ? ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ვგულისხმობთ სიტყვა „მეგობარში“. იესო მეგობრობდა ბეთანიელ მარიამთან და მართასთან, რომლებიც გაუთხოვრები იყვნენ (იოანე 11:1, 5). მოციქული პავლე პრისკილასა და მისი მეუღლის, აკვილას, მეგობარი იყო (საქმეები 18:2, 3). შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იესოს და პავლეს მათდამი თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, წარმოუდგენელია, რომ მათ ამ ურთიერთობებში რომანტიკული გრძნობები განევითარებინათ.

თანამედროვე საზოგადოებაში ქალებსა და მამაკაცებს უფრო მეტად უწევთ ურთიერთობა, ვიდრე ოდესმე. ეს კი უფრო და უფრო ზრდის იმის აუცილებლობას, რომ მამაკაცებმა და ქალებმა იცოდნენ, როგორ იქონიონ ერთმანეთთან შესაფერისი, მეგობრული ურთიერთობა. ეს ეხება დაქორწინებულებსაც, რომელთაც ასევე შეიძლება ჰქონდეთ მეგობრული ურთიერთობა სხვა წყვილებთან ან დაუქორწინებლებთან.

„რომანტიკულ, სექსუალურ და ნამდვილ მეგობრულ გრძნობებს შორის ზღვარის დადგენა საკმაოდ რთულია, — აღნიშნავს ერთ-ერთი ჟურნალი (Psychology Today). — სინამდვილეში, ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ ქალსა და მამაკაცს, რომელთაც მეგობრული ურთიერთობა აქვთ, შეიძლება მოულოდნელად, წინასწარგანუზრახველად განუვითარდეთ სექსუალური ლტოლვა. პლატონური სიყვარულის გამოვლინებებმა უეცრად შეიძლება რომანტიკული ხასიათი შეიძინოს“.

განსაკუთრებით დაქორწინებულ წყვილებს მართებთ, რომ რეალურად შეხედონ ამ საკითხს. „მეუღლის გარდა, ნებისმიერ სხვა ადამიანთან ახლო ურთიერთობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქორწინებას, — წერს დენის პრაგერი თავის წიგნში (Happiness Is a Serious Problem). — ახლო ურთიერთობა მაინცდამაინც სექსუალურ ურთიერთობას არ ნიშნავს; ამიტომ თქვენს მეუღლეს აქვს უფლება, მოელოდეს, რომ მისთვის ნამდვილად ახლო მეგობარი იქნებით“ (Happiness Is a Serious Problem). იესომ მიგვითითა, რომ ზნეობრივი სიწმინდის შესანარჩუნებლად აუცილებელია საკუთარი გულის გაკონტროლება (მათე 5:28). ასე რომ, იყავით მეგობრულნი, მაგრამ დაიცავით გული და თავი აარიდეთ ისეთი სიტუაციებს, რომლებმაც შეიძლება აღგიძრათ არასწორი ფიქრები, გრძნობები ან სექსუალური ლტოლვა საპირისპირო სქესის წარმომადგენლის მიმართ.

[სურათები 7 გვერდზე]

კეთილგონიერების გამოვლენა და საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა უფრო მიმზიდველს გაგხდით.

[სურათი 8 გვერდზე]

მეგობრები ერთმანეთთან გულწრფელები არიან.