მეგობრები ყველას გვჭირდება
მეგობრები ყველას გვჭირდება
„მეგობარი ის არის, ვისაც შეგიძლია გულწრფელად ესაუბრო, ვისაც შეგიძლია ნებისმიერ დროს დაურეკო“ (იაელი, საფრანგეთი).
„მეგობარს ესმის შენი ტკივილი და თავადაც განიცდის შენს სატკივარს“ (გაელი, საფრანგეთი).
„ზოგი მეგობარი . . . ძმაზე მოყვარულია“ (იგავები 18:24, სსგ). ამ სიტყვების დაწერიდან 3000 წელი გავიდა, თუმცა ადამიანის ბუნება არ შეცვლილა. მეგობრის ყოლა ისევე მნიშვნელოვანია ადამიანის სულიერი კეთილდღეობისთვის, როგორც საკვები და წყალი სხეულისთვის. მაგრამ ბევრისთვის ამ მნიშვნელოვანი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ძალიან რთულია. დღეს მარტოობა ფართოდაა გავრცელებული. „რთული არ არის ამის გამომწვევი მიზეზების დადგენა“, — აღნიშნავენ კარინ რუბენშტაინი და ფილიპ შავერი თავიანთ წიგნში „სიახლოვის ძიებაში“. ისინი ასახელებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: „საცხოვრებელი ადგილების ხშირი ცვლა“, „დამნაშავეობით სავსე ქალაქებში ცხოვრება, სადაც ადამიანებს არა აქვთ თბილი ურთიერთობები“ და „ადამიანებთან ურთიერთობების შენაცვლება ტელევიზორითა და ვიდეოთი“.
დღევანდელი ცხოვრება ბევრ დროსა და ენერგიას გვართმევს. „დღეს ქალაქში მცხოვრებლები უფრო მეტ ადამიანს ეცნობიან კვირის განმავლობაში, ვიდრე მე-17 საუკუნეში სოფელში მცხოვრებლები ეცნობოდნენ წელიწადში ან მთელი ცხოვრების მანძილზეც კი“, — წერს ლეტი ფოგრებინი თავის წიგნში „მეგობრებს შორის“. შესაძლებელია ასობით ადამიანის გაცნობა, მაგრამ შეუძლებელია თითოეულისთვის საკმარისი ყურადღების მიქცევა ახლო მეგობრული ურთიერთობის განვითარებისა და შენარჩუნებისთვის.
იმ ქვეყნებშიც კი, სადაც არც ისე დიდი ხნის წინ ცხოვრება ნელი ტემპით მიმდინარეობდა, სოციალური პირობები სწრაფად იცვლება. „წარსულში მეგობრებთან ახლო ურთიერთობა გვქონდა, — ამბობს იულა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ცხოვრობს. — მაგრამ დღეს ბევრი სამსახურსა თუ პირად საქმეებშია ჩაფლული. ყველა დაკავებულია და ვგრძნობთ, რომ მეგობრობა ნელ-ნელა ფერმკრთალდება“. ცხოვრების აჩქარებული ტემპის გამო მეგობრობას ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ.
თუმცა მეგობრების ყოლის სურვილი კვლავაც ძლიერია. განსაკუთრებით ახალგაზრდები გრძნობენ ამის მოთხოვნილებას. იაელი, რომლის სიტყვებიც ზემოთაა მოყვანილი, აღნიშნავს: „როდესაც ახალგაზრდა ხარ, მოთხოვნილება გაქვს, თანატოლების წრეში დაფასებული იყო, ვინმესთან ახლო ურთიერთობა გქონდეს“. ახალგაზრდას თუ ხანში შესულს, ყველას გვჭირდება მეგობრები, რომლებიც სიხარულს მოგვანიჭებენ. თუმცა ცხოვრება სირთულეებით არის აღსავსე, შეგვიძლია შევიძინოთ და შევინარჩუნოთ ნამდვილი მეგობრები. ამის შესახებ მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.