რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის ადრეული ასაკიდან აღზრდა?
რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის ადრეული ასაკიდან აღზრდა?
ფლორენსი 40 წლის იყო და ძალიან უნდოდა, რომ ბავშვი ჰყოლოდა. ორსულობის პერიოდში ექიმმა გააფრთხილა, რომ შეიძლება შეზღუდული გონების ბავშვი შესძენოდა. ფლორენსს იმედი არ დაუკარგავს და მართლაც ჯანმრთელი ბავშვი ეყოლა.
ფლორენსი თავისი ვაჟის, სტეფანის, დაბადების შემდეგ ყოველ შესაძლებლობას იყენებდა, რომ ეკითხა შვილისთვის და ესაუბრა მასთან. როცა სტეფანი წამოიზარდა, ისინი ერთად თამაშობდნენ, სეირნობდნენ, თვლაში ვარჯიშობდნენ და მღეროდნენ. ფლორენსი იხსენებს: „მაშინაც კი, როცა ვაბანავებდი, ვეთამაშებოდი“. მისი ძალისხმევა ამაო არ აღმოჩნდა.
14 წლის სტეფანმა წარჩინებით დაამთავრა მაიამის უნივერსიტეტი, ხოლო ორი წლის შემდეგ, 16 წლის ასაკში, — ადვოკატთა მოსამზადებელი სკოლა. მოგვიანებით კი, როგორც მის ბიოგრაფიაშია მოცემული, ის ყველაზე ახალგაზრდა იურისტი გახდა შეერთებულ შტატებში. დედამისს, ფლორენს ბაკუსს, რომელიც ადრე მასწავლებელი და ბავშვების აღზრდის საკითხში კონსულტანტი იყო, დიდი დრო ჰქონდა მიძღვნილი იმისათვის, რომ გამოეკვლია ბავშვების ადრეული ასაკიდანვე სწავლების საკითხი. ის დარწმუნებულია, რომ შვილისადმი პატარაობიდანვე ყურადღების გამოვლენამ და სტიმულის მიცემამ დიდი გავლენა იქონია მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე.
მემკვიდრეობა თუ აღზრდა?
ამ ბოლო დროს ბავშვთა ფსიქოლოგებს შორის იმართება დებატები იმის თაობაზე, თუ რა როლს ასრულებს მემკვიდრეობითი ფაქტორი — ის, რაც ბავშვმა მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღო, და აღზრდა — ბავშვის მიმართ აღმზრდელობითი ზომების გატარება. მკვლევარების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ბავშვის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს ორივე ფაქტორი.
ბავშვთა განვითარების სფეროში მომუშავე სპეციალისტი ფრეიზერ მასტარდი ამბობს: „დღეს დაკვირვების საფუძველზე ვიცით, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ განვითარდება მისი
ტვინი“. ამასთან დაკავშირებით პროფესორი სიუზან გრინფილდიც აკეთებს მსგავს კომენტარს: „მაგალითად, ჩვენთვის ცნობილია, რომ ტვინის ის უბანი, რომელიც მარცხენა ხელის თითებს უწევს კონტროლს, უფრო განვითარებულია მევიოლინეებში, ვიდრე სხვა ადამიანებში“.როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვები?
მრავალი მშობელი მხედველობაში იღებს ამ გამოკვლევის შედეგებს და დიდ ძალისხმევას ახმარს, რომ შვილები არა მარტო კარგ საბავშვო დაწესებულებებში მიიყვანონ, არამედ სახსრებსაც არ იშურებენ იმისთვის, რომ ისინი მუსიკისა და სახვითი ხელოვნების წრეებზეც ატარონ. ზოგიერთის აზრით, ბავშვი როცა გაიზრდება, ნებისმიერი რამის გაკეთებას შეძლებს, თუ მას ადრეულ ასაკში ისწავლის. იზრდება სპეციალიზებული სკოლამდელი დაწესებულებების რიცხვი. ზოგიერთი მშობელი ყველაფერს აკეთებს, რომ მათი შვილები სხვებზე უკეთესები იყვნენ.
ყოველთვის ყოველმხრივ სასარგებლოა ბავშვების მიმართ ასეთი ყურადღების გამოვლენა? შეიძლება ისე ჩანდეს, რომ სკოლამდელი მომზადება ბავშვებს უსაზღვრო შესაძლებლობებს სთავაზობს, მაგრამ ხშირად ბავშვებს სწავლების უნარის განსავითარებლად აკლიათ უფრო მნიშვნელოვანი რამ; ეს არის თამაშები, რომლებსაც ისინი თავად იგონებენ. პედაგოგების აზრით, სპონტანური თამაშები ხელს უწყობს ბავშვების გონებრივ და ემოციურ განვითარებას; აგრეთვე მათ უვითარებს შემოქმედებით და სხვებთან ურთიერთობის უნარს.
ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ბავშვების თამაშებში მშობლების მეტისმეტად ჩარევის შედეგად ყალიბდებიან „პრობლემატური ბავშვები“, რომელთა ყოველ ნაბიჯს მშობლები აკონტროლებენ. ისინი სტრესის ქვეშ იმყოფებიან, ემოციურად არამდგრადები არიან, ცუდად სძინავთ და ტკივილებს უჩივიან. ერთი ფსიქოლოგის სიტყვების თანახმად, ხშირად ასეთ ბავშვებს მოზარდობის ასაკში უჭირთ პრობლემებთან გამკლავება, „გამოფიტულნი, ჩაკეტილნი და თავნებები არიან“.
ამიტომ მრავალი მშობელი საგონებელშია ჩავარდნილი. მათ სურთ, რომ მაქსიმალურად განავითარონ შვილის პოტენციალი. მაგრამ ისინი ხედავენ, რომ არაგონივრულია პატარა ბავშვს მოსთხოვო, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოს. შესაძლებელია გაწონასწორებული მეთოდის პოვნა? რისი უნარი აქვთ ბავშვებს და როგორ შეიძლება ამ უნარის გაუმჯობესება? როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ თავიანთ შვილებს წარმატების მიღწევაში? ეს საკითხები განხილული იქნება მომდევნო სტატიებში.
[სურათი 13 გვერდზე]
ადრეულ ასაკში ცხოვრებაში მომხდარმა მოვლენებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ განვითარდება ბავშვის ტვინი.
[სურათი 14 გვერდზე]
თამაში ხელს უწყობს ბავშვებში შემოქმედებითი და სხვადასხვა უნარის განვითარებას.