არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

საზრიანი ჩიტები

ახლახან ჩატარებული ერთი გამოკვლევის თანახმად, „ყველაზე საზრიანი ცხოველების საპატიო წოდების დასამკვიდრებლად შიმპანზეებსა და დელფინებს ჩიტების სახით კონკურენტები გამოუჩნდნენ“, — ნათქვამია ლონდონის „სანდი ტაიმზში“. კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა ასეთი ცდა ჩაატარა: გამჭირვალე მილს ხვრელი გაუკეთეს და მოათავსეს ჰორიზონტალურად, ისე რომ ხვრელი ქვედა მხარეს მოქცეულიყო; მას ქვევიდან ვერტიკალურად მიამაგრეს სხვა მილი, ხვრელის გვერდით კი ჰორიზონტალურ მილში საკვები დადეს. პრიმატები ცდილობდნენ, ბიძგის მიცემით საკვები მეორე მხარეს გადაეგდოთ, მაგრამ ის ვერტიკალურ მილში ჩაუვარდათ. რაც შეეხება კოდალასებრ მთიულას, მან კავის გამოყენებით ისე გამოიღო საკვები, რომ მილში არ ჩავარდნია. მანამდე ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები აკვირდებოდნენ ახალკალედონიურ ყვავს, ბეტის; ის მავთულისგან კაუჭებს აკეთებდა და მათ განსაზღვრული დანიშნულების შესასრულებლად საჭირო ფორმას აძლევდა, — ასეთი რამ კი პრიმატებში შენიშნული არ არის. ეს აღმოჩენები „ეწინააღმდეგება წლების განმავლობაში საყოველთაოდ აღიარებულ აზრს“ იმის შესახებ, რომ მხოლოდ პრიმატებს შეუძლიათ სამუშაო იარაღების დამზადება, — დასძენს „ტაიმზი“.

ტელევიზორი და ბავშვების გონებრივი განვითარება

როგორც გაზეთი „მაინიჩი დეილი ნიუზი“ იუწყება, იაპონიის პედიატრთა ასოციაციის წევრთა მტკიცებით, ბავშვები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ტელევიზორის ეკრანთან, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემებისკენ. კერძოდ, უქვეითდებათ სიტყვების დამახსოვრების უნარი, საუბრისას უფრო ნაკლებად უყურებენ მშობლებს თვალებში და უჭირთ სხვებთან კონტაქტის დამყარება. „მშობლებთან ერთად გართობისა და ეზოში თამაშისთვის ნაკლები დროის დათმობა შეიძლება აფერხებდეს მათ ნორმალურ გონებრივ განვითარებას“, — ამბობს ასოციაციის წევრი ჰირომი უცუმი. სტატიის თანახმად, ეს ასოციაცია მშობლებს ურჩევს, „გამორთონ ტელევიზორი ჭამის და ძუძუთი კვების დროს; აგრეთვე, ტელევიზორი, ვიდეომაგნიტოფონი და კომპიუტერი არ დადგან ბავშვების ოთახში“. სტატიაში შემდეგ აღნიშნულია, რომ ბავშვების ურთიერთობის უნარი გაუმჯობესდა, „როდესაც მშობლებმა ყურად იღეს ექიმების რჩევა და ბავშვებს ტელევიზორის ყურება შეუზღუდეს“.

ბიბლიოთეკა მეტროში

კითხვისადმი ინტერესის გასაღვივებლად მეხიკოს მეტროპოლიტენში სპეციალური პროგრამა წამოიწყეს. მეტროსადგურებზე მგზავრებს შეუძლიათ აიღონ დიდი შრიფტით დაბეჭდილი წიგნი, რომელიც შეიცავს მექსიკური ლიტერატურიდან შერჩეულ ნაწარმოებებს; მათ შეუძლიათ იკითხონ ის მგზავრობის განმავლობაში და უკან დააბრუნონ იმ სადგურზე, სადაც ამოდიან. „ხალხმა ეს სიახლე სიამოვნებით აიტაცა, — თქვა ამ პროგრამის ხელმძღვანელმა აარონ ლოპეს ბრავომ. — ეს მათ საშუალებას აძლევს, უქმად არ დახარჯონ დრო და ის სწავლისა და გართობისთვის გამოიყენონ“. „მაიამი ჰერალდის“ საერთაშორისო გამოცემის თანახმად, პირველი თვის განმავლობაში ჯიხურებიდან 130 000–ზე მეტი წიგნი გასცეს. ჯერჯერობით პროგრამა მხოლოდ ერთი ხაზის 21 სადგურზე მოქმედებს, მაგრამ ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მას უფრო ფართო ხასიათი მიეცემა და მომავალში მოიცავს მთელ მეტროპოლიტენს, რომელსაც ყოველდღიურად დაახლოებით ხუთი მილიონი მგზავრი გადაჰყავს.

მღვდლობა აღარავის უნდა

კათოლიკე მღვდლად გახდომის მსურველთა სიმცირის გამო „ესპანეთში მოქმედი სასულიერო სემინარიების ნახევარზე მეტს დახურვა ემუქრება“, — იტყობინება ესპანეთში გამომავალი გაზეთი „აბესე“. უკანასკნელი წლის განმავლობაში „14 სემინარიაში განცხადება არავის შეუტანია, სხვა 18–ს კი მხოლოდ თითო–თითო ახალი კანდიდატი ჰყავდა“. რა არის ამის მიზეზი? მადრიდის სემინარიის რექტორი ანდრეს გარსია დე ლა კუერდა მიზეზად ასახელებს ევროპაში ფეხმოკიდებულ „მასშტაბურ და პროგრესულ სეკულარიზაციას“, რასაც თან სდევს „რწმენისა და ქრისტიანობის დაკარგვა“. გარსია დე ლა კუერდას აზრით, „საზოგადოებრივი ატმოსფერო [კათოლიკურ] ეკლესიას კარგს არაფერს უქადის“.