არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ დავძლიო წარუმატებლობა?

როგორ დავძლიო წარუმატებლობა?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ დავძლიო წარუმატებლობა?

„როდესაც ნიშნების ფურცელს დავხედე, დავინახე რომ ოთხ საგანში ისევ დამაკმაყოფილებელი მეწერა. ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა“ (15 წლის ლორენი).

„მარცხის შემდეგ საჭიროა საკუთარ გრძნობებთან ბრძოლა, რადგან ადვილად შესაძლებელია, პესიმისტურად განეწყო“ (19 წლის ჯესიკა).

წარუმატებლობა. ამ სიტყვაზე შესაძლოა ფიქრიც არ გინდა, მაგრამ დროდადრო მარცხს ყველა განვიცდით. ეს შეიძლება მოხდეს სკოლაში გამოცდებისა თუ ტესტების დროს; საზოგადოებაში შენმა ნათქვამმა ან საქციელმა შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოს; შეიძლება ახლობელი გაანაწყენო, ან უზნეობა ჩაიდინო. ნებისმიერ შემთხვევაში, მარცხი გამანადგურებელია.

რა თქმა უნდა, ყველა უშვებს შეცდომებს. ბიბლია ამბობს: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23). მაგრამ ზოგმა დაინახა, თუ რა ძნელია მარცხის შემდეგ ფეხზე წამოდგომა. ახალგაზრდა ჯეისონი ამბობს: „ჩემს თავს მწარედ ვკიცხავ. როცა შეცდომას ვუშვებ, ხალხმა შეიძლება გაიცინოს, მაგრამ მალევე დაივიწყოს; მე კი ჩემი შეცდომა არ მავიწყდება და დიდხანს ვფიქრობ მასზე“.

საკუთარ შეცდომებზე დაფიქრება ცუდი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის გაუმჯობესებისკენ აღძრავს. თუმცა მუდმივი თვითკრიტიკა საზიანოა და სასურველ მიზანს ვერ აღწევს. იგავების 12:25-ში ვკითხულობთ: „გულში დარდი კაცს დათრგუნავს“.

გავიხსენოთ ბიბლიიდან ეპაფროდიტესი, რომელიც რომში გაგზავნეს მოციქულ პავლეს დასახმარებლად. მაგრამ ეპაფროდიტესი ავად გახდა, რის გამოც ვერ შეძლო დაკისრებული მოვალეობის შესრულება. პავლემ მისდამი მზრუნველობა გამოავლინა. მან ის შინ დააბრუნა და ადგილობრივ კრებას შეატყობინა, რომ ეს ერთგული ქრისტიანი გულდამძიმებული იყო. რა იყო ამის მიზეზი? „წუხს, მისი ავადმყოფობა რომ შეიტყვეთ“ (ფილიპელები 2:25, 26). როდესაც ეპაფროდიტესმა გაიგო, რომ სხვებმაც იცოდნენ მისი ავადმყოფობისა და იმის შესახებ, რომ ვეღარ შეძლო დაკისრებული მოვალეობის შესრულება, მას შესაძლოა, უღირსობის გრძნობა დაეუფლა. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ეპაფროდიტესი წუხდა!

როგორ შეიძლება თავი ავარიდოთ წარუმატებლობით გამოწვეულ მტკივნეულ გრძნობებს?

გახსოვდეს შენი შეზღუდვები

წარუმატებლობის დასაძლევად ერთ-ერთი საშუალებააა, რომ დაისახო რეალური მიზნები. ბიბლია ამბობს: „სიბრძნე . . . მოკრძალებულებთან არის“ (იგავები 11:2; 16:18, აქ). მოკრძალებულმა ადამიანმა იცის თავისი შესაძლებლობები. ნამდვილად, კარგია თუ დროდადრო შეამოწმებ საკუთარ თავს, რათა გაიუმჯობესო უნარი და შესაძლებლობები. მაგრამ საქმეს რეალურად შეხედე. სულაც არ არის აუცილებელი, გენიოსი იყო მათემატიკაში, გქონდეს ჩამოსხმული ტანი ან ცნობილ სპორტსმენს ჰგავდე. 20 წლის ახალგაზრდა, მაიკლი, აღიარებს: „ვიცი, რომ დიდი სპორტსმენი არ ვარ, მაგრამ მაინც ვთამაშობ და ისეთ მიზანს არ ვისახავ, რაც წარუმატებლობამდე მიმიყვანს“. ის ამატებს: „ისეთი მიზნები უნდა დაისახო, რომელთა განხორციელებასაც შეძლებ“.

დავფიქრდეთ 14 წლის ახალგაზრდის, ივონის, მაგალითზე, რომელიც ხერხემლის არხის არასრული დახურვით გამოწვეული დეფექტითა და ცერებრული დამბლის შედეგებით იტანჯება. ის ამბობს: „მე სხვებივით სიარული, ცეკვა და სირბილი არ შემიძლია. ცხადია, ამის გამო გულგატეხილობა მეუფლება. უმეტესობას ნამდვილად არ ესმის ჩემი გრძნობები, მაგრამ მე შემიძლია ჩემი ემოციების გაკონტროლება“. რას ურჩევს ის მათ, რომლებიც გულგატეხილნი არიან წარუმატებლობის გამო? ის ამბობს: „ხელს ნუ ჩაიქნევთ, კიდევ სცადეთ და ეს არაერთხელ გააკეთეთ. თუ არ გამოგივათ ან ისე არ გამოგივათ, როგორც თქვენ გინდათ, გული არ გაიტეხოთ. მაქსიმალურად შეეცადეთ აკეთოთ ის, რაც შეგიძლიათ“.

ამავე დროს, საკუთარ თავს სხვებს ნუ შეადარებ, რადგან ეს ტკივილს მოგაყენებს. 15 წლის ენდრიუ ამბობს: „ვცდილობ საკუთარი თავი სხვებს არ შევადარო, რადგან ყველას განსხვავებული ძალა და შესაძლებლობები გვაქვს“. ენდრიუს სიტყვები გალატელების 6:4-ში ჩაწერილ სიტყვებს გვახსენებს: „თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მხოლოდ მაშინ ექნება დიდი სიხარულის მიზეზი თავისით და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარებით“.

როცა სხვები შენგან მეტს მოელიან

ზოგჯერ მშობლები, მასწავლებლები და სხვები შენგან უფრო მეტს მოელიან. შესაძლოა გრძნობ, რომ რაც უნდა ეცადო, მათ მოლოდინს ვერასოდეს გაამართლებ. მდგომარეობას უფრო მეტად ართულებს ის, რომ მათმა უკმეხმა სიტყვებმა შეიძლება გაგაღიზიანოს ან ყველაფრის გაკეთების ხალისი დაგაკარგვინოს (იობი 19:2). ალბათ გესმის, რომ მათ ნამდვილად არ უნდათ შენთვის ტკივილის მიყენება. ჯესიკა აღნიშნავს: „ზოგჯერ ისინი ვერ ათვითცნობიერებენ, რამდენად მტკივნეულად იმოქმედებს მათი სიტყვები შენზე“. ხანდახან კი უბრალოდ გაუგებრობას აქვს ადგილი.

მაგრამ, თუ ისინი ისეთ რამეს ამჩნევენ, რასაც შენ ვერ ამჩნევ? მაგალითად, შესაძლოა შენი შესაძლებლობების მინიმუმს აკეთებ და სათანადოდ ვერ აფასებ საკუთარ უნარს. იმის მაგივრად, რომ მათი რჩევები უგულებელყო, ‘მოუსმინე დარიგებას და დაბრძენდი’ (იგავები 8:33). მაიკლი აღნიშნავს: „ეს შენ სასიკეთოდ არის. მათ უნდათ, რომ რასაც აკეთებ, უკეთ გააკეთო და გაუმჯობესდე. იფიქრე, რომ ისინი სტიმულს გაძლევენ“.

მაგრამ, როგორ უნდა მოიქცე, თუ მშობლებისა და სხვების მოთხოვნები არაგონივრული გეჩვენება და ფიქრობ, რომ მარცხი გარდაუვალი იქნება? ასეთ შემთხვევაში, გონივრული იქნება, პატივისცემით დაელაპარაკო მათ. ამავე დროს, იყავი პირდაპირი და უთხარი, რას გრძნობ. ერთად შესაძლოა უფრო რეალური მიზნები დაისახოთ.

„მარცხი“ ქრისტიანულ მსახურებაში

იეჰოვას მოწმეებს შორის ახალგაზრდებიც ხვდებიან სირთულეებს, როდესაც ღვთის მსახურებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები ეკისრებათ (2 ტიმოთე 4:5). თუ შენ ახალგაზრდა ქრისტიანი ხარ, ზოგჯერ შესაძლოა ფიქრობ, რომ შეუფერებელი ხარ გარკვეული დავალებისთვის ან არ შეგიძლია კრების შეხვედრებზე კომენტარების კარგად გაკეთება, ანდა გიჭირს ბიბლიური ცნობის სხვებისთვის გადაცემა. მაგალითად, ჯესიკამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო 19 წლის გოგოსთან, რომელმაც მალე მიაღწია სულიერ წარმატებებს. მაგრამ უეცრად მან უარი თქვა ღვთის მსახურებზე. ჯესიკა იხსენებს: „როგორც მასწავლებელი, თავს დამარცხებულად ვგრძნობდი“.

როგორ დასძლია ჯესიკამ ასეთი გრძნობები? პირველ რიგში, ის მიხვდა, რომ იმ ახალგაზრდამ, ვისთანაც შესწავლას ატარებდა, უარი თქვა არა პირადად მასზე, არამედ ღმერთზე. ჯესიკას აგრეთვე დაეხმარა ღვთისმოშიში ადამიანის, პეტრეს, მაგალითზე დაფიქრება, რომელსაც არაერთი სისუსტე ჰქონდა. ის ამბობს: „ბიბლია გვიჩვენებს, რომ პეტრემ დასძლია თავისი სისუსტეები და იეჰოვამ ის მრავალი სახით გამოიყენა სამეფო ინტერესების წინ წასაწევად“ (ლუკა 22:31—34, 60—62). თუ დახელოვნებულ მასწავლებლად გახდომაში გაუმჯობესება გჭირდება, რატომ არ მოახმარ ძალისხმევას ამ საქმეს? (1 ტიმოთე 4:13). დახმარებისთვის მიმართე კრების მოწიფულ ქრისტიანებს, რომლებსაც შეუძლიათ გასწავლონ და მოგამზადონ.

შესაძლოა, ყველაზე მეტად კარდაკარ მსახურება გიჭირს. ჯეისონი აღიარებს: „ყოველთვის, როდესაც კარს ცხვირწინ მომიხურავენ, ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს რაღაც ისე ვერ გავაკეთე“. როგორ უმკლავდება ის თავის გრძნობებს? — „ყოველთვის უნდა მახსოვდეს, რომ სინამდვილეში მე არ დავმარცხებულვარ“. დიახ, ის წარმატებით ასრულებს ღვთის დავალებას და სასიხარულო ცნობას ქადაგებს. მართალია, ძნელია, როცა უარს ამბობენ, მაგრამ ყველა როდი უარყოფს ბიბლიურ ჭეშმარიტებას. „როდესაც ისეთ ადამიანს შევხვდები, ვინც ისმენს სასიხარულო ცნობას, მაშინ ვხვდები, რომ ეს ნამდვილად ღირს ძალისხმევად“, — ამბობს ჯეისონი.

სერიოზული შეცდომები

როგორ უნდა მოიქცე, თუ სერიოზული შეცდომა დაუშვი ან ცოდვა ჩაიდინე? 19 წლის ანას * ასე დაემართა. ის აღიარებს: „ვერ გავამართლე კრების, ოჯახისა და, განსაკუთრებით, იეჰოვა ღმერთის მოლოდინი“. ფეხზე წამოსადგომად საჭიროა მოინანიო და დახმარებისთვის კრების უხუცესებს მიმართო (იაკობი 5:14—16). ანა იხსენებს უხუცესის სიტყვებს, რაც მისთვის დამხმარე აღმოჩნდა: „მეფე დავითის მიერ ჩადენილი ყველა ცოდვის მიუხედავად, იეჰოვა მზად იყო, მიეტევებინა მისთვის და დავითი სულიერად გამოჯანმრთელდა“ (2 მეფეთა 12:9, 13; ფსალმუნები 31:5). ამასთანავე, შეგიძლია მაქსიმალურად, ყველაფერი გააკეთო შენი სულიერობის ასამაღლებლად. „გამუდმებით ვკითხულობ ფსალმუნებს, ყოველთვის ვიწერ გამამხნევებელ ბიბლიურ მუხლებს“, — ამბობს ანა. დროთა განმავლობაში შეიძლება ისიც კი წამოდგეს ფეხზე, ვინც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. იგავების 24:16 ამბობს: „რადგან შვიდჯერ დაეცემა მართალი, მაგრამ ადგება“.

წარუმატებლობის დაძლევა

უდავოა, რომ მარცხი რაც უნდა უმნიშვნელო იყოს, მაინც გულსატკენია. რა დაგეხმარება მის დაძლევაში? უპირველესად, რეალურად შეაფასე შენი შეცდომები. მაიკლი გვირჩევს: „იმის მაგივრად, რომ მარცხის დროს ზოგადად საკუთარი თავი დაადანაშაულო, განსაზღვრე, კონკრეტულად რაში დაუშვი შეცდომა და რამ გამოიწვია ეს. თუკი ამაზე დაფიქრდები, სხვა დროს მსგავს შეცდომას აღარ გაიმეორებ“.

ამასთანავე, ნუ იქნები ზედმეტად მგრძნობიარე. არის „ჟამი სიცილისა“, — ნათქვამია ბიბლიაში. ამაში ისიც იგულისხმება, რომ საკუთარ თავზე გაიცინო (ეკლესიასტე 3:4). თუ გულგატეხილობას გრძნობ, იმით დაკავდი, რაც კარგად გამოგდის. მაგალითად საყვარელი საქმით ან სპორტით. ისეთი ‘კარგი საქმეებით გამდიდრება’, როგორიცაა შენი მრწამსის სხვებისთვის გაზიარება, დაგეხმარება, დადებითად შეაფასო საკუთარი თავი (1 ტიმოთე 6:18).

დასასრულ, გახსოვდეს: «შემბრალე და ლმობიერია უფალი . . . არც სამუდამოდ იდავებს [„მუდმივად ბრალს არ დაგდებს“, აქ]» (ფსალმუნები 102:8). ჯესიკა ამბობს: „ვგრძნობ, რაც უფრო ვუახლოვდები იეჰოვას, მით მეტად ვრწმუნდები, რომ ის მხარს დამიჭერს და დამეხმარება ნებისმიერ სიტუაციაში“. მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ წარუმატებლობის მიუხედავად შენი ზეციერი მამა ძალიან გაფასებს.

[სქოლიო]

^ აბზ. 23 სახელი შეცვლილია.

[სურათი 22 გვერდზე]

თუ იმის გაკეთება, რასაც მშობლები ან სხვები შენგან მოელიან, შეუძლებელი გეჩვენება, ამის შესახებ მათ დაელაპარაკე.

[სურათი 23 გვერდზე]

იმ საქმით დაკავება, რაც კარგად გამოგდის, წარუმატებლობის გრძნობის დაძლევაში დაგეხმარება.