დაწერილია, რომ მე ვნახავ მას
დაწერილია, რომ მე ვნახავ მას
მოგვითხრო როსალია ფილიპსმა
„ყველაფერი კარგად გამოგივა! შენ ძალიან ნიჭიერი ხარ“, — ძლივს მოასწრო ამ სიტყვების თქმა ანსამბლის ხელმძღვანელმა, რომელიც ფორტეპიანოსთან იჯდა, რომ ფარდა გაიხსნა. ანსამბლის სხვა ოთხმა წევრმა ჟესტებით გამამხნევა. მე, ჯგუფის ახალ ვოკალისტს, კილიტებით გაწყობილი წითელი კაბა მეცვა. ძალიან ვღელავდი. ვიდექი მეხიკოს ერთ-ერთი ცნობილი თეატრის სცენაზე. ეს იყო ჩემი დებიუტი და შოუბიზნესში ჩემი კარიერის დასაწყისი! იდგა 1976 წლის მარტი; ერთ თვეში 18 წელი შემისრულდებოდა.
მამა სამი წლის წინ გარდამეცვალა და მთელი ჩემი ფიქრები ჯერ კიდევ მის შესახებ მოგონებებს დასტრიალებდა. ხალხსაც კარგად ახსოვდა ის. მამა მექსიკაში კომედიური ჟანრის ერთ–ერთი საუკეთესო და ყველასათვის საყვარელი მსახიობი იყო. მან მონაწილეობა მიიღო 120–ზე მეტ ფილმში; ეს ფილმები გადაღებული იყო იმ პერიოდში, რომელსაც ხშირად მექსიკის კინემატოგრაფიის ოქროს ხანას უწოდებენ. მისი სახელის — ხერმან ვალდესის, „ტინ–ტანის“ — ნახვა შეიძლებოდა უამრავ თეატრალურ აფიშაზე: ცენტრალურ თუ სამხრეთ ამერიკაში, აგრეთვე შეერთებული შტატებისა თუ ევროპის ესპანურენოვან დასახლებებში. დღესაც კი, მისი სიკვდილიდან 30 წლის შემდეგ, ტელევიზიით ხშირად აჩვენებენ ფილმებს მისი მონაწილეობით.
რაც თავი მახსოვს, ჩვენ სახლში ყოველთვის იკრიბებოდნენ გამოჩენილი ადამიანები. დედამ და მისმა ორმა დამ ჩამოაყალიბეს ტრიო, რომელსაც „ლას ერმანიტას ხულიანი“ (დები ხულიანები) დაარქვეს. ბიძა (დედის მხრიდან), ხულიო ხულიანი, ევროპაში ოპერის ცნობილი ტენორი იყო, მისი ესპანელი მეუღლე, კონჩიტა დომინგესი, კი — სოპრანო. გარდა ამისა, მამის მხრიდან ბიძები, მანუელ ვალდესი, მეტსახელად ლოკო (გიჟი), და დონ რამონად ცნობილი რამონ ვალდესი ტელევიზიაში პოპულარული კომედიანტები იყვნენ.
გადასაღები მოედნები, თეატრის კულისები და ხმის ჩამწერი სტუდიები ჩემთვის და ჩემი ძმისთვის, კარლოსისთვის, მეორე სახლი იყო, ვინაიდან მამას ხშირად დავყავდით სამუშაოსა და გასტროლებზე. ამგვარად ის ოჯახის ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობდა. როგორ განსხვავდებოდა ეს გარემო, სადაც ყველაფერი სხვების მოსაჩვენებლად კეთდებოდა, ჩვენი სახლისაგან, რომელშიც ნამდვილი ჰარმონია და სიყვარული სუფევდა! მამა ჩემს მეხსიერებაში დარჩა, როგორც გულისხმიერი, ენერგიითა და სიცოცხლის სიყვარულით სავსე კაცი. ის უსაზღვროდ, ზოგჯერ ზედმეტად, გულუხვი იყო. მამა მასწავლიდა, რომ ბედნიერება სიმდიდრის ფლობას კი არ მოაქვს, არამედ ხელგაშლილობას.
უმძიმესი დანაკლისი
1971 წლის ბოლოს დედამ მე და ჩემს ძმას საშინელი ამბავი გვითხრა — მამას უკურნებელი სენის დიაგნოზი დაუსვეს. წელიწად–ნახევრის განმავლობაში ვუყურებდი მის ტანჯვას და იმას, თუ როგორ ებრძოდა დაავადებას ძლიერმოქმედი წამლების საშუალებით.
დღესაც თვალწინ მიდგას, როგორ მოვიდნენ სასწრაფო დახმარების თანამშრომლები საავადმყოფოში მის წასაყვანად. ვიცოდი, რომ იქიდან ცოცხალი აღარ დაბრუნდებოდა. სიტყვებით ვერ აღვწერ, თუ რამხელა ტკივილს ვგრძნობდი მაშინ. ვიფიქრე, რადგან მამას სტკივა, მეც უნდა მტკიოდეს–მეთქი. სიგარეტი ხელის გულზე ჩავიქრე და სასოწარკვეთილი ავქვითინდი. 1973 წლის 29 ივნისს მამა გარდაიცვალა. მოსვენებას არ მაძლევდა კითხვები: „რატომ დაგვტოვა ასეთმა კარგმა ადამიანმა, რომელიც ამდენ სიხარულს გვანიჭებდა? სად არის ახლა ის? გაიგონებს კი ის ჩემს სიტყვებს, რომ დაველაპარაკო? რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას მის გარეშე?“
აზრს მოკლებული კარიერა
გავიდა დრო და საშინელი ემოციური ჭრილობის ოდნავ მოშუშების შემდეგ ინტერიერის დიზაინის შესწავლა დავიწყე. მაგრამ ჩემი თავნებობის გამო სწავლა შევწყვიტე. მე და დედამ გადავწყვიტეთ, მეტი დრო გაგვეტარებინა საზოგადოებაში. ამიტომ ხშირად ვესწრებოდით შოუბიზნესის წარმომადგენლების მიერ გამართულ წვეულებებს. ხშირად მასპინძლები წვეულების დასასრულს მთხოვდნენ: „როსალია გვიმღერე რამე“. მათ მოსწონდათ ჩემი ხმა და ის, რომ სიმღერაში მთელ გრძნობებს ვაქსოვდი. ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ტალანტი მშობლებისგან მერგო მემკვიდრეობით.
ერთ–ერთ ასეთ წვეულებაზე ანსამბლ „არტურო კასტრო ენდ ჰის კასტროს 76“–ის კომპოზიტორმა და ხელმძღვანელმა ჩემი სიმღერა მოისმინა და ანსამბლში მიმიწვია. თავიდან ეს იდეა არ მომეწონა. მართალია მუსიკა მიყვარდა, 14 წლის ასაკიდან გიტარაზე ვუკრავდი და სიმღერებსაც ვწერდი, მაგრამ არ მინდოდა, რომ პროფესიონალი მსახიობი გავმხდარიყავი. დედა კი მირჩევდა, რომ შემოთავაზებული წინადადება მიმეღო და არც ოჯახს გაუჭირდებოდა ჩემთვის ფინანსური მხარდაჭერის გაწევა. ამიტომ ბოლოს მივიღე ეს წინადადება. ასე შედგა ჩემი დებიუტი, რომელიც სტატიის დასაწყისში მოვიხსენიე.
კარიერის დასაწყისიდანვე ყოველთვის მქონდა მუდმივი სამუშაო. ჩვენი ანსამბლი გასტროლებზე მთელ მექსიკაში დადიოდა და ყოველ საღამოს ორ კონცერტს მართავდა. ჩვენ ვმუშაობდით გვატემალასა დ ვენესუელაში, ნიუ–იორკსა და ლას–ვეგასში. ამ ანსამბლში დაახლოებით ორი წელიწადი ვიყავი. შემდეგ კინემატოგრაფიაში თანამშრომლობა შემომთავაზეს. მომცეს როლები სხვადასხვა ფილმში; ერთხელ მთავარ როლშიც გადამიღეს, რისთვისაც ორი მნიშვნელოვანი ჯილდო მივიღე.
ერთხელ მექსიკის ყველაზე ცნობილი ტელეკომპანიიდან დამირეკეს. შემომთავაზეს განსაკუთრებული კონტრაქტი „კონოვარსკვლავთათვის“ და მთავარი როლი სერიალში, რომელსაც ჩემი სახელი უწოდეს. ასე რომ, შოუბიზნესი საკმაოდ დიდ წარმატებებს მპირდებოდა. მექნებოდა მშვენიერი ხელფასი, თანაც ყოველთვის არ მომიწევდა მუშაობა. მაგრამ ვფიქრობდი, რომ არ ვიმსახურებდი ყოველივე ამას და თანაც თავისუფლების დაკარგვის მეშინოდა. ამიტომ უარი ვთქვი კონტრაქტისთვის ხელის მოწერაზე. სერიალში მონაწილეობაზე უარი არ მითქვამს, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით დავთანხმდი, თუ თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მექნებოდა. და მაინც, ბედნიერი არ ვიყავი. ძალიან ვწუხდი, როდესაც ვხედავდი, რომ მსახიობები წლების განმავლობაში იღწვოდნენ იმისათვის, რომ მთავარ როლში ეთამაშათ, მაშინ როდესაც მე ეს მივიღე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ „ტინ–ტანის“ ქალიშვილი ვიყავი.
დაიწყო ჩაწერები. თავდაპირველად გააკეთეს ფონოგრამა სერიალისთვის. მასში გამოიყენეს სიმღერები, რომელთა ტექსტებიცა და მუსიკაც ჩემი დაწერილი იყო. მოგვიანებით ჩემი სიმღერები ლონდონის ცნობილ სტუდიაში ჩაწერეს. შემდგომშიც მრავალი ფონოგრამის მომზადებაში, ასევე ფილმებსა და სერიალებში მივიღე მონაწილეობა. ჩემ შესახებ გაზეთებში შოუბიზნესისთვის მიძღვნილ გვერდებზე წამყვანი სტატიები იბეჭდებოდა. ყოველივე აქედან გამომდინარე, ადამიანს შეიძლება ეფიქრა, რომ დიდების მწვერვალს მივაღწიე. და მაინც, რაღაც მაკლდა. ვხედავდი, რამდენად იყვნენ მსახიობები საკუთარ თავზე შეყვარებულები და მეტოქეობის სულით ანთებულები; აგრეთვე უზნეობის მორევში იყვნენ ჩაფლულები და გულწრფელობაც აკლდათ. ხალხისადმი რწმენა დავკარგე.
1980 წლის შემოდგომაზე, როდესაც ოჯახური შეკრება გვქონდა, ბიძია ხულიოს შევხვდი. მას ოპერიდან წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. ის საუბრობდა ღვთის მიერ აღთქმულ სამოთხეზე. საუბარს მეც დავუგდე
ყური. ბიძია ხულიომ თქვა, რომ უსამართლობა და მწუხარება მალე გაქრებოდა დედამიწიდან და მასზე სიყვარული გამეფდებოდა. მან აგრეთვე თქვა, რომ ჭეშმარიტ ღმერთს იეჰოვა ჰქვია. ყველაზე მეტად კი იმის მოსმენა მესიამოვნა, რომ სამოთხეში ჩვენი საყვარელი ადამიანები მკვდრეთით აღდგებოდნენ. აღმაფრთოვანა მამის კვლავ ნახვის იმედმა. მისი მხარდაჭერა და სითბო ძალიან მაკლდა. რა კარგი იქნებოდა მასთან კვლავ შეხვედრა! მაგრამ გულის სიღრმეში ეს შეუძლებლად მეჩვენებოდა. ბიძია ხულიომ ბიბლია მომცა და მე და დედაჩემი იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე დაგვპატიჟა. ეს კონგრესი რამდენიმე კვირაში უნდა ჩატარებულიყო. ბიძას ვუთხარით, რომ კონგრესზე შეიძლება მივსულიყავით.გადავწყვიტე ცხოვრების შეცვლა
ერთხელ, ღამე ლოგინში სიგარეტს ვეწეოდი და თან ბიძის მიერ მოცემულ ბიბლიას ვკითხულობდი. წავიკითხე წიგნი „იგავები“ და მივედი დასკვნამდე, რომ სინათლე, ცოდნა და სიცოცხლე ღვთისგან მომდინარეობს, ხოლო სიბნელე, გაუგებრობა და სიკვდილი — საპირისპირო წყაროდან. იმ ღამეს ჩემს ცხოვრებაში თამბაქოს ბოლო ღერი ჩავაქრე და დედის მოსვლას დაველოდე. ატირებულმა დედას ვთხოვე, ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დამხმარებოდა. შემდეგ თეატრში წავედი, სადაც შექსპირის „მეფე ლირში“ კორდელიას როლის რეპეტიციები მქონდა. სპექტაკლში მონაწილეობაზე უარი ვთქვი; აგრეთვე გავწყვიტე ურთიერთობა მამაკაცთან, წამყვან მსახიობთან, რომელსაც ვხვდებოდი.
მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, როგორ მემსახურა ღვთისთვის. ასე რომ, ყოველგვარი საყრდენის გარეშე დავრჩი. დეპრესიაში ჩავვარდი. ვლოცულობდი და ღმერთს ვთხოვდი, მეგრძნო, რომ ჩემში ჩემს პიროვნებას აფასებდნენ და არა მემკვიდრეობით მიღებულ ნიჭსა და სახელს. თავი დავანებე ყველაფერს, რაც ადრინდელ ცხოვრებასთან მაკავშირებდა — მეგობრებსა და საქმიანობას.
გზა ჭეშმარიტი წარმატებისკენ
ამ თავგზააბნეულობაში გამახსენდა, რომ ბიძია ხულიომ კონგრესზე მიგვიწვია. მაშინვე გადავურეკე. მან სტადიონზე წამიყვანა. ნანახმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. იქ იყვნენ უბრალო ადამიანები, რომლებიც არ ბილწსიტყვაობდნენ, არ ეწეოდნენ და არც არავისზე ცდილობდნენ შთაბეჭდილების მოხდენას. ბიბლიური სიტყვების მოსმენამ გამახსენა აზრები, რომლებიც წაკითხული მქონდა წიგნში „ნამდვილად ღვთის სიტყვაა ბიბლია?“ *. ეს წიგნი სახლში მამის სიკვდილიდან ცოტა ხნის შემდეგ ვიპოვე.
დაახლოებით იმ დროისთვის ერთ სერიალში მთავარი როლის შესრულება შემომთავაზეს. როლი ძალიან მომეწონა, რადგან ფილმის გმირს თითქოს ისეთი ღვთისმოსაწონი თვისებები ჰქონდა, რომელთა შესახებაც კონგრესზე მოვისმინე. ამიტომ უარი არ მითქვამს. მეორე მხრივ, ბიბლიიდან ასეთი აზრიც გამახსენდა: „ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან . . . რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან?“ (2 კორინთელები 6:14).
უფრო და უფრო მეტად მსურდა, მესიამოვნებინა ღვთისთვის. მინდოდა ბიძასა და ბიცოლასთან ერთად სამეფო დარბაზში კრებას დავსწრებოდი. მათი კრება ჩემი სახლიდან ერთი საათის სავალზე იყო, მაგრამ მომდევნო სამი კვირა მაინც დავდიოდი იქ. ამის შემდეგ ბიძაჩემმა გადაწყვიტა, სადმე ჩემს სახლთან ახლოს მდებარე კრებაში მივეყვანე და მივედით კრებაზე იმ დროს, როდესაც უკვე მთავრდებოდა. იქ შევხვდი ჩემი ასაკის ახალგაზრდა ქალს, ისაბელს. ის უპრეტენზიო და კეთილი იყო. როდესაც ბიძაჩემმა უთხრა, რომ როსალია ვალდესი ვიყავი, მას ჩემი სახელის გაგონებაზე დიდი აღფრთოვანება არ გამოუხატავს და ჩვეულებრივად მიმიღო. ეს ძალიან მესიამოვნა. ისაბელმა ბიბლიის შესწავლა შემომთავაზა. შევთანხმდით, რომ შესწავლებს ჩვენთან ჩავატარებდით.
შესწავლა დავიწყეთ წიგნით „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“*. ისაბელი უპრობლემოდ ერგებოდა ჩემს განრიგს. ზოგჯერ მას გვიან საღამომდე უწევდა ლოდინი, სანამ გადაღებიდან დავბრუნდებოდი. რა მადლიერი ვიყავი იმისათვის, რომ ვიღაცა დაინტერესებული იყო ჩემით მხოლოდ იმიტომ, რომ ბიბლიური ჭეშმარიტების შესწავლა
მსურდა! ისაბელი ხალასი, გულწრფელი და დახვეწილი ადამიანი იყო. ეს სწორედ ის თვისებები იყო, რომელთა შეძენაც, ჩემი აზრით, მხოლოდ ფილოსოფიის ან ხელოვნების დაუფლებით შეიძლებოდა. გადავწყვიტეთ, ხანგრძლივი შესწავლები გვქონოდა და თანაც ზოგჯერ კვირაში რამდენჯერმე ჩაგვეტარებინა.თავიდან ძალიან მიჭირდა არასწორი აზრებისგან გათავისუფლება, მაგრამ თანდათანობით მათი ადგილი ბიბლიურმა სწავლებებმა დაიკავა. მახსენდება, თუ როგორ გამამხნევა ღვთის დაპირებამ: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნები 36:10, 11). დროთა განმავლობაში სამოთხეში მამის კვლავ ნახვის იმედი ჩემთვის რეალური გახდა. ხშირად დავფიქრებულვარ იესოს სიტყვებზე: „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის“ (იოანე 5:28, 29).
როგორც კი დასრულდა ზემოხსენებული სერიალის გადაღებები, მაშინვე სხვა წინადადებები შემომთავაზეს. მათი მიღება კიდევ უფრო მეტად გამითქვამდა სახელს. ვხედავდი, რომ მათში მონაწილეობა იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ვიწონებდი უზნეობას, კერპთაყვანისმცემლობასა და სხვა ცრუ შეხედულებებს. მე უკვე ნასწავლი მქონდა, რომ სატანა რეალური პიროვნებაა და მას არ სურს, იეჰოვას ვემსახუროთ. ამიტომ უარი ვთქვი ამ წინადადებებზე და კრების ყველა შეხვედრაზე დასწრება დავიწყე. ბუნებრივია, დედასა და ძმას არ ესმოდათ, რატომ ვუშვებდი ხელიდან ასეთ შესაძლებლობებსა და ამდენ ფულს, მაგრამ ხედავდნენ ჩემში მომხდარ ცვლილებებს. თუ ადრე ბედნიერი არ ვიყავი და ხშირად უგუნებოდ მხედავდნენ, ახლა სიცოცხლითა და სიხარულით სავსე გავხდი. როგორც იქნა, ჩემმა ცხოვრებამ აზრი შეიძინა!
მსურდა, ნასწავლი სხვებისთვის გამეზიარებინა და მალე ღვთის სამეფოს შესახებ დიდებული ცნობის მაუწყებელი გავხდი. ქადაგებისას ზოგჯერ რთული იყო, მობინადრის ყურადღება გაგვემახვილებინა იმაზე, რაზეც ვესაუბრებოდით; მრავალი მათგანი მიცნობდა მე, როგორც მსახიობს. არაერთხელ მივსულვართ საქადაგებლად ვინმეს კართან იმ დროს, როდესაც ისინი ტელევიზორში უყურებდნენ სერიალს, რომელშიც მე ვმონაწილეობდი. მობინადრეები თვალებს ვერ უჯერებდნენ, რომ ეს მე ვიდექი მათ კართან.
1982 წლის 11 სექტემბერს იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოვინათლე. ახლა ჩემს ცხოვრებას ნამდვილი აზრი მიეცა და წინ სულ სხვაგვარი კარიერა მელოდა. მსახურებაში ისაბელის ენთუზიაზმი მეც გადმომედო. ის პიონერად (ასე უწოდებენ სრული დროით მომსახურე იეჰოვას მოწმეებს) მსახურობდა. მალე ბიბლიის შესწავლებზე მეც დავიწყე მასთან ერთად სიარული. ისაბელი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა.
მსახიობობას თავი თითქმის დავანებე. ამიტომ მე და დედას შედარებით მოკრძალებულად უნდა გვეცხოვრა. ამასობაში ჩავწერე მეოთხე ალბომი. მასში ასევე შედიოდა სიმღერები ჩემს ახლად შეძენილ ფასეულობებსა და რწმენაზე. დავწერე ერთი სიმღერა, რომელშიც გამოვხატე იმის მტკიცე რწმენა, რომ მამას კვლავ ვნახავდი. სიმღერას დავარქვი: „დაწერილია, რომ მე ვნახავ მას“. როდესაც ეს სიმღერა პირველად დედას ვუმღერე, ამან მასზე ძალიან იმოქმედა. მან დაინახა, რომ ნამდვილად მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დედამ ბიბლიის შესწავლის სურვილი გამოთქვა. ორი წლის შემდეგ ისიც იეჰოვას მონათლული მსახური გახდა. დედა დღემდე აქტიურად განაგრძობს ღვთისადმი მსახურებას.
გავიდა დრო და ჩემთვის უფრო ადვილი გახდა შოუბიზნესში შემოთავაზებულ წინადადებებზე უარის თქმა. როდესაც განსაცდელების ან ცდუნებების წინაშე აღმოვჩნდებოდი, წარმოვიდგენდი მამასთან ერთად თვალწარმტაც სამოთხეში ყოფნის საუცხოო სურათს, რაც მამტკიცებდა და იეჰოვას მსახურების გაგრძელების ძალას მაძლევდა.
ერთხელ მთხოვეს, მონაწილეობა მიმეღო საბავშვო გადაცემის „სეზამის ქუჩის“ ესპანურ ვერსიაში. ვიფიქრე, რომ ვერ მივიღებდი ამ წინადადებას; ამიტომ პროდიუსერს ავუხსენი, რომ ბიბლიური პრინციპებიდან გამომდინარე არ გამოვიდოდი დაბადების დღეებისა და სხვადასხვა დღესასწაულების მომხრედ. პროდიუსერი კი დამპირდა, რომ, თუ გადაცემაში მონაწილეობაზე უარს არ ვიტყოდი, ის პატივისცემით მოეკიდებოდა ჩემს რწმენას და შეგვეძლო ხელი მოგვეწერა ისეთ კონტრაქტზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა ჩემი პოზიცია. ამიტომ მივიღე ეს წინადადება და 200 ეპიზოდში მივიღე მონაწილეობა. ეს ჩემი, როგორც მსახიობის, ბოლო სამუშაო იყო.
შესასრულებელი მხოლოდ ერთ–ერთ ხმის ჩამწერ სტუდიასთან დადებული კონტრაქტი დამრჩა; ამიტომ მათთვის ჩემი ათი სიმღერა ჩავწერე. მათ შორის იყო მამაზე და მკვდრეთით აღდგენაზე დაწერილი სიმღერა.
ამ სიმღერას ვმღეროდი ტელევიზიით და კონცერტებზე, რომელთა დროსაც ყოველთვის მოვიხსენიებდი ჩემს რწმენას. მაგრამ ხმის ჩამწერმა სტუდიამ ჩემზე ზეწოლა დაიწყო. მათ სურდათ, რომ სიმღერებში სექსუალური გრძნობები ჩამექსოვა. ამიტომ იქიდან გამათავისუფლეს.კურთხევები ღვთის მსახურებაში
1983 წლის დეკემბერში ისაბელი და მე ბრუკლინში (ნიუ–იორკი) იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოს ვეწვიეთ. იქ შევხვდი ახალგაზრდა მამაკაცს, რასელ ფილიპსს, რომელიც მოგვიანებით ჩემი მეუღლე გახდა. თითქმის ორი წლის განმავლობაში ერთმანეთს წერილებს ვწერდით. დღესაც თვალწინ მიდგას ის დღე, როდესაც პიონერული მსახურება დავიწყე და რასელმა ნიუ–იორკიდან ვარდები გამომიგზავნა!
დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ისაბელთან ერთად ვმსახურობდი პიონერად. შემდეგ ის იეჰოვას მოწმეთა მექსიკის ფილიალში მიიწვიეს. თავისი ახალი დანიშნულების შესახებ მისმა საუბრებმა სურვილი გამიჩინა, მსახურება გამეფართოებინა და, თუ იეჰოვას ნება იქნებოდა, მეც ბეთელში მემსახურა.
რასელი ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი კურთხევაა. იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი რასელის სიყვარულმა მასწავლა, დამეფასებინა სრული დროით მსახურება. მან სამი წელი იმსახურა ბრუკლინის ბეთელში და ძალიან უყვარდა იქ მსახურება. ქორწილის შემდეგ კოლორადოში (აშშ) დავიწყეთ პიონერად მსახურება. მოგვიანებით, სხვა ქვეყნებში ახალი ფილიალების მშენებლობაზე საერთაშორისო მშენებლებად მიგვიწვიეს. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გავიგეთ, რომ მექსიკაში დაგვნიშნეს! 1990 წლის აპრილში დიდი სიხარული მოგვანიჭა შემდგომმა კურთხევამ — ბეთელის ოჯახის წევრებად გახდომამ. რასელის მაგალითი ძალიან მამხნევებდა. აღფრთოვანებული ვიყავი თავგანწირვის სულისკვეთებით, რამაც ის აღძრა, მიეტოვებინა სამშობლო და ოჯახი, რათა მექსიკაში სამეფოს ინტერესების წინსვლისთვის შეეწყო ხელი.
მე და რასელს ძალიან მოგვწონდა მექსიკის ფილიალში მსახურება. მაგრამ მე დავორსულდი და ყველაფერი უცაბედად შეიცვალა. ეს ახალი ამბავი ჩვენთვის მოულოდნელი იყო. თუმცა ყოველთვის ვაფასებდით მშობლებს, რომლებიც შვილებს ჭეშმარიტების სიყვარულს უნერგავენ, და მადლიერებით მივიღეთ ეს, როგორც ახალი დანიშნულება. 1993 წლის ოქტომბერში ევანი გაგვიჩნდა, ხოლო ორ წელიწად-ნახევრის შემდეგ — გიანე. ბავშვების აღზრდას დიდი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ჩვენი 11 და 8 წლის პატარები მსახურებაში მონაწილეობისას თავიანთ რწმენას გამოხატავენ, ვგრძნობთ, რა დიდი საჩუქარია შვილები.
რასელი ახლა სამეფო დარბაზების რეგიონალურ სამშენებლო კომიტეტში მსახურობს. მე კი არც ისე დიდი ხნის წინ პიონერად მსახურება განვაახლე. გასული 20 წლის განმავლობაში დავეხმარე ჩემი ოჯახის 12 წევრს და, ასევე, 8 სხვა ადამიანს, გაეგოთ ბიბლიური ჭეშმარიტება და იეჰოვასადმი მსახურება დაეწყოთ.
როდესაც ბავშვები მეკითხებიან: „დედიკო, ძნელი იყო შენთვის შოუბიზნესისთვის თავის დანებება?“, პასუხად პავლე მოციქულის სიტყვები მომყავს: „დიახ, ყველაფერს წაგებად მივიჩნევ ჩემი უფლის ქრისტე იესოს შესახებ უძვირფასესი ცოდნის გულისთვის. მისთვის დავკარგე ყველაფერი და ამ ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა შევიძინო ქრისტე“ (ფილიპელები 3:8). რა მადლიერი ვარ იმისათვის, რომ იეჰოვამ ამაოებისა და უაზრო ცხოვრებისგან მიხსნა და მის შესანიშნავ ხალხს შორის ყოფნის შესაძლებლობა მომცა! არასოდეს ვიღლები მადლობის თქმით იმ უამრავი კურთხევისთვის, რომლებსაც ღმერთი საკუთარი ძის, იესო ქრისტეს, მეშვეობით გვაძლევს. ხშირად სიხარულით ვმღერივარ სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ სიმღერას მამაზე. დარწმუნებული ვარ, რომ მას ისევ ვნახავ.
[სქოლიო]
^ აბზ. 21 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, მაგრამ ახლა აღარ იბეჭდება.
[სურათი 10 გვერდზე]
მშობლებთან და ძმასთან ერთად ერთი წლის ასაკში.
[სურათი 12, 13 გვერდებზე]
ვმღერივარ ანსამბლში „არტურო კასტრო ენდ ჰის კასტროს 76“.
[საავტორო უფლება]
Angel Otero
[სურათი 14 გვერდზე]
ჩემს ოჯახთან ერთად დღეს.
[სურათის საავტორო უფლება 10 გვერდზე]
Activa, 1979