არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიდიოდა ყველა გზა რომში?

მიდიოდა ყველა გზა რომში?

მიდიოდა ყველა გზა რომში?

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ავსტრიიდან

რომის იმპერიის გზები ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ პროვინციებს დედაქალაქთან აკავშირებდა. ისინი გალიის დაბურულ ტყეებსა და ბერძნულ ქალაქებს, აგრეთვე მდინარე ევფრატსა და ინგლისის არხს აკავშირებდა ერთმანეთთან. რაც ყველაზე მთავარი იყო, რომის ლეგიონები ამ გზების დახმარებით ადვილად აღწევდნენ იმპერიის თითქმის ყველა კუთხეს, რათა იქ რომის ხელისუფლება გაეტარებინათ. ეს მთავარი მოკირწყლული გზები იტოტებოდა შედარებით პატარა გზებად, რომლებიც რომის ყველა პროვინციისკენ მიემართებოდა. ამან წარმოშვა გამონათქვამი: „ყველა გზა რომში მიდის“.

რომის იმპერიის გზების საერთო სიგრძე 80 000 კილომეტრს აჭარბებდა. როგორ შეუძლია ადამიანს დღეს უფრო მეტი გაიგოს ამ გზების შესახებ და იმაზე, თუ რა როლი შეასრულა მან ძველ დროში? ამის ერთ-ერთი საშუალება XIII საუკუნის რუკის — პოიტინგერის ტაბულის გამოკვლევაა.

ისტორიკოსების აზრით, პოიტინგერის ტაბულა იმ რუკის ორიგინალის ასლია, რომელიც მაშინ გააკეთეს, როდესაც რომაელი ჯარისკაცები ჯერ კიდევ დადიოდნენ იმ ცნობილ გზებზე. 1508 წელს სამხრეთ გერმანიის ქალაქ აუგსბურგის მდივანმა კონრად პოიტინგერმა შეიძინა ამ რუკის ხელით ნაკეთი ასლი, რომელსაც საბოლოოდ მისი სახელი დაერქვა. დღეს ეს ასლი ინახება ვენაში, ავსტრიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, ლათინური სახელით Tabula Peutingeriana.

მთელი რომის იმპერია ერთ გრაგნილში

თანამედროვე საკლასო ოთახებში მოსწავლეები კედელზე დაკიდებული, ხშირად, თითქმის კვადრატული ფორმის რუკებიდან სწავლობენ. ამისგან განსხვავებით კი პოიტინგერის ტაბულა გაშლილ მდგომარეობაში 34 სანტიმეტრის სიგანისა და 675 სანტიმეტრის სიგრძისაა. ორიგინალი შედგებოდა პერგამენტის 12 ნაჭრისგან, რომლებიც ბოლოებით ერთმანეთზე იყო მიწებებული. დღეს მათგან 11 ნაჭერია შემორჩენილი. ეს რუკა გვიჩვენებს რომის მსოფლიო იმპერიის ძლევამოსილებას მისი დიდების მწვერვალზე ყოფნის დროს. მაშინ ის დიდი ბრიტანეთიდან ინდოეთამდე იყო გადაჭიმული. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგად ხართ გათვითცნობიერებული თანამედროვე რუკების საშუალებით იმ ტერიტორიებთან, შეიძლება თავგზა აგებნეთ, როდესაც პირველად შეუდგებით პოიტინგერის ტაბულის კვლევას. რატომ?

პოიტინგერის ტაბულა გაკეთდა არა თანამედროვე გეოგრაფებისთვის, არამედ ძველი დროის მოგზაურებისთვის. დაგრაგნილი რუკა მოგზაურობისას ადვილი სატარებელი იყო. იმისათვის, რომ გრაგნილში ყველა საჭირო დეტალი ჩატეულიყო, მისმა შემქმნელმა რუკის მასშტაბები ვერტიკალური მიმართულებით — იმპერიის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილი — შეავიწროვა, ხოლო ჰორიზონტალური მიმართულებით — აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაწილი — საკმაოდ გაზარდა. შედეგად კი, რუკა ძალიან დამახინჯებული გამოვიდა. მაგრამ იგი საკმაოდ პრაქტიკული იყო გასაშლელად, საჭირო ადგილის სანახავად, დასაკეცად და სატარებლად. მოგზაურებს მისი დახმარებით სწრაფად შეეძლოთ ენახათ საუკეთესო გზა ერთი ადგილიდან მეორემდე მისასვლელად. გზაში ყოფნისას კი მათთვის ამის ცოდნა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის, თუ რუკაზე იტალიას როგორი ფორმა ჰქონდა, შავი ზღვა რა ზომისა იყო ან სინამდვილეში საით მიემართებოდა გზა *.

პოიტინგერის ტაბულაში სხავადასხვა ფერია გამოყენებული. მასში გზები აღნიშნულია წითელი, მთები ყავისფერი, მდინარეები კი მწვანე ფერის ხაზებით. რუკაზე ნაჩვენებია ასობით ქალაქი, რომელთა აღსანიშნავად გამოყენებულია სახლები, გალავნიანი ეზოები და კოშკები. მასში მოცემული სიმბოლოები მგზავრს აჩვენებდა, თუ რა შენობები შეხვდებოდა გზაზე. რუკაზე ასევე ნაჩვენებია, თუ რა მანძილებით იყო ერთმანეთისაგან დაშორებული ქალაქები, სადგურები და ღამის გასათევი ადგილები.

პოიტინგერის ტაბულაზე აღნიშნულია რამდენიმე ბიბლიური ადგილი და ცნობა ბიბლიაში მოხსენიებულ მოვლენებთან დაკავშირებით. სინას მთის ადგილზე ლათინურად ორი წარწერაა გაკეთებული. პირველი ამბობს: „უდაბნო, სადაც ისრაელის ძენი მოსეს წინამძღოლობით 40 წელი ხეტიალობდნენ“ (იესო ნავეს ძე 5:6). მეორე წარწერა კი გვეუბნება: „ეს არის სინას მთა, რომელზეც მიცემულ იქნა რჯული“ (ლევიანები 27:34).

იერუსალიმი აღნიშნული იყო წარწერით, რომელშიც მოიხსენიებოდა ქალაქის მეორე სახელიც — Aelia Capitolina. ეს სახელი ქალაქს პუბლიუს ელიუს ჰადრიანუსის (უფრო მეტად ცნობილია ადრიანედ) საპატივცემლოდ დაერქვა. ამ რომაელმა იმპერატორმა ქალაქს თავისი სახელი ახ. წ. მეორე საუკუნეში უწოდა. პოიტინგერის ტაბულაში აგრეთვე ლათინურად აღნიშნულია ზეთისხილის მთა (ლუკა 21:37).

მიდიოდა ყველა გზა რომში?

ზოგიერთი გზა იტალიის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ აქვილეიასკენ მიემართებოდა. რუკაზე აქვილეია ნაჩვენებია გარშემორტყმული გალავნითა და მასში ჩატანებული კოშკებით. აქვილეია მნიშვნელოვანი გზების გადაკვეთის ადგილზე მდებარეობდა და შესანიშნავ პორტს ფლობდა, რის გამოც ის რომის იმპერიაში უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო.

ეგნაციოს გზა კვეთდა ბალკანეთის ნახევარკუნძულს და ერთმანეთთან აკავშირებდა ადრიატიკის ზღვის სანაპიროსა და კონსტანტინოპოლს ანუ დღევანდელ სტამბოლს. პოიტინგერის ტაბულაზე ეს ქალაქი აღნიშნულია ღვთაებით, რომელიც ტახტზე ზის და საომრად არის გამზადებული. რამდენიმე გზა მიემართებოდა სირიის ანტიოქიაში, დღევანდელი თურქეთის ქალაქ ანთაკიაში. რომის იმპერიაში, რომისა და ალექსანდრიის შემდეგ, ანტიოქია სიდიდით მესამე ქალაქი იყო. რუკაზე ის აღნიშნულია ღვთაებით, რომელიც ზის და თავზე შარავანდედი ადგას.

პოიტინგერის ტაბულა გვიჩვენებს 12 გზას, რომლებიც რომში მიემართებოდა. მათ შორის ერთ–ერთი იყო აპიუსის გზა. საქმეების წიგნი მოგვითხრობს, რომ პავლე მოციქულმა რომში პირველი მოგზაურობისას სწორედ ეს გზა გამოიყენა. როდესაც პავლე ჯერ კიდევ გზაში იყო, მის შესახვედრად რომიდან აპიუსის გზით ქრისტიანთა ჯგუფი გამოეშურა და მოციქულს შეხვდნენ „სამ ფუნდუკთან“, რომელიც აგრეთვე აღნიშნულია რუკაზე (საქმეები 28:15).

პოიტინგერის ტაბულაში რა სიმბოლოთია რომი აღნიშნული? ეს ქალაქი აღნიშნულია ძლევამოსილი იმპერატორი ქალით, რომელიც მეწამული სამოსით შემოსილი ზის სამეფო ტახტზე. სფერო და სამეფო კვერთხი, რომელიც მას ხელში უჭირავს, მთელ მსოფლიოზე ბატონობის სიმბოლოა, რაც იმპერიის დედაქალაქიდან ხორციელდებოდა.

შეიძლება დანამდვილებით იმის თქმა, რომ ყველა გზა რომში მიდიოდა? დიახ, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გზათა ფართო ქსელს, რომელიც მთავარი გზებიდან გამოდიოდა. პოიტინგერის ტაბულიდან ჩანს, თუ როგორ აფართოებდა საიმპერიო გზები იმპერიის ძალაუფლების ფარგლებს, რითაც რომს თითქმის 500 წლის განმავლობაში პროვინციებზე მმართველობის საშუალება ეძლეოდა. წარმოსახვის „ეტლებზე“ ამხედრებულებს დღეს თქვენც შეგიძლიათ იმოგზაუროთ იმ ძველი გზებით და მეგზურად პოიტინგერის ტაბულა გამოიყენოთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 8 მგზავრებისთვის ეს დღემდე ასეა. მეტროპოლიტენის თანამედროვე რუკებიც დამახინჯებულია, მაგრამ მათით სარგებლობა მოსახერხებელია.

[რუკა 15-17 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

უჩვეულო საგზაო რუკა — პოიტინგერის ტაბულა

ესპანეთი

მაროკო

დიდი ბრიტანეთი

საფრანგეთი

გერმანია

ავსტრია

აქვილეია

რომი

გადიდებული ზომით ნაჩვენებია მე-17 გვერდზე.

იტალია

აფრიკა

საბერძნეთი

სტამბოლი

ეგვიპტე

თურქეთი

სინას მთა

იერუსალიმი

სირია

ანთაკია

კასპიის ზღვა

ირანი

ინდოეთი

[რუკა 17 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ფრაგმენტი პოიტინგერის ტაბულიდან, სადაც დეტალურად არის აღწერილი რომი და მისი შემოგარენი.

რომი

აქვილეია

სტამბული

იერუსალიმი

ანთაკია