არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ვქნა, თუ ის უარს მეუბნება?

რა ვქნა, თუ ის უარს მეუბნება?

ახალგაზრდების შეკითხვები

რა ვქნა, თუ ის უარს მეუბნება?

შენ ფიქრობდი, რომ ის შენი მეგობარი იყო, მაგრამ შემდეგ რომანტიკული გრძნობები გაგიჩნდა. ალბათ, მისმა კარგმა მანერებმა მიგიზიდა ან იმან, თუ როგორ გიღიმოდა საუბრისას. ასე იყო თუ ისე, დრო გადიოდა და მას რომანტიკული გრძნობის ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდა. ამიტომ, შენ გადაწყვიტე, გეკითხა მისთვის, სურდა თუ არა, რომ თქვენი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი ყოფილიყო. შენდა სამწუხაროდ, მან გულთბილად, მაგრამ მტკიცედ გითხრა უარი *.

ბუნებრივია, რომ გულისტკივილს გრძნობ. მაგრამ მძაფრ რეაგირებას ნუ მოახდენ; შეეცადე, ყველაფერს სწორად შეხედო. თუმცა ახალგაზრდა მამაკაცმა თქვა, რომ არ სურს შენთან რომანტიკული ურთიერთობის დაწყება, ეს სულაც არ გამცირებს როგორც პიროვნებას და არ ნიშნავს, რომ სხვებსაც აღარ უყვარხარ და პატივს აღარ გცემენ. ფაქტობრივად, მისი გადაწყვეტილება, შესაძლოა, იმდენად შენით არ იყოს განპირობებული, რამდენადაც მისი პირადი მიზნებითა და პრიორიტეტებით.

ქრისტიანი თუ ხარ, შეიძლება გახსოვს შემდეგი სიტყვები: „ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“ (ებრაელები 6:10). სონია * ამას შემდეგნაირად ხსნის: „შენ ფასი არ დაგიკარგავს; იეჰოვასთვის ძვირფასი ხარ, მიუხედავად იმისა, დაქორწინებული ხარ თუ არა“. თუ უზენაესი ღმერთი და სხვები ძალიან გაფასებენ, შენ რატომღა კარგავ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას?

და მაინც, შენ შეიძლება წარუმატებელ ადამიანად ჩათვალო თავი და იმის შიში გქონდეს, რომ აღარავინ მოგაქცევს ყურადღებას. მაგრამ, თუ ახლა ამ ახალგაზრდისთვის არა ხარ შესაფერისი, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სხვისთვისაც შეუფერებელი იქნები (მსაჯულთა 14:3). არ იფიქრო, რომ ცხოვრების თანამგზავრს ვერასდროს იპოვი, არამედ შეეცადე, დაინახო, რომ შენმა ძალისხმევამ ერთი დადებითი შედეგი მოიტანა: „შენ გაიგე, რომ ეს ახალგაზრდა კაცი არ შეგეფერებოდა“. რატომ ვამბობთ ამას?

იყო კი ის შენი შესაფერისი?

ბიბლია მოუწოდებს ქმრებს, „უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები“ (ეფესოელები 5:28). ის აგრეთვე ეუბნება მათ, რომ ‘პატივი მიაგონ’ თავიანთ ცოლებს (1 პეტრე 3:7). შესაძლოა, შენს შემთხვევაში ახალგაზრდა კაცი გაფასებს, როგორც მეგობარს. მაგრამ უარის თქმით მან აჩვენა, რომ ახლა მზად არ არის, ისე შეგიყვაროს, როგორც ცოლი, და პატივი გცეს. მას უფლება აქვს, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. დაფიქრდი: შეიძლება, რომ ის შენი ცხოვრების შესაფერისი თანამგზავრი გახდეს, როცა შენ მიმართ რომანტიკული გრძნობა არ გააჩნია? წარმოიდგინე, რა უბედური იქნებოდი, თუ ისეთ ადამიანს გაჰყვებოდი ცოლად, რომელსაც არ უყვარხარ და არ გაფასებს ისე, როგორც ამას ბიბლია ამბობს!

ახლა, როცა რომანტიკული ურთიერთობების იმედი არ გამართლდა, შეგიძლია ვაჟს სხვა თვალით შეხედო. ზოგჯერ სიყვარული აბრმავებს და ხასიათის იმ სისუსტეებისა და სულიერი ნაკლოვანებების დანახვაში გიშლის ხელს, რაც სხვებისთვის შეიძლება აშკარად შესამჩნევია. მაგალითად, მან მართლა არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ მის მიმართ გრძნობები გიჩნდებოდა? ან იქნებ იცოდა და ბიძგსაც გაძლევდა იმით, რომ შენთან ურთიერთობას აგრძელებდა? თუ ეს ასეა, განა აქედან არ ჩანს, რომ ის მზად არ არის, მზრუნველი და თანამგრძნობი ქრისტიანი მეუღლე გახდეს? ასეთ შემთხვევაში, კარგია, რომ სიმართლე გაიგე, თუმცა ეს შეიძლება მტკივნეულია.

მარსიას გრძნობები გაუჩნდა იმ ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ, რომელმაც მისდამი განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინა. როდესაც მან ჰკითხა, თუ რა განზრახვები ჰქონდა, ვაჟმა უთხრა, რომ მასთან ახლო ურთიერთობაზე არ ფიქრობდა. რა დაეხმარა მას გულგატეხილობასთან გამკლავებაში? „ჩემი გრძნობები რომ დამეძლია, ვცდილობდი, გონებისთვის მომესმინა და არა გულისთვის“, — ამბობს მარსია. მან გაიხსენა, თუ როგორი უნდა იყოს ქმარი ბიბლიის თანახმად და მიხვდა, რომ ეს ახალგაზრდა არ შეესაბამებოდა ამ მოთხოვნებს. ამან დაამშვიდა ის.

ანდრეასაც მსგავსი შემთხვევა ჰქონდა ერთ ახალგაზრდასთან. მოგვიანებით ანდრეა მიხვდა, რომ იმ ახალგაზრდის ქცევებს მოწიფულობა აკლდა. მან დაინახა, რომ ის ქორწინებისთვის მზად არ იყო. ანდრეა დიდად მადლიერი იყო იეჰოვასი, რომ თვალები აუხილა. „დარწმუნებული ვარ, რომ, თუ მივენდობით, იეჰოვა დაგვიცავს ისეთი შემთხვევებისგან, რომლებიც ემოციურ ტკივილს მოგვაყენებდა“, — ამბობს ანდრეა. რა თქმა უნდა, ხშირად ახალგაზრდა ღირსეულად იქცევა და უარსაც საპატიო მიზეზით ამბობს. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორ შეგიძლია გაუმკლავდე გრძნობებს, რომელთაც უარის თქმა იწვევს?

რა შეგიძლია მოუხერხო შენს გრძნობებს?

უარს რომ შეეგუო, შეიძლება დრო დაგჭირდეს. შენი გრძნობები თანდათან ვითარდებოდა და მათ გაქრობასაც დრო სჭირდება. იშვიათადაა შესაძლებელი რომანტიკული გრძნობების ისევე უცბად „გამორთვა“, როგორც ნათურის. ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოს, რომ მათი დაძლევა შეუძლებელია! მომთმენი იყავი საკუთარი თავის მიმართ. გავა დრო და ეს გრძნობები დავიწყებას მიეცემა. მაგრამ, თუ გინდა, რომ ისინი უფრო მალე გაქრეს, ეცადე, მოერიდო ისეთ რამეებს, რაც მათ ამოტივტივებას შეუწყობს ხელს.

მაგალითად, შეეცადე, აღარ დაუბრუნდე ფიქრებით იმ მომენტს, როცა ვაჟს შენი გრძნობების შესახებ უთხარი და მოერიდე თითოეული საკუთარი სიტყვისა და ჟესტის გაკრიტიკებას. თუ ასეთ ფიქრებს არ გაფანტავ, ბოლოს შეიძლება დაიჯერო კიდეც, რომ ის სინამდვილეში უარს არ გულისხმობდა ან პასუხი საპირისპირო იქნებოდა, თუ შენ სხვანაირად დაუსვამდი კითხვას. შეეგუე იმ ფაქტს, რომ შენ ვერ შეძლებ მისი გრძნობების შეცვლას. ყოველ შემთხვევაში, როგორც არ უნდა გეკითხა, პასუხი მაინც იგივე იქნებოდა.

ოცნება შეიძლება კიდევ ერთ მახედ გექცეს. შესაძლოა წარმოიდგინო, რომ სიცოცხლის ბოლომდე ორივენი ბედნიერად ცხოვრობთ ერთად. ასეთმა ოცნებამ შეიძლება ვითომ დაგამშვიდოს, მაგრამ ეს ხომ რეალური არ არის. ოცნებების შედეგად დანაკლისის გრძნობა გაგიახლდება და მოშუშებული ტკივილი კვლავ გაგიმწვავდება. ასეთი მდგომარეობა, როცა სასიამოვნო ოცნებებს აუტანელი ტკივილი ცვლის, შეიძლება მანამ გაგრძელდეს, სანამ დიდ ძალისხმევას არ გამოავლენ და ამგვარად ფიქრს არ შეწყვეტ.

ძალ-ღონეს ნუ დაიშურებ, ასეთი ოცნებების მოსაშორებლად. როცა ფიქრები აგეშლება, ადექი და გაისეირნე. დაკავდი ფიზიკური სამუშაოთი, რომ შენი ფიქრები სხვა რამეზე გადაიტანო. იფიქრე იმაზე, რაც გამხნევებს და არა ისეთ რამეზე, რაც გულგატეხილობაში გაგდებს (ფილიპელები 4:8). თავიდან შეიძლება ეს ადვილი არ იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში გამოგივა და დამშვიდდები.

გამხნევება ახლო მეგობრებსაც შეუძლიათ (იგავები 17:17). მაგრამ სონია გვაფრთხილებს: „კარგი იქნება, თუ მხოლოდ შენი ასაკისა და დაქორწინების მსურველ ახალგაზრდებთან არ იმეგობრებ. შენ გჭირდება უფროსი ასაკის მეგობრებიც, რომლებიც სიტუაციის ობიექტურად შეფასებაში დაგეხმარებიან“. გახსოვდეს, რომ არსებობს პიროვნება, ვინც ყველაზე მეტად დაგეხმარება ტკივილის დაძლევაში.

იეჰოვა — მეგობარი და დამხმარე

ძველ დროში ერთმა ღვთისმოშიშმა კაცმა გულგატეხილობის დროს დახმარებისთვის იეჰოვას მიმართა ლოცვით. როგორი იყო შედეგი? მან დაწერა: „როცა ფიქრები მომიმრავლდება გულში, შენი ნუგეში აამებს ჩემს სულს“ (ფსალმუნები 93:19, სსგ). იეჰოვა შენც განუგეშებს და განგამტკიცებს, თუ რწმენით მიმართავ ლოცვაში. ანდრეა სწორედ ასე მოიქცა. ის ამბობს: „ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ტკივილი დავძლიოთ და მომავლით ვიცხოვროთ და არა წარსულით“. სონია ამატებს, რომ „ლოცვა გეხმარება, გქონდეს პირადი ღირსების გრძნობა, რომელიც დამოკიდებული არ არის იმაზე, მოსწონხარ თუ არა სხვებს“.

ადამიანთაგან არავის შეუძლია ბოლომდე ჩასწვდეს შენს გრძნობებს, იეჰოვას კი შეუძლია. მან შექმნა ადამიანები და მანვე ჩაუდო იმის სურვილი, რომ ჰქონოდათ ოჯახი და ცოლ-ქმრული სიყვარული. მან იცის, რა ძლიერია რომანტიკული გრძნობები და ისიც, როგორ შეიძლება ამ გრძნობების მართვა. მას შეუძლია დიდი გულისტკივილის დაძლევაში დაგეხმაროს, რადგან 1 იოანეს 3:20-ში ნათქვამია: „ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია და მან ყველაფერი იცის“.

იყავით გაწონასწორებულნი

ქორწინებას დიდი ბედნიერების მოტანა შეუძლია, მაგრამ ის ბედნიერების ერთადერთი წყარო როდია. სიხარულს განიცდის ყველა, ვინც იეჰოვას ემსახურება, და არა მხოლოდ დაქორწინებულები. გარკვეულწილად, დაუქორწინებლებს თავიანთი უპირატესობები აქვთ. მათ არ აწუხებთ 1 კორინთელების 7:28-ში მოხსენიებული „ხორციელი გასაჭირი“. ამ გასაჭირში იგულისხმება ის სტრესი და დაძაბულობა, რომელსაც ყველა დაქორწინებული წყვილი განიცდის. ასევე დაუქორწინებლებს უფრო მეტი თავისუფლება აქვთ და შეუძლიათ უფრო ადვილად ემსახურონ იეჰოვას. ამიტომ ბიბლიაში ნათქვამია: „ვინც ქორწინდება კარგად იქცევა, მაგრამ ვინც დაუქორწინებელი რჩება — უკეთესად“ (1 კორინთელები 7:38). მაშინაც კი, თუ დაქორწინების ძლიერი სურვილი გაქვს, ამ ბიბლიურ მუხლზე დაფიქრება დაგეხმარება, რომ გაწონასწორებულობა შეინარჩუნო და საუკეთესოდ გამოიყენო ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც შენი ახლანდელი მდგომარეობა გაძლევს.

ზოგმა კეთილმოსურნე მეგობარმა შეიძლება გითხრას: „ნუ დარდობ! ერთ მშვენიერ დღეს კარგ ადამიანს იპოვი“. და ეს მართალიცაა, რადგან თუ ერთხელ უარი გითხრეს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სამუდამოდ მარტო დარჩები. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ქრისტიანი, სახელად კანდასე, ასე ფიქრობს: „მე იეჰოვაზე ვარ მინდობილი. მისგან იმას არ ველი, რომ ჩემს გასაბედნიერებლად ქმარს მაპოვნინებს. მაგრამ ვიცი, რომ ის მომცემს იმას, რაც ამ დანაკლისს შემივსებს“. ასეთი დადებითი განწყობა მას რომანტიკული იმედგაცრუების დაძლევაში დაეხმარა.

შესაფერისი ადამიანის ძებნის მცდელობა ამ ქვეყნიერებაში ხშირად მარცხით მთავრდება, მაგრამ მარცხით მრავალი ქორწინებაც მთავრდება. თუ იეჰოვას მიენდობი და მის რჩევებს დაიცავ, იმედგაცრუება სიხარულით შეგეცვლება. შენ შეძლებ იგივე განიცადო, რაც მეფე დავითმა. ის წერდა: „უფალო, შენს წინაშეა ყველა ჩემი სურვილი და ჩემი ოხვრაც დაფარული არ არის შენგან. რადგან შენ გელოდები, უფალო, შენ უპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო“ (ფსალმუნები 37:10, 16).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 სტატიაში „როგორ გავუმხილო მას ჩემი გრძნობები?“ რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 ნოემბერი, 2004) აღნიშნული იყო, რომ ზოგ ქვეყანაში მიუღებელია, ქალმა პირველმა უთხრას მამაკაცს თავისი გრძნობების შესახებ. თუმცა ბიბლია არ კიცხავს ასეთ მოქმედებას, ის მოუწოდებს ქრისტიანებს, რომ სხვებისთვის დაბრკოლებად არ იქცნენ. ამიტომ, ვისაც ღვთის კურთხევების მიღება სურს და ფიქრობს, როგორ მოიქცეს, გადაწყვეტილების მიღების დროს ეს ბიბლიური რჩევა უნდა გაითვალისწინოს (მათე 18:6; რომაელები 14:13; 1 კორინთელები 8:13).

^ აბზ. 5 ზოგი სახელი შეცვლილია.

[სურათები 22 გვერდზე]

ისარგებლე იმ დახმარებით, რომელსაც ღმერთი გთავაზობს.