არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

უფროსები უფრო იწამლებიან, ვიდრე ბავშვები

„როდესაც ადამიანები ფიქრობენ, როგორ დაიცვან თავი მოწამვლისგან, უმთავრესად მათ ბავშვები ჰყავთ მხედველობაში“, — ამბობს დებრა კენტი, ბრიტანეთის კოლუმბიის სამკურნალო საშუალებებისა და მოწამვლის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელი. მაგრამ კენტი განაგრძობს: „მოწამვლის შედეგად უმეტესწილად მოზარდები და უფროსი ასაკის ადამიანები კვდებიან“. „ვანკუვერ სანის“ თანახმად, მოზრდილებს შორის მოწამვლა იმის გამო ხდება, რომ „ვიღაცამ მომწამვლელი ნივთიერება ჩადო ჭურჭელში, მაგალითად პლასტმასის ბოთლში, და ზედ არაფერი წააწერა“. უბედური შემთხვევის თავიდან აცილება ხშირად შესაძლებელი იქნებოდა, თუ ადამიანები, უბრალოდ, შუქს აანთებდნენ და პროდუქტის გამოყენებამდე წაიკითხავდნენ მასზე გაკეთებულ წარწერას. „სანის“ თანახმად, „მოზრდილებს შორის უბედური შემთხვევის შედეგად სიკვდილიანობის 10 ყველაზე გავრცელებული მიზეზიდან მოწამვლა მეოთხე ადგილზეა“.

ნაღმების დეტექტორი მცენარე

„დანიის ბიოტექნიკურმა კომპანიამ გამოიყვანა მცენარე, რომლის ფოთლებიც წითელ შეფერილობას იღებს, თუ ის მიწაში ჩაფლული ნაღმის სიახლოვეს იზრდება“, — გვამცნობს ესპანური გაზეთი „პაისი“. ნაღმის დეტექტორი მცენარე, Arabidopsis thaliana, ფერს მაშინ იცვლის, როდესაც აზოტის ორჟანგის ზემოქმედებას განიცდის; ეს უკანასკნელი კი „უმეტესწილად გვხვდება ფეთქებადი ნივთიერებების შემადგენლობაში“, — ხსნის ეს გაზეთი. „როდესაც მცენარის ფესვები იწოვს ამ ნივთიერებას [აზოტის ორჟანგს], იწყება ბიოქიმიური რეაქციები, რომელთა შედეგადაც გამომუშავდება პიგმენტი ანთოციანი“. სიმონ ოუსტერგორი, ბიოტექნიკური კომპანიის პრეზიდენტი, ამბობს, რომ ჩაფიქრებული აქვთ „ამ მცენარის თესლები მოაბნიონ კონფლიქტის ზონებში, დაელოდონ ხუთი კვირა და შემდეგ განნაღმვას შეუდგნენ“. ოუსტერგორის თქმით, ნაღმების დეტექტორი მცენარის ფართოდ გამოყენებამ შეიძლება ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნას. დღეს 75 ქვეყანაში XX საუკუნეში მომხდარი ომების დროს ჩამარხული დაახლოებით 100 მილიონი ნაღმია მიწაში ჩატოვებული.

ნამგალები — დახელოვნებული ნავიგატორები

ნამგალები „აპრილის ბოლოს აფრიკიდან ინგლისში ჩასაფრენად 6 000 კილომეტრზე მეტ მანძილს ფარავენ“, — აღნიშნავს ლონდონის „სანდი ტელეგრაფი“. მათ „არა აქვთ, გლობალური მართვის არავითარი სისტემა, არც ავიადისპეტჩერული მომსახურება და არც პილოტები ჰყავთ“, მაგრამ ისინი, როგორც წესი, ღამით 3 000 მეტრის სიმაღლეზე ფრენისას ისეთ რთულ სანავიგაციო მეთოდებს იყენებენ, რომლებიც უცხოა თანამედროვე ლაინერებისთვის. ჩიტები ფრენის მიმართულებას იმგვარად ცვლიან, რომ აღებული კურსიდან არ გადაუხვიონ და ამ დროს იმის განსასაზღვრავად, თუ სად იმყოფებიან, მიწაზე არსებული ორიენტირებით კი არ ხელმძღვანელობენ (როგორც ეს ადრე ეგონათ), არამედ ამისათვის ქარს იყენებენ. დ–რ იოჰან ბეკმანი, ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტის თანამშრომელი, რომელიც რადარის საშუალებით აკვირდებოდა 225 ჩიტის „მოგზაურობას“, ამბობს, რომ „ყველაზე თანამედროვე ლაინერებითაც კი, რომლებიც ძალიან რთული სანავიგაციო მოწყობილობებით არის აღჭურვილი, ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა ქარის საშუალებით იმის განსაზღვრა, თუ სად იმყოფება კონკრეტულ მომენტში ლაინერი“. აღსანიშნავია, რომ, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ღამით ფრენისას ჩიტების ტვინის ნახევარი პასიურ მდგომარეობაშია. მაგრამ ფრინველთა დაცვის სამეფო საზოგადოების წარმომადგენლის, გრემ მაჯის, თქმით უპასუხოდ რჩება მთელი რიგი კითხვები. მაგალითად, „რას ჭამენ ეს ჩიტები ჰაერში, დედამიწიდან ასე მოშორებით?“

არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი საპირფარეშოები

„დატბორილი იატაკი, ყინულივით ცივი წყალი, არავითარი საპონი“; „დამტვრეული საკეტები და დაბალი გამყოფი კედლები“ უცხო თვალისგან მიმალვის საშუალებას არ აძლევს ადამიანს, რის გამოც მრავალი ფრანგი მოწაფე სკოლაში საპირფარეშოთი სარგებლობისგან თავს იკავებს, — აღნიშნავს საფრანგეთის ყოველკვირეული „ექსპრესი“. ერთხელ მშობელთა კომიტეტების გაერთიანებამ გამოკვლევა ჩაატარა. გამოირკვა, რომ „მოსწავლეთა 48 პროცენტი სკოლაში რეგულარულად არ იყენებს ტუალეტებს“. ეს კი ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ამ გამოკვლევის თანახმად, „მოწაფეთა მეოთხედს აწუხებს ნაწლავებთან ან შარდის გამომყოფ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები“. პედიატრი უროლოგი მიშელ ავერუსი აღნიშნავს: „ბავშვი დღეში ხუთჯერ ან ექვსჯერ უნდა წავიდეს ტუალეტში. შარდის ბუშტი, რომელიც არ იცლება, ხშირად უფრო ადვილად ინფიცირდება“.