არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორი სილამაზეა ყველაზე მნიშვნელოვანი?

როგორი სილამაზეა ყველაზე მნიშვნელოვანი?

როგორი სილამაზეა ყველაზე მნიშვნელოვანი?

ადამიანებს სიამოვნებთ მათთან ყოფნა, ვისაც მიმზიდველად თვლიან. მაგრამ სინამდვილეში რა ხდის ადამიანს მიმზიდველს? ჩვენ ხომ შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს, რომ დიდი რისკის გაწევის გარეშე მემკვიდრეობით მიღებული თავისებურებები შევცვალოთ? გარდა ამისა, ფიზიკური სილამაზე წარმავალია, რადგან სიბერისა და ავადმყოფობის სავალალო შედეგებს დღეს ვერავინ გაექცევა. არსებობს თუ არა სხვა სახის სილამაზე, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი, ხანგრძლივი და რეალურია?

მნიშვნელოვანია შინაგანი სილამაზე

ბიბლია გვარწმუნებს, რომ შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შინაგან სილამაზეს. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

როცა იეჰოვამ წინასწარმეტყველი სამუელი იესეს ვაჟებიდან ისრაელის მეფის ასარჩევად გაგზავნა, წინასწარმეტყველმა ყურადღება ელიაბს მიაქცია, რადგან ის გარეგნობით გამოირჩეოდა. „აჰა, უფლის წინაშეა მისი ცხებული“, — თქვა სამუელმა. მაგრამ იეჰოვამ უთხრა მას: „ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე განვაყენე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც სააშკარაოზეა, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (1 მეფეთა 16:6, 7).

იეჰოვამ მეფედ უმცროსი ვაჟი, დავითი, ამოირჩია. თუმცა ბიბლიაში ნათქვამია, რომ დავითს „ლამაზი თვალები“ ჰქონდა, ის, ალბათ, უფროსი ძმებივით შთამბეჭდავი გარეგნობის არ იყო. მიუხედავად ამისა, „ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს“. მართალია, ის არასრულყოფილი იყო და სერიოზულ შეცდომებსაც უშვებდა, მაგრამ კეთილი გულით გამოირჩეოდა და სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას (1 მეფეთა 16:12, 13). უეჭველია, ღმერთს უპირველესად მისი შინაგანი სილამაზე მოსწონდა.

ამის საპირისპიროდ, განვიხილოთ დავითის ერთ–ერთი ვაჟის, აბესალომის, მაგალითი. ის არ გამოდგა კარგი პიროვნება მიუხედავად იმისა, რომ კარგი გარეგნობის იყო. მის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „არავინ იყო მთელს ისრაელში ისეთი ლამაზი კაცი, როგორც აბესალომი და ისეთი ქებული, როგორც ის, თხემით ტერფამდე უნაკლო იყო“ (2 მეფეთა 14:25). აბესალომი ამბიციურობამ აღძრა, საკუთარი მამის წინააღმდეგ ამბოხებულიყო, რათა თვითონ ასულიყო ტახტზე. ის მამის ხარჭებთანაც კი წვებოდა. შედეგად, აბესალომმა თავს ღვთის რისხვა დაიტეხა და წამებით მოკვდა (2 მეფეთა 15:10—14; 16:13—22; 17:14; 18:9, 15).

მიმზიდველ პიროვნებად ჩათვლიდით აბესალომს? ცხადია არა. თუ ყველაფერს მხედველობაში მივიღებთ, ის უარყოფითი პიროვნება იყო. მისმა განსაცვიფრებელმა ფიზიკურმა გარეგნობამ, ვერც მისი ქედმაღლობა და ორგულობა გადაფარა და ის ვერც დაღუპვას გადაარჩინა. მეორე მხრივ, ბიბლიაში მრავალი მაგალითია მოცემული იმ გონიერ და მიმზიდველ ადამიანებთან დაკავშირებით, რომელთა გარეგნობის შესახებაც არაფერია ნათქვამი. ცხადია, უმთავრესი მათი შინაგანი სილამაზე იყო.

შინაგანი სილამაზე მიმზიდველია

შესაძლებელია, რომ შინაგანი სილამაზე მიმზიდველი იყოს სხვებისთვის? ხეორხინა, რომელიც თითქმის ათი წელია, რაც დაქორწინებულია, ამბობს: „წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად მიზიდავს ჩემი ქმრის პიროვნება, რადგან ის პატიოსანია და გულწრფელია ჩემდამი. მისთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ ღვთის მოსაწონად მოიქცეს. ამან კი ყურადღებიანი და მოსიყვარულე გახადა. ანგარიშს მიწევს, როცა რაიმე გადაწყვეტილებას იღებს და მაგრძნობინებს, რომ მაფასებს. ვიცი, რომ ნამდვილად ვუყვარვარ“.

დანიელი, რომელიც 1987 წელს დაქორწინდა, ამბობს: „ნამდვილად მოხიბლული ვარ ჩემი მეუღლის სილამაზით. ის მხოლოდ გარეგნობით კი არ მხიბლავს, არამედ სულ უფრო მეტად მაყვარებს თავს პიროვნული თვისებებით. ის ყოველთვის ფიქრობს და ზრუნავს სხვებზე. ჩემს მეუღლეს ძვირფასი ქრისტიანული თვისებები აქვს და ამის გამო დიდ სიამოვნებას მანიჭებს მასთან ცხოვრება“.

მნიშვნელოვანია, მოვერიდოთ ზედაპირულობას, რომელიც ქვეყნიერებისთვის არის დამახასიათებელი და შევეცადოთ იმაზე მეტის დანახვას, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. უნდა გვესმოდეს, რომ გარეგნობის მაქსიმალურად დახვეწა ძნელია, თუ საერთოდ შესაძლებელია და გარეგნობას არც იმდენად დიდი ფასი აქვს. დადებითი თვისებების განვითარება კი, რაც პიროვნებას ჭეშმარიტად ალამაზებს, შესაძლებელია. ბიბლიაში ნათქვამია: „მაცდურია მშვენიერება და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი ქებულია“. გარდა ამისა, ღვთის სიტყვაში მოცემულია შემდეგი შედარება, რომელიც გამაფრთხილებელია ჩვენთვის: „რაღა ოქროს რგოლი ღორის დინგზე და რაღა ლამაზი ქალი, გონიერებას რომ ზურგს აქცევს“ (იგავები 11:22, აქ; 31:30).

ღვთის სიტყვა გვეხმარება, დავაფასოთ ‘შინაგანი ადამიანი, რომელიც შემოსილია სიმშვიდითა და რბილი ხასიათით, ღვთის თვალში ძალიან ძვირფასი, უხრწნელი სამოსლით’ (1 პეტრე 3:4). ასეთი შინაგანი სილამაზე მართლაც რომ ფიზიკურ სილამაზეზე მნიშვნელოვანია და თითოეული ადამიანისთვის შესაძლებელია მისი სულ უფრო მეტად დახვეწა.

[სურათები 8, 9 გვერდებზე]

დადებითი თვისებები ნებისმიერ კოსმეტიკურ საშუალებასა და პლასტიკურ ოპერაციაზე მეტად გაგალამაზებთ.