არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიკვდილის ქარხანა

სიკვდილის ქარხანა

სიკვდილის ქარხანა

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის გერმანიიდან

„მიტელვერკი“, ზოგის აზრით, მსოფლიოში ყველაზე დიდ მიწისქვეშა ქარხანად ითვლებოდა. იგი მდებარეობდა გერმანიაში, ბერლინიდან სამხრეთ-დასავლეთით 260 კილომეტრის მოშორებით ჰარცის მთებში. ქარხანა შედგებოდა 20-კილომეტრიანი გალერეის დიდი კომპლექსისგან. 1943-დან 1945 წლამდე ამ გალერეაში საკონცენტრაციო ბანაკის ათასობით პატიმარი მონასავით მუშაობდა. საშინელ პირობებში მცხოვრებ პატიმრებს აიძულებდნენ, რომ ნაცისტური სახელმწიფოსთვის იარაღი ეწარმოებინათ.

მონებად მომუშავე პატიმრებს უჩვეულო იარაღი უნდა დაემზადებინათ. ქარხნის ნაწარმი ფაუ-1 და ფაუ-2-ის სახელით ცნობილი რეაქტიული ტიპის რაკეტები იყო. ეს რაკეტები „მიტელვერკიდან“ ძირითადად საფრანგეთსა და ნიდერლანდებში გაჰქონდათ. შემდეგ კი იქიდან სამიზნე ქალაქების — ბელგიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის — მიმართულებით უშვებდნენ, სადაც ისინი მიწაზე ჩამოვარდნის შედეგად ფეთქდებოდა. ნაცისტები რაკეტების იმ დონეზე გაუმჯობესებას იმედოვნებდნენ, რომ მათი საშუალებით შესაძლებელი ყოფილიყო, ბომბებს ატლანტის ოკეანის მიღმა მდებარე ნიუ-იორში ჩაეღწია. მეორე მსოფლიო ომის დასასრულისთვის გერმანიამ ასობით ფაუ-1 და ფაუ-2 ტიპის რაკეტები გამოიყენა ევროპის ქალაქებზე იერიშის მისატანად. მაგრამ გამოყენებული რაკეტები მხოლოდ მცირე რაოდენობა იყო იმისა, რაც ნაცისტებმა აწარმოეს და რის გამოყენებასაც აპირებდნენ მტრების წინააღმდეგ. ნიუ-იორკში კი ვერც ერთმა რაკეტამ ვერ ჩააღწია.

მწარე ხვედრი

ომის დამთავრებისთანავე, იმ მეცნიერთა და სპეციალისტთა დიდმა ნაწილმა, რომლებმაც ფაუ-1 და ფაუ-2 ტიპის რაკეტები გამოიგონეს, გერმანია დატოვა. მათ თან წაიღეს რაკეტების დამზადებაში დაგროვებული გამოცდილება და გამოიყენეს იმ ქვეყნებში, სადაც ჩავიდნენ. ერთ-ერთი ასეთი მეცნიერი იყო ვერნერ ფონ ბრაუნი. ის შეერთებულ შტატებში წავიდა, სადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რაკეტა „სატურნის“ შექმნაში. ამ რაკეტით ადამიანი მთვარეზე გაფრინდა.

დღეს ყოფილი „მიტელვერკის“ ფაბრიკის ტერიტორიაზე დგას მემორიალური მონუმენტი საკონცენტრაციო ბანაკის იმ 60 000 პატიმრის გასახსენებლად, რომლებიც იქ მუშაობდნენ. მრავალი პატიმარი არა მარტო მუშაობდა ამ ცივ, ნესტიან გალერეაში, არამედ ცხოვრობდა კიდეც მასში. გასაკვირი არაა, რომ ზოგიერთი გამოთვლის თანახმად, ამ ქარხანაში მომუშავე თითქმის 20 000 პატიმარი დაიღუპა. ამ მემორიალური მუზეუმის მნახველები გიდმა შეიძლება ჩაიყვანოს გალერეის დასათვალიერებლად, სადაც ჯერ კიდევ მიმოფანტულია რაკეტების ნაწილები, რომლებიც 60 წლის წინ უპატრონოდ დატოვეს. ჟურნალი „ომის შემდეგ“ „მიტელვერკის“ რაკეტების მწარე ხვედრის შესახებ ამბობს: „ფაუ-1 და ფაუ-2 ერთადერთი იარაღი იყო, რომლის წარმოებამაც უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე მათმა გამოყენებამ“.

[სურათი 31 გვერდზე]

1945 წლის ფოტო, რომელზეც ასახულია ვაგონეტებზე დადებული „ფაუ-1“.

[საავტორო უფლება]

Quelle: Dokumentationsstelle Mittelbau-Dora

[სურათი 31 გვერდზე]

მნახველები ათვალიერებენ გალერეას, სადაც ჯერ კიდევ მიმოფანტულია რაკეტების ნაწილები.