არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სილამაზით გატაცება

სილამაზით გატაცება

სილამაზით გატაცება

მარია * ახალგაზრდა ქალია, რომელიც ცხოვრებაში საკმაოდ დიდ წარმატებებს აღწევს და ოჯახშიც მოსიყვარულე ადამიანებით არის გარემოცული. მაგრამ თავს ბედნიერად არ გრძნობს. რატომ? საკუთარი გარეგნობითაა უკმაყოფილო. ოჯახის წევრები ცდილობენ მის გამხნევებას, თუმცა ის მაინც ფიქრობს, რომ ულამაზოა. ამის გამო კი უზომოდ გულგატეხილია.

ხოსე კარგ ოჯახშია გაზრდილი და თითქოს ყველანაირი მიზეზი აქვს იმისათვის, რომ ბედნიერი იყოს. მიუხედავად ამისა ჰგონია, რომ ცოლს ვერასოდეს მოიყვანს. რატომ? ფიქრობს, გარეგნობით არ გამოირჩევა და უფრო მეტიც, შეუხედავია. ამიტომაც დარწმუნებულია, რომ კარგი ქალი მას ყურადღებას არ მიაქცევს.

რვა წლის ლუისს უყვარს სკოლაში სიარული. ის ურთიერთობის მოყვარული ბავშვია და სიამოვნებით თამაშობს სკოლის ამხანაგებთან. მაგრამ ხშირად ტირის, რადგან ისინი გარეგნობის გამო დასცინიან. ამხანაგები ლუისს ეუბნებიან, რომ მსუქანია.

ასეთი შემთხვევები არცთუ ისე იშვიათია. იმის თქმა, რომ მარიას, ხოსესა და ლუისს უბრალოდ პირადი ღირსების გრძნობა აკლიათ, საკითხისადმი ზერელე მიდგომა იქნებოდა. ფაქტია, არავის აქვს იმის სურვილი, რომ გარეგნობის გამო უარყონ.

მაგრამ საზოგადოება გარეგნობას მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ხშირად წარმატება თითქოს გარეგნობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, მიმზიდველი გარეგნობის ადამიანებს სამუშაოს შოვნის გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ. ფილარ მურიედასი, ლათინურ ამერიკასა და კარიბის კუნძულებზე მცხოვრებ ქალთა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ქალისთვის „კარგი გარეგნობა წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი მთავარი პირობაა“. დოქტორ ლაურა მარტინეცის სიტყვების თანახმად კი, ქალებმა შესანიშნავად იციან, რომ საბოლოოდ, „გარეგნობა საკმაოდ დიდ როლს ასრულებს სამუშაოზე მიღებისას“.

ცხადია, ბევრი მამაკაციც საჭიროდ თვლის საკუთარი სხეულის „სრულყოფილებამდე“ დახვეწას. ორივე სქესის საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი უკიდურეს ზომებს მიმართავს გასალამაზებლად. სახისა თუ სხეულის მაქსიმალურად გასაუმჯობესებლად ისინი შიმშილსა და მტკივნეულ პროცედურებზეც არ ამბობენ უარს. მაგრამ ღირს კი ამის კეთება? ხომ არ არის ეს რაიმე საფრთხესთან დაკავშირებული?

[სქოლიო]

^ აბზ. 2 სახელები შეცვლილია.

[სურათი 3 გვერდზე]

გარეგნობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის წარმატებაზე.