არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სისუსტეა სათუთი გრძნობების გამოვლენა?

სისუსტეა სათუთი გრძნობების გამოვლენა?

ბიბლიის თვალსაზრისი

სისუსტეა სათუთი გრძნობების გამოვლენა?

„შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით. . .“ (კოლოსელები 3:12).

ჯერ კიდევ დედის მუცელში ყოფნისას გვივითარდება შეხების შეგრძნება. დაბადების შემდეგ, დედისგან ნაზი ალერსის მიღება ჩვენი საწადელი ხდება. ბავშვობის განმავლობაში რაც უფრო მეტ სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობთ მშობლებისგან, მით უფრო მეტად ვიღიმებით, გამოვხატავთ დადებით ემოციებს და ვეუფლებით ურთიერთობის ხელოვნებას.

თუმცა ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ადამიანები იქნებოდნენ „მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები“. სათუთი გრძნობები, მაგალითად სიკეთე და თანაგრძნობა, სანთლით საძებარი გახდებოდა, რადგან ადამიანები „საკუთარი თავის მოყვარულები“, „სასტიკები [და] კარგის მოძულეები“ იქნებოდნენ (2 ტიმოთე 3:1—3).

დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანი ცხოვრებაში თანაგრძნობას არ უნდა ავლენდეს და ქვის გული უნდა ჰქონდეს. მათი აზრით, თბილი გრძნობების გამოვლენა სისუსტის ნიშანია. ნამდვილად ასეა ეს?

სათუთი გრძნობები და სიმტკიცე

ბიბლიაში იეჰოვა ღმერთს „მამაცი მეომარი“ ეწოდება (გამოსვლა 15:3, აქ). ის ყოველგვარი ძალის წყაროა (ფსალმუნები 61:12; რომაელები 1:20). მაგრამ სიძლიერემ არ შეუშალა იეჰოვას ხელი იმაში, რომ ერთგული იობის მიმართ ‘სათუთი გრძნობები და გულმოწყალება’ გამოევლინა (იაკობი 5:11). იეჰოვა ისრაელს იმდენად სათუთად ეპყრობოდა, რომ მისი გრძნობები შედარებულია მზრუნველი დედის გრძნობებთან, რომელიც „შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს“ (ესაია 49:15, სსგ).

სიმტკიცესა და სათუთ გრძნობებს იესო ქრისტეც უთავსებდა ერთმანეთს. ის გაბედულად ამხელდა თავის თანამედროვე თვალთმაქც რელიგიურ წინამძღოლებს (მათე 23:1—33). მან აგრეთვე უშიშრად გაყარა ტაძრიდან ფულის ხარბი გადამცვლელები (მათე 21:12, 13). გულცივი ხომ არ გაუხდია იესო მორალური გახრწნილებისა და სიხარბის სიძულვილს? სრულიადაც არა! იესო გამოირჩეოდა იმით, რომ სხვებისადმი სათუთი გრძნობები ჰქონდა. მან საკუთარი თავი შეადარა კრუხს, რომელიც „იკრებს ფრთებქვეშ თავის წიწილებს“ (ლუკა 13:34).

სიმტკიცე — გარეგნული თუ შინაგანი?

ჭეშმარიტ ქრისტიანებს ბიბლია მოუწოდებს, მიჰბაძონ ქრისტეს და, ამისათვის, შეიმოსონ „ახალი პიროვნება, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად“ (ეფესოელები 4:20—24). როგორც ბიბლია გვეუბნება, უნდა ‘გავიხადოთ ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ’, ისევე როგორც მდინარის კიბო იცილებს დავიწროებულ ძველ ჯავშანს, როცა ის მის ზრდას აბრკოლებს (კოლოსელები 3:9). მაგრამ კიბოსგან განსხვავებით, რომელიც მალე ახალი მკვრივი ჯავშნით იფარება, ჩვენ გამუდმებით უნდა განვაგრძოთ საკუთარი თავის შემოსვა „სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით . . . და სულგრძელობით“ (კოლოსელები 3:12). ასე რომ, სათუთი გრძნობების გამოვლენა ჩვენი პიროვნების ნაწილი უნდა იყოს.

სათუთი გრძნობებით თუ ვიმოსებით, ეს სულაც არ არის სისუსტის მაჩვენებელი. ამისათვის საჭიროა, „[ჩვენი] შინაგანი ადამიანი გაძლიერდეს მისი [იეჰოვას] სულის მეშვეობით“ (ეფესოელები 3:16). მაგალითად, ერთი მამაკაცი, სახელად ლი, ამბობს: „არც ისე დიდი ხნის წინ დაუნდობელი და ბოროტი ადამიანი ვიყავი. შესახედაობაც კი საშიში მქონდა, რადგან სხეულის სხვადასხვა ნაწილი გახვრეტილი მქონდა და სამკაულებს ვატარებდი. ჩემთვის მთავარი იყო დიდი ფულის შოვნა და ამის მისაღწევად ბილწსიტყვაობასა და ძალადობასაც არ ვერიდებოდი. თანაგრძნობის ნასახიც კი არ გამაჩნდა“. ამის მიუხედავად, ლიმ თავის თანამშრომელთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. შედეგად, გაიცნო და შეიყვარა იეჰოვა ღმერთი. მან გაიხადა თავისი ძველი პიროვნება და გამოიმუშავა თავშეკავება. ახლა ის სიხარულით უთმობს დროს იმას, რომ სხვებს ბიბლიის შესწავლაში დაეხმაროს და, ასეთი სახით, მათდამი სიყვარული გამოავლინოს.

ერთ დროს მოციქული პავლეც „შეურაცხმყოფელი“ ადამიანი იყო და თავისი მიზნების მისაღწევად ძალადობასაც მიმართავდა (1 ტიმოთე 1:13; საქმეები 9:1, 2). მიუხედავად ამისა, იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს მხრიდან მისდამი გამოვლენილ გულმოწყალებასა და სიყვარულს პავლემ მადლიერებით უპასუხა და თავადაც ცდილობდა ამ თვისებების არეკვლას (1 კორინთელები 11:1). თუმცა პავლე ქრისტიანულ პრინციპებს მტკიცედ იცავდა, მან ისწავლა სხვებთან ურთიერთობაში სათუთი გრძნობების გამოვლენა. პავლეს არ რცხვენოდა ძმების მიმართ თბილი გრძნობების გამოხატვა (საქმეები 20:31, 36—38; ფილიმონი 12).

როგორ მოვიკრიბოთ სიმტკიცე სათუთი გრძნობების გამოსავლენად?

როგორც პავლე მოციქულისა და ლის შემთხვევები მოწმობს, სხვებისადმი სათუთი გრძნობების გამოვლენა რომ ვისწავლოთ, სულაც არაა საჭირო, სუსტი ნებისყოფის ადამიანები გავხდეთ. პირიქით, ასეთი თვისებების გამომუშავება ნამდვილ ძალისხმევას მოითხოვს, ვინაიდან საჭიროა აზროვნებისა და მოქმედებების შეცვლა; აგრეთვე უნდა ვებრძოლოთ ხორციელ მიდრეკილებას, რომ ‘ბოროტება არავის გადავუხადოთ ბოროტებით’ (რომაელები 12:2, 17).

სათუთი გრძნობების განვითარებაში ასევე დაგვეხმარება ღვთის სიტყვის რეგულარული კითხვა და იმ უდიდეს სიყვარულსა და გულმოწყალებაზე ფიქრი, რომელიც იეჰოვა ღმერთმა და მისმა ძემ, იესო ქრისტემ, გამოავლინეს ჩვენდამი. ამგვარი მოქმედებით ღვთის სიტყვის ძალას მივცემთ ჩვენი გულების მოლბობის საშუალებას (2 ნეშტთა 34:26, 27; ებრაელები 4:12). იმისდა მიუხედავად, თუ რა პირობებში აღვიზარდეთ და როგორი ცხოვრების გზა განვვლეთ, ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ‘სათუთი გრძნობებით შემოსვა’ (კოლოსელები 3:12).

[სურათი 26 გვერდზე]

კარგი მამა სათუთ გრძნობებს ავლენს შვილებთან ურთიერთობისას.