არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყინულჭრილიდან თევზაობის მომხიბვლელობა

ყინულჭრილიდან თევზაობის მომხიბვლელობა

ყინულჭრილიდან თევზაობის მომხიბვლელობა

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ფინეთიდან

ჩრდილოეთის თოვლიანი ზამთრის მშვენიერი დღეები სუფთა ჰაერზე გართობის მრავალფეროვან შესაძლებლობას იძლევა. ხალხი — მბზინავი თოვლის საოცარი პეიზაჟით რომ დატკბეს და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოს — სასეირნოდ დადის, ციგურაობით ერთობა, თხილამურებზე დგება ან ციგაობს. ზოგიერთები კი ყინულჭრილიდან თევზაობას ამჯობინებენ. დიდი ხნის განმავლობაში მაინტერესებდა, თუ რატომ ხიბლავდათ ადამიანებს ყინულჭრილიდან თევზაობა. ასე რომ, ჩემს მეგობარს მარტის, გამოცდილ მეთევზეს, ვთხოვე, სათევზაოდ წავეყვანე.

თენდებოდა, როცა მარტის შევხვდი მისი სახლის წინ. მას უკვე ჩალაგებული ჰქონდა ყველა საჭირო ნივთი: ანკესები, სატყუარა თევზის დასაჭერად, პატარა დასაკეცი სკამები და ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი — ყინულზე ხვრელების გასაკეთებლად ყინულის დიდი ბურღი. პირადად მე რაზეც უნდა მეზრუნა, თევზაობისთვის შესაფერისი, თბილი ტანსაცმელი იყო. მეთევზე ყინულჭრილიდან თევზაობისას გაყინულ ზღვაზე ან ტბაზე — ღია სივრცეში — ხანგრძლივი დროის განმავლობაში ზის და ამ დროს შესაძლოა ცივი ქარი ქროდეს. მარტი თითქმის ყოველთვის ზღვაზე თევზაობს, რადგან იქვე ახლოს ცხოვრობს. მას ზღვისგან მოშორებით რომ ეცხოვრა, ალბათ, მოყინულ მდინარეზე ან ტბაზე ითევზავებდა.

როცა ზღვის სანაპიროზე მივედით და ყინულზე ფეხი დავდგით, გავიფიქრე: „ნუთუ უსაფრთხოა გაყინულ ზღვაზე სიარული?“ წლის ეს დრო მართლაც არ არის საშიში. რადგან ზამთრის დასაწყისში სუსხი იცის, რისი წყალობითაც ყინული ამ დროისთვის განსაკუთრებით სქელია. თუმცა ყოველთვის სიფრთხილეა საჭირო ყინულზე დგომისას. მკაცრი ზამთრის განმავლობაშიც კი ყინული შესაძლოა თხელი იყოს ადგილ-ადგილ. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ ყინული რა მდგომარეობაშია და რამდენად სარისკოა. ისიც საჭიროა, რომ სათანადოდ იყო აღჭურვილი. მას შემდეგ, რაც პატარა მანძილი გავიარეთ, მარტიმ დაიწყო ყინულზე ხვრელის ბურღვა. ყინული ბურღით ისე იჭრება, როგორც კარაქი და სწრაფადვე კეთდება 70 სანტიმეტრის სიღრმის ხვრელი. მარტიმ სპეციალური იარაღით ხვრელი გაასუფთავა ყინულისა და თოვლჭყაპისგან. შემდეგ დაჯდა დასაკეც სკამზე, გამართა ძუა და ანკესი ყინულში ჩაუშვა.

თუმცა ყინულჭრილიდან თევზაობის იდეა — ყინულის გაბურღვა და თევზაობის დაწყება — მარტივია, პროცესი გაცილებით შეუფერხებლად მიმდინარეობს, თუ მცირე გამოცდილება მაინც გაქვს. მაგალითად, მნიშვნელოვანია სათანადო ადგილმდებარეობის არჩევა. რადგან თევზები ზამთარში საკვების აღმოსაჩენად ბევრს არ მოძრაობენ, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა ადგილას იკრიბებიან ისინი. მარტიმ გამოცდილებიდან უკვე იცოდა, სად უნდა გვეთევზავა. თუ უცნობ ადგილას წავიდოდით, მას გულმოდგინედ უნდა დაეთვალიერებინა რუკა, რომ წინასწარ სცოდნოდა, სად მოეძებნა თევზები. მეთევზე აგრეთვე თვალყურს ადევნებს ამინდს, რადგან ის გავლენას ახდენს თევზების ადგილმდებარეობის შეცვლაზე. მას შეუძლია სხვადასხვა ადგილას მოეძებნოს თევზი ყინულში ხვრელების გაკეთებით. მეთევზემ შეიძლება დღის განმავლობაში ყინულზე უამრავი ხვრელი გააკეთოს.

დღეს, როგორც ჩანს, თევზებს არ შიათ ან გვემალებიან. თუმცა, ეს ჩვენ არ გვაღელვებს. საბოლოოდ გავიგე, თუ რატომ არის მომხიბვლელი ყინულჭრილიდან თევზაობა. უფრო მეტად მნიშვნელოვანი სუფთა ჰაერზე ყოფნა და ბუნებისგან სიამოვნების მიღებაა და არა მხოლოდ თევზის ჭერა. როგორც მარტიმ თქვა: „განსაკუთრებით ქალაქელებისთვის ყინულჭრილიდან თევზჭერა დასვენების მსგავსია. ამ დროს ადამიანი თავის ყველა საზრუნავს ივიწყებს“.

[სურათი 25 გვერდზე]

ყინულის გაბურღვა.

[სურათი 25 გვერდზე]

ყინულის ბურღი.