არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

ევროპელი მამაკაცები საკუთარ გარეგნობას უფრო მეტ დროს უთმობენ

„ხუთ წელზე მეტია, რაც მამაკაცები უფრო მეტ დროს უთმობენ საკუთარ გარეგნობას, ვიდრე ქალები. ისინი კვირაში საშუალოდ 3,1 საათს ხარჯავენ ამაზე, მაშინ როცა ქალები ამ საქმისთვის საშუალოდ 2,5 საათს გამოყოფენ“, — ნათქვამია ლონდონში გამომავალ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“. იმის გამო, რომ მამაკაცები სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ საკუთარ გარეგნობას, იზრდება მოთხოვნილება კანის, თმის, პირადი ჰიგიენის საშუალებებსა და ისეთ პარფიუმერიაზე, რომლებიც მამაკაცებისთვის არის განკუთვნილი. „გასულ წელს ასეთი საშუალებების ღირებულება 20 მილიარდ ევროს შეადგენდა. ვარაუდობენ, რომ 2008 წლისთვის ეს თანხა 24 მილიარდამდე გაიზრდება“. მამაკაცთა სილამაზის სალონის ერთმა მენეჯერმა „დეილი ტელეგრაფის“ კორესპონდენტს უთხრა: „ჩვენი ბიზნესი მნიშვნელოვნად იზრდება იმ კლიენტების წყალობით, რომლებიც სახის კანის მოვლაში, მანიკიურსა და პედიკიურში რეგულარულად 300 ევრომდე ხარჯავენ“. ამას გარდა, გაზეთში ნათქვამია, რომ „მამაკაცის სუნამოების 60 პროცენტს უშუალოდ მამაკაცები ყიდულობენ და არა მათი მეუღლეები ან მეგობარი ქალები“.

დიპლომიანი სპეციალისტების მომრავლება

„დღესდღეობით დიპლომი არ არის სამსახურის შოვნის გარანტია“, — აღნიშნავს მეხიკოში გამომავალი გაზეთი „უნივერსალი“. მექსიკაში ბოლო დროს ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ „1991—2000 წლებში უმაღლესდამთავრებულთა 40 პროცენტი იძულებული იყო ის სამუშაო შეესრულებინა, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა მათ სპეციალობასთან“. ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 750 000 უნივერსიტეტდამთავრებული იმ სამუშაოს ასრულებს, რისთვისაც დიპლომი არ მოითხოვება. „ისინი მუშაობენ ტელეფონისტებად, მძღოლებად, ილუზიონისტებად, კლოუნებად და ბარმენებად“. ვარაუდობენ, რომ 2006 წლისთვის მექსიკაში საჭიროზე გაცილებით მეტი სპეციალისტი იქნება, მაგალითად, დაახლოებით 131 000–ით მეტი მენეჯერი, 100 000–ით მეტი ბუხჰალტერი, 92 000–ით მეტი კომპიუტერის სპეციალისტი, 92 000–ით მეტი დაწყებითი სკოლის მასწავლებელი და 87 000–ით მეტი იურისტი.

ჩინეთში ველოსიპედებს მანქანები ცვლიან

ჩინეთში ეკონომიკის განვითარებასთან ერთად სულ უფრო იზრდება მათი რიცხვი, რომლებიც ველოსიპედით სიარულს ავტომანქანით სიარულს არჩევენ. მაგალითად, დღეისათვის პეკინის მოსახლეობის მხოლოდ 25 პროცენტი მგზავრობს ველოსიპედით, მაშინ როცა ათი წლის წინ ამ ტრანსპორტით 60 პროცენტი სარგებლობდა. „მარტო პეკინში ავტომობილების რიცხვი ყოველწლიურად 400 000–ზე მეტით იზრდება“, — ნათქვამია კანადის გაზეთ „ტორონტო სტარში“. შედეგად ამ ქალაქში „ავტომობილების მოძრაობის სიჩქარე საშუალოდ 12 კილომეტრია საათში“. ჟურნალი „ნეშნლ ჯიოგრეფიკი“ იტყობინება, რომ 2003 წელს ჩინეთში „უმაღლესი განათლების მქონე ჩინელებმა, რომლებსაც კარგი შემოსავალი აქვთ, 2 მილიონზე მეტი მანქანა შეიძინეს, რაც 2002 წელთან შედარებით 70 პროცენტით მეტია“. რამდენადაც იზრდება იმ მგზავრთა რიცხვი, რომლებიც საწვავზე ამყარებენ იმედს და არა პედალზე, ჩინეთმა, შესაძლოა, უკვე გაუსწრო იაპონიას, გამხდარიყო მსოფლიოში ნავთობის მეორე ძირითადი მომხმარებელი“, — ამატებს ჟურნალი. და მაინც, ჩინეთში დაახლოებით 470 მილიონი კვლავაც ველოსიპედით მგზავრობს.

ახალდაბადებულისთვის კითხვა სასარგებლოა

„პატარა ბავშვებისთვის კითხვა იმდენად დიდ გავლენას ახდენს მათ შემდგომ ცხოვრებაზე, რომ ექსპერტები ურჩევენ მშობლებს, შვილებს კითხვა დაბადებიდან რამდენიმე საათშივე დაუწყონ“, — ნათქვამია გაზეთ „ტორონტო სტარში“. პედიატრი რიჩარდ გოულდბლუმი, რომელიც ორი წლის წინ ხელმძღვანელობდა კანადაში ახალდაბადებულთა პირველ საგანმანათლებლო პროგრამას, ამბობს: „დაკვირვებისას აღმოვაჩინეთ, რომ ჩვილს როდესაც უკითხავ, ის ყურადღებით გისმენს“. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჩვილობიდანვე უბრალოდ წიგნების მიცემაც კი ამდიდრებს მათი სიტყვების მარაგს და მათ კითხვის ჩვევებს უვითარებს. „მიზანი ის არ არის, რომ ვაიძულოთ ბავშვი, კითხვა ისწავლოს; მას შესაძლებლობა უნდა მივცეთ, დაინახოს ენის მრავალფეროვნება — შეიძინოს სიტყვების მარაგი, გაეცნოს ასოებს და ისწავლოს ბგერების გარჩევა, საბოლოოდ კი კითხვას დაეუფლოს“, — ნათქვამია გაზეთში.

დაუცველი სახეობები იკარგება

ბოლო წლებში ბუნების დამცველებმა შეძლეს დედამიწის ზედაპირის 10 პროცენტზე მეტის დაცვა, — აღნიშნავს პერუში გამომავალი გაზეთი „კომერსიო“. მათი მცდელობის მიუხედავად, რომელიც ქებას იმსახურებს, „გადაშენების ზღვარზე მისული ფრინველების, ძუძუმწოვრების, კუებისა და ამფიბიების სულ მცირე 300 სახეობა“, თითქმის დაუცველია ბუნების დაცვის სისტემების მიერ. ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საერთაშორისო კავშირის ვიცე–პრეზიდენტის გუსტავ ფონსეკის აზრით, პრობლემა ის არის, რომ დღევანდელი ბუნების დამცველების მიზანი „პოლიტიკურად მიმზიდველი“, მაგრამ არაადეკვატურია. „განსაკუთრებით ისეთ ადგილებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, სადაც გადაშენების პირას მყოფი ყველაზე მეტი ენდემური ჯიშია თავმოყრილი“, — ამბობს ის. როგორც გაზეთი აღნიშნავს, მათ საფრთხე იმითაც ემუქრებათ, რომ ნარკოტიკებისა და იარაღის შემდეგ ამ ჯიშებით ვაჭრობა ერთ–ერთი მსხვილი, უკანონო კომერციული საქმიანობაა მსოფლიოში. საერთაშორისო შავ ბაზარზე გაყიდულ ცხოველთა ჯიშების თითქმის ნახევარი სამხრეთ ამერიკის ტყეებიდან არის შემოყვანილი.

მოერიდეთ გაზავებულ სასმელებს

ავსტრალიაში „დღეში ხუთი ადამიანი მაინც ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ამის მიზეზი კი ბარებში, კლუბებსა და წვეულებებზე მიღებული გაზავებული სასმელია,“ — იტყობინება გაზეთი „ოსტრეილიანი“. სასმელში ჩუმად ურევენ ალკოჰოლს ან ნარკოტიკებს. ზოგ ნარკოტიკს არც ფერი აქვს, არც გემო და არც სუნი. მსხვერპლი კარგავს ორიენტაციას და მოძრაობის უნარს, ზოგ შემთხვევაში კი — გონებას. ასეთი სასმელების მიღების შედეგად სიკვდილის შემთხვევებიც დაფიქსირდა. ავსტრალიის კრიმინოლოგიური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვისას გამოვლინდა, რომ „წელიწადში საშუალოდ 4 500 ადამიანი ღებულობს ასეთ სასმელებს; მათგან 40 პროცენტი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება“, — ნათქვამია გაზეთში. როდესაც ნარკოტიკის ზემოქმედება გადის, მსხვერპლს შეიძლება არც კი ახსოვდეს, თავს რა გადახდა.

რა ემართება ოზონის ფენას?

„ატმოსფეროში ქლორფთორნახშირბადის (ფრეონები) დონემ, როგორც იქნა, დაკლება დაიწყო“, — აღნიშნავს ავსტრალიის სამეცნიერო–ინდუსტრიული კვლევითი ორგანიზაციის (CSIRO) მიერ გამოცემული ჟურნალი „ეკოსი“. ატმოსფეროში შემავალი ფრეონები აზიანებენ დედამიწის დამცავ გარსს — ოზონის ფენას. 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ატმოსფეროს ზედა ფენებში შემავალი ფრეონების კონცენტრაცია განუწყვეტლივ იზრდებოდა 2000 წლამდე. ამ წლიდან კი ფრეონების კონცენტრაციამ „წელიწადში თითქმის ერთი პროცენტით იკლო, — ნათქვამია ჟურნალ „ეკოსში“. — ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ოზონის ხვრელი შეიძლება ამ საუკუნის 50–იანი წლებისთვის ამოილუქოს“. თუმცა ეს ქიმიური ნაერთები დღემდე საშიშია სიცოცხლისთვის. ჟურნალში ნათქვამია: „კლების მიუხედავად, ამ წელს ანტარქტიდის გარშემო ოზონის შრეში გაჩენილმა ხვრელის სიდიდემ თითქმის 29 მილიონ კვადრატულ კილომეტრს მიაღწია, რაც სამჯერ აჭარბებს ავსტრალიის ტერიტორიის ფართობს“.