არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ უნდა მოვიქცე, როდესაც სხვები თავიანთ პრობლემებს მიყვებიან?

როგორ უნდა მოვიქცე, როდესაც სხვები თავიანთ პრობლემებს მიყვებიან?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ უნდა მოვიქცე, როდესაც სხვები თავიანთ პრობლემებს მიყვებიან?

„ჩემს სკოლაში ერთი გოგონა სწავლობს. მისი მშობლები იყრებიან, რის გამოც მან სწავლას უკლო. ის თავისი ოჯახური პრობლემების შესახებ მიყვება ხოლმე“ (ჯანი, 14 წლის).

„სკოლაში ერთმა გოგონამ გამიმხილა, რომ სექსუალური კავშირი ჰქონდა ბიჭთან. ის დაფეხმძიმდა და აბორტი გაიკეთა ისე, რომ მისმა მშობლებმა არაფერი იცოდნენ“ (მირა, 15 წლის).

შენ საუბრობ მეგობართან ან ვინმესთან, ვინც შენს სკოლაში სწავლობს. მოულოდნელად, ის გულს გიშლის. შესაძლოა, ლაპარაკობს პრობლემებზე, რომლებიც განსაკუთრებით აღელვებთ მოზარდებს — ჩაცმულობაზე, ფულზე, გარეგნობაზე, თანატოლებსა და ნიშნებზე. სხვა მხრივ კი შეიძლება მას ბევრად სერიოზული და რთული პრობლემები აწუხებდეს.

შემთხვევები შეერთებული შტატებიდან ცხადყოფს, თუ რამდენად სერიოზული პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ დღეს ახალგაზრდებს. ჟურნალ „ნიუსუიკის“ თანახმად, „ფსიქიკური მოშლილობის ნაციონალური ინსტიტუტის შეფასებით, მოზარდთა 8 პროცენტსა და ბავშვთა 2 პროცენტს (4 წლის ბავშვებსაც კი) დეპრესიის ნიშნები აქვთ“. სხვა გამოკვლევაში აღნიშნული იყო: „ამერიკაში 15-დან 19 წლამდე ასაკის 1000 გოგონადან ყოველ წელს დაახლოებით 97 ორსულდება, რაც ერთ მილიონ ადამიანს შეადგენს. მათი უმრავლესობისთვის — 78 პროცენტისთვის — ეს ფეხმძიმობა არასასურველია“. მილიონობით ახალგაზრდა არასტაბილურ ოჯახურ გარემოში ცხოვრობს. ათასობით მათგანი ფიზიკური თუ სექსუალური შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდება. ამერიკაში მაღალი კლასების მოსწავლეთა ნახევარზე მეტი ბოროტად იყენებს ალკოჰოლს. სულ უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდას აღენიშნება კვების მოშლილობა.

გასაკვირი არაა, რომ მრავალი ახალგაზრდა გრძნობს იმის აუცილებლობას, ვინმეს გული გადაუშალოს და მიენდოს! და, ხშირად, ისინი პირველად თანატოლებს მიმართავენ. რა უნდა გააკეთო, თუ ისინი შენთან მოისურვებენ გულის გადაშლას? თუ შენ ქრისტიანი ხარ, ამან არ უნდა გაგაკვირვოს. ბიბლია მოუწოდებს ქრისტიანებს, რომ მაგალითი იყვნენ ქცევასა და კეთილგონიერებაში (1 ტიმოთე 4:12; ფილიპელები 4:5). ასე რომ, შეიძლება რომელიმე ახალგაზრდამ — ურწმუნომაც კი — მოინდომოს, რომ შენ გაგანდოს თავისი საიდუმლო. როგორ უნდა მოიქცე ასეთ შემთხვევაში? ან რა უნდა გააკეთო, თუ გრძნობ, რომ სხვისი პრობლემები შენთვის მძიმე ტვირთი ხდება?

იყავი კარგი მსმენელი

ბიბლიაში ნათქვამია, რომ არის „ჟამი დუმილისა და ჟამი ლაპარაკისა“ (ეკლესიასტე 3:7). როდესაც ვინმეს თავისი პრობლემების შესახებ სურს შენთან საუბარი, ხშირად უმჯობესია, უბრალოდ მოუსმინო. ბიბლია განსჯის მათ, ვინც ყურს არ უგდებს „ღარიბის ძახილს“ (იგავები 21:13). შესაძლოა, მას მთელი გამბედაობის მოკრება დასჭირდა, ვიდრე ამის შესახებ რამეს გეტყოდა. თუ გულდასმით მოუსმენ, მას შეიძლება გაუადვილდეს გულის გადაშლა. ახალგაზრდა ქრისტიანი ჰაირამი ამბობს: „ადამიანს, უბრალოდ, საშუალებას ვაძლევ ხოლმე, რომ ბოლომდე თქვას თავისი სათქმელი და ვცდილობ, თანავუგრძნო“. ვინსენტიც მსგავს აზრს ამბობს: „ზოგჯერ ადამიანებს მხოლოდ ვინმესთან დალაპარაკება სურთ“.

ასე რომ, შენი თანამოსაუბრე შეიძლება სულაც არ ელოდება, რომ მის პრობლემებს გადაჭრი. მას შეიძლება მხოლოდ კარგი მსმენელი სჭირდება. ამიტომ, მოუსმინე! ეცადე, ყურადღება არ გაგეფანტოს ან ტყუილუბრალოდ არ შეაწყვეტინო ლაპარაკი. შესაძლოა, მის გვერდით ყოფნა და მოსმენა უკვე დამხმარე აღმოჩნდეს მისთვის. ამით აჩვენებ, რომ ნამდვილად ზრუნავ მასზე.

ნიშნავს ეს იმას, რომ ასეთ შემთხვევებში საერთოდ არ უნდა ილაპარაკო? ძალიან ბევრია დამოკიდებული თვითონ პრობლემის არსზე. უმეტესწილად, პასუხად რამდენიმე გამამხნევებელი სიტყვის თქმა შესაფერისი იქნებოდა (იგავები 25:11). მაგალითად, თუ ნაცნობს უბედურება შეემთხვა, შეიძლება უკეთესი იყოს, თანაუგრძნო მას (რომაელები 12:15). იგავების 12:25-ში ნათქვამია: „გულში დარდი კაცს დათრგუნავს, კეთილი სიტყვა კი გაახარებს“. შეიძლება საჭირო იყოს მისი გამხნევება. უთხარი, რომ დარწმუნებული ხარ, წარმატებით გაუმკლავდება თავის პრობლემას. ისეთმა გამონათქვამებმა, როგორიცაა „მესმის, რატომ გრძნობ თავს ასე“ ან „ვწუხვარ, რომ ეს შეგემთხვა“, შეიძლება დაანახვოს შენს თანამოსაუბრეს, რომ გულწრფელად გსურს მისთვის დახმარების აღმოჩენა.

მიუხედავად ამისა, იგავების 12:18 გვაფრთხილებს: „ზოგი ისე ლაპარაკობს, თითქოს მახვილით ჩხვლეტდეს, ბრძენთა ენა კი კურნებაა“. მნიშვნელოვანია, მოერიდო ისეთი რამის თქმას, როგორიცაა „ცუდი არაფერი მომხდარა“, „უბრალოდ, დაივიწყე“ ან „ასე არ უნდა გრძნობდე თავს“. მოერიდე აგრეთვე ისეთ ხუმრობას, რითაც მისი პრობლემის სერიოზულობას შეამცირებ. მან შეიძლება დაასკვნას, რომ ნაკლებად გაღელვებს, რასაც ის განიცდის (იგავები 25:20).

მაგრამ, როგორ უნდა მოიქცე, თუ საჭირო სიტყვებს ვერ პოულობ? უბრალოდ, გულწრფელი იყავი. უთხარი შენს მეგობარს, რომ ნამდვილად არ იცი, რა ურჩიო, თუმცა მზად ხარ, მის გვერდით იყო და დახმარება აღმოუჩინო. ჰკითხე: „რით შემიძლია დაგეხმარო?“ დიახ, შენ მართლა შეგიძლია ზოგი რამის გაკეთება, რომ მას ტვირთი შეუმსუბუქო (გალატელები 6:2).

მიეცი მეგობრული რჩევა

რა უნდა გააკეთო, თუ გრძნობ, რომ მას, ვინც თავის პრობლემას გიყვება, რჩევა სჭირდება? რა თქმა უნდა, შენ ახალგაზრდა ხარ და შედარებით გამოუცდელიც (იგავები 1:4). ალბათ, ამიტომაც ვერ შეძლებ ყველანაირ პრობლემასთან დაკავშირებით რჩევის მიცემას. თუმცა ფსალმუნების 18:8-ში წერია, რომ «მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააგონიერებს მიამიტებს [„გამოუცდელებს“, აქ]». დიახ, გამოუცდელობის მიუხედავად, შენ შეიძლება ბიბლიური პრინციპების შესახებ საკმარისი ცოდნა გქონდეს, რითაც გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმარები (იგავები 27:9). რატომ არ გაუზიარებდი მას ჭკუის სწავლების გარეშე ზოგიერთ აზრს ბიბლიიდან? თუ დარწმუნებული არა ხარ, რომელი ბიბლიური პრინციპები გამოდგება ამ შემთხვევისთვის, ჩაატარე გამოკვლევა. მრავალი წელია, რაც ამ ჟურნალის რუბრიკა „ახალგაზრდების შეკითხვებში“ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ბიბლიაზე დაფუძნებული უამრავი რჩევა ქვეყნდება. ინფორმაციის სხვა შესანიშნავი წყაროა წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ *.

შესაძლოა, უფრო ეფექტური იყოს, თუ საკუთარი გამოცდილებიდან მოუყვები რამეს და ზოგიერთ პრაქტიკულ რჩევასაც მისცემ. უთხარი, შენ რა დაგეხმარა, ოღონდ საკუთარ თვალსაზრისს ნუ მოახვევ თავზე (იგავები 27:17). გახსოვდეს, რომ ყველა სიტუაცია განსხვავდება ერთმანეთისგან და ის, რაც ერთ შემთხვევაში შენ დაგეხმარა, შეიძლება სხვებს ვერ დაეხმაროს.

გამოიჩინე სიფრთხილე

არ ღირს ბევრი დროის ხარჯვა იმ ახალგაზრდების პრობლემების მოსასმენად, რომელთაც არა აქვთ იეჰოვას შიში და პატივს არ სცემენ ქრისტიანულ ნორმებს. მათი პრობლემების უმეტესობა, ალბათ, ისეთი ცხოვრების წესის შედეგია, რომელიც ბიბლიურ ნორმებს ეწინააღმდეგება. იმ ადამიანისთვის დახმარების მცდელობამ, რომელიც უგულებელყოფს ბიბლიაში ჩაწერილ რჩევებს, შეიძლება შენც გაგიცრუოს იმედი და მასაც (იგავები 9:7). ასევე, შეიძლება პასუხად ბევრი უგუნური და უხამსი სიტყვა მოისმინო (ეფესოელები 5:3). ასე რომ, თუ საუბარი უხერხულ მდგომარეობაში გაგდებს, მოიკრიბე გამბედაობა და უთხარი, რომ ვერაფრით დაეხმარები და ამ თემაზე ლაპარაკის სურვილი არა გაქვს.

ფრთხილად იყავი, თუ თავისი გრძნობების შესახებ შენთან საუბარი საპირისპირო სქესის წარმომადგენელს სურს. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ გული ცბიერია (იერემია 17:9). ახლო ურთიერთობის დროს შეიძლება რომანტიკული გრძნობები გაჩნდეს და სექსუალურ უზნეობამდეც კი მივიდეს საქმე.

ამასთანავე, პირობის მიცემამ, რომ არავის არაფერს ეტყვი, შეიძლება მახეში გაგაბას. თავმდაბლად აღიარე, რომ შენთან საუბარი შეიძლება საკმარისი არ არის და მას უფრო მეტი დახმარება სჭირდება (იგავები 11:2).

როდესაც სხვების მხრიდან დახმარებაა საჭირო

უმრავლეს შემთხვევაში კარგი იქნება, თუ შენ თვითონ ჰკითხავ რჩევას სხვებს. მირა, რომლის სიტყვებიც ზემოთ იყო მოყვანილი, ამბობს: „მე მართლა არ ვიცოდი, როგორ დავხმარებოდი იმ გოგონას, რომელიც ჩემს სკოლაში სწავლობს. ამიტომ, კრების უხუცესს დაველაპარაკე; მან რამდენიმე კარგი რჩევა მომცა მის დასახმარებლად“. დიახ, იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანულ კრებაში არიან გამოცდილი მამაკაცები, რომლებსაც შეუძლიათ დაგეხმარონ (ეფესოელები 4:11, 12). უხუცესმა უთხრა მირას, რომ თავისი სკოლელი გოგონასთვის ერჩია, მშობლებს დალაპარაკებოდა. გოგონამ გაითვალისწინა მირას რჩევა. მირა ამბობს: „მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ახლა მას ბიბლიიდან უფრო მეტი რამის გაგება სურს“.

როგორ უნდა მოიქცე, თუ თანაქრისტიანი განდობს თავის საიდუმლოს? ბუნებრივია, გინდა, რომ გონივრულობის ფარგლებში დაეხმარო მას (გალატელები 6:10). თუ შენ გეჩვენება, რომ ის იეჰოვას მორალურ ნორმებს სცილდება, ნუ შეგეშინდება ‘ჭეშმარიტების თქმის’ (ეფესოელები 4:25). იყავი გულწრფელი, ოღონდ არა თავდაჯერებული. შენი მხრიდან გულახდილი საუბრისთვის მზადყოფნა იმაზე მიუთითებს, რომ ნამდვილი მეგობარი ხარ (ფსალმუნები 140:5; იგავები 27:6).

ასეთ შემთხვევაში ისიც აუცილებელია, რომ მეგობარს ურჩიო, დახმარებისთვის მიმართოს მშობლებს, უხუცესს ან სხვა მოწიფულ ქრისტიანს, ვისაც ენდობა. თუ საკმაოდ დიდი დრო გავიდა და არავის დაელაპარაკა, ალბათ, შენ მოგიწევს მის მაგივრად ვინმესთან ლაპარაკი (იაკობი 5:13—15). ამის გასაკეთებლად, ალბათ, გამბედაობა იქნება საჭირო, მაგრამ ამით ცხადყოფ, რომ ნამდვილად ზრუნავ და კარგი გინდა შენი მეგობრისთვის.

რა თქმა უნდა, იეჰოვა არ ელოდება შენგან, რომ ყველას პრობლემებს გადაჭრი. მაგრამ, როცა ვინმე თავის გულისნადებს გიზიარებს, უმწეოდ ნუ იგრძნობ თავს. გამოიყენე ქრისტიანულ კრებაში მიღებული ცოდნა და იყავი „ნამდვილი მეგობარი“ (იგავები 17:17, აქ).

[სქოლიო]

^ აბზ. 15 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 22 გვერდზე]

ზოგჯერ გაჭირვებაში ჩავარდნილი მეგობრის დასახმარებლად შეიძლება სხვებისგან დახმარების მიღება დაგჭირდეს.