არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სტრესი მიზეზი და შედეგი

სტრესი მიზეზი და შედეგი

სტრესი მიზეზი და შედეგი

რა არის სტრესი? ერთი სპეციალისტი სტრესს ასე განმარტავს: „ფიზიკური ან გონებრივი დაძაბულობა, რაც გამოწვეულია ძლიერი ზემოქმედების შედეგად“. ნიშნავს ეს იმას, რომ სტრესი საზიანოა? არა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მელისა სტოპლერი შენიშნავს, რომ „ზომიერი სტრესი და დაძაბულობა ზოგჯერ სასარგებლოა. გარკვეული დავალების შესრულებისას განცდილი სტრესი გვეხმარება, გულმოდგინედ ვიმუშაოთ და წარმატებით გავართვათ საქმეს თავი“.

მაგრამ, რა შემთხვევაში მოაქვს სტრესს ზიანი? სტოპლერი ამბობს: „სტრესი მხოლოდ იმ შემთხვევაშია საზიანო, როდესაც ის მწვავე ფორმაში გადადის ან უმართავი ხდება“. განვიხილოთ სტრესის გამომწვევი ძირითადი მიზეზები.

ფინანსური პრობლემებით გამოწვეული სტრესი

მეფე სოლომონმა თქვა: „განა უკეთესი არ არის ადამიანისათვის, რომ ჭამოს და სვას და უჩვენოს კეთილი თავის სულს თავისი შრომით?“ (ეკლესიასტე 2:24). თუმცა, ბევრისთვის დაძაბულობისა და მღელვარების უმთავრესი წყარო სამუშაოა.

ევროპის ერთ–ერთი სააგენტო (European Agency for Safety and Health at Work) იტყობინება, რომ სხვა მიზეზებთან ერთად სამუშაოზე სტრესი შეიძლება განაპირობოს უფროსებსა და მომსახურე პერსონალს შორის ურთიერთობამ, უფროსების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მომსახურე პერსონალის შეზღუდვამ, თანამშრომლებს შორის კონფლიქტმა. აგრეთვე სტრესის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სამუშაოზე დაუცველობის გრძნობა ან დაბალი ანაზღაურება. რა მიზეზებიც უნდა არსებობდეს, სამუშაოზე სტრესთან გამკლავებამ შეიძლება იმდენად გამოაცალოს მშობლებს ენერგია, რომ ოჯახის აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ვეღარ შეძლონ. და ეს მოთხოვნილებები არცთუ ისე ცოტაა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიონ ადამიანს უწევს ოჯახის ავადმყოფ ან ხანდაზმულ წევრებზე ზრუნვა. გარდა ამისა, ფინანსურმა პრობლემებმაც შეიძლება გამოიწვიოს ოჯახში სტრესი. რიტას, ორი შვილის დედას, ეკონომიურად ძალიან გაუჭირდა, როდესაც მისი მეუღლე, ლეანდრო, ავტოკატასტროფაში მოჰყვა და ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა. რიტა ამბობს: „ფინანსური პრობლემები სტრესს იწვევს. როდესაც ოჯახის ხარჯების დასაფარავად არ გაგაჩნია საკმარისი თანხა, ამის გამო ცუდი განწყობა გეუფლება“.

სტრესი, რომელიც შვილების მარტო აღზრდას მოჰყვება

მწვავე სტრესს მარტოხელა მშობლებიც განიცდიან, რადგან მარტო უწევთ ოჯახის საჭიროებებზე ზრუნვა. მარტოხელა მშობელი შეიძლება ფიზიკურად და ემოციურად გამოფიტოს ცხოვრების ყოველდღიურმა რიტმმა. მაგალითად, დილით ადრე ადგომა, საუზმის მომზადება, ბავშვების ჩაცმა, მათი სკოლაში წაყვანა და სამუშაოზე დროულად მისვლა. სამუშაო დღის ბოლოს კი სტრესის შემდგომი ეტაპი იწყება: ბავშვების სკოლიდან წამოყვანა, ვახშმის მომზადება და საოჯახო საქმეების გაკეთება. მარია, ოთხი მოზარდი გოგოს დედა, გვიზიარებს, რომ მეტისმეტი დაძაბულობის გამო ზოგჯერ ისეთი გრძნობა უჩნდება, სადაცაა აფეთქდება.

სტრესისგან არც ბავშვები არიან დაზღვეულნი

სოციოლოგი რონალდ პიცერი აღნიშნავს: „მწვავე სტრესს ბევრი ახალგაზრდა განიცდის“. მათ უწევთ სქესობრივი მომწიფების პერიოდისთვის დამახასიათებელ ფიზიკურ და ემოციურ ცვლილებებთან შეგუება. ამასთანავე, ისინი სკოლაშიც განიცდიან სტრესს. წიგნში, რომელიც განიხილავს ბავშვებში სტრესის გამომწვევ მიზეზებს, ნათქვამია, რომ სკოლაში გატარებული ყოველი დღე „სავსეა სტრესით — სწავლით, სპორტით, თანატოლებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობით გამოწვეული პრობლემებითა და მღელვარებით“ (Childstress!).

ზოგ ქვეყანაში დაძაბულობას სკოლაში არსებული ძალადობაც ზრდის, რომ აღარაფერი ვთქვათ ტერორისტული თავდასხმებითა და სხვა უბედურებებით გამოწვეულ შიშზე. „როდესაც მშობლები გამუდმებით საუბრობენ, თუ რამდენად საშიშია დღევანდელი მსოფლიო, — წერს ერთი მოზარდი გოგონა, — შიში უფრო მეტად გვეუფლება“.

მშობლები გამხნევების წყარო უნდა იყვნენ შვილებისთვის. პიცერი ასეთ რამეს ამბობს: „სამწუხაროდ, მშობლები ხშირად არასერიოზულად ეკიდებიან ბავშვების მცდელობას, ახლო ურთიერთობა განავითარონ მათთან“. ზოგჯერ მშობლებს ურთიერთშორის არსებული უთანხმოება უშლის ხელს, დააკმაყოფილონ შვილების მოთხოვნილებები. „ჩემი მშობლები თითქმის ყოველთვის ჩხუბობდნენ“, — ამბობს ერთი მოზარდი, სახელად ტიტო, რომლის მშობლებიც საბოლოოდ განქორწინდნენ. როგორც ზემოთ ნახსენები წიგნი შენიშნავს, „მხოლოდ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ იწვევს მოზარდებში სტრესს. როდესაც მშობლები გულისწყრომას მოთაფლული სიტყვებით ნიღბავენ, ბავშვი გრძნობს ასეთ არაგულწრფელ მოპყრობას, რაც მას გულს სტკენს და სტრესში აგდებს“.

სტრესის შედეგები

რაც უნდა იყოს სტრესის გამომწვევი მიზეზი, თუ ის ქრონიკულში გადაიზრდება, შეიძლება დაღი დაასვას თქვენს ჯანმრთელობას. ერთი სპეციალისტი, რომელიც სამედიცინო სტატიებს წერს, ამბობს: „სხეულის რეაქცია სტრესზე შეიძლება შევადაროთ ასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავს“. სტრესის დროს გულისცემის სიხშირე საკმაოდ ძლიერდება და არტერიული წნევა სწრაფად იწევს მაღლა. ასევე მატულობს სისხლში შაქრის შემცველობა და ორგანიზმში ჰორმონები დიდი რაოდენობით გამოიყოფა. „თუ სტრესი მწვავე ფორმაში გადადის, — განაგრძობს ზემოთ მოხსენიებული სპეციალისტი, — ორგანოები (ტვინი, გული, ფილტვები, სისხლძარღვები და კუნთები), რომლებიც ერთ განსაკუთრებულ ფუნქციას ასრულებენ, გამუდმებით აქტიურ მდგომარეობაშია. ამან შეიძლება დროთა განმავლობაში ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს“. შემაშფოთებელია იმ დაავადებათა რიცხვი, რომლებიც სტრესის შედეგადაა გამოწვეული. გულის დაავადება, დამბლა, იმუნური სისტემის მოშლა, კიბო, საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიები და დიაბეტი სტრესით გამოწვეულ დაავადებათაგან მხოლოდ რამდენიმეა.

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ უმრავლესობა — განსაკუთრებით კი ახალგაზრდები — სტრესთან გასამკლავებლად არაჯანსაღ გზებს მიმართავს. დოქტორი ბეტი იანგზი შეშფოთებული ამბობს: „სამწუხაროა, რომ შვების პოვნის სურვილით შეპყრობილი მოზარდები ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღებას იწყებენ, სექსუალურ აღვირახსნილობას ეწევიან, აგრესიასა და ძალადობას ავლენენ და სახლიდან გარბიან; ეს კი მათ უფრო სერიოზული და გადაულახავი პრობლემების წინაშე აყენებს“.

სტრესი დღევანდელი ცხოვრების რეალობაა. მისგან სრულებით გათავისუფლება შეუძლებელია. მაგრამ, როგორც მომდევნო სტატიაში დავინახავთ, სტრესის დასაძლევად შეგვიძლია უამრავი საშუალება გამოვნახოთ.

[ჩანართი 6 გვერდზე]

მარია, ოთხი მოზარდი გოგოს დედა, გვიზიარებს, რომ მეტისმეტი დაძაბულობის გამო ზოგჯერ ისეთი გრძნობა უჩნდება, სადაცაა აფეთქდება.

[სურათი 5 გვერდზე]

მარტოხელა მშობლების ცხოვრება ხშირად დაძაბულობითა და მღელვარებითაა სავსე.

[სურათი 6 გვერდზე]

სკოლა ახალგაზრდებისთვის შეიძლება სტრესის გამომწვევი მიზეზი გახდეს.