არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სტრესი საშიში თავდამსხმელი!

სტრესი საშიში თავდამსხმელი!

სტრესი საშიში თავდამსხმელი!

„ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნომერი პირველი პრობლემა ამერიკის შეერთებულ შტატებში,“ — ასეთი სათაური ჰქონდა ამერიკის ერთ-ერთი ინსტიტუტის (American Institute of Stress) მიერ გამოქვეყნებულ სტატიას. მასში ხაზგასმული იყო, რომ დღესდღეობით ჯანმრთელობას ისეთ დიდ საფრთხეს არც კიბო უქმნის და არც შიდს-ი, როგორც სტრესი. სტატიაში ასეთი რამ აღინიშნა: „ერთ-ერთი გამოთვლის თანახმად, ადამიანების 75—90 პროცენტი ექიმს სტრესით გამოწვეული პრობლემების გამო მიმართავს“.

არ გავაზვიადებთ, თუ ვიტყვით, რომ დღეს სტრესი საშიში თავდამსხმელია. ერთი ორგანიზაციის (National Consumers League) მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ „სრულწლოვანებში, რომლებიც პრობლემებით არიან დამძიმებულნი, სტრესს ძირითადად სამუშაო იწვევს (39 პროცენტი); სტრესის გამომწვევი შემდეგი მიზეზი ოჯახია (30 პროცენტი); მას მოჰყვება ჯანმრთელობის გაუარესებით განპირობებული სტრესი (10 პროცენტი); ეკონომიკა სტრესის გამომწვევი კიდევ სხვა მიზეზია (9 პროცენტი); სტრესს საერთაშორისო კონფლიქტებისა და ტერორიზმის არსებობაც იწვევს (4 პროცენტი)“.

სტრესი მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების პრობლემა არ არის. 2002 წელს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, „ნახევარ მილიონზე მეტმა ბრიტანელმა 2001—2002 წლებში მუშაობის შედეგად იმდენად მწვავედ განიცადა სტრესი, რომ ეს მათ ჯანმრთელობაზე აირეკლა. როგორც ვარაუდობენ, მუშაობით გამოწვეული სტრესის, დეპრესიისა და შიშის გამო წელიწადში 13, 5 მილიონი სამუშაო დღე ცდება ბრიტანეთში“.

არანაკლებ სამწუხარო მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებში. ერთ-ერთი სააგენტოს შეფასებით, „მუშაობით გამოწვეული სტრესი ნებისმიერ სფეროში მომსახურე მილიონობით ევროპელზე ახდენს უარყოფით გავლენას“ (European Agency for Safety and Health at Work). ერთმა გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ „მუშაობის შედეგად, ყოველწლიურად ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში მცხოვრები დაახლოებით 41 მილიონი ადამიანი ვარდება სტრესში“.

რისი თქმა შეიძლება აზიის ქვეყნებზე? ტოკიოში ჩატარებული ერთ-ერთი კონფერენციის ანგარიშში ასეთი დასკვნაა გაკეთებული: „მუშაობით განპირობებული სტრესი მსოფლიოს ბევრი ქვეყნის — როგორც განვითარებადი, ისე განვითარებული — უმთავრესი პრობლემაა“. ამ ანგარიშში აგრეთვე აღინიშნა, რომ „აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში, კორეასა და ტაივანში მრეწველობა და ეკონომიკა საკმაოდ პროგრესულად ვითარდება. მაგრამ, ამჟამად ამ ქვეყნების ძირითადი პრობლემა მუშაობით გამოწვეული სტრესია, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მომსახურე პერსონალზე“.

დიდი კვლევა-ძიების ჩატარება არ არის საჭირო იმაში დასარწმუნებლად, რომ ადამიანები ნამდვილად არიან სტრესის გავლენის ქვეშ. სრულიად შესაძლებელია, სტრესით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს თქვენც განიცდიდეთ. რამდენად საზიანოა სტრესი? როგორ შეუძლიათ ოჯახებს ისწავლონ სტრესთან გამკლავება? ეს საკითხები მომდევნო სტატიაში განიხილება.

[სურათი 3 გვერდზე]

ბევრისთვის სამუშაოა სტრესის უმთავრესი წყარო.