უჩვეულო წყვილი
უჩვეულო წყვილი
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფის ღრმა წყლებში ღამის ყვინთვისას ოკეანოლოგები პირველად წააწყდნენ ცოცხალ მამალ რვაფეხას — „ტრემოკტოპუს ვიოლაცეუსს“. რა იყო ამაში ასეთი არაჩვეულებრივი?
რვაფეხა საფუძვლიანად ითვლება „დიდ ცხოველად, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტად გამოკვეთილი სქესობრივი დიმორფიზმი აქვს“. დედალი რვაფეხა სიგრძეში 2 მეტრამდე იზრდება და 10 კილოგრამს იწონის. მამალი კი მხოლოდ 3 სანტიმეტრია და 0,3 გრამს იწონის! ფაქტობრივად, სიდიდით ის დედლის თვალის გუგას უტოლდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედალი 40 000-ჯერ მძიმეა მამალზე; ზომებში ასეთი სხვაობა საერთოდ არამიკროსკოპულ ცხოველებში არ შეინიშნება. ეს რვაფეხები პელაგიურები არიან, ანუ ოკეანეში ბინადრობენ, და აქამდე სათევზაო ბადეში მხოლოდ დედლები ან მკვდარი მამლები ხვდებოდნენ.
როგორღა მრავლდებიან ერთმანეთისგან ამდენად განსხვავებული ცხოველები? მამლის რვა „ხელიდან“ ერთ-ერთი გამრავლების ორგანოა. როდესაც მამალი პოულობს დედალს, ეს „ხელი“ სპერმით ივსება. შემდეგ იგი სწყდება მამლის სხეულს და იჭრება დედლის ღრმა საფარველში, ანუ მისი სხეულის შიგნით არსებულ ფართო სივრცეში. ის იქ მანამდე რჩება, სანამ დედალი მთლიანად არ გამოაცლის მას სპერმას თავისი კვერცხების გასანაყოფიერებლად.
თავისი ზომის საკომპენსაციოდ, მამალი საცეცების „იარაღს ისხამს“, რომელსაც, როგორც ჩანს, „პორტუგალიურ სამხედრო ხომალდად“ ცნობილ მედუზას ჰპარავს და თავისი ზემოთა „ხელების“ მისაწოვრებით იჭერს. მაგრამ ეს საცეცებიც კი ვერ უნარჩუნებს მას სიცოცხლეს, ვინაიდან შეწყვილების შემდეგ ის კვდება. გასაკვირი არაა, რომ მეცნიერები განცვიფრებულები დარჩნენ თავიანთი აღმოჩენით!
როგორიც არ უნდა იყოს ამ რვაფეხების ზომებს შორის ასეთი უზარმაზარი განსხვავების მიზეზი, ბიბლიის სიტყვები ჭეშმარიტია: „ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი — მცირენი დიდებთან ერთად“ (ფსალმუნები 103:25).
[სურათები 23 გვერდზე]
დედალი რვაფეხა სიგრძეში 2 მეტრამდე აღწევს და 10 კილოგრამს იწონის.
მამალი რვაფეხა 3 სანტიმეტრია და 0,3 გრამს იწონის.
ზუსტი ზომა დედალთან შედარებით.
[საავტორო უფლებები]
Female: Photo P. Wirtz; male: Photo: D. Paul