არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დედები უმკლავდებიან სირთულეებს

დედები უმკლავდებიან სირთულეებს

დედები უმკლავდებიან სირთულეებს

დედათა უმრავლესობისთვის ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ სამუშაოდ უნდა გავიდნენ სახლიდან, რათა ოჯახს მატერიალურად დაეხმარონ. გარდა ამისა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგს მარტოს უწევს შვილების გაზრდა.

მარგარიტა, რომელიც მექსიკაში ცხოვრობს, მარტოხელა დედაა და ორ შვილს ზრდის. ის ამბობს: „ძალიან მიჭირდა მათში მორალური და სულიერი ფასეულობების ჩანერგვა. ადრე, მოზარდობისას, ჩემი ვაჟი წვეულებიდან ნასვამი დაბრუნდა. გავაფრთხილე, რომ, კიდევ თუ დალევდა, სახლში არ შემოვუშვებდი. ამიტომ, როცა მეორედაც ნასვამი მოვიდა, გულის ტკივილის მიუხედავად, კარი ჩავუკეტე და სახლში არ შემოვუშვი. საბედნიეროდ, ის მეტად აღარ მოსულა ნასვამი“.

მალევე ამის შემდეგ მარგარიტამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო, რაც დაეხმარა მას, შვილებისთვის ზნეობრივი ღირებულებები ჩაენერგა. ამჟამად მისი ორივე შვილი იეჰოვას მოწმეა და სრული დროით მსახურობს.

როდესაც ქმარი საზღვარგარეთ მიდის

ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრები მრავალი მამაკაცი ცოლს უტოვებს შვილებს აღსაზრდელად და უფრო განვითარებულ ქვეყნებში მიდის სამუშაოს საძებნელად. ნეპალელი დედა, ლაქშმი, ამბობს: „ჩემი მეუღლე უკვე შვიდი წელია, საზღვარგარეთ მუშაობს. ბავშვები მამას უფრო უჯერებენ, ვიდრე მე. ჩემთვის უფრო ადვილი იქნებოდა, თუ ქმარი ყოველთვის გვერდში მეყოლებოდა და ოჯახს ხელმძღვანელობას გაუწევდა“.

სიძნელეების მიუხედავად, ლაქშმიმ იპოვა გამოსავალი. ვინაიდან მისი განათლება შეზღუდულია, მან მასწავლებელი დაიქირავა, რომ უფროს შვილებს საშინაო დავალებების მომზადებაში დახმარებოდა. მაგრამ ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მათ სულიერ განათლებას იმით, რომ ყოველკვირეულად ატარებს მათთან ბიბლიის შესწავლას, განიხილავს ყოველდღიურ ბიბლიურ მუხლს და რეგულარულად დაჰყავს ისინი კრების შეხვედრებზე.

დედები მწირი განათლებით

ზოგ ქვეყანაში სხვა სირთულეს წარმოადგენს ქალებს შორის გაუნათლებლობის მაღალი მაჩვენებელი. იმის შესახებ, თუ რა ზიანი მოაქვს წერა-კითხვის უცოდინრობას დედებისთვის, მექსიკაში მცხოვრები ექვსი შვილის დედა, აურელია, გვიყვება: „დედაჩემი ყოველთვის იმას ამბობდა, რომ ქალისთვის სწავლა საჭირო არ არის. ამიტომ არასდროს მისწავლია წერა-კითხვა და არ შემეძლო შვილებს საშინაო დავალებების მომზადებაში დავხმარებოდი. ეს გულსატკენი იყო. არ მინდოდა, რომ ისინიც ისევე დატანჯულიყვნენ, როგორც მე. ამიტომ ძალ-ღონეს არ ვიშურებდი, რომ მათ განათლება მიეღოთ“.

მწირი განათლების მქონე დედებსაც კი შეუძლიათ ბევრი რამის გაკეთება. სიმართლეს შეესაბამება ანდაზა: „მიეცით განათლება ქალს და ამით კაცთა მასწავლებლებს მოამზადებთ“. ნეპალში მცხოვრებმა ბიშნუმ, რომელსაც სამი ვაჟი ჰყავს, წერა-კითხვა არ იცოდა; მაგრამ ბიბლიური ჭეშმარიტების შესწავლისა და თავის შვილებში მისი ჩანერგვის სურვილმა აღძრა, რომ მთელი ძალისხმევა მოეხმარებინა წერა-კითხვის სწავლისთვის. ის ამოწმებდა, შეასრულეს თუ არა ბავშვებმა საშინაო დავალება და რეგულარულად დადიოდა სკოლაში, რათა შვილების საშინაო დავალებებზე მათ მასწავლებლებს დალაპარაკებოდა.

ბიშნუს ვაჟი, სილაში, თავიანთი სულიერი და ზნეობრივი აღზრდის შესახებ ამბობს: „დედაჩემში ყველაზე მეტად ის მომწონდა, რომ, თუ შეცდომას დავუშვებდით, ცდილობდა, ჩვენ გამოსასწორებლად ბიბლიური მაგალითი გამოეყენებინა. ეს მეთოდი ძალიან ეფექტური იყო და რჩევის მიღებაში მეხმარებოდა“. ბიშნუმ კარგად აღზარდა თავისი ვაჟები და ახლა სამივე მათგანი ღვთისმოშიში ახალგაზრდაა.

მექსიკაში მცხოვრები ანტონია, რომელიც ორ შვილს ზრდის, ამბობს: „მე მხოლოდ დაწყებით სკოლაში დავდიოდი. მიყრუებულ სოფელში ვცხოვრობდით და საშუალო სკოლა ძალიან შორს იყო. მაგრამ მინდოდა, რომ ჩემს შვილებს იმაზე მეტი განათლება მიეღოთ, ვიდრე მე. ამიტომ მათთვის ცოდნის მიცემას დიდ დროს ვუთმობდი. ვასწავლე ანბანი და რიცხვები. ჩემი გოგონა სკოლაში მისვლამდე უკვე გამართულად წერდა როგორც თავის სახელს, ისე ანბანის ყველა ასოს. ბიჭს კი საბავშვო ბაღში შეყვანისას უკვე შეეძლო გამართულად კითხვა“.

კითხვაზე, თუ რა გააკეთა იმისათვის, რომ შვილებისთვის სულიერი და ზნეობრივი პრინციპები ჩაენერგა, ანტონიამ უპასუხა: „მე მათ ბიბლიურ მოთხრობებს ვასწავლიდი. სანამ გოგონა ლაპარაკს ისწავლიდა, ჟესტების საშუალებით გვაგებინებდა ბიბლიური მოთხრობების შინაარსს. ბიჭს კი კრებაში თავისი პირველი დავალება — ბიბლიის კითხვა — ოთხის წლის ასაკში ჰქონდა“. მწირი განათლების მქონე ბევრი დედა წარმატებით ართმევს თავს იმ სირთულეებს, რომლებსაც შვილებისთვის განათლების მიცემისას აწყდება.

საზიანო ადათ-წესების წინააღმდეგ

მექსიკაში მცხოვრებ მკვიდრ ინდიელებს, ცოცილებს, ჩვეულებად აქვთ, რომ თავიანთი 12-13 წლის ქალიშვილები საქმროებს მიჰყიდონ. ხშირად გოგონას ბევრად უფროსი ასაკის მამაკაცზე ყიდიან, რომელსაც მეორე ან მესამე ცოლი უნდა. თუ კაცი უკმაყოფილო იქნება გოგონათი, შეუძლია უკან დაუბრუნოს ის მშობლებს და თავისი ფული გამოართვას. ბავშვობაში პეტრონასაც დაემუქრა ამ ჩვეულების შესრულების საფრთხე. დედამისი გაყიდეს; მან ბიჭი გააჩინა და ქმარმა სახლიდან გამოაგდო; ამ დროისთვის ის მხოლოდ 13 წლის იყო! ის ბავშვი დაიღუპა და პეტრონას დედა შემდეგ კიდევ ორჯერ გაყიდეს. მან სულ რვა შვილი გააჩინა.

პეტრონას უნდოდა თავიდან აერიდებინა ასეთი ხვედრი და მოგვითხრობს, თუ როგორ შეძლო ამის გაკეთება: „როცა დაწყებითი სკოლა დავამთავრე, დედაჩემს ვუთხარი, რომ გათხოვება არ მინდოდა და სწავლის გაგრძელება მსურდა. დედამ მითხრა, რომ ვერაფრით დამეხმარებოდა და მამას უნდა დავლაპარაკებოდი“.

„უნდა გაგათხოვო, — მითხრა მამამ. — ესპანურად ლაპარაკი და წერა უკვე იცი და მეტი რაღა გინდა? თუ მაინც სწავლა გინდა, შენ თვითონ გადაიხადე შენი სწავლის ფული“.

„მე ასეც მოვიქეცი, — ამბობს პეტრონა. — სუფრებს ვქარგავდი, რომ სწავლის ფული გადამეხადა“. ასე გადაურჩა ის გაყიდვას. როცა პეტრონა წამოიზარდა, დედამისმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო, რამაც გაბედულება მისცა, რომ პეტრონას უმცროსი დებისთვის ბიბლიური ფასეულობები ჩაენერგა. დედის მაგალითზე პეტრონამ უმცროს დებს დაანახვა, თუ რა სავალალო შედეგები მოაქვს საქმროებზე პატარა გოგონების გაყიდვის ჩვეულებას.

მრავალ ჩვეულებათაგან ერთ–ერთი ჩვეულება არის ისიც, რომ ოჯახში მხოლოდ მამას აქვს უფლება, ვაჟს ჭკუა დაარიგოს. პეტრონა გვიხსნის: «ცოცილის ტომის ქალებს ასწავლიან, რომ ისინი მამაკაცებზე დაბლა დგანან. კაცებს ძალიან უყვართ ქალებზე ბატონობა. პატარა ბიჭები მამებს ბაძავენ და დედებს ეუბნებიან: „შენ რა უფლება გაქვს, მე მასწავლო! თუ მამა არ მეტყვის, არაფერსაც არ გავაკეთებ!“ ამიტომ დედებს არ შეუძლიათ თავიანთ ვაჟებს ასწავლონ. მაგრამ ბიბლიის შესწავლის შემდეგ დედამ წარმატებით გაართვა თავი ჩემი ძმების აღზრდა–განათლებას. მათ გულში ჩაიბეჭდეს ეფესოელების 6:1, 2: „ბავშვებო, დაუჯერეთ თქვენს მშობლებს . . . პატივი ეცით მამას და დედას“».

მერი, ნიგერიაში მცხოვრები დედა, გვიყვება: „სადაც გავიზარდე, იქ ხალხში გავრცელებული იყო ჩვეულება, რომელიც უფლებას არ აძლევდა დედებს, ესწავლებინათ ან ჭკუა დაერიგებინათ ვაჟებისთვის. მაგრამ ლოისისა და ევნიკეს — ტიმოთეს ბებიისა და დედის — ბიბლიურმა მაგალითმა გადამაწყვეტინა, არ დამეცვა ადგილობრივი წეს–ჩვეულება, რომელიც ჩემი ვაჟების აღზრდას მიკრძალავდა“ (2 ტიმოთე 1:5).

ზოგ ქვეყანაში გავრცელებულია კიდევ ერთი ჩვეულება — „ქალების წინადაცვეთა“, რომელსაც ახლა, ძირითადად, ქალების სასქესო ორგანოების დასახიჩრებას უწოდებენ. ეს არის გოგონას გარეთა სასქესო ორგანოების ზოგი ან უმეტესი ნაწილის მოკვეთა. ეს ჩვეულება გაახმაურა ვარის დერემ, ცნობილმა მოდელმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის სპეციალურმა წარმომადგენელმა. სომალში გავრცელებული ადგილობრივი ჩვეულების თანახმად, მას ხუთი წლის ასაკში დედამ გაუკეთა წინადაცვეთა. ერთი ანგარიშის თანახმად, შუა აზიასა და აფრიკაში რვიდან ათ მილიონამდე ქალსა და გოგონას ემუქრება წინადაცვეთის საფრთხე. შეერთებულ შტატებშიც კი 10 000–მდე გოგონა დგას ამ საშიშროების წინაშე.

რა უდევს საფუძვლად ამ ჩვეულებას? ზოგს სჯერა, რომ ქალის სასქესო ორგანოები ბოროტების სათავეა; ითვლება, რომ ისინი გოგონას აუწმინდურებს და ამიტომ დაქორწინებისთვის შეუფერებელს ხდის. ამასთან ერთად, გარეთა სასქესო ორგანოს დასახიჩრებას კი იმის გარანტიად მიიჩნევენ, რომ ბავშვი ქორწინებამდე უმანკო დარჩება, ქორწინების შემდეგ კი ქმრის ერთგული იქნება. ამ ჩვეულების შეუსრულებლობამ დედებს შეიძლება ქმრებისა და ადგილობრივი ტომის გულისწყრომა დაატეხოს თავს.

მიუხედავად ამისა, ბევრი დედა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს არანაირი კანონიერი საფუძველი — რელიგიური, სამედიცინო თუ ჰიგიენური — ამ მტკივნეული ჩვეულების დასაცავად. ერთ ნიგერიულ წიგნში ნათქვამია, რომ მრავალი დედა თამამად ამბობს უარს თავისი გოგონასთვის ამ პროცედურის ჩატარებაზე (Repudiating Repugnant Customs).

ასე რომ, მრავალი სირთულის მიუხედავად, მთელ მსოფლიოში დედები წარმატებით მფარველობენ და ასწავლიან თავიანთ შვილებს. დაფასდა მათი ძალისხმევა?

[ჩარჩო⁄სურათი 5 გვერდზე]

„მრავალმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ არ არსებობს ეკონომიკური თუ სოციალური განვითარების სფერო, რომელშიც ქალები მნიშვნელოვან როლს არ ასრულებდნენ. როდესაც ქალები აქტიურ მონაწილეობას იღებენ ყოველივე ამაში, სარგებლობაც არ აყოვნებს: ოჯახები უფრო ჯანმრთელები არიან და უკეთესად იკვებებიან; მათი შემოსავალი იზოგება და იზრდება. და ეს მართლდება არა მარტო ოჯახებზე, არამედ საზოგადოებაზეც და, საბოლოოდ, მთელ ქვეყნებზეც“. (გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი, 8 მარტი, 2003).

[საავტორო უფლება]

UN/DPI photo by Milton Grant

[ჩარჩო⁄სურათები 8 გვერდზე]

მან ჩვენთვის მსხვერპლი გაიღო

ახალგაზრდა ბრაზილიელი მამაკაცი, ხულიანო, ამბობს: „როცა ხუთი წლის ვიყავი, დედაჩემს პერსპექტიული კარიერა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ჩემი დის დაბადების შემდეგ, მან გადაწყვიტა, სამსახური მიეტოვებინა, რათა ჩვენზე ეზრუნა. სამსახურში ურჩევდნენ, თავი არ დაენებებინა სამუშაოსთვის. ისინი ეუბნებოდნენ, რომ როდესაც შვილები დაქორწინდებოდნენ და მშობლების სახლიდან წავიდოდნენ, ყველაფერი, რაც მათთვის გააკეთა, წყალში ჩაეყრებოდა ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახლა ისეთ რამეს აკეთებდა, რაც მომავალში არავითარ ხეირს არ მოუტანდა. მაგრამ, შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ძალიან შეცდნენ; მე არასდროს დამავიწყდება დედის მიერ გამოვლენილი სიყვარული“.

[სურათები]

ხულიანოს დედა შვილებთან ერთად; მარცხნივ: ხუთი წლის ხულიანო.

[სურათები 6 გვერდზე]

ბიშნუმ წერა-კითხვა ისწავლა და შემდეგ თავის ვაჟებს კარგი განათლების მიღებაში დაეხმარა.

[სურათები 7 გვერდზე]

ანტონიას პატარა ვაჟი დავალებით — ბიბლიის კითხვით — გამოდის ქრისტიანული კრების შეხვედრაზე.

[სურათები 7 გვერდზე]

პეტრონა მოხალისედ მსახურობს იეჰოვას მოწმეთა მექსიკის ფილიალში. დედამისი, რომელიც იეჰოვას მოწმე გახდა, პეტრონას უმცროს და–ძმებს ასწავლის.

[სურათი 8 გვერდზე]

ვარის დერე, ცნობილი ქალი, რომელიც ქალების წინადაცვეთის წინააღმდეგ გამოდის.

[საავტორო უფლება]

Photo by Sean Gallup/ Getty Images